Facebook Twitter

საქმე №ას-497-2020 10 დეკემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი - გ.ბ–ძე (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით)

მოწინააღმდეგე მხარე - ე.ბ–ი (ო.ლ–ძის უფლებამონაცვლე, მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

დავის საგანი – მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა ო.ლ–ძის განცხადება და ყადაღა დაედო ნ.გ–ძის საკუთრებაში არსებულ 54 ერთეულ უძრავ ქონებას. აღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება. საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი, გაუქმდა 2015 წლის 21 იანვრის განჩინება და ყადაღა მოეხსნა შემდეგ უძრავ ქონებებს: ს/კ ...... - დედოფლისწყარო, ....... 677 კვ.მ ფართობიდან - 514,9939 კვ.მ, მიწის ნაკვეთს; ს/კ ..... - დედოფლისწყარო, ....... 6559 კვ.მ ფართობიდან - 4989,4313 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთს; - ს/კ ..... დედოფლისწყარო, ....... 792 კვ.მ ფართობიდან - 602,4744 ფართის მიწის ნაკვეთს; - ს/კ ..... - დედოფლისწყარო, ......., ..... 25 080კვ.მ ფართობიდან - 19078,356 კვ.მ-ს. დარჩენილ ნაწილში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 08 მაისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 იანვრის განჩინებით უძრავ ქონებაზე გამოყენებული ყადაღა შეიცვალა გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვით და ამასთან, ყადაღა მოეხსნა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ნივთებს: ს/კ ..... - წყალტუბო, სოფელი ..... 3363,00 კვ.მ. ფართობს; ს/კ ..... - თბილისი, ....., 60.80კვ.მ-დან 40,55 კვ.მ ფართს; ს/კ ......-თბილისი, ....... ქუჩა #9, 171.14კვ.მ-დან 125.81 კვ.მ ფართს; ს/კ ......-თბილისი, ....... ქუჩა #9, 6.71 კვ.მ ფართს; ს/კ .....-თბილისი, ....... ქუჩა #9, 14.59 კვ.მ ფართს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2019 წლის 21 ნოემბერს განცხადებით მიმართა მოპასუხემ და მოითხოვა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება. განმცხადებლის განმარტებით, მის სახელზე რიცხული უძრავი ნივთები მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე ეკუთვნის გ.ბ–ძეს - მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.

4. განჩინების გაუქმების მოთხოვნით, 2019 წლის 5 აგვისტოს სასამართლოს მიმართა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირმაც - გ.ბ–ძემ.

5. განმცხადებელმა განმარტა, რომ მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთები რეალურად ეკუთვნის მას მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე და სწორედ ამის გამო არის შეტანილი სარჩელი.

6. განმცხადებლის აზრით მისი სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რადგან ზ.ლ–ძის, კ.ლ–ძის და ო.ლ–ძის ყველა მოთხოვნა, რაც მათ ჰქონდათ ქ–ის მიმართ, ნ.გ–ძესთან შეთანხმებით დაუთმეს გ.ბ–ძეს. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებებით გ.ბ–ძე ცნობილია ო.ლ–ძის და ზ.ლ–ძის უფლებამონაცვლედ, შესაბამისად აღნიშნული პირები არ წარმოადგენენ ნ.გ–ძის მიმართ შეტანილი სარჩელის უფლებამოსილ პირებს და ის მოთხოვნა, რაც მათ აქვს დაყენებული ეკუთვნის მას.

7. განმცხადებელმა მოითხოვა სასამართლომ შეამოწმოს 2015 წლის 08 მაისის განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა; დაადგინოს აქვთ თუ არა მოთხოვნა ო.ლ–ძეს, ზ.ლ–ძეს და ე.ბ–ს; შეამოწმოს მოხდა თუ არა ჯერ საქალაქო და შემდგომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა, დაიშვა თუ არა შეცდომა ფაქტობრივი გარემოებების შეფასებაში და ამ შეცდომის შედეგია თუ არა 2015 წლის 08 მაისს მიღებული განჩინება, რომლის სრულად გაუქმებასაც ითხოვს.

8. სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 12 დეკემბერს არ დააკმაყოფილა ნ.გ–ძის და გ.ბ–ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე. მიღებულ განჩინებაში აღნიშნა, რომ უძრავი ნივთები, რომლებზეც გავრცელებულია აკრძალვა სარჩელის უზრუნველსაყოფად, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოპასუხის სახელზე, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულება განმცხადებელს სასამართლოში არ წარუდგენია.

9. სააპელაციო პალატამ მესამე პირის საჩივართან დაკავშირებით განმარტა, რომ მისი მოთხოვნა მესაკუთრედ ცნობის შესახებ წარმოადგენს მის მიერ შეტანილი სარჩელის დავის საგანს და აღნიშნული უნდა დადგინდეს საქმის განხილვის შედეგად. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა განმცხადებლის მტკიცება, რომ უზრუნველყოფის საგნებზე მოთხოვნის უფლება მას ეკუთვნის. სააპელაციო პალატის განმარტებით აღნიშნული საკითხი წარმოადგენს მიმდინარე დავის ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. მოცემულ ეტაპზე კი, ის გარემოება, რომ საჩივრის ავტორს გამოთქმული აქვს პრეტენზია მესამე პირის დამოუკიდებელი სარჩელის სახით, ვერ იქნება მიჩნეული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძვლად.

10. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა მესამე პირის მითითებები თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული გარემოებაც, საქმის არსებითი განხილვის შედეგად უნდა დადგინდეს.

11. სააპელაციო პალატამ საჩივრის ავტორის ერთ-ერთ პრეტენზიასთან დაკავშირებით რომ სასამართლომ შეამოწმოს, მოხდა თუ არა ჯერ საქალაქო და შემდგომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა, დაიშვა თუ არა შეცდომა ფაქტობრივი გარემოებების შეფასებაში და ამ შეცდომის შედეგია თუ არა 2015 წლის 08 მაისს მიღებული განჩინება განმარტა, რომ მითითებული მოთხოვნა წარმოადგენს არა განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორებას, არამედ განჩინების კანონიერების ხელახლა შეფასების მოთხოვნას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დაიშვება.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინებით მოთხოვნის დაკმაყოფილება.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის განჩინებით მესამე პირის საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებაზე დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

14. სააპელაციო პალატამ უმთავრესად აღნიშნა, რომ უძრავ ნივთებზე, რომელზეც სარჩელის უზრუნველსაყოფად გავრცელებულია აკრძალვა საჯარო რეესტრში აღრიცხულია მოპასუხის სახელზე.

15. სააპელაციო სასამართლომ იმავე არგუმენტებზე მითითებით განმარტა, რომ მესამე პირის მოთხოვნა მესაკუთრედ ცნობის შესახებ წარმოადგენს მის მიერ შეტანილი სარჩელის დავის საგანს და აღნიშნული უნდა დადგინდეს საქმის განხილვის შედეგად.

16. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან წარმოდგენილი საჩივარი არ შეიცავდა საკმარის დასაბუთებას გასაჩივრებული განჩინების გასაუქმებლად, როგორც დაუსაბუთებელი გაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარდგენილი საჩივრების საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, 410-ე მუხლით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანი არის მოსარჩელის დაცვა მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქმედებისგან (იხ. სუსგ ას-644-2019, 30.09.2019წ).

20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებს ადგენს რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191 ე მუხლი, იგი წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის დროებით და ეფეტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობის მიზანს ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე სახეზეა მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის აუცილებლობა. (იხ. სუსგ. ას-1603-2019, 31.01.2020წ)

21. განსახილველ შემთხვევაში განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის იმ განჩინების კანონშესაბამისობა, რომლითაც დადგინდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართლზომიერება და მოპასუხეს აეკრძალა კუთვნილი უძრავი ქონებების გასხვისება. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, საჩივრის ავტორი განსახილველ დავაში მონაწილეობს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირის სტატუსით და პრეტენზიას აცხადებს სადავო უძრავ ქონებებზე.

22. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი უფლებამოსილია სასამართლოს განცხადებით, სარჩელით ან საჩივრით (საკასაციო) მიმართოს მხოლოდ თავისი უფლების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო უძრავ ქონებებზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, გასხვისების აკრძალვა გამოყენებულია მოპასუხის სახელზე რეგისტირებულ უძრავ ქონებებზე. საჩივრის ავტორი ფაქტობრივად ასაჩივრებს არა საკუთარი, არამედ სხვა პირის (მოპასუხის) უფლებების დარღვევის ფაქტს, რაც ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია.

23. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ეტაპზე არ ხდება მტკიცებულებების და სარჩელის საფუძვლიანობის შეფასება. სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ საბოლოო დასკვნა წარმოადგენს მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების რეზულტატს. სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას იყენებს მაშინ, როდესაც დავის საგანს ესაჭიროება დაცვა. ამასთან, უზრუნველყოფის ეტაპზე სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ თუ საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

24. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მესამე პირის მიერ დასახელებული არგუმენტები ვერ იქნება მიჩნეული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან საჩივრის ავტორის მიერ წარმოჭრილი საკითხები არსებითი კვლევის საგანია და საჩივრის განხილვის ეტაპზე განხილული და შეფასებული ვერ იქნება.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი არ არის დასაბუთებული და სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ.ბ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ზამბახიძე

ლ. მიქაბერიძე