Facebook Twitter

საქმე №ას-723-2020

17 დეკემბერი, 2020 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ი.გ–ი, ა.ჰ–ი და რ.ა–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,კ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორებს მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

სს ,,კ.ბ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.გ–ის, ა.ჰ–ისა და რ.ა–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ბოლნისის რაონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბერს მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, რომლითაც სს ,,კ.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს რ.ა–ს, ა.ჰ–ს და ი.გ–ს მოსარჩელე სს „კ.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 23 019.86 ლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება.

ბოლნისის რაონული სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეების რ.ა–ის, ა.ჰ–ის და ი.გ–ის საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით ი.გ–ის, ა.ჰ–ის და რ.ა–ის სააპელაციო საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინების დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 3 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ი.გ–ის, ა.ჰ–ისა და რ.ა–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო/კერძო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო/კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო/კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო/კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველი საქმის შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 3 სექტემბრის განჩინებით ი.გ–ს, ა.ჰ–სა და რ.ა–ს დაუდგინდათ ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ხარვეზის შესახებ განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორებს გაეგზავნათ კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ი.გ–ს 2020 წლის 4 ნოემბერს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ი.გ–ის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 3 სექტემბრის განჩინების ჩაბარებით ითვლება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაბარდა ასევე ა.ჰ–სა და რ.ა–ს, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორები არიან ერთი ოჯახის წევრები. (აღნიშნული დასტურდება საქმეში არსებული საფოსტო ბარათებით, საიდანაც ირკვევა რომ ა.ჰ–ასთვის და რ.ა–ისათვის ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ გაგზავნილი კორესპონდეცია ჩაბარებული აქვს ი.გ–ს, როგორც ა.ჰ–ას დეიდაშვილს და როგორც რ.ა–ის ბიძაშვილს. იხ. ტომი პირველი, ს.ფ. 135,126).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2020 წლის 5 ნოემბრიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2020 წლის 11 ნოემბერს.

კერძო საჩივრის ავტორები ვალდებულნი იყვენენ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი შეევსოთ 2020 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც წარმოდგენილი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63- ე, 396-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ი.გ–ის, ა.ჰ–ისა და რ.ა–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე