საქმე №ას-1214-2020
16 დეკემბერი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შ.ჩ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ფ.ბ–ო’’ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს ,,ფ.ბ–ომ’’ სარჩელი აღძრა სასამართლოში შ.ჩ–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით შპს "ფ.ბ–ოს " სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე შ.ჩ–ს (პ/ნ ......) შპს "ფ.ბ–ოს" (ს/ნ .......) სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 03 აგვისტოს N2151129 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სახით 1040 (ერთი ათას ორმოცი) ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 850 (რვაასორმოცდაათი) ლარი, სარგებელი 113 (ასცამეტი) ლარი და პირგასამტეხლო 77 (სამოცდაჩვიდმეტი) ლარი; ასევე შ.ჩ–ს (პ/ნ ......) შპს "ფ.ბ–ოს" (ს/ნ ......) სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 03 აგვისტოს N75328 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სახით 1066,61 (ერთი ათას სამოცდახუთი) ლარის და 61 თეთრის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 600 (ექვსასი) ლარი, სარგებელი 415 (ოთხასთხუთმეტი) ლარი და პირგასამტეხლო 50 (ორმოცდაათი) ლარი და 61 თეთრი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ.ჩ–მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ივლისის განჩინებით შ.ჩ–ის სააპელაციო საჩივარი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შ.ჩ–მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით შ.ჩ–ს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე; ამავე განჩინებით შ.ჩ–ის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; შ.ჩ–ს დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 25 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო/კერძო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო/კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო/კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო/კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 20 ოქტომბრის განჩინება ხარვეზის თაობაზე კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა პირადად შ.ჩ–ს 2020 წლის 6 ნოემბერს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-ე და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო მის მიერ სასამართლო გზავნილის ჩაბარების მომდევნო დღიდან კერძოდ, 2020 წლის 7 ნოემბრიდან და ამოიწურა 2020 წლის 11 ნოემბერს.
შ.ჩ–ი ვალდებულები იყო კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეევსო 2020 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავს სასამართლოსთვის.
სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველი საქმის შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, ამიტომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე და 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. შ.ჩ–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე