საქმე №ას-1060-2020 24 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ.ხ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.კ–მა (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა მ.ხ–ის (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) მიმართ უძრავი ნივთის სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.
2. მოსარჩელის განმარტებით, აფხაზეთის ასსრ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეების სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილებით (1975 წელი, საქმე №33/240), შეიცვალა ქ.ბათუმის სახალხო სასამართლოს 1975 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება და აწ.გარდაცვლილ (გარდაცვალების თარიღი 23.01.2017წ.) ც.კ–ას შვილთან - მოსარჩელესთან ერთად საცხოვრებლად გადაეცა ვარგისი ფართი 27 კვ.მ. ოთახი №1, ქ.ბათუმის ..... ქ.№36, ბინა №1-ში (დღევანდელი ქუჩა ..... 34-ა/ქუჩა ..... №10, სართული №3, ბინა №3), ხოლო დამატებით სათავსოები დარჩა საერთო სარგებლობაში. თუმცა, საცხოვრებელი ბინის, ს/კ ......., მის: ქ.ბათუმი, ქუჩა ..... 34-ა/ქუჩა ..... №10, სართული №3, ბინა №3, მესაკუთრეა მოპასუხე. აღნიშნული ბინის სარგებლობა (ისევე, როგორც აღნიშნულს ახორციელებდა აწ.გარდაცვლილი ც.კ–ა) მოსარჩელის მხრიდან ხორციელდება ჯერ კიდევ, აფხაზეთის ასსრ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეების სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილების მიღების დროიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე, არსებობს შესახლების სამართლებრივი აქტი ანუ გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია. მოპასუხის მხრიდან მუდამ ხორციელდებოდა და ხორციელდება აღნიშნული საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის ხელშეშლა, რაც დგინდება სარჩელზე წარმოდგენილი უდავო წერილობითი მტკიცებულებით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მას წაერთვას აღნიშნული საცხოვრებელი ფართის სარგებლობისა და თავისუფლად ფლობის უფლება, რასაც ახორციელებს საცხოვრებელი ბინის მესაკუთრე - მოპასუხე.
3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს. მოსარჩელე შეგნებულად მალავს იმ გარემოებას, რომ 1977 წლის ნოემბრის თვიდან ე.ი. გადაწყვეტილების აღსრულების დღიდან, იგი სადავო ბინაში ცხოვრობდა 1992 წლამდე, ხოლო სკოლისა და ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, 1992 წლიდან, საცხოვრებლად გადავიდა რუსეთის ფედერაციაში. მათი ინფორმაციით იგი ცხოვრობდა ქალაქ მოსკოვში, იქვე მუშაობდა და მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. ამჟამად, მოსარჩელე რუსეთის მოქალაქეა და საქართველოში ცხოვრობს ბინადრობის უფლებით, რეგისტრირებულია ქ.ბათუმში, ......, ბინა №39-ში, სადაც ცხოვრობს ცოლ-შვილთან ერთად. მას არასოდეს სადავო ბინაზე პრეტენზია არ განუცხადებია 25 წლის განმავლობაში. ასეთი პრეტენზია მას გაუჩნდა დედის - ც.კ–ას გარდაცვალების შემდეგ. საქართველოს 1997 წლის 25 ნოემბრამდე მოქმედი საბინაო კოდექსის 153-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელემ 1992 წლიდან რუსეთში საცხოვრებლად წასვლის დღიდან სადავო ბინაზე დაკარგა უფლება და ამ დროიდან, მას არასოდეს არ გამოუთქვამს პრეტენზია სადავო ბინაზე სარგებლობის უფლების აღდგენის თაობაზე, თუ მას ამის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა. საჯარო რეესტრიდან მიღებული წერილით მათთვის ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელეს მიუმართავს საჯარო რეესტრისათვის უფლების რეგისტრაციაზე, რაზედაც 2017 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით უარი უთხრეს. ამის შემდეგ კი, ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრის 21.08.2017წ. გადაწყვეტილებით მის საკუთრებაში არსებულ ბინაზე მოხდა მოსარჩელის უფლების რეგისტრაცია სარგებლობის უფლებით, რაც მათ მიერ გასაჩივრებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ამჟამად, სარჩელი აქვთ წარდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ადმინისტრაციული სარჩელის მომზადების დროს, მათ მიმართეს სახელმწიფო სერვისების ცენტრის ბათუმის სამსახურს და მოითხოვეს მათთან არქივში დაცული და შემდგომში არსებული მასალები, რაზედაც მიიღეს ნაწილობრივი პასუხი, რომ სადავო ბინაზე მოსარჩელის რეგისტრაცია გაუქმებული იყო, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის გამო.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: დავალდებულდა მოპასუხე ხელი არ შეუშალოს მოსარჩელეს ქ. ბათუმი, ......, ბინა N3-ში (ს/კ:.....) მდებარე N1 ოთახის, ფართი 27 კვმ-ისა და დამატებითი სათავსოების სარგებლობაში.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა ცნობილი, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ქ.ბათუმში, ...... N10, სართული N3, ბინა N3-ში, მდებარე 139.80 კვ.მ. ფართი (ს/კ .......) რეგისტრირებულია მოპასუხის საკუთრების უფლებით.
8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილების მიხედვით, ქ. ბათუმში, ..... N34......, სართული N3, ბინა N3-ში მდებარე 27 კვ.მ. ფართზე (N1 ოთახი), რეგისტრირებულია მოსარჩელის სარგებლობის უფლება (ს/კ ......). ამ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის სარგებლობის უფლების რეგისტრაციის საფუძველია 21.03.1975 აფხაზეთის ასსრ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება.
9. დადგენილია, რომ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის სარგებლობის უფლება კანონით დადგენილი წესით - ადმინისტრაციული სარჩელით, შედავებულია მოპასუხის მიერ, თუმცა, მოცემული დროისათვის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ეს უფლება გაუქმებული არ არის.
10. სასამართლოს განჩინების საფუძველზე პოლიციის მე-2 განყოფილებიდან გამოთხოვილი და საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ: 29.04.2017წ. მოსარჩელემ სატელეფონო ზარის საშუალებით შეტყობინება გააკეთა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში და მიუთითა, რომ მოპასუხემ. სახლის საკეტი გამოცვალა და ვერ შედიოდა სადავო უძრავ ქონებაში. აღნიშნულ ფაქტზე ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების მიერ დაიწყო მოკვლევა. პოლიციასთან გასაუბრების შედეგად მ.ხ–მა დაადასტურა ის ფაქტი, რომ ბინის საკეტი ნამდვილად მან გამოცვალა, რადგან აღნიშნული ბინა იყო მისი საკუთრება; ასევე, 11.06.2017წ. მოსარჩელემ სატელეფონო ზარის საშუალებით შეტყობინება გააკეთა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში და მიუთითა, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მას ჰქონდა სასამართლოს ნებართვა, რომ ეცხოვრა აღნიშნულ მისამართზე (ფართი იყო მოპასუხის საკუთრება), მაგრამ იგი არ აძლევდა მას ამ მისამართზე ცხოვრების საშუალებას, მოპასუხე თავად შეიჭრა ფართში; პოლიციასთან გასაუბრების შედეგად მოპასუხემ მიუთითა, რომ მის საკუთრებაში განთავსებული იყო აწ.გარდაცვლილი ც.კ–ას ნივთები და ითხოვდა მათ გატანას, წინააღმდეგ შემთხვევაში, წაიღებდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ..... მდებარე მის საცხოვრებელ სახლში. ხოლო ნივთების დაზიანებაზე პასუხისმგებლობას არ აიღებდა.
11. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი მოწესრიგებისას სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სანივთო უფლებიდან, კერძოდ, უძრავი ნივთის კეთილსინდიერი მართლზომიერი მფლობელის უფლებიდან ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის თაობაზე. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა შემოწმდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 159-ე, 161-ე, 170-ე და 172-ე მუხლებით განპირობებულ სამართლებრივ შედეგთან მიმართებით.
12. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, უდავო გარემოებას წარმოადგენს საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ქ. ბათუმში, ......., სართული N3, ბინა N3-ში, მდებარე 139.80 კვ.მ. ფართი (ს/კ .......) რეგისტრირებულია მოპასუხის საკუთრებად, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილების მიხედვით, ქ. ბათუმში, ........., სართული N3, ბინა N3-ში მდებარე 27 კვ.მ. ფართზე (N1 ოთახი), რეგისტრირებულია მოსარჩელის სარგებლობის უფლება (ს/კ ......). აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის სარგებლობის უფლების რეგისტრაციის საფუძველია 21.03.1975 აფხაზეთის ასსრ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ აღნიშნული ჩანაწერი ამჟამად გაუქმებული არ არის.
13. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 159-ე მუხლზე (კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე) და აღნიშნა, რომ ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართზომიერების სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 161-ე მუხლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა...
14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემული ნორმის მიზანია, ნივთის კეთილსინდისიერ მფლობელს, მესაკუთრის მსგავსად, ჰქონდეს ხელშეშლის აღკვეთის სამართლებრივი საფუძველი. კეთილსინდისიერი მფლობელი, 159-ე მუხლის შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, არის ის პირი, რომელიც ნივთს სამართლებრივი საფუძვლით ფლობს.
15. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
16. სსსკ-ის 161-ე მუხლისა და 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კეთილსინდისიერი მფლობელის უფლების ხელყოფა ან ხელშეშლა მესაკუთრის საკუთრების უფლების დაცვის ცნობილი საშუალებით – ნეგატორული/ვინდიკაციური სარჩელის სასამართლოში წარდგენის გზითაა შესაძლებელი. საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური. მესაკუთრის უფლებები შეზღუდულია ან კანონით, ან ხელშეკრულებით (სსკ-ის 170-ე მუხლი). სსკ-ის 180-ე მუხლში საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული. როდესაც სხვათა (მოპასუხეთა) ქონებრივი უფლებების დაცვის თვალსაზრისით, წარმოშობილია საკუთრების დაცულ სფეროში ჩარევის აუცილებლობა, ასეთ შემთხვევაში, დავის გადაწყვეტის ამოსავალ დებულებას უფლების კეთილსინდისიერებისა და მართლზომიერების საფუძვლებზე განხორციელება წარმოადგენს. კეთილსინდისიერების ჭრილში მოქმედებას და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას აზუსტებს საკუთრების მარეგულირებელი სანივთო-სამართლებრივი ნორმებიც, რომლებიც კრძალავს საკუთრებით ბოროტად სარგებლობის შემთხვევას და ასეთად განიხილავს საკუთრებით ისეთ სარგებლობას, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია (სსკ-ის 170-ე მუხლის მეორე ნაწილი).
17. მოცემულ საქმეზე დადგენილი იქნა, რომ მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების რეგისტრირებული მოსარგებლეა მოსარჩელე, რომელსაც აღნიშნული უფლება მოპოვებული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო მისი სარგებლობის უფლება ამჟამად გაუქმებული არ არის, ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხე ხელს უშლის მოსარჩელეს უძრავი ქონებით სარგებლობაში, რაც დასტურდება ბათუმის საქალაქო სამმართველოდან გამოთხოვილი მასალებით, არსებობს ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
18. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა აპელანტის მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა საქმის წარმოების შეჩერებას და განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
19. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების რეგისტრირებულ მოსარგებლეს და იგი ითხოვს ამ უძრავი ქონებით სარგებლობაზე მესაკუთრისაგან ხელშეშლის აღკვეთას. ამდენად, მოსარჩელის მიერ აღძრულია ნეგატორული სარჩელი. მოპასუხის/აპელანტის განმარტებით, იგი ადმინისტრაციული წარმოების წესით დავობს მოსარჩელის სარგებლობის უფლებაზე.
20. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდეა კანონიერი, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი, მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს.
21. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 312.2 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მარტოოდენ გასაჩივრების ფაქტი არ აჩერებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მოქმედებას, თუ არ დადასტურდა უფლების ნამდვილობის ხარვეზი თავად გარიგების მხარეთა მიერ ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მანამდე ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (შდრ: http://www.gccc.ge/, სსკ-ის 312-ე მუხლის კომენტარი). შესაბამისად, აპელანტის მოსაზრება საქმის განხილვის შეუძლებლობის თაობაზე, დაუსაბუთებელად იქნა მიჩნეული.
22. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა, შემდეგი საფუძვლებით:
23. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ ფაქტობრივ გარემობას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე სადავო ბინაში ფართის სიმცირის გამო, ვეღარ ცხოვრობდა, თუმცა, ხშირად იმყოფებოდა დედასთან. ფაქტობრივად, იგი დედასთან ერთად სარგებლობდა ამ ფართით, ხოლო დედის გარდაცვალების შემდეგ, დამოუკიდებლად გააგრძელა სადავო ბინით სარგებლობა. სადავო ბინაში იმყოფებოდა მოსარჩელის პირადი ნივთები.
24. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე 1992 წლიდან საერთოდ წავიდა ბათუმიდან რუსეთში და იქიდან დაბრუნების შემდეგ (კასატორის ინფორმაციით, მოსარჩელე დაბრუნდა დაახლოებით 2005-2006 წწ.-ში), მას ერთი დღეც არ უცხოვრია სადავო ბინაში.
25. კასატორის მითითებით, ქვემდგომი ისტანციის სასამართლოები იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე №01 ოთახის მოსარგებლეს წარმოადგენდა, მიუთითებს ისიც, რომ ჯერ კიდევ, 2015 წელს აღძრულ სარჩელში მოპასუხე მოითხოვდა მოსარჩელის დედასთან ერთად ამ ოთახზე სარგებლობის უფლების შეწყვეტას. კასატორის მითითებით აღნიშნული არასწორია, რადგან მაშინდელი სარჩელი სულ სხვა საკითხს ეხებოდა, ამასთან, მითითებულ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოსარჩელე სადავო ოთახში არ ცხოვრობს.
26. კასატორის მოსაზრებით, არასწორია თითქოს მოსარჩელემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო ქონება, დამატებით შეიტანა ბინაში მისი პირადი ნივთებიც და პერიოდულად რჩებოდა ბინაში, რომ მოპასუხის მოთხოვნით მოხდა სადავო ოთახში არსებული ფაქტების კონსტატაცია, რომ იმავე დღეს მერაბი ხალვაშის მიერ შეცვლილი იქნა ბინის გასაღები და მოსარჩელეს შეეზღუდა ბინით და იქ განთავსებული ნივთებით სარგებლობის უფლება.
27. კასატორი აღნიშნავს, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელე სადავო ოთახში საერთოდ არ გამოცხადებულა, საერთოდ ბინაში არ გაუთევია ღამე. ასეთი არც კი უცდია, დედის ნივთების წასაღებად არ მისულა, მიუხედავად გაფრთხილებისა და როგორც ფაქტების კონსტანტაციიდან, ისე აღწერის ოქმიდან კარგად სჩანს, რომ ბინაში მამაკაცის რაიმე ტანსაცმელი საერთოდ არ არის. ან რატომ გაათევდა მოსარჩელე ბინაში, ან ტანსაცმელს რატომ დატოვებდა, როცა მას სხვა საცხოვრებელი გააჩნდა და აღნიშნული ბინიდან ფაქტობრივად წასულია 25 წელზე მეტია და თავისი ნებით გააუქმა რეგისტრაცია სადავო ბინაში.
28. კასატორი აღნიშნავს, რომ იგი ყოველთვის სადავოდ ხდიდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 1975 წლის 21 მარტისა და 20 ივნისის გადაწყვეტილებების აღსრულების შემდეგ, 1992 წლიდან, უკვე სრულწლოვანმა მოპასუხე მ.კ–მა ნებაყოფლობით მიატოვა სადავო ფართი და მუდმივად საცხოვრებლად გადავიდა რუსეთის ფედერაციაში.
29. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ დავაზე სწორი გადაწყვეტილება რომ იქნეს მიღებული საჭიროა, სასამართლო გადაწყვეტილებით სარგებლობის უფლება სხვადასხვა ეტაპებად დაიყოს, პირველი 1977 წლიდან 1992 წლამდე, როცა სადავო ფართში ფაქტობრივად ცხოვრობდა მოსარჩელე, 1992 წლიდან 2009 წლამდე, როცა მან ნებაყოფლობით გააუქმა რეგისტრაცია სადავო ფართზე, დარეგისტრირდა სხვა მისამართზე, სადაც ოჯახთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობს, 2009 წლიდან 2017 წლის 21 იანვრამდე, დედის ც.კ–ას გარდაცვალებამდე და 2017 წლის 21 იანვრიდან 21 აგვისტომდე, როცა იგი საჯარო რეესტრმა თავიდან დაარეგისტრირა სადავო ბინაში, მოსარგებლის უფლებით. 1977 წლიდან დღემდე დროის ასეთ დაყოფას შემდეგი მნიშვნელობა აქვს.
30. კასატორი აღნიშნავს, რომ მას 1992 წლამდე პერიოდი არასდროს სადავოდ არ გაუხდია, რადგანაც აღსრულებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელე მართლზომიერად და კანონიერად სარგებლობდა და ფლობდა სადავო ფართს. იგი სწავლის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ და მუდმივ საცხოვრებლად გადავიდა რუსეთის ფედერაციაში, რის შემდეგაც, სადავო ბინაში აღარ დაბრუნებულა და არც კი უცდია სადავო ბინაში დედასთან ერთად ცხოვრება, რომ ეცადა ჩვენი მხრიდან ხელის შეშლას ადგილი არ ექნებოდა, რადგანაც დედა სიცოცხლეში ჩვეულებრივად ცხოვრობდა სადავო ფართში და მას არავინ ხელს არ უშლიდა, მიუხედავად იმისა, რომ მან წამოიწყო სასამართლო დავები. რაც შეეხება 1992-2017 წლეების პერიოდს, დედის გარდაცვალებამდე პერიოდს, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, რომ იგი ამ პერიოდში სადავო ბინაში არ ცხოვრობდა, მას არც კი უცდია, რომ რამენაირად გაემართლებინა თითქმის 25 წლის პერიოდი რაიმე მოტივით, მას სარჩელში არც კი მიუთითებია რაიმე მოტივი და მიზეზი, რომ ამ პერიოდში ვინმე მას ხელს უშლიდა სადავო ბინით სარგებლობაში. უფრო მეტიც, იგი მივიდა სამოქალაქო რეესტრში და სადავო ბინაზე რეგისტრაცია გააუქმა 2009 წელში ჩვენს გარეშე, თავისი ინიციატივით- საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის მოტივით და დარეგისტრირდა სხვა მისამართზე, სადაც რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ თითქმის 14-15 წელია ცხოვრობდა და ცხოვრობს ოჯახთან ერთად.
31. მოსარჩელე მ.კ–ს არც დედის გარდაცვალების შემდეგ არ უცდია სადავო ფართში ცხოვრება. ამის სურვილი არ გამოუხატავს. როცა კასატორმა მიცვალებული დედის გასვენების შემდეგ, გარდაცვალებიდან დაახლოებით 3-4 თვის გასვლის შემდეგ მოსთხოვა, როგორც სიტყვიერად, ისე წერილობით ბინიდან გაეტანა დედის პირადი და საოჯახო ნივთები, მან მოითხოვა გარკვეული თანხა და როცა ასეთზე უარი მიიღო, ამის შემდეგ დაიწყო დავა, რომ თითქოს მას ბინაში არ უშვებდნენ და არ აძლევდნენ სადავო ფართში ცხოვრების უფლებას.
32. კასატორი მიუთითებს, რომ განახორციელა ფაქტების კონსტატაცია და ც.კ–ას ნივთების (პირადი და საოჯახო) გატანა, ამ დროისათვის მოსარჩელე რეგისტრირებული არ იყო სადავო ბინაში და ბინაში არც რაიმე მისი ნივთები და საერთოდ მამაკაცის ნივთები არ არსებობდა. როცა დაიწყო სასამართლო დავა ადმინისტრაციული წესით, მხარეებს შორის ურთიერთობა გარკვეულად დაიძაბა, რადგანაც მოპასუხე მხარე თვლიდა და თვლის, რომ მოსარჩელემ სადავო ბინაზე 1992 წლიდან ნებაყოფლობით დაკარგა სარგებლობის უფლება და დედის გარდაცვალების შემდეგ მას არავითარი უფლება არ გააჩნია სადავო ბინის ფართზე. ასეთ ფაქტობრივ გარემოებას სააპელაციო სასამართლო პალატამ სამართლებრივი შეფასება არ მისცა.
33. კასატორი არ იზიარებს, რომ შეუძლებელია საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე მოსარჩელეს, როგორც სადავო ფართის მართლზომიერ მფლობელს მის სარგებლობაში არსებული სადავო ფართის სარგებლობაში ხელი შეუშალოს, რადგანაც სადავო ფართის მესაკუთრეა მოპასუხე და არ შეიძლება მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილების არსებობისა, მუდმივად შეეზღუდოს საკუთრების უფლება.
34. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის ნაწილში, რადგანაც მოსარჩელის უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2017 წლის 21 აგვისტოს, მანამდე მისი როგორც მოსარგებლის უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ ყოფილა, აქედან გამომდინარე, მოპასუხეს სწორედ საჯარო რეესტრის 2017 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება აქვს გასაჩივრებული სასამართლოში ადმინისტრაციული წესით. ე.ი. აღნიშნული ჩანაწერის საფუძველი გასაჩივრებულია, რამაც კასატორს უფლება მისცა აღეძრა მოცემულ საქმეზე სარჩელი (იხ., საკასაციო საჩივარი).
35. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს არ გააჩნია სასამართლო პრაქტიკა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, როგორც მოცემულ საქმეშია დადგენილი. კერძოდ, პირმა, რომელმაც 1977 წელს აღსრულებული სასამართლო გადაწყვეტილებით მოიპოვა სადავო ფართზე უფლება, დაკარგა თუ არა იგი, მას შემდეგ როცა 1992 წლიდან საცხოვრებლად წავიდა სხვა ქვეყანაში, მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, სხვა ქვეყნიდან დაბრუნდა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქართველოში ცხოვრობს ბინადრობის უფლებით, ნებაყოფლობით მივიდა სამოქალაქო რეესტრში და თავისი მოთხოვნით გააუქმა სადავო ფართზე რეგისტრაცია, საქართველოში დაბრუნების დღიდან თითქმის 15 წელია ცხოვრობს თავის ცოლშვილთან ერთად სხვა მისამართზე, დაკარგა თუ არა 1975 წლის 21 მარტისა და 1975 წლის 20 ივნისის აღსრულებული გადაწყვეტილებებით მოპოვებული უფლება. კასატორი აღნიშნავს, რომ არ არსებობს სასამართლო პრაქტიკა იმის თაობაზე, რომ დედის მიერ სასამართლოს 1975 წლის 21 მარტისა და 20 ივნისის აღსრულებული გადაწყვეტილებით სადავო ფართზე მოპოვებული სარგებლობის უფლება, მისი გარდაცვალების შემდეგ გადადის თუ არა მემკვიდრეობით პირველი რიგის მემკვიდრეებზე. კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხები სასამართლო პრაქტიკისათვის მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, როგორც პირველი ისე მეორე ინსტანციის სასამართლოებმა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას შეგნებულად თუ შეუგნებლად თავი აარიდა. რის გამოც, კასატორი შუამდგომლობს, რომ საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნეს დასაშვებად.
36. კასატორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინების გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა აპელანტის მოთხოვნა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და შუამდგომლობს საქმის წარმოების შეჩერებას ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რადგანაც ადმინისტრაციული წესით გასაჩივრებულია საჯარო რეესტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ჩანაწერი, რომლითაც საჯარო რეესტრში მოსარჩელე დარეგისტრირდა როგორც მოსარგებლე, მანამდე იგი საჯარო რეესტრში როგორც მოსარგებლე დარეგისტრირებული არ ყოფილა და არც იქნებოდა, რადგანაც 2009 წელს ნებაყოფლობით გააუქმა სამოქალაქო რეესტრში სადავო ფართზე რეგისტრაცია. ადმინისტრაციული სარჩელით სწორედ 2017 წლის 21 აგვისტოს საჯარო რეესტრში გაკეთებული ჩანაწერის ბათილად ცნობაა მოთხოვნილი, რამაც მოსარჩელეს მისცა უფლება სასამართლოში აღეძრა ამ კატეგორიის სარჩელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
37. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
38. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
39. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ივლისის განჩინების კანონიერება, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მითითებული გადაწყვეტილებით, მოპასუხე დავალდებულდა ხელი არ შეუშალოს მოსარჩელეს ქ. ბათუმი, /..... N10 სართული 3, ბინა N3-ში (ს/კ:.....) მდებარე N1 ოთახის, ფართი 27 კვმ-ისა და დამატებითი სათავსოების სარგებლობაში.
40. კასატორის ძირითადი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელე) არ გააჩნია სადავო ფართზე სარგებლობის უფლება. აღნიშნულ პრეტენზიას, განსახილველი დავის ფარგლებში, საკასაციო პალატა არ იზიარებს.
41. დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილების მიხედვით, ქ. ბათუმში, ....., სართული N3, ბინა N3-ში მდებარე 27 კვ.მ. ფართზე (N1 ოთახი), რეგისტრირებულია მოსარჩელის სარგებლობის უფლება (ს/კ ......). უძრავ ქონებაზე მოსარჩელის სარგებლობის უფლების რეგისტრაციის საფუძველია 21.03.1975 აფხაზეთის ასსრ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება.
42. კასატორი სადავოდ ხდის იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 1992 წლიდან, უკვე სრულწლოვანმა მოპასუხე მ.კ–მა ნებაყოფლობით მიატოვა სადავო ფართი და მუდმივად საცხოვრებლად გადავიდა რუსეთის ფედერაციაში. ამ დროიდან, სრულწლოვანმა მოსარჩელემ დაკარგა ფართის მფლობის უფლება. მეტიც, კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხეს (მესაკუთრე) 1992 წლამდე პერიოდი არასდროს სადავოდ არ გაუხდია, რადგანაც აღსრულებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელე მართლზომიერად და კანონიერად სარგებლობდა და ფლობდა სადავო ფართს. ასევე, ფართით სარგებლობას გარდაცვალების დრომდე ახორციელებდა მოსარჩელის დედა. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრის 2017 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის სარგებლობის უფლების რეგისტრაციის შესახებ შედავებულია ადმინისტრაციული სარჩელით კასატორის (მოპასუხე) მიერ, თუმცა, მოცემული დავის განხილვის დროისათვის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ეს უფლება გაუქმებული არ არის. წინამდებარე სარჩელით დავის საგანს სწორედ ის ქმნის, რომ მოპასუხე ხელს უშლის მოსარჩელეს უძრავი ქონებით სარგებლობაში, რაც დასტურდება ბათუმის საქალაქო სამმართველოდან გამოთხოვილი მასალებით.
43. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სსსკ-ის მე-3, მე-4 მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (სუსგ №ას-1163-2018, 08.02.2019წ; №ას-495-2020, 23 ოქტომბერი, 2020).
44. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ სადავოდაა გამხდარი მოსარჩელის მიერ სადავო ფართით სარგებლობის უფლება ანუ ის, მოსარჩელეს აქვს თუ არა უფლება ისარგებლოს სადავო უძრავი ნივთით.
45. საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმისათვის, რომ მოსარჩელე (მოწინააღმდეგე მხარე) შეეწინააღმდეგოს მესაკუთრის აბსოლუტურ უფლებას, თავისუფლად ფლობდეს სარგებლობდეს და განკარგავდეს ნივთს (სსკ-ის 170-ე მუხლი), ასეთი უფლების შეზღუდვის მიზნით, მას უნდა ჰქონდეს ნივთზე მართლზომიერი მფლობელობის უფლება. უძრავ ნივთზე მართზომიერი მფლობელობის უფლება მოცემულია სსკ-ის 159-ე მუხლში. ნორმის დანაწესით, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე. მაშასადამე, ნორმა შეიცავს ორ ალტერნატივას და იგი კეთილსინდისიერების განმსაზღვრელ გარემოებად პირის მიერ მართლზომიერ მფლობელობას ან საჭირო გულმოდგინების შემოწმებას განსაზღვრავს. ნორმას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს 160-ე–164-ე მუხლების გამოყენებისათვის. ნორმით გათვალისწინებული პირველი შემთხვევისათვის, მართლზომიერ მფლობელად ითვლება კეთილსინდისიერი მფლობელი, ვინაიდან მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მაშასადამე, მართლზომიერი მფლობელობა მიუთითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლით არსებობაში, ხოლო კეთილსინდისიერება სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით შეიცავს სუბიექტურ კომპონენტს – პირის დამოკიდებულებას ფაქტობრივი გარემოებების მიმართ. მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობა მესაკუთრის მფლობელობიდანაა წარმოქმნილი. ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერების სამართლებრივი საფუძველი. სსკ-ის 159-ე მუხლის დეფინიციის მეორე ალტერნატივის მიხედვით, მფლობელის კეთილსინდისიერება განისაზღვრება საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე, კერძოდ, თუ რა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები უდევს ნივთზე მფლობელობას საფუძვლად და მოეთხოვებოდა თუ არა მფლობელს ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის მოპოვებისას ამ გარემოებების გათვალისწინება. გამომდინარე აქედან, კეთილსინდისიერი მფლობელი შეიძლება იყოს არამართლზომიერი მფლობელი, თუ არ არსებობს მფლობელობის სამართლებრივი საფუძველი და პირს კონკრეტული გარემოებების საფუძველზე არ შეეძლო გაეცნობიერებინა მფლობელობის არამართლზომიერება (იხ., საქართველოს სამოქალქო კოდექსის 159-ე მუხლის ონლაინ კომენტარი http://civilcode.ge/ ).
46. უდავო გარემოებაა, რომ დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრის 2017 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილების მიხედვით, ქ. ბათუმში, ......, სართული N3, ბინა N3-ში მდებარე 27 კვ.მ. ფართზე (N1 ოთახი), რეგისტრირებულია მოსარჩელის სარგებლობის უფლება (ს/კ .......). უძრავ ქონებაზე მოსარჩელის სარგებლობის უფლების რეგისტრაციის საფუძველია 21.03.1975 აფხაზეთის ასსრ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება.
47. მართალია, სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის სარგებლობის უფლების რეგისტრაცია, შედავებულია ადმინისტრაციული სარჩელით კასატორის (მოპასუხე) მიერ, თუმცა, საგულისხმოა, რომ მოცემული დავის განხილვის დროისათვის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ეს უფლება გაუქმებული არ არის.
48. შესაბამისად, კონკრეტული სადავო ურთიერთობის შემთხვევაში, ვიდრე არსებობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მოსარჩელის უფლება სადავო უძრავი ნივთის მფლობელობის თაობაზე, მიიჩნევა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელს. ხოლო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მართლზომიერი ფლობის უფლება გამორიცხავს მესაკუთრის შესაძლებლობას, განახორციელოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობანი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველია სსკ-ის 159 და 161-ე (თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა) მუხლები.
49. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება.მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
50. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ., ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
51. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა სადავო უძრავ ნივთზე მართლზომიერი მფლობელობის უფლების განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადასტურება მოსარჩელემ შეძლო შესაბამისი წერილობით მტკიცებულებით (იხ., ამ განჩიების პ. 50). კასატორმა კი, დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია ვერ წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების მიმართ. ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ ვიდრე საჯარო რეესტრის ჩანაწერი არსებობს უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის შესახებ, მოსარჩელე უფლებამოსილია განახორციელოს ამავე ნივთთან მიმართებით მართლზომიერი მფლობელის უფლებები, მათ შორის, მესაკუთრის მიმართაც.
52. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით აპელანტს სწორად ეთქვა უარი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელის მოთხოვნის უარსაყოფად, რომელიც, თავის მხრივ, საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას (იხ. სსკ-ის 311-ე, 312-ე მუხლები) ემყარება, აპელანტს (მოპასუხე) სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებები, რომელიც შეაფერხებდა სარჩელის წარმატებას. აქვე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მესაკუთრეს თავისი უფლების რეალიზების მიზნით გამოყენებული აქვს საპროცესო საშუალება - სარჩელის უფლება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საჯარო რეეესტრის გადაწყვეტილების კანონიერების დასადგენად. შესაბამისად, ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ, გამოიკვეთება თუ რა უფლების გამოყენება იქნება, კასატორის საკუთრების უფლების უკეთესად დასაცავად რელევანტური.
53. რაც შეეხება კასატორის მსჯელობას მასზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა მოთხოვნა საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულზე კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების აუცილებელი წინაპირობები განსახილველ საქმეზე არ არსებობს. როგორც ზემოთ აღინიშნა, საჯარო რეესტრის ამონაწერით დადასტურებულია, რომ სადავო უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოპასუხის სახელზე, რომელსაც მოპასუხე მართლზომიერად ფლობს. შესაბამისად, არ დადასტურდა ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა წინამდებარე დავის გადაწყვეტას კასატორის მიერ წარმოებული ადმინისტრაციული დავის განხილვის დასრულებამდე, რომელ დავაშიც კასატორის მოწინაღმდეგე მხარეები არიან: მ. კალანდარიშვილი (მოსარჩელე წინამდებარე სარჩელში) და საჯარო რეესტრი, ხოლო დავის საგანია ადმინისტრაციულ აქტის ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზე მ. კალანდარიშვილის (მოსარჩელე წინამდებარე სარჩელში) უფლება დარეგისტრირებული იქნა სადავო უძრავ ქონებაზე. ამავე საფუძვლით არ უნდა დაკმაყოფილდეს, კასატორის შუამდგომლობა საკასაციო სასამართლოს მიერ განსახილველი საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.
54. რაც შეეხება ამ განჩინების პ.35-ში მითითებულ კასატორის მოთხოვნას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი სარჩელის საგნის ფარგლებში, არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი წანამძღვრები.
55. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
56. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მართლზომიერი მფლობელობის სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.
57. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
58. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ხ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. კასატორის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერებბის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი