საქმე №ას-393-2020
22 დეკემბერი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები ი.ქ–ვა, ბ.ქ–ვა, გ.ქ–ვა (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე სს "ს.ბ–ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
დავის საგანი საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი:
სს "ს.ბ–ის" სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ქ–ვას, ბ.ქ–ვას და გ.ქ–ვას მიმართ საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის განჩინებით ი.ქ–ვას, ბ.ქ–ვას და გ.ქ–ვას დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და წარმომადგენლის უფებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ი.ქ–ვას, ბ.ქ–ვას და გ.ქ–ვას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
განსახილველი საქმის შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 23 ივნისის განჩინებით ი.ქ–ვას, ბ.ქ–ვას და გ.ქ–ვას დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და წარმომადგენლის უფებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ზემოხსენებული განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, კასატორებს გაეგზავნათ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართებზე და სასამართლო გზავნილები ჩაიბარა ბ.ქ–ვამ პირადად, და ასევე როგორც გ.ქ–ვას ძმამ და როგორვ ი.ქ–ვას მამამ, 2020 წლის 15 ივლისს (აღნიშნული დასტურდება საქმეში არსებული საფოსტო ბარათებით).
ზემოაღნიშნულის შესაბამისად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 74-ე მუხლების პირველი ნაწილის მიხედვით ბ.ქ–ვას მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის განჩინების ჩაბარებით ითვლება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაბარდა ყველა კასატორს, ვინაიდან ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2020 წლის 16 ივლისიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2020 წლის 25 ივლისს, მაგრამ ვინაიდან 25 ივლისი იყო შაბათი არასამუშაო დღე და მომდევნო დღეც იყო არასამუშაო დღე, ამიტომ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 10 დღიანი ვადა ამოწურულად ჩაითვლება 27 ივლისს, პირველ მომდევნო სამუშაო დღეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად.
კასატორები ვალდებულნი იყვენენ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეევსოთ 2020 წლის 27 ივლისის ჩათვლით.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63- ე, 396-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ი.ქ–ვას, ბ.ქ–ვას და გ.ქ–ვას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე