№ ას-1113-1033-2017 24 ნოემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ ვ.ი–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.გ–ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები - რ.გ–ძე, ლ.გ–ძე, ი.გ–ძე
განმცხადებლის მოთხოვნა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ხელშეკრულების შეწყვეტა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ვ.გ–ის განცხადება დაკმაყოფილდა. გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ვ.ი–ისათვის დაწესებული შეზღუდვა, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სს „ს.ბ–ში“ ვ.ი–ის (პ/ნ: ......) საბანკო ანგარიშზე - ბანკის კოდი: BAGAGE 22, ანგარიშის ნომერი: GE09BG00000..... - დადებული ყადაღის ნაწილში შეიცვალა იმგვარად, რომ ყადაღა დაედო აღნიშნულ ანგარიშზე რიცხულ ფულად სახსრებს 120 000 ლარის ფარგლებში.
2020 წლის 13 ნოემბერს ვ.ი–ის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებაში შესწორების შეტანა. კერძოდ, განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საქმეზე Nას-1601-2019 ვ.ი–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა; აღმასრულებელს დაევალა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის (საქმე Nას-1113-1033-2017) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სს „ს.ბ–ში“ ვ.ი–ის (პ/ნ .) საბანკო ანგარიშზე არსებული (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ყადაღადადებული) 120 000 ლარიდან 115 056,9 ლარის ვ.გ–ისათვის გადაცემისას, ყადაღა დაადოს 9 495 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს და შეიტანოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე. აღნიშნულიდან გამომდინარე განცხადებელმა მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებაში შესწორების შეტანა იმგვარად, რომ გათვალისწინებულ იქნეს ამავე სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საქმე Nას-1601-2019 დაწესებული შეზღუდვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ.ი–ის წარმომადგენლის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უსწორობის გასწორების საკითხის სასამართლო სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობებს ადგენს სსსკ-ის 191-ე მუხლი, რომლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება.
აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროების გასვლისთანავე იგი უნდა გაუქმდეს.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე საკასაციო სასამართლოში 2020 წლის 24 სექტემბერს წარმოდგენილი განცხადებით თავად ადასტურებდა, რომ დავა დასრულებულია და აღარ არსებობდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამავე სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით დადგენილი შეზღუდვის ძალაში დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობდა და 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ვ.გ–ის განცხადება დააკმაყოფილა. გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ვ.ი–ისათვის დაწესებული შეზღუდვა.
ამასთან, განმცხადებლის მიერ მითითებულ 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით აღმასრულებელს დაევალა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის (საქმე Nას-1113-1033-2017) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სს „ს.ბ–ში“ ვ.ი–ის (პ/ნ ....) საბანკო ანგარიშზე არსებული (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ყადაღადადებული) 120 000 ლარიდან 115 056,9 ლარის ვ.გ–ისათვის გადაცემისას, ყადაღა დაადოს 9 495 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს და შეიტანოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინება არ წარმოადგენს ამავე სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებაში შესწორების შეტანის საფუძველს, რადგან სრულიად ნათელია, რომ 120 000 ლარზე 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ყადაღის მოხსნის შემდეგ, 120 000 ლარიდან 115 056.9 ლარის ვ.გ–ისათვის გადაცემისას აღმასრულებელს 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით დაევალა ყადაღა დაადოს 9 495 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს და შეიტანოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე. აღნიშნული განჩინება ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინება ხელს არ უშლის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინების აღსრულებას.
ამავე დროს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შეუძლებელია ერთ საქმეზე დავის დასრულების დროს, სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებისას სასამართლომ განჩინებით იმსჯელოს იმ საკითხებზე, რომლებიც გადაწყდა სხვა საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების განჩინებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არ აქვს რაიმე შეცდომას 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებაში. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ განჩინებაში უსწორობის გასწორების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ვ.ი–ის წარმომადგენლის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე