Facebook Twitter

საქმე №ას-887-2020

28 ოქტომბერი, 2020 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - გ.გ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ტ.მ–ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ტ.მ–ას (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი გ.გ–ის (შემდგომში „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ 2018 წლის 8 ნოემბერს დაბადებული არასრულწლოვან მ.გ–თვის ალიმენტის გადახდის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს ალიმენტის სახით დაეკირსა ყოველთვიურად 130 (ას ოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 29 ოქტომბრიდან).

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტით, რომლის მიხედვით, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით და აღნიშნა, რომ ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხისთვის დაკისრებული თანხა შეადგენს 1560 ლარს (130*12=1560), იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნას.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

6. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სასამართლომ არასწორად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად და არასწორად მიიჩნია იგი ქონებრივ-სამართლებრივ დავად. ფაქტობრივად, აღნიშნული დავა არ განეკუთვნება ქონებრივ დავათა კატეგორიას და მასში შეცდომითაა მითითებული დავის საგნის ფასად 1560 ლარი. სააპელაციო საჩივრის შინაარსით დასტურდება, რომ დავის საგანია პატიმრისათვის ალიმენტის გადახდის დაკისრება და სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოუტანლობა. საქალაქო სასამართლო სსსკ 229-ე მუხლის თანახმად, ვალდებული იყო მოსარჩელის სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოუტანლობის გასაჩივრებას არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვს სსსკ 365-ე მუხლთან, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად ცნო დაუშვებლად სააპელაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

9. გასაჩივრებული განჩინებით გ.გ–ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.

10. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიაჩნია, რომ მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.

11. საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ტ.მ–ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, გ.გ–ს არასრულწლოვანი შვილის - 2018 წლის 8 ნოემბერს დაბადებული მ.გ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 130 (ას ოცდაათი) ლარი სარჩელის აღძვრიდან - 2019 წლის 29 ოქტომბრიდან (იხ. ს.ფ. 131-147).

12. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისთვის დაკისრებული ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლება (ს.ფ. 151-162).

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას აპელანტი სადავოდ ხდის სრულად, მისთვის ყოველთვიურად 130 (ას ოცდაათი) ლარის დაკისრების შესახებ, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ღირებულების გამოანგარიშება სწორედ ამ თანხის მიხედვით უნდა მოხდეს.

14. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განჩინებაში დავის საგნის ღირებულებად არასწორადაა მითითებული 1560 ლარი და აღნიშნული დავა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ქონებრივ-სამართლებრივ დავად.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

16. მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელით, რომელშიც ჩამოყალიბებულია მოსარჩელის მოთხოვნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებითა და კანონით. კანონი კი ქონებრივი დავის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისთვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს.

17. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა) (სუსგ-ები 28.04.2017წ. საქმე №ას-230-218-2017, 16.09.2020წ. საქმე №ას-586-2019).

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის თაობაზე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გათვალისწინებით სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1560 ლარით (პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო სრულად, ყოველთვიური ალიმენტის, 130 ლარის დაკისრების თაობაზე, რაც ერთ წელზე გაანგარიშებით შეადგენს სწორედ ზემოაღნიშნულ თანხას (130*12=1560)) და მართებულად დატოვა იგი განუხილველად დაუშვებლობის გამო.

19. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია მოსარჩელის სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, ვინაიდან მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ეტაპზე კანონით დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, მისი არსებითად განხილვა ვერ მოხდებოდა და სააპელაციო სასამართლო ზემოთმითითებულ საკითხე ვერ იმსჯელებდა.

20. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. გ.გ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე