¹ ბს-791-378-კს-05 23 ივნისი, 2005 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ჯ. გახოკიძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს კერძო საჩივარი, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 მარტის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
შპს “ჟ.მ” სარჩელი აღძრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხე თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის და თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა საკუთრების უფლების სარეგისტრაციო ჩანაწერის აღდგენა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 11.03 გადაწყვეტილებით შპს “ჟ.ს” სარჩელი დაკმაყოფილდა, - ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში შპს “ჟ.ს” საკუთრების უფლების ჩანაწერის (¹27253/2001) გაუქმების თაობაზე და მოსარჩელეს შპს “ჟ.ს” აღუდგა საკუთრების უფლების ჩანაწერი.
რაიონული სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 02.03 განჩნიებით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სსკ-ის 372-ე, სსკ-ის 275-ე მუხლის “დ” პუნქტი და განმარტა, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება საააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, ასევე, სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოება უშვებდა მხარეთა ხელმეორედ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას, ხოლო აღნიშნული დასკვნის შესაძლებლობას იძლეოდა ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო ნორმათა შედარებითი ანალიზი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლი და განმარტა, რომ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მხარეთა წერილობითი თანხმობის არარსებობისას საქმე განიხილოს მათ დაუსწრებლად, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26I მუხლი კრძალავს რა სსკ-ის 26-თავის დებულებების, მათ შორის საქმის განუხილველად დატოვების თაობაზე სსკ-ის 231-ე მუხლის გამოყენებას, არ ზღუდავს სასამართლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე თავის ნორმების, მათ შორის, 275-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობაში.
სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგი მოტივით:
მოქმედი ადმინისტრაციული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული სამართალწარმოებაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას. საპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგებს არეგულირებს სსკ-ის 287-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ამავე ნორმის მე-3 პუნქტის თანახმად, “ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ”.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.1 მუხლზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება სსკ-ის XXVI თავის დებულებები, აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი განუხილველად დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 20.05 განჩინებით თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმესთან ერთად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სსკ-ის 372-ე, სსკ-ის 275-ე მუხლის “დ” პუნქტი და განმარტა, რომ მიუხედავად სათანადო წესით ჩაბარებული უწყებებისა სააპელაციო პალატის სხდომაზე არ გამოცხადდა მხარეები, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 02.03 განჩინებით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოება უშვებს მხარეთა არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას, ხოლო აღნიშნული დასკვნის შესაძლებლობას იძლეოდა ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო ნორმათა შედარებითი ანალიზი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლი და განმარტა, რომ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მხარეთა წერილობითი თანხმობის არარსებობისას საქმე განიხილოს მათ დაუსწრებლად, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26I მუხლი კრძალავს რა სსკ-ის 26-თავის დებულებების, მათ შორის, საქმის განუხილველად დატოვების თაობაზე სსკ-ის 231-ე მუხლის გამოყენებას, არ ზღუდავდა სასამართლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე თავის ნორმების, მათ შორის, 275-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობაში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 2 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
წარმოდგენილი კერძო საჩივარი დაუსაბუთებულია, არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების არაკანონიერების თაობაზე;
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარის საპროცესო უფლება_გასაჩივროს სასამართლო აქტი, ამასთან შეიცავს საპროცესო ვალდებულებას დაასაბუთოს, თუ რაში მდგომარეობს გასაჩივრებული განჩინების /გადაწყვეტილების/ კანონსაწინააღმდეგობა, რაც მოცემულ შემთხვევაში ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ დაცული არ არის.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 275-ე მუხლის გამოყენების მართლზომიერებას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხოლოდ და იმ შემთხვევაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი, თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობის მითითებული დათქმის შესაბამისად, ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც განსხვავებულად არ წესრიგდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმებით, უნდა მოწესრიგდეს სამოქალაქო საპროცესო ნორმებით, რომლებიც მათი საპროცესო გადაწყვეტის წესებს ადგენენ.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 2 მარტის მთავარ სხდომაზე სააპელაციო საჩივრის განხილვაზე არ გამოცხადდა არც აპელანტი და არც მიწინააღმდეგე მხარე, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს სასამართლო უწყება ჩაბარდათ სსკ-ის 70_78-ე მუხლებით დადგენილი წესით გონივრულ ვადაში, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ 275-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმებით ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქმის განხილვის განსხვავებული საპროცესო წესებია დადგენილი, კერძოდ, 26I მუხლის I პუნქტით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა, ხოლო II პუნქტით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება მხარის ხელმეორე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, არამად მხარის დაუსწრებლად, დავის არსებითად გადაწყვეტას შემაჯამებელი საპროცესო აქტის_გადაწყვეტილების სახით /იხ. კოდექსის 2000 წ. 24.02 რედაქცია/.
2004წ. 31.12. ამოქმედებული 2004წ. 29.12. კანონით “ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე” ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26I მუხლის II ნაწილი ამოღებული იქნა, მითითებული დებულების გარეშე, არსებული პროცესუალური ნორმების ბაზა საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სასამართლოებს არ აძლევდა უფლებამოსილებას, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში არსებითად გადაეწყვიტა დავა.
2005წ. 25 მარტის საკანონმდებლო ცვლილებით /რომელიც ამოქმედდა 2005 წ. 13 აპრილს/, 26I მუხლს დაემატა მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, სასამართლოს მიენიჭა მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გადაწყვეტილების გამოტანის უფლებამოსილება.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია 2005წ. 2 მარტს, რა დროსაც კოდექსის 26I მუხლი მხოლოდ ერთ ნაწილიანია, ანუ სასამართლო არ არის უფლებამოსილი მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში არსებითად განიხილოს დავა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სსკ-ის 275-ე მუხლი, რამდენადაც 2004წ. 31 დეკემბრიდან 2005წ. 13 აპრილამდე პერიოდში ადმინისტრაციულ სასამართლოს არ ჰქონდა უფლებამოსილება მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში არსებითად განეხილა დავა და გადაეწყვიტა იგი, რის გამოც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის პრინციპებიდან გამომდინარე სასამართლო ვალდებული იყო გამოეყენებინა სსკ-ის 275-ე მუხლი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26I 1. მუხლის თაობაზე და თვლის, რომ მითითებული ნორმით აკრძალულია რა სსკ-ის XXVI თავის _ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, არ ნიშნავს, რომ აკრძალულია სსკ-ის სხვა თავის დებულებების გამოყენება, რაც ლოგიკურად აზრს დაუკარგავდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის დათქმას, რომელიც, შინაარსიდან გამომდინარე, აგებულია არა სსკ-ის რომელიმე ნორმის გამოყენების აკრძალვაზე, არამედ, პირიქით სსკ-ის ნორმების გამოყენების შესაძლებლობაზე, როცა საპროცესო მოქმედება ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმებით განსხვავებულად არ წესრიგდება. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა გამოუცხადებლობის პირობებში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ ადგენს არა თუ სსკ-ისგან განსხვავებულ, არამედ, საერთოდ არანაირ წესს, რის გამოც სასამართლო ვალდებულია, მიმართოს სსკ-ის ნორმებით საპროცესო მოქმედების მომწესრიგებელ დებულებას და გამოიყენოს იგი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მომწესრიგებელი თავის დებულებების გამოყენების აკრძალვა, არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს მხარის /მხარეთა/ გამოუცხადებლობის შემთხვევაში სსკ-ის 275-ე მუხლის, მათ შორის “გ” და “დ” პუნქტების გამოყენების აკრძალვას, მხოლოდ იმ ლოგიკით, რომ სსკ-ის 229-2 და 231-ე მუხლები სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ გამოტანილ განჩინებას უკავშირებს 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებულ შედეგებს, ვინაიდან ამგვარი ლოგიკით შეუძლებელი იქნებოდა საერთოდ საპროცესო ნორმების გამოყენება, საპროცესო სამართალი წარმოადგენს საპროცესო ნორმების ერთობლიობას, რომლითაც განისაზღვრება საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესები, სტრუქტურული თვალსაზრისით, რასაკვირველია საპროცესო ნორმები ადგენენ რა, ამა თუ იმ საპროცესო უფლებათა საპროცესო მოქმედებების მეშვეობით რეალიზაციის საშუალებებს, სხვადასხვა ასპექტით დაკავშირებული არიან ერთმანეთთან და ურთიერთგამომდინარეობენ, რაც სრულებით არ ნიშნავს ყველა საპროცესო ნორმის სხვა ნორმებთან კონტექსტში გამოყენების შესაძლებლობის აუცილებელ მოთხოვნას.
საპროცესო ნორმათა ამგვარი გაგებით საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა მათი გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26I მუხლის I ნაწილით სსკ-ის XXVI თავის დებულებების გამოყენების აკრძალვა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ იკრძალება ამ თავის ნორმებში მითითებული სსკ-ის სხვა ნორმების გამოყენება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია მოქმედი ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო ნორმების მართებული გამოყენების და განმარტების საფუძველზე, რადგან 2004წ. 31.12. _ 2005წ. 13.04. დროის პერიოდში სასამართლო უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა სსკ-ის 275-ე მუხლის დებულება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ასევე შესაბამისობაშია საპროცესო კანონმდებლობასთან სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 20 მაისის განჩინება კერძო საჩივრის უსაფუძვლოდ მიჩნევის თაობაზე.
ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სსკ-ის 275 “დ”, 372-ე, 390-ე, 399-ე, 419_420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 მარტის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.