Facebook Twitter

№ას-1311-2020 28 დეკემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ს–ძე (მოპასუხე)

თავდაპირველი მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.08.2020წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – კანონიერი საფუძვლის გარეშე ოჯახში მყოფი მცირეწლოვანი ბავშვის გამოყვანა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომლის უფლებამონაცვლეც არის სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, "სააგენტო," „კასატორი“) წარადგინა სარჩელი მ.ს–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "პირველი მოპასუხე"), მ.ს–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“) და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა: 07.11.2017წ. დაბადებული მცირეწლოვანი გ.ს–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „ბავშვი“) პირველი და მეორე მოპასუხის ოჯახიდან გამოყვანა და მინდობით აღმზრდელ პირთან გადაყვანა; სამოქალაქო რეესტრის მიერ ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების განხორციელება: მამის მონაცემების ამორიცხვა და ბავშვის გვარის დედის გვარით - გ–ით - შეცვლა; ასევე, ბავშვის დაბადების რეგისტრაციის ადგილის დედის რეგისტრაციის მიხედვით განსაზღვრა - ზესტაფონი, სოფელი .......

2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 15.10.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში განხორციელდა ცვლილება მამის მონაცემების ამორიცხვისა და გვარის დედის გვარით შეცვლის თაობაზე; ბავშვის დაბადების რეგისტრაციის ადგილი განისაზღვრა დედის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.246-255). გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.02.2020წ. განჩინებით შეწყდა სააპელაციო წარმოება პირველი მოპასუხის მიმართ მისი გარდაცვალების გამო (იხ.: განჩინება, ტ.2, ს.ფ.61-64).

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.08.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 15.10.2019წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის სსსკ-ის 396-ე მუხლთან შესაბამისობა წყდება ერთპიროვნულად მომხსენებელი მოსამართლის მიერ.

6. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

7. სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამავე კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

8. სსსკ-ის კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

9. სსსკ-ის 2591 მუხლის მე-2 ნაწილით, პირებისათვის, ვინც თავისუფლდება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კასატორი "სახელმწიფო ბაჟის" შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "უ" ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (მისი ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან).

10. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.08.2020წ. განჩინების ასლი სააპელაციო სასამართლომ გააგზავნა სააგენტოს რეგიონული ცენტრის ოფიციალურ მისამართზე, რომელიც მას თავად ჰქონდა სააპელაციო ინსტანციაში მითითებული (ტ.2, ს.ფ.91). აღნიშნული გზავნილი სააგენტოში ჩაიბარა ი. ი–მა 25.09.2020წ. (იხ.: ჩაბარების დასტური, ტ.2, ს.ფ.155). ამის შემდგომ, სააგენტომ 20.10.2020წ. წარადგინა სასამართლოში საკასაციო საჩივარი (ტ.2, ს.ფ.158). სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა დაიწყო 26.09.2020წ. და ამოიწურა 16.10.2020წ. 24 საათზე. საკასაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა სსსკ-ის 397-ე მუხლით საკასაციო საჩივრის წარდგენისთვის დადგენილი 21 დღიანი ვადის დარღვევით.

11. ამასთან, რადგან გზავნილის ჩაბარების დასტური არ შეიცავდა დამატებით მონაცემებს (მაგ.: გზავნილის მიმღების პირის თანამდებობა ან კანცელარიის ბეჭედი), ანუ ცალსახად არ დგინდებოდა, წარმოადგენდა თუ არა გზავნილის მიმღები პირი სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრულ ჩაბარებაზე უფლებამოსილ სუბიექტს, საკასაციო სასამართლომ მიიღო განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ (ტ.2, ს.ფ.177,178), რომელიც კასატორს გაეგზავნა იმავე მისამართზე, რომელზეც მოხდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარება (ტ.2, ს.ფ.155, 179). გზავნილი 02.12.2020წ. ჩაბარდა იმავე პირს - ი.ი–ს (ტ.2, ს.ფ.180). საკასაციო პალატა ამახვილებს ყურადღებას მასზე, რომ შეტყობინების ბარათზე გზავნილების ჩაბარების შესახებ აღნიშნულია როგორც ის, რომ იგი თანამშრომელია, ასევე დასმულია სააგენტოს ბეჭედი. შესაბამისად, უკვე ამ ეტაპზე უტყუარად დადგინდა, რომ ეს პირი უფლებამოსილი იყო სააპელაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარებაზე და ჩაბარებიდან საკასაციო საჩივრის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო არსებობდა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. დამატებით საკასაციო პალატა იმასაც აღნიშნავს, რომ კასატორს არც ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ განცხადება აქვს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარმოდგენილი, კერძოდ, 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 03.12.2020წ. და ამოიწურა 14.12.2020წ, რადგან ვადის ბოლო დღე (12 დეკემბერი) დაემთხვა ყოველკვირეულ დასვენების დღეს - შაბათს. განცხადება სასამართლოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარმოდგენილია მხოლოდ 17.12.2020წ. (ტ.2, ს.ფ.181-184), რაც სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ასევე განუხილველად დატოვების საფუძველია. ამასთან, ხარვეზი ვადაშიც რომ ყოფილიყო შევსებული, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გასაჩივრებული განჩინების შემცველი გზავნილი ჩაბარდა უფლებამოსილ თანამშრომელს.

12. სსსკ-ის 63-ე მუხლით, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-936-2019, 25.06.2019 წელი). ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.08.2020წ. განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე