Facebook Twitter

საქმე №ას-397-2020 24 დეკემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.მ–ძე, ნ.მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს “ტ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.04.2020წ. განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.10.2019წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს ,,ტ–ის’’ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა. მ.მ–ძეს და ნ.მ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“, „მეორე მოპასუხე“, ერთად მოხსენიებული როგორც „მოპასუხეები” ან „აპელანტები“) მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ: 16.06.2016წ. საბანკო კრედიტის #TB.0329695.001-001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 10866.31 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა გადახდის დროისათვის არსებული კურსით (საიდანაც ძირი თანხაა - 9855.05 აშშ დოლარი, პროცენტი - 561.04 აშშ დოლარი და ჯარიმა 450.22 აშშ დოლარი). 10.05.2019წ.-დან საბანკო კრედიტის #TB.0329695.001-001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 9855.05 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, არაუმეტეს 1 წლისა, წლიური 11.00 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 90.34 აშშ დოლარს. საბანკო კრედიტის #TB.0329695.001-001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების და ვადაგადაცილებაზე დარიცხული ან/და დასარიცხი პირგასამტეხლოს/პროცენტის დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით იძულებით საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები: ა) რაიონი ქობულეთი, .....; დაზუსტებული ფართობი 392.00 კვ.მ; საკადასტრო კოდით: ..... ბ) რაიონი ქობულეთი, ......; დაზუსტებული ფართობი 2993.00 კვ.მ; საკადასტრო კოდით: ...... გ) რაიონი ქობულეთი, .........; დაზუსტებული ფართობი 35.00 კვ.მ; საკადასტრო კოდით: ........

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.11.2019წ. განჩინებით მოპასუხეების საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 03.10.2019წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

3. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.04.2020წ. განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 06.01.2020წ. განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და განესაზღვრათ 10-დღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის შევსების მიზნით აპელანტებს დაევალათ: დაეზუსტებინათ სააპელაციო საჩივრის ღირებულება, გადაეხადათ სახელმწიფო ბაჟი სააპელაციო საჩივრის ღირებულების 4%-ის ოდენობით და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინათ სასამართლოსთვის; წარედგინათ დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი (იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში); წარედგინათ ნაბეჭდი სახით შედგენილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია CD დისკის სახით.

4.2. 31.01.2020წ. მოპასუხეების წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით ხარვეზის ნაწილობრივ აღმოფხვრის შესახებ და სასამართლოს წარუდგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, ასევე მისი ელექტრონული ვერსია CD დისკის სახით. ამასთან, იმ მოტივით, რომ აპელანტებს არ გააჩნდათ არანაირი შემოსავალი და ვერ ახერხებენ ბაჟის გადახდას, იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისთვის დადგენილი ვადის 60 დღით გაგრძელების თაობაზე.

4.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 10.02.2020წ. განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აპელანტებს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდათ 15 დღით. აპელანტებს დაევალათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1367.12 ლარის ოდენობით. ამავე განჩინებით მათ განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

4.4. განჩინება ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ გაეგზავნა აპელანტების წარმომადგენელს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 14.02.2020წ. ჩაბარდა საადვოკატო ბიუროს იურისტს ზ. მ–ძეს.

4.5. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის.

4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის და ამავე კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხეების წარმომადგენელმა და განმარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა საკმარისი არ აღმოჩნდა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, რის გამოც სასამართლოს ვადა დამატებით უნდა გაეგრძელებინა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

9. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

10. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 06.01.2020წ. განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და განესაზღვრათ 10-დღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. აპელანტებს დაევალათ: დაეზუსტებინათ სააპელაციო საჩივრის ღირებულება და გადაეხადათ სახელმწიფო ბაჟი სააპელაციო საჩივრის ღირებულების 4%-ის ოდენობით; წარედგინათ დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი (იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში), ასევე სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია CD დისკის სახით (ს.ფ.182-184).

11. 31.01.2020წ. განცხადებით მოპასუხეების წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, მისი ელექტრონული ვერსია CD დისკის სახით და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისთვის დადგენილი ვადის 60 დღით გაგრძელების თაობაზე.

12. სააპელაციო სასამართლოს 10.02.2020წ. განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აპელანტებს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდათ 15 დღით. აპელანტებს დაევალათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1367.12 ლარის ოდენობით და განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ (ს.ფ. 202-204).

13. საქმის მასალებით დასტურდება, გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის, რომ სააპელაციო სასამართლოს 10.02.2020წ. განჩინება ხარვეზის შევსების ვადის 15 დღით გაგრძელების თაობაზე გაეგზავნა აპელანტების წარმომადგენელს (იხ.: მინდობილობები, ს.ფ. 138,139) თავად მის მიერ მითითებულ მისამართზე (ს.ფ. 160,190,205) და ჩაბარდა თანამშრომელს (საადვოკატო ბიუროს იურისტს) 14.02.2020წ. (ს.ფ. 206). აპელანტებს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსიათ და არც ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი.

14. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ემსახურება თითოეული პირის უფლებას, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ-ებები: №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.; №ას-1615-2019, 14.01.2020).

15. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით კი სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5; სუსგ №ას-1615-2019, 14.01.2020). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები) (სუსგ. N ას-693-2019, 28.06.2019წ.; Nას-1615-2019, 14.01.2020წ.).

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.მ–ძის და ნ.მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.04.2020წ. განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე