Facebook Twitter

საქმე №ას-1006-2020 14 დეკემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ა.ქ.გ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ფ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საპროცესო ვადის აღდგენა, აღსრულების შეჩერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა.ფ–ძის სარჩელი მოპასუხე შპს „ა.ქ.გ–ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ა.ფ–ძემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება ა.ფ–ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ფ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინებით შპს „ა.ქ.გ–ის“ საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2020 წლის 16 იანვარს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი ამავე სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.

2020 წლის 6 თებერვალს შპს „ა.ქ.გ–ის“ წარმომადგენელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე გასაჩივრების ვადის აღდგენა და სასამართლოს მიერ 2020 წლის 16 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით შპს „ა.ქ.გ–ის“ წარმომადგენლის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენისა და სააღსრულებო წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ა.ქ.გ–ის“ წარმომადგენელმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით შპს „ა.ქ.გ–ას“ დაევალა, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა შპს „ა.ქ.გ–ის“ მიერ ი.ბ–ძის სახელზე შედგენილი მინდობილობის დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი ან კომპანიის დირექტორის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით შპს „ა.ქ.გ–ას“ დაევალა, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა შპს „ა.ქ.გ–ის“ მიერ ი.ბ–ძის სახელზე შედგენილი მინდობილობის დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი ან კომპანიის დირექტორის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი.

ხარვეზის შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საქმეში არსებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ……. მიუხედავად ამისა, ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. საკასაციო სასამართლოში დაბრუნებულ საფოსტო კონვერტზე გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებული იყო - არასრული ინფორმაცია (იხ. ტ. 4 ს.ფ. 151).

აღნიშნულიდან გამომდინარე, ხარვეზის შესახებ განჩინება გაეგზავნა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ი.ბ–ძეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ....... საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დგინდება რომ, გზავნილი 2020 წლის 11 ნოემბერს ჩაბარდა პირადად ადრესატს (ტ. 4, ს.ფ. 154).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული სამდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2020 წლის 12 ნოემბერს და ამოიწურა 2020 წლის 14 ნოემბერს. ვინაიდან 14 ნოემბერი იყო არასამუშაო დღე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა მომდევნო სამუშაო დღეს, 2020 წლის 16 ნოემბერს.

ვინაიდან ამ დროის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ა.ქ.გ–ის“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური