საქმე №ას-822-2020
11 დეკემბერი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ.ს–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „ს.ბ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.ს–ის (შემდგომ კასატორი მოპასუხე), ო.ჩ–ძის, ლ.ს–სა და მ.წ–ის (შემდგომ – მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა 41 137,90 აშშ დოლარის დაკისრება და ზ.ს–ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 22 იანვარს მოსარჩელესა და კასატორ მოპასუხეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც დამტკიცა საკრედიტო ხაზი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით. 2016 წლის 29 იანვარს აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე კასატორმა მოპასუხემ სესხად მიიღო 22 000 აშშ დოლარი. კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 60 თვით, წლიური საპროცენტო განაკვეთი – 13.5%-ით, პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ს. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა საკომისიო – საკრედიტო თანხის 1%, მაგრამ არანაკლენ 50 ლარისა.
3. სესხის უზრუნველსაყოფად დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება და თავდებობა.
4. მსესხებელმა არ შეასრულა გრაფიკით დადგენილი წესით კრედიტის დაბრუნების ვალდებულება. მოპასუხეს კრედიტი უნდა დაებრუნებინა ყოველწლიურად, წელიწადში ერჯერადად თანხის გადახდით, თუმცა 2017 წლის 21 მარტის შემდეგ გადახდები არ განუხორციელებია.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და თანხმობა განაცხადეს სესხის ძირითადი დავალიანების გადახდაზე. ამასთან, მათ მოითხოვეს პროცენტისა და პირგასამტეხლოს შემცირება, რადგან იგი უსამართლოდ დიდი ოდენობისაა.
6. კასატორი მოპასუხის განმარტებით, მას სესხი წელიწადში ერთხელ გადახდით უნდა დაებრუნებინა. 2017 წლის 21 მარტს გადაიხადა ბოლო შენატანი. მოსარჩელეს ეკუთვნის 2017 წელს მისაღები სარგებელი. მან განზრახ გააჭიანურა სარჩელის შეტანა, სარგებლის გაზრდის მიზნით და აღნიშნული უფლება არამართლზომიერად გამოიყენა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 27 989,20 აშშ დოლარის გადახდა. ასევე, დადგინდა კასატორი მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ნივთის რეალიზაცია.
8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კასატორმა მოპასუხემ ნაწილობრივ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს მიერ 2500 აშშ დოლარამდე შემცირებული პირგასამტეხლოს 1000 აშშ დოლარამდე შემცირება, ასევე, მისი კუთვნილი უძრავი ნივთის რეალიზაციის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინებით კასატორი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2016 წლის 22 იანვარს მოსარჩელესა და კასატორ მოპასუხეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც დამტკიცდა საკრედიტო ხაზი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, 2016 წლის 29 იანვარს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება მსესხებლისათვის 22 000 აშშ დოლარის გადაცემის შესახებ შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა – 60 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი – 13.5%, პირგასამტეხლო – სესხის დაბრუნების ვადაგადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადასახდელი თანხის 0,5%, საკომისიო – კრედიტის თანხის 1%, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა.
11. კასატორ მოპასუხეს კრედიტი ყოველწლიურად, წელიწადში ერთხელ თანხის გადახდით უნდა დაებრუნებინა, კერძოდ, 2017 წლის პირველ თებერვალს – 5502.55 აშშ დოლარი, 2018 წლის პირველ თებერვალს – 6632.50 აშშ დოლარი, 2019 წლის პირველ თებერვალს – 6 592.50 აშშ დოლარი, 2020 წლის 3 თებერვალს – 6 493.14 აშშ დოლარი, 2012 წლის პირველ თებერვალს – 6 807.78 აშშ დოლარი.
12. 2016 წლის 22 იანვარს, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ამჟამად კასატორი მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონება.
13. 2016 წლის 29 იანვრის თავდებობის ხელშეკრულებით მოპასუხეებმა, როგორც თავდებებმა კასატორი მოპასუხის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების შესრულების საკითხში სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 44 000 აშშ დოლარით.
14. მსესხებელს ბანკისათვის მიღებული კრედიტის თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი სრულად არ დაუბრუნებია. მან გრაფიკით დადგენილი წესით კრედიტის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა. 2017 წლის 21 მარტის შემდეგ გადახდები არ განუხორციელებია, სულ – 5 395.97 აშშ დოლარი აქვს გადახდილი, საიდანაც ძირითადი თანხაა 1 235.80 აშშ დოლარი, პროცენტი – 3002.55 აშშ დოლარი, ხოლო, პირგასამტეხლო – 937.62 აშშ დოლარი. მოვალემ თანხა 2017 წლის 16 თებერვალს, 24 თებერვალსა და 6 მარტს და 21 მარტს გადაიხადა. მოპასუხეების დავალიანება, 2018 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, სულ – 41 137,90 აშშ დოლარს შეადგენს.
15. 2017 წლის 27 ივნისს მსესხებელს გაფრთხილების წერილი გაეგზავნა, რომლითაც ვალდებულების შესრულების დამატებითი ვადა – 1 კვირა განესაზღვრა და განემარტა ვალდებულების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები.
16. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ მართებულად შეამცირა მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე (2500 აშშ დოლარამდე) და მისი აპელანტის მიერ მოთხოვნილ 1000 აშშ დოლარამდე შემცირების წინაპირობა არ არსებობს.
17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვის ეტაპზეც კი არ შესრულებულა მას კრედიტორის წინაშე 2017 წლის 21 მარტის შემდეგ ვალდებულება არ შეუსრულებია. პირგასამტეხლოს მიზანი დარღვეული უფლების შეძლებისდაგვარად აღდგენა და არა კრედიტორის გამდიდრებაა, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. აპელანტი მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში პირგასამტეხლოს შემცირება 1000 აშშ დოლარამდე იყო მოთხოვნილი, რაც სასამართლოს მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, რომელიც 15 067,98 აშშ დოლარს შეადგენდა, 2500 აშშ დოლარამდე შემცირდა.
18. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა, საკრედიტო ურთიერთობებში მონაწილე ფიზიკური პირის ინფორმირებულობის სტანდარტი, შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობა, ასევე გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ფუნქცია და ვალდებულების მოცულობა, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის პერიოდულობა და ინტენსივობა, მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო გონივრულია და სრულად შეესაბამება განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, შესაბამისად, მისი 1000 აშშ დოლარამდე შემცირების ფაქტობრივ- სამართლებრივი წინაპირობები არ იკვეთება.
19. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ნივთის აუქციონზე რეალიზაციის შესახებ მართებულად დაკმაყოფილდა და ამ ნაწილშიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
20. სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ იპოთეკა არის სანივთო უზრუნველყოფის საშუალება, რომელიც კრედიტორს ანიჭებს უფლებას, ამ ქონების ხარჯზე დაიკმაყოფილოს მისი მოთხოვნა მოვალის მიმართ. იპოთეკის აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, იპოთეკისათვის განმსაზღვრელია ის ხელშეკრულება, რომლითაც წარმოშობილი მოთხოვნა უძრავი ქონებით არის უზრუნველყოფილი. აღნიშნული სამართლებრივად ნიშნავს, რომ იპოთეკის ხელშეკრულება, შესაბამისი მთავარი ხელშეკრულების გარეშე, მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს.
21. ამავე კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იპოთეკა ფორმასავალდებულო გარიგებათა რიგს მიეკუთვნება, რომლის ნამდვილობისთვის მისი წერილობითი ფორმით შედგენა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა სავალდებულო.
22. სსკ-ის 301-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იპოთეკის უფლების არსს მოვალის მიერ, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მისი შესრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს. განსახილველი საქმის მასალებში წარმოდგენილი იპოთეკის ხელშეკრულება ფორმის დაცვითაა შედგენილი, მისი სამართლებრივი ძალა კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის. ამასთან, საქმეზე უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელის წინაშე საკრედიტო ვალდებულება მოპასუხეებს შესრულებული არ აქვთ, ასევე, საქმეში არსებობს სოლიდარული თავდებობის შესახებ გარიგება, რომელიც კასატორი მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულებისთვის მოპასუხეებს სოლიდარული თავდებობის ვალდებულებას აკისრებს. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, არსებობს ყველა ის სამართლებრივი ელემენტი, რომელიც იპოთეკის საგნის რეალიზაციისთვის კანონით არის დადგენილი, ამიტომ სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილება მიიღოს.
23. კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 102-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.
24. ამავე კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.
25. განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს არაგონივრულ ოდენობამდე შემცირების მტკიცების ტვირთი აპელანტ მხარეს ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს წინაშე ვერ წარმოადგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა. მან ვერ დაასახელა ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზები, რომელიც დარღვევის ხასიათს შეამსუბუქებდა, ასევე, სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის რა სახის გამომრიცხველი გარემოებები არსებობს, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების საფუძველია.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
26. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კასატორმა მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
27. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი. სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს დაკისრება უზრუნველყოფს კრედიტორის მართლზომიერი ინტერესის დაკმაყოფილებას. ასევე, არასწორად ჩათვალა, რომ პირგასამტეხლოს სადავო ოდენობა გონივრულია.
28. კასატორმა აღნიშნა, რომ იპოთეკით დატვირთული საგნის სარეალიზაციოდ მიქცევისას სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი სოციალური პრობლემები.
29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
30. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
32. 2016 წლის 22 იანვარს მოსარჩელესა და კასატორ მოპასუხეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც დამტკიცდა საკრედიტო ხაზი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, 2016 წლის 29 იანვარს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება მსესხებლისათვის 22 000 აშშ დოლარის გადაცემის შესახებ შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა – 60 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი – 13.5%, პირგასამტეხლო – სესხის დაბრუნების ვადაგადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადასახდელი თანხის 0,5%, საკომისიო – კრედიტის თანხის 1%, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა.
33. კასატორ მოპასუხეს კრედიტი ყოველწლიურად, წელიწადში ერთხელ თანხის გადახდით უნდა დაებრუნებინა, კერძოდ, 2017 წლის პირველ თებერვალს – 5502.55 აშშ დოლარი, 2018 წლის პირველ თებერვალს – 6632.50 აშშ დოლარი, 2019 წლის პირველ თებერვალს – 6 592.50 აშშ დოლარი, 2020 წლის 3 თებერვალს – 6 493.14 აშშ დოლარი, 2021 წლის პირველ თებერვალს – 6 807.78 აშშ დოლარი.
34. 2016 წლის 22 იანვარს, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ამჟამად კასატორი მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონება.
35. 2016 წლის 29 იანვრის თავდებობის ხელშეკრულებით მოპასუხეებმა, როგორც თავდებებმა კასატორი მოპასუხის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების შესრულების საკითხში სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 44 000 აშშ დოლარით.
36. მსესხებელს ბანკისათვის მიღებული კრედიტის თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი სრულად არ დაუბრუნებია. მან გრაფიკით დადგენილი წესით კრედიტის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა. 2017 წლის 21 მარტის შემდეგ გადახდები არ განუხორციელებია, სულ – 5 395.97 აშშ დოლარი აქვს გადახდილი, საიდანაც ძირითადი თანხაა 1 235.80 აშშ დოლარი, პროცენტი – 3002.55 აშშ დოლარი, ხოლო, პირგასამტეხლო – 937.62 აშშ დოლარი. მოვალემ თანხა 2017 წლის 16 თებერვალს, 24 თებერვალს, 6 მარტს და 21 მარტს გადაიხადა. მოპასუხეების დავალიანება, 2018 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, სულ – 41 137,90 აშშ დოლარს შეადგენს.
37. 2017 წლის 27 ივნისს მსესხებელს გაფრთხილების წერილი გაეგზავნა, რომლითაც ვალდებულების შესრულების დამატებითი ვადა – 1 კვირა განესაზღვრა და განემარტა ვალდებულების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები.
38. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ სადავოდ გახადა პირგასამტეხლოს ოდენობა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის მართებულობა.
39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
40. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
41. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
42. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
43. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
44. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
45. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
46. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
47. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
48. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
49. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
50. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და კასატორმა დასაშვები და დაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარადგინა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გასაქარწყლებლად, ამდენად, საქმის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ მოპასუხეს გააჩნდათ მოსარჩელის მიმართ დაუფარავი დავალიანება. მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.
51. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა უკვე მოახდინა მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების უფლების რეალიზება და სააპელაციო პალატის მსჯელობის საწინააღმდეგოდ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
52. წინამდებარე საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის არგუმენტი ვერც იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატას სადავო სესხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად იპოტეკით დატვირთული უძრავი ნივთი სარეალიზაციოდ არ უნდა მიექცია ქვეყანაში არსებული რთული სოციალური მდგომარეობის გამო.
53. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი არ ხდის სადავოდ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის სამართლებრივ დასაბუთებას, არამედ მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებას არამართლზომიერად მიიჩნევს ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე. ამგვარი საფუძვლით ხელშეკრულების მოქმედების გარკვეული ვადით, კასატორისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნამდე, შეჩერების შესაძლებლობას კი, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
54. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
55. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
56. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
57. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
58. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
59. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2020 წლის 12 ოქტომბერს №24335797 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ზ.ს–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ზ.ს–ს (პირადი №.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2020 წლის 12 ოქტომბერს №24335797 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე