საქმე №ას-9-2020
28 ოქტომბერი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - ქ.კ–ძე, მ. გ–ძე, ჯ. გ–ძე, ნ. გ–ძე, ზ. გ–ძე (მესამე პირები)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.მ–ძე (მოსარჩელე)
მოპასუხე - ჯ. გ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ.მ–ძემ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. გ–ძის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვნის თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ქობულეთის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაბმული იქნენ ქ.კ–ძე, მ. გ–ძე, ჯ. გ–ძე, ნ. გ–ძე და ზ. გ–ძე (შემდგომში „მესამე პირები“ ან „აპელანტები“).
4. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის (მდებარე, ქობულეთი, ..... ს/კ: .....) გამოთხოვა და მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისთვის გადაცემა.
5. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხემ და მესამე პირებმა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინებით მესამე პირების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მითითებული ნორმა ამომწურავად ადგენს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე პირთა წრეს და განსაზღვრავს, რომ სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. შესაბამისად, სხვა პირთა მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. ხოლო გამომდინარე იქედან, რომ მოცემულ დავაში აპელანტები არ წარმოადგენენ მხარეებს და მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, არსებობს მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მესამე პირებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მათი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
9. კერძო საჩივრის ავტორთა განცხადებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მათ დაერღვათ სასამართლოსთვის მიმართვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. სსსკ-ის მეორე კარის, IX თავის მიხედვით, სასამართლოში მხარეებს წარმოადგენენ მხოლოდ მოსარჩელე და მოპასუხე. ამავე კოდექსის XI თავის მიხედვით, საქმეში მესამე პირად შეიძლება ჩაერთოს მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ან მის გარეშე. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია და არც კერძო საჩივრის ავტორები ხდიან სადავოდ, რომ ისინი საქმეში ჩართული იყვნენ მესამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, რაც გამორიცხავს მათ უფლებას, ისარგებლონ გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესუალურ-სამართლებრივი საშუალებებით. მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე სამართლებრივ ურთიერთობაში არიან მხოლოდ იმ პირთან, რომლის მხარეზეც გამოდიან პროცესში და არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა მოწინააღმდეგე მხარესთან მათ არ აკავშირებთ (სსსკ-ის 89-ე მუხლი). სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი უფლებამოსილია, სასამართლოს განცხადებით, სარჩელით ან საჩივრით მიმართოს მხოლოდ თავისი უფლების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორები სააპელაციო საჩივრით ფაქტობრივად ასაჩივრებენ სხვა პირის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რაც დაუშვებელია (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1075-1033-2016, 03.02.17). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ასეთ მესამე პირებს არ შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო ან საკასაციო წესით.
13. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის დისპოზიცია (სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში) არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ პროცესის მონაწილე ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს გადაწყვეტილება. კანონმდებლის მიზანს წარმოადგენს მხოლოდ იმ მხარის უფლების დაცვა, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია გადაწყვეტილება. მესამე პირის ცნებასთან მიმართებით ყურადღება უნდა გამახვილდეს სსსკ-ის 88-ე და 89-ე მუხლებზე, რომლებიც ერთმანეთისაგან მიჯნავს მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებს და მოთხოვნის უფლების არმქონე მესამე პირებს. საკასაციო სასამართლო განსახილველ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირი პრაქტიკულად გაიგივებულია მოსარჩელესთან, რამეთუ ის თავად აცხადებს პრეტენზიას დავის საგანზე და გააჩნია დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლება, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, პირველი ინსტანციის/სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება მისი უფლებების წინააღმდეგაც იყოს მიმართული და სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე, ეძლევა მას გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების შესაძლებლობა (სსსკ-ის 364-ე და 391.1 მუხლები). რაც შეეხება მოთხოვნის უფლების არმქონე მესამე პირებს, მათი პროცესში მონაწილეობა განპირობებულია არა გადაწყვეტილების სუბიექტუნარიანობით, არამედ მიღებული გადაწყვეტილების შედეგების შესაძლო სამომავლო სუბიექტუნარიანობით (იხ. სუსგ #ას-798-798-2018, 13.07.2018წ.). საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუს საქმე №ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.).
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილ სუბიექტს, რადგან მის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უშუალოდ მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს არ ეხება. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ქ.კ–ძის, მ. გ–ძის, ჯ. გ–ძის, ნ. გ–ძისა და ზ. გ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე