საქმე №ა-4670-შ-110-2020 7 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი.ხ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის სვერდლოვსკის ოლქის ტავდინსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 ივნისის სააღსრულებო ფურცელი
დავის საგანი - ბებიასა და ბაბუის მცირეწლოვან შვილიშვილთან ურთერთობის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 15 ივნისს რუსეთის ფედერაციის სვერდლოვსკის ოლქის ტავდინსკის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი ბებიასა და ბაბუის მცირეწლოვან შვილიშვილთან ურთერთობის განსაზღვრის თაობაზე.
ი.ხ–მა შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის სვერდლოვსკის ოლქის ტავდინსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 ივნისის სააღსრულებო ფურცლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ი.ხ–ის შუამდგომლობას რუსეთის ფედერაციის სვერდლოვსკის ოლქის ტავდინსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 ივნისის სააღსრულებო ფურცლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უარი უნდა ეთქვას წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხი, საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი გამონაკლისების გათვალისწინებით, განიხილება ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვალდებულება, შეამოწმოს, ექვემდებარება თუ არა საქმე სასამართლოს უწყებრივად და აქვს თუ არა მას მოცემულ კონკრეტულ საქმეზე საერთაშორისო კომპეტენცია.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით იმპერატიულადაა განსაზღვრულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებანი საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი გადაწყვეტილების მიმართ. დასახელებული ნორმატიული აქტის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს, თუ რომელი სამართლებრივი წესრიგი გამოიყენება უცხო ქვეყნის სამართალთან დაკავშირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, აგრეთვე საპროცესო სამართლის იმ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება ასეთი საქმის წარმოებისას, ხოლო 68-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 70-ე მუხლის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ. შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
ეროვნული კანონმდებლობის ზემოაღნიშნული დანაწესები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მიერ აღიარებულ 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციასთან „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“, რომლის მე-7 მუხლით განსაზღვრულია სამართლებრივი დახმარების გაწევის შესახებ დავალების შინაარსი და ფორმა, ასევე მე-3 კარით აღიარებულ გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხთან.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წინამდებარე დოკუმენტებით არ ირკვევა იმ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის საკითხი, რომლის გამოც გაცემულია წინამდებარე სააღსრულებო ფურცელი, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, ამავე კონვენციის 8.2 მუხლის შესაბამისად, დოკუმენტები გადასცეს კომპეტენტურ დაწესებულებას, ხოლო ზემოაღნიშნული კონვენციის 8.5 მუხლის თანახმად, დავალების შესრულების შემდეგ დაწესებულება, რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა, უბრუნებს დოკუმენტებს მომთხოვნ დაწესებულებას, იმ შემთხვევაში, თუ სამართლებრივი დახმარების გაწევა შეუძლებელია, იგი ამავდროულად აცნობებს იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც აბრკოლებენ დავალების შესრულებას, და უბრუნებს დოკუმენტებს მომთხოვნ დაწესებულებას.
წარმოდგენილი სააღსრულებო ფურცლების შესწავლით ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის სვერდლოვსკის ოლქის ტავდინსკის რაიონულმა სასამართლომ განიხილა დავა ბებიასა და ბაბუის მცირეწლოვან შვილიშვილთან ურთერთობის განსაზღვრის თაოაბაზე. თუმცა მხოლოდ სააღსრულებო ფურცლების წარმოდგენით არ ირკვევა მხარის ნება, თუ რას მოითხოვს ის საქართველოს უზენაესი სასამართლოსაგან, ამასთან, მოქმედი კანონმდებლობა უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე მიქცევის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმადაც შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს. ამავე კანონის მე-2 მუხლით კი განმტკიცებულია, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. იგი შეიძლება წარედგინოს აგრეთვე სასამართლოს, რომელმაც გადაწყვეტილება საქმეზე გამოიტანა პირველ ინსტანციაში. ეს სასამართლო შუამდგომლობას უგზავნის სასამართლოს, რომელიც კომპეტენტურია გადაწყვეტილება გამოიტანოს შუამდგომლობით. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობას თან ერთვის: ა) გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი, აგრეთვე ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას, ან იმის თაობაზე, რომ იგი აღსრულებას ექვემდებარება კანონიერ ძალაში შესვლამდე, თუ ეს არ გამომდინარეობს თვით ხელშეკრულებიდან. ბ) დოკუმენტი, რომლიდანაც გამომდინარეობს, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგ გამოტანილი იყო გადაწყვეტილება და რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია პროცესში, სათანადო წესით და დროულად გამოძახებული იყო სასამართლოში, ხოლო მისი საპროცესო ქმედუნარიანობის შემთხვევაში სათანადოდ იქნა წარდგენილი. გ) დოკუმენტი რომელიც ადასტურებს გადაწყვეტილების ნაწილობრივ აღსრულებას მისი გადაგზავნის მომენტისათვის. დ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ. კონვენციის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ და მასზე დართულ დოკუმენტებს ემატება დამოწმებული თარგმანი იმ ხელშემკვრელი მხარის ენაზე, რომელსაც წაეყენება მოთხოვნა, ან რუსულ ენაზე.
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით მოსამართლის მიერ სარჩელის (შუამდგომლობის) მიღებაზე უარის თქმა ხელს არ უშლის პირს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით (შუამდგომლობით), თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლი, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის კონვენციის 53-ე მუხლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 186-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.ხ–ის შუამდგომლობას რუსეთის ფედერაციის სვერდლოვსკის ოლქის ტავდინსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 ივნისის სააღსრულებო ფურცლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უარი ეთქვას წარმოებაში მიღებაზე.
2. განემარტოს შუამდგომლობის ავტორს, რომ განჩინებაში მითითებული გარემოებების აღმოფხვრის შემთხვევაში, შეუძლია განმეორებით მომართოს საკასაციო სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი