საქმე №ას-1225 -2020 24 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - თ.დ–ი (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „აკადემიკოს ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ა“ (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „აკადემიკოს ნ.ყ.ს. ც.ს.კ–ის“ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიერ, სარჩელი აღიძრა თ.დ–ის (შემდეგში - მოპასუხე ან აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, 11 250.2 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 629-ე მუხლი).
2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2016 წლის 15 ივნისს, მის კლინიკაში სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შეყვანილ იქნა პაციენტი - მოპასუხე. კლინიკაში მოპასუხე შეყვანილი იყო კრიტიკულ მდგომარეობაში და მკურნალობდა დიაგნოზით: პოლიტრავმა, ქალა-ტვინის, მუცლის ღრუს და გულმკერდის დახ.ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა მარცხენა დიდი წვივის პროქსიმალური ბოლოს დამსხვრეული მოტეხილობა ცდომით, მარცხენა ბარძაყის ყელის მოტეხილობა, მარცხენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის დამსხვრეული ფრაგმენტოვანი მოტეხილობა ფრაგმენტების მკვეთრი ცდომით, მარცხენა ბარძაყის შუა მესამედის ნაფლეთოვანი ჭრილობა, ჭრილობა მარცხენა მხრის არეში. მარცხენა მხრის ძვლის დისტ.ბოლოს დამსხვრეული ფრაგმენტოვანი მოტეხილობა ცდომით, მარცხენა ბარძაყის ლაზერული ზედაპირის ინფიცირებული ჭრილობა, მარცხენა მხრის ძვლის დისტალური ბოლოს არაკეროვანი ოსტეოსინთეზის (ღეროვანი აპარატით) შ.პ (16.06), გავის ძვლის მოტეხილობა, გავა-თეძოს შესახსრების დიასტაზი, ბოქვენის სიმფიზის გახსნა, ორმხრივ 2 მალის და მარცხნივ 3 მალის განივი მორჩების კონსოლიდირებული მოტეხილობა, ტრამვული შოკი, სხეულის მრავლობითი ექსკორიაციები, ნახეთქი ჭრილობა ნიკაპის არეში, რეციუმის ჰემატომა, მარცხნივ თეძოს ფოსოს ჰემატომა, სათესლე პარკის ლიმფოსტაზი, ორმხრივი პნევმონია (J18.9), სუნთქვის მწ. უკმარისობა (J96.0). პაციენტის კლინიკაში მოთავსებისას - 2016 წლის 15 ივნისს, მასთან გაფორმდა სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულება. მოპასუხემ ასევე დაადასტურა პაციენტის წერილობითი, ინფორმირებული თანხმობის ფორმა მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევაზე. 2016 წლის 15 ივნისიდან 2016 წლის 11 ივლისის ჩათვლით პერიოდში მოპასუხის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის ხარჯმა შეადგინა 38 212.23 ლარი. რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის ხარჯიდან მოპასუხის მიერ გადახდილია 9 100 ლარი. მერიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილით დაფინანსების თანხა შეადგენს 3 000 ლარს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ,,რეფერალური მომსახურების’’ ფარგლებში ანაზღაურებულია 8 000 ლარი, ვაკის გამგეობის მიერ მისთვის გადახდილია - 900 ლარი, შპს ,,ა–ის’’ მიერ - 900 ლარი, შპს ,,ს–ას’’ მიერ - 100 ლარი, ხოლო სადაზღვევო კომპანია ,,იმედი-ელ’’-ის მიერ საგარანტიო წერილის დაფინანსების თანხა შეადგენს - 10 000 ლარს. შესაბამისად, სულ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის დავალიანებიდან დაფარულია 32 000 ლარი, ხოლო ამ ნაწილში, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 6 212.23 ლარს. რეანიმაციული განყოფილების შემდეგ კი, მოპასუხე აგრძელებდა მკურნალობას კლინიკის მულტიპროფილურ განყოფილებაში, სადაც მკურნალობის ხარჯმა შეადგინა 5 037.97 ლარი. ჯამში გაწეული სამედიცინო მომსახურების დავალიანების სახით მოპასუხეს უნდა დაეკისროს 11 250.2 ლარის გადახდა.
3. მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ წარადგინა, როგორც მოთხოვნის გამომრიცხველი ისე, მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი (ხანდაზმულობა) შესაგებელი და აღნიშნა, რომ 2016 წლის 15 ივნისს ნამდვილად იქნა მოთავსებული კლინიკაში, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეეძლო რაიმე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია რაიმე ფულადი ვალდებულება შესასრულებელი, ვინაიდან მიღებული სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილი აქვს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დავალიანების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება არ მიუღია. დავალიანების არსებობის პირობებშიც კი, ვინაიდან გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობები.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6416.78 ლარი.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინებით დარჩა განუხილველად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 364-ე მუხლის, 369-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 2591 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოპასუხე და მისი წარმომადგენელი - ზ.ხ–ი, 2020 წლის 6 მარტს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, ესწრებოდა.
8. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და გადაწყვეტილების ასლი ჩაებარებინა, რაც საქმის მასალების შესაბამისად, მას არ განუხორციელებია.
9. ამდენად, მოპასუხეს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
10. მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე – 05.04.2020წ. იყო კვირა, შესაბამისად, ჩაბარების ვადამ გადაიწია მომდევნო სამუშო დღეს, ხოლო აპელანტმა (მოპასუხე) სასამართლოს მიმართა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად 08.06.2020-ში.
11. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა უნდა ათვლილიყო 07.04.2020წ.-დან, საიდანაც სააპელაციო წესი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა ამოიწურა 21.04.2020წ.-ს (ვინაიდან, მე-14 დღე 20.04.2020წ. იყო დასვენების დღე, აღდგომის შემდგომი ორშაბათი, გასაჩივრების ვადამ გადაიწია მომდევნო სამუშაო დღეს.
12. სააპელაციო საჩივარი კი, წარდგენილია თითქმის 3 თვიანი დაგვიანებით, კერძოდ, 15.07.2020წ.-ს.
13. აქვე, საპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრების ვადის გაშვების შედგად კანონიერ ძალაში შესულ პირველი ინსტანციის სასასამართლოს გადაწყვეტილებაზე ამოწერილ იქნა სააღსრულებო ფურცელი და მხოლოდ ამის შემდეგ, მოხდა მოვალის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენა სასამართლოში.
14. სააპელაციო საამართლომ მიუთითა სსსკ-ის 63-ე მუხლზე და სააპელაციო საჩივარი წარდგენის ვადის გაშვების გამო, დატოვა განუხილევლად.
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, აპელანტმა წარადგინა კერძო საჩივარი, რომელშიც განამარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია 2020 წლის 6 მარტს, რაც დაემთხვა ქვეყანაში პანდემიის პერიოდს. ქვეყანაში გამოცხადდა შეზღუდვები გადაადგილების და სხვა საკითხებში. მოპასუხე (აპელანტი) არის რისკ ჯგუფის წარმომადგენელი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. კერძო საჩივრის ავტორი განამრტავს, რომ იგი ტელეფონზე უკავშირდებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს, სადაც განუმარტეს, რომ გადაწყვეტლება არ იყო მზად. მან 2020 წლის 8 ივნისს მიმართა საქალაქო საამართლოს განცხადებით, რომ მისთვის ჩაებარებინათ გადაწყვეტილება, მაგრამ მაშინაც ვერ ჩააბარეს და ჩააბარეს მხოლოდ იმავე წლის 6 ივლისს - ერთ თვეში. გადაწყვეტილება მის მიერ ჩაბარებიდან კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრდა. კერძო საჩივრის ავტორი ასევე განმარტავს, რომ სააღსრულებო ფურცლის შესახებ მისთვის უცნობია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
17. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
18. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
19. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“ (მრავალთა შორის იხ., სუსგ №ას-1392-2019, 1 ნოემბერი, 2019; №ას-873-2018, 31.01.2019წ.).
20. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან, რადგან სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება, სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).
21. სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე და მისი წარმომადგენელი ზ.ხ–ი, 2020 წლის 6 მარტს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა.
22. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და გადაწყვეტილების ასლი ჩაებარებინა, რაც საქმის მასალების შესაბამისად, მას არ განუხორციელებია. ამდენად, მოპასუხეს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღიდან .
23. მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეა – 05.04.2020წ. ხოლო აპელანტმა (მოპასუხე) სასამართლოს მიმართა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად 08.06.2020-ში.
24. რაც შეეხება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მიღების შეუძლებლობის თაობაზე კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით კი, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის სასამართლოს ბრალით მიღების შეუძლებლობის ფაქტი შეიძლება, დადასტურდეს სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებით და სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ არის (იხ. სუსგ, Nას-1278-2019, 28.02.2020; #ას-1063-2019, 30.10.2019წ.; #ას-1040-994-2013, 09.12.2013წ.).
25. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ვერც იმ პრეტენზიას გაიზიარებს, რომ ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო, ვერ მოახერხა გადაადგილება აპელანტმა, როგორც რისკ ჯგუფში მყოფმა პირმა. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა კასატორის წარმომადგენელიც (იხ., ამ განჩინების პ.7).
26. საკასაციო პალატა განმარტავს, სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ისევე როგორც სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი, კრძალავს სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელებას ან აღდგენას.
27. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5 (იხ.: სუსგ საქმეზე № ას-1615-2019, 14.01.2020წ.)). გასაჩივრების ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სუსგ-ბი: Nას-522-2020, 23.10.2020; Nას-1226-2019წ., 23.12.2019წ.; Nას-464-464-2018, 05.07.2018წ.; Nას-1170-1100-2015, 25.12.2015წ.).
28. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.დ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე