საქმე №ა-3666-შ-83-2020 24 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ზურაბ ძლიერიშვილი ( თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ.ლ–ა
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ე–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის პერმსკის მხარის კრასნოკამსკის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა და ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსეთის ფედერაციის პერმსკის მხარის კრასნოკამსკის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ.ლ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა. პერმსკის ოლქის ქ. კრასნოკამსკის მკვიდრს, 1981 წლის 4 აპრილს დაბადებულე.ა. ასულ კ–ას ჩამოერთვა მშობლის უფლება 2003 წლის 27 მარტს დაბადებულ ა:ა. ასულ ე–ძის მიმართ. საქართველოს რესპუბლიკის, ქ.ქარელის მკვიდრს, 1975 წლის 20 ნოემბერს დაბადებულ ა.ო.ძე ე–ძეს ჩამოერთვა მშობლის უფლება 2003 წლის 27 მარტს დაბადებულ ა.ა. ასულ ე–ძის მიმართ. არასრულწლოვანი ა.ა. ასული ე–ძე გადაეცა კრასნოკამსკისა და ნიტვენსკის მუნიციპალური რაიონების ტერირორიული მართვის პერმსკის მხარის სოციალური განვითარების სამინისტროს, ბავშვის შემდგომი ცხოვრების მოწყობისათვის. ე.ა. ასულ კ–ას გ.ა. ასული ლ–ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი 2003 წლის 27 მარტს დაბადებულ ა.ა. ასულ ე–ძის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ყველა სახის შემოსავლის 1/4-ის გადახდა განცხადების შეტანის დღიდან, ე.ი. 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. ა.ო.ძე ე–ძეს გ.ა. ასული ლ–ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი 2003 წლის 27 მარტს დაბადებულ ა.ა. ასულ ე–ძის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ყველა სახის შემოსავლის 1/4-ის გადახდა განცხადების შეტანის დღიდან, ე.ი. 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. ასევე ე.ა. ასულ კ–ასა და ა.ო.ძე ე–ძეს კრასნოკამსკის საქალაქო ოლქის სასარგებლოდ დაკისრა სახელმწიფო ბაჟის 450 რუბლის, თითოეულს 225 რუბლის გადახდა. გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
გ.ლ–ამ 2020 წლის 08 ოქტომბერს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის პერმსკის მხარის კრასნოკამსკის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ა.ე–ძისათვის 2003 წლის 27 მარტს დაბადებულ ა:ა. ასულ ე–ძის მიმართ მშობლის უფლების ჩამორთმევისა და ალიმენტის დაკისრების ნაწილში.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ა.ე–ძე სათანადო წესით ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. ასევე წარმოდგენილია ცნობა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 25 თებერვალს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებული იქნა წარმოებაში. შუამდგომლობა თანდართულ დოკუმენტებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს - ა.ე–ძეს გადაეგზავნა 2020 წლის 22 ოქტომბერს და ჩაბარდა 2020 წლის 28 ოქტომბერს.
მოწინააღმდეგე მხარემ 2020 წლის 02 ნოემბერს საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა საქმის ზეპირი განხილვა და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ალიმენტის დაკისრების ნაწილში იმ საფუძვლით, რომ საქართველოში ჰყავს ოჯახი, ორი მცირეწლოვანი შვილი და არის უმუშევარი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
მოწინააღმდეგე მხარის განცხადება საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, ჯერ ერთი, არ არის ხელმოწერილი ( იხ. განცხადება), მეორეც, შეეხება იმ საკითხს, რომლის გადაწყვეტაც განსახილველი შუამდგომლობის ფარგლებში, არ წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას, რადგან მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც კატეგორიულად უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას. შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას საკასაციო პალატა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი წესრიგის გადასინჯვას ვერ განახორციელებს, ამიტომაც მოწინააღმდეგე მხარის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ.ლ–ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის პერმსკის მხარის კრასნოკამსკის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ა.ე–ძისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევისა და ალიმენტის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების საკითხის განხილვამდე აუცილებელია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეამოწმოს მისი დასაშვებობა, კონკრეტულ შემთხვევაში კი, შედის თუ არა შუამდგომლობაში დასმული საკითხის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში, გააჩნია თუ არა შუამდგომლობის ავტორს იურიდიული ინტერესი და ა.შ.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღიარების (ცნობის) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. ( იხ. დამატებით: ბ.ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, თბ., 2009.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ან უცხოური საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები.
ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის პრობლემის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა კრიტერიუმების არსებობას უკავშირებს გადაწყვეტილების ცნობას შესაბამისი ქვეყნის სასამართლო. ამგვარი კრიტერიუმები კი, სხვადასხვაა. შესაძლებელია გადაწყვეტილების ცნობისას მოცემული ქვეყნის კანონმდებლობა ან მის მიერ გაფორმებული ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება პირდაპირ ჩამოთვლიდეს კონკრეტულ პრინციპებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ამ საკითხთან მიმართებით საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში გავრცელება ჰპოვა ე.წ. „სარკისებური ასახვის პრინციპმა“, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მცნობ სასამართლოს სარკისებურად გადააქვს თავისი ქვეყნის წესები გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციის შესახებ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის უნდა არსებობდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა სცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიული შედეგი უნდა გავრცელდეს საქართველოში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არ არის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი დახმარების თაობაზე და ამიტომ წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას დაეყრდნობა „მინსკის კონვენციის“ მოწესრიგებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
„მინსკის კონვენციის“ 54-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებით. შესაბამისად, ცნობა-აღსრულების პროცედურის მიმართ გამოიყენება კონკრეტული ხელშემკვრელი მხარის საპროცესო-სამართლებრივი ნორმები, ხოლო ცნობა-აღსრულების სხვა საკითხებზე ვრცელდება კონვენციის მე-3 თავის დებულებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით.
„მინსკის კონვენციის“ მე-19 მუხლის თანახმად, სამართლებრივი დახმარების თხოვნა შეიძლება უარყოფილი იქნეს, თუ ასეთი დახმარების გაწევა ზიანს მოუტანს იმ ხელშემკვრელი მხარის სუვერენიტეტს ან უშიშროებას, რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას.
„მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის საგანზე, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაკისრებულ ალიმენტს შეეხება და მხედველობაში იღებს საკითხის მომწესრიგებელ საერთაშორისო თუ შიდა კანონმდებლობის შემდეგ ნორმებს.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.
მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია, რაც იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი უალტერნატივოდ იმის დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის განვითარებაში.
საქართველოს უზენაესი სასამრთლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რუსეთის ფედერაციის პერმსკის მხარის კრასნოკამსკის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა.ე–ძეს ჩამოერთვა მშობლის უფლება 2003 წლის 27 მარტს დაბადებული ა.ა. ასულ ე–ძის მიმართ, აგრეთვე დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყველა სახის შემოსავლის ¼-ის ოდენობით 2019 წლის 01 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვნობამდე. ამასთან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
საქმეში არსებული მასალებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს „მინსკის კონვენციის“ 55-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველები,
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.
შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის პერმსკის მხარის კრასნოკამსკის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შუამდგომლობის ფარგლებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 53-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით, 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 70-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ლ–ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის პერმსკის მხარის კრასნოკამსკის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ა.ე–ძისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევისა და ალიმენტის დაკისრების ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის პერმსკის მხარის კრასნოკამსკის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც 1975 წლის 20 ნოემბერს დაბადებულ ა.ო.ძე ე–ძეს ჩამოერთვა მშობლის უფლება 2003 წლის 27 მარტს დაბადებული ა.ა. ასულ ე–ძის მიმართ, აგრეთვე ა.ო.ძე ე–ძეს დაეკისრა გ.ა. ასული ლ–ას სასაგებლოდ არასრულწლოვანი 2003 წლის 27 მარტს დაბადებული ა.ა. ასულ ე–ძის სარჩენად ალიმენტის- ყველა სახის შემოსავლის ¼-ის გადახდა 2019 წლის 01 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვნობამდე.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი