Facebook Twitter

საქმე №ას-1277-2020 18 დეკემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. ნ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ს–ძე

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. ს–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ნ–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობა, ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. ს–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე თ. ნ–ის მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობის, ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. ს–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობისა და ვალდებულების შესრულების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ს–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. ს–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება 12935 ლარის ოდენობით (გადასახადების გამოკლებით) 2018 წლის საიჯარო ქირის მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. ნ–ს თ. ს–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის საიჯარო ქირის გადახდა 12935 ლარის ოდენობით (გადასახადების გამოკლებით). დანარჩენ ნაწილში სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 12935 ლარის დაკისრების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ნ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით თ. ნ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნეს წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

2020 წლის 25 ნოემბერს თ. ს–ძემ შეგებებული საკასაციო საჩივრით მომართა სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 დეკემბრის განჩინებით თ. ს–ძის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნეს წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

2020 წლის 8 დეკემბერს თ. ნ–ის წარმომადგენელმა გ.ჟ–მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა თ. ნ–ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, თ. ნ–ის წარმომადგენელ გ.ჟ–ის შუამდომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კასატორი უფლებამოსილია, თანამდევი სამართლებრივი შედეგის გათვალიწინებით, უარი განაცხადოს თავის საკასაციო საჩივარზე.

საკასაციო სასამართლო საქმის განხილვისას ხელმძღვანელობს სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით, ცხადია, რომ აპელანტის ხსენებული უფლება ვრცელდება კასატორზეც. გამომდინარე აღნიშნულიდან, ნათელია რომ საკასაციო საჩივრის ავტორს შეუძლია ნებისმიერ სტადიაზე განაცხადოს უარი საკასაციო საჩივარზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე.

კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმისას სასამართლო შეწყვეტს საკასაციო საჩივარზე არსებულ საქმის წარმოებას, ხოლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უცვლელად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლი იმპერატიული შინაარსისაა, რაც მისი სხვაგვარი გამოყენების შესაძლებლობას არ იძლევა. აღნიშნული გამომდინარეობს თავად საკასაციო საჩივრის არსიდან, რაც გამოიხატება იმაში, რომ შეგებებული საკასაციო საჩივარი ორგანულადაა დაკავშირებული ძირითად საკასაციო საჩივართან. სწორედ ამის გამო, თუკი საკასაციო სასამართლო განუხილველად დატოვებს მას, მაშინ შეგებებული საკასაციო საჩივარი კარგავს თავის დანიშნულებას და ძირითადი საკასაციო საჩივრის ბედს იზიარებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ თ. ნ–ის წარმომადგენელ გ.ჟ–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, საქმის წარმოება მოცემულ საკასაციო საჩივარზე შეწყდეს, ხოლო თ. ს–ძის შეგებებულ საკასაციო საჩივარი კი უნდა დარჩეს განუხილველად და კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 646,75 ლარიას ოდენობით, ხოლო შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 379-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ნ–ის წარმომადგენელ გ.ჟ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება თ. ნ–ის საკასაციო საჩივარზე თ. ს–ძის მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე.

3. თ. ს–ძის შეგებებული საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

4. კასატორ თ. ნ–ს დაუბრუნდეს ლ.რ–ძის მიერ 2020 წლის 16 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 646,75 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

5. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორ თ. ს–ძეს დაუბრუნდეს შ.მ–ძის მიერ 2020 წლის 24 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

5. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი