Facebook Twitter

საქმე №ა-1857-შ-44-2020

23 დეკემბერი, 2020 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ.ი. ქ–ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება (NFA-MRS-18-18, სამოქალაქო საქმე)

დავის საგანი – ბავშვის შვილად აყვანა

აღწერილობითი ნაწილი:

1. ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით (NFA-MRS-18-18, სამოქალაქო საქმე) შ.ნ–ი იშვილა ნ.ი. ქ–ამ (ბავშვის ბებიამ).

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ.ი. ქ–ამ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 09 დეკემბრის განჩინებით ნ.ი. ქ–ას შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

სამოტივაციო ნაწილი:

4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

5. ნ.ი. ქ–ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა NFA-MRS-18-18 სამოქალაქო საქმეზე ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

6. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ სასამართლოს შვილიშვილის – შ.ნ–ის (დაბადებული 2012 წლის 16 იანვარს საქართველოს რესპუბლიკაში) შვილად აყვანის მოთხოვნით მიმართა ბავშვის ბებიამ – ნ.ი. ქ–ამ. არასრულწლოვანის ბიოლოგიურმა დედამ – თ.კ–ამ და მამამ – ზ.ნ–მა თანხმობა განაცხადეს გაშვილებაზე.

7. ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით (NFA-MRS-18-18, სამოქალაქო საქმე) შ.ნ–ი იშვილა ნ.ი. ქ–ამ (ბავშვის ბებიამ). აღნიშნული გადაწყვეტილება იმავე დღეს შევიდა კანონიერ ძალაში.

8. შუამდგომლობაზე თანდართული დაბადების მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შ.ნ–ი საქართველოს მოქალაქეა. შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორმა განმარტა, რომ მნიშვნელოვნია, საქართველოს ტერიტორიაზე ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ცნობა, რათა მას ხელი არ შეეშალოს ნაშვილების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საჭირო პროცედურების გავლაში.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება (NFA-MRS-18-18, სამოქალაქო საქმე) ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და

დაადგინა:

1. ნ.ი. ქ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება (NFA-MRS-18-18, სამოქალაქო საქმე), რომლითაც ნ.ი. ქ–ამ იშვილა 2012 წლის 16 იანვარს დაბადებული შ.ნ–ი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე