Facebook Twitter

საქმე №ას-474-2020

21 დეკემბერი, 2020 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი საქართველოში შპს ,,მ’’-ს წარმომადგენლობა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე შპს ,,ს.უ.ქ.კ–ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს ,,ს.უ.ქ.კ–ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოში შპს ,,მ’-ს წარმომადგენლობის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოში შპს ''მ''-ს წარმომადგენლობას (ს/კოდი N.....) მოსარჩელე შპს ''ს.უ.ქ.კ–ის'' სასარგებლოდ დაეკისრა თანხის - 66904 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

შპს ,,ს.უ.ქ.კ–ა“ წარდგენილი სააპელაციო შესაგებლით არ დაეთანხმა აპელანტის სააპელაციო მოთხოვნას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით საქართველოში შპს ,,მ’’-ს წარმომადგენლობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საქართველოში შპს ,,მ’’-ს წარმომადგენლობამ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 3 ივლისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით, დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, განახლებული მინდობილობა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების მითითებით და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).

2020 წლის 16 დეკემბერს კასატორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ წარამოდგენილი განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნია, რომ საქართველოში შპს ,,მ’’-ს წარმომადგენლობის საკასაცისო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

ზემოხსენებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.

წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კასატორს არ სურს საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრა და უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე. შესაბამისად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და სსსკ-ის 272-ე მუხლისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოში შპს ,,მ’’-ს წარმომადგენლობის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. საქართველოში შპს ,,მ’’-ს წარმომადგენლობის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება საქართველოში შპს ,,მ’’-ს წარმომადგენლობის საკასაციო საჩივარზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინებაზე.

3. განემარტოს მხარეს, რომ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე