საქმე №ა-5001-შ-121-2020 14 დეკემბერი, 2020 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს „T.H.M.&B“-ის შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი შპს „გ-ე–ის“ მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (G.) 2020 წლის 10 აგვისტოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეებს განიხილავს სწორედ ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ’’ საქართველოს კანონის 731 მუხლის მიხედვით, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება ,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ასევე, ,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმეს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35620 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილება გამოიტანება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
განსახილელ შემთხვევაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოს შპს „T.H.E.M.& B“-ის სახელით შუამდგომლობით მომართა ლ.ზ–მა და მოითხოვა მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (G.) 2020 წლის 10 აგვისტოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 6.3.1 პუნქტის ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, აღსრულება და ამ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, ითხოვა შპს „გ-ე–ის“ საბანკო ანგარიშებზე და დეპოზიტებზე განთავსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადება 8 278 ბრიტანული ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტი ლარის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო შეისწავლა წარმოადგენილი საქმის მასალები და მიიჩნევს, შპს „T.H.M.& B“-ის შუამდგომლობას უარი უნდა ეთქვას განსახილველად მიღებაზე შემდეგი გარემოებების გამო:
უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების საკითხის განხილვამდე აუცილებელია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეამოწმოს მისი დასაშვებობა, კონკრეტულ შემთხვევაში კი, შედის თუ არა შუამდგომლობაში დასმული საკითხის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში, გააჩნია თუ არა შუამდგომლობის ავტორს იურიდიული ინტერესი და ა.შ.
„უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების“ 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს ცნობს როგორც სავალდებულოს და აღასრულებს მათ იმ ტერიტორიის პროცესუალური ნორმებით, სადაც მოითხოვება ამ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ქვემოჩამოთვლილ მუხლებში ჩამოყალიბებული პირობებით.
,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების აღიარების საგანია გადაწყვეტილებით დადგენილი წესრიგის, მისი სამართლებრივი თვისების გავრცელება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა - აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს იმავე შინაარსის შუამდგომლობით ერთხელ უკვე მომართა შპს „T.H.M.&B“-ის სახელით ლ.ზ–მა და მოითხოვა მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (G.) 11.10.2019წ. გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.
გადაწყვეტილების მიხედვით, მხარეებს წარმოადგენენ შპს „T.H.M.&B’’ (მოსარჩელე / ,,გამყიდველი’’) და შპს ,,გ–ე.’’ (მოპასუხე / ,,მყიდველი’’). ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, ,,მყიდველმა’’ ზიანის სახით უნდა გადაუხადოს ,,გამყიდველს’’ 39,000.00 აშშ დოლარი, ასევე, 2019 წლის 19 მარტიდან გადახდის თარიღამდე წლიურად 4%, რომელიც დარიცხული იქნება 3 თვიანი პერიოდის მქონე რთული პროცენტის სახით; არბიტრაჟის ხარჯები უნდა დაეკისროს ,,მყიდველს’’. ნებისმიერი არაწევრის ხარჯი უნდა ანაზღაურდეს არაწევრის მიერ, როგორც მითითებულია თანდართულ განცხადებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 ივლისის განჩინებით შპს „T.H.M. & B”-ის შუამდგომლობა მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (G.) 11.10.2019წ. გადაწყვეტილების ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც შპს „გ-ე–სს“ შპს „T.H.M. & B”-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 39 000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე 19.03.2019წ.-დან გადახდის თარიღამდე წლიურად 4%, რომელიც დარიცხულ იქნება 3 თვიანი პერიოდის მქონე რთული პროცენტის სახით, ხოლო შპს „T.H.M & B”-ის შუამდგომლობა საარბიტრაჟო მოპასუხისათვის არბიტრაჟის ხარჯების დაკისრების ნაწილში მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (G.) 11.10.2019წ. გადაწყვეტილების ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, დატოვებულ იქნა განუხილველად.
შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძვლად სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მართალია, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო საარბიტრაჟო მოპასუხისთვის არბიტრაჟის ხარჯების დაკისრების თაობაზე, თუმცა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავდა მითითებას, კონკრეტულად რა ოდენობის საარბიტრაჟო ხარჯი დაეკისრა მოპასუხეს, რაც ამ ნაწილში საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ბუნდოვანს ხდიდა. შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ იმ შეთხვევაში, თუ დავის განმხილველი არბიტრაჟის მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება ამ ბუნდოვანების თუ უსწორობის აღმოფხვრის თაობაზე, მას ექნება უფლება არბიტრაჟის ხარჯის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შუამდგომლობით კვლავ მომართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი ითხოვს მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (G.) 2020 წლის 10 აგვისტოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობას და აღსრულებას სარეზოლუციო ნაწილის 6.3.1 პუნქტის ნაწილში, რომლის თანახმად, მისივე განმარტებით, შპს „გ-ე–ის“ დაეკისრა 8 278 ბრიტანული ფუნტი სტერლინგის გადახდა შპს „T.H.M & B ”-ის სასარგებლოდ. მართალია შუამდგომლობას ერთვის მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (G.) 10.08.2020 წლით დათარიღებული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი, თუმცა მისი შესწავლით დგინდება რომ სარეზოლუციო ნაწილი და კონკრეტულად მისი ის პუნქტი რომლის ცნობა - აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, არის ბუნდოვანი. გადაწყვეტილების 6.3.1 პუნქტი, რომელიც ქართულ ენაზეა ნათარგმნი ჩამოყალიბებულია შემდეგი სახით: „მყიდველი არის პასუხისმგებელი 8 278.00 გირვანქა სტერლინგის გადახდისათვის (რაც არის გადაწყვეტილებისათვის გადასახდელი და ხარჯი, რომელსაც ემატება არაწევრის ხარჯი)“, შესაბამისად, არაა დაზუსტებული და კონკრეტულად მითითებული თუ ვის წინაშეა მყიდველი პასუხისმგებელი ზემოხსენებული თანხის გადახდაზე, რაც გადაწყვეტილებას ბუნდოვანს ხდის.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, შპს „T.H.M. & B“-ის უარი უნდა ეთქვას მის განსახილველად მიღებაზე, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევებს, მას უფლება აქვს, საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.
ვაინაიდან საკასაციო პალატა განსახილველად არ იღებს შუამდგომლობას საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, სასამართლო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფაზე არ მსჯელობს, რაც მისი განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „T.H.M. & B“-ს უარი ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.
2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დედანი დოკუმენტები.
3. განემარტოს შუამდგომლობის ავტორს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის გამოსწორების შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლევან მიქაბერიძე