2 დეკემბერი, 2020 წელი,
საქმე №ას-574-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები - ნ.ჩ–ი, თ.ჯ–ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ს.კ.ე.კ–ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.ჩ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დასაქმებული) და თ.ჯ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დასაქმებული) ს.კ.ე.კ–აში (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან დამსაქმებელი) მრავალი წლის მანძილზე მუშაობდნენ. დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა.
2. გათავისუფლების დროისათვის მოპასუხეებს ეკავათ აუდიო-ვიზუალური მედიარეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობა და თითოეული მათგანის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 2664 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე - ხელზე ასაღები) შეადგენდა.
3. დამსაქმებელის 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე დადგინდა ორგანიზაციაში დასაქმებულთა კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობა. ატესტაცია მოიცავდა 2 თანმიმდევრულ ეტაპს - ტესტირებასა და გასაუბრებას. ტესტირების 1-ლი ეტაპის წონა საერთო შეფასების 40%, ხოლო მე-2 ეტაპის 60% იყო. ატესტაციის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 61 ქულით განისაზღვრა, რომლის გადაულახაობა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი იყო და იგი ტოვებდა დაკავებულ თანამდებობას.
4. ამავე შეფასების სისტემის მიხედვით, პირველი ეტაპი გულისხმობდა დასაქმებულთა პროფესიული ზრდისა და ზოგადი უნარების სტანდარტიზებული ტესტების მეშვეობით შეფასებას, ხოლო გასაუბრების ეტაპზე კომისიას უნდა მოესმინა გაწეული საქმიანობის შესახებ შესაფასებელი პირის ინფორმაცია, მოტივაცია, დაესვა კითხვები და, პასუხების მიხედვით, შეემოწმებინა მისი პროფესიული დონე და კვალიფიკაცია.
5. ატესტაციის პროცესი მიმდინარეობდა ორგანიზაციული ცვლილებების კვალდაკვალ, რომლის შედეგად, მოსარჩელეთა სტრუქტურული ერთეულის საშტატო ნუსხა სამი ერთეულით შემცირდა.
6. დასაქმებულებმა ატესტაციის ორივე ეტაპისათვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს.
7. დამსაქმებლის 2016 წლის 29 დეკემბრის #2/48 ბრძანებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო ბრძანება), 2016 წლის 30 დეკემბრიდან რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან და მიეცათ სამი თვის კომპენსაცია, ასევე აუნაზღაურდათ გამოუყენებელი შვებულებებიც.
8. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხის წინააღმდეგ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის მოთხოვნით.
9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ მოსარჩელეები სამსახურიდან გათავისუფლდნენ რეორგანიზაციის შედეგად, მოპასუხის მტკიცებით, შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა იმ პირებთან, რომლებმაც ატესტაციის შედეგად ჯამურად მათზე მეტი ქულა დააგროვეს.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა, სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე, 24-ე მუხლები, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6, მე-7 და მე-14 მუხლები, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი, საქართველოს ორგანული კანონის -საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ-ის, მე-2, 31-ე, 32-ე, 37-ე და 38-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, მე-8, 54-ე, 115-ე, 316-ე და 317-ე მუხლები გამოიყენა.
11. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანების ფაქტობრივი საფუძველი გახდა სწორედ ორგანიზაციული ცვლილებები. აღნიშნული ბრძანების მიღებასა და დასაქმებულებთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას წინ უძღვოდა ატესტაციის პროცესი, რომელიც შედარებით ნაკლები წარმატებით გადალახეს მოსარჩელეებმა, შესაბამისად, მათ მიმართ დისკრიმინაციული მიდგომაც არ დასტურდებოდა.
12. მოსარჩელეებმა საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
12.1. კასატორების მტკიცებით, მათი სამუშაოდან გათავისუფლება გენდერული ნიშნით მოხდა, კერძოდ, დამსაქმებელს დაკავებული თანამდებობიდან მამრობითი სქესის წარმომადგენლის გაშვება არ სურდა. მათი მოსაზრებით, უშუალო ხელმძღვანელის განმარტება „აბა კაცებს ხომ არ გავუშვებდითო“ დისკრიმინაციულია.
12.2. გარდა ამისა, კასატორების მტკიცებით, კონკურსის მეორე ეტაპის (გასაუბრების) პროცესი არ იყო გამჭვირვალე და იგი ობიექტურად არ შეუფასებია საკონკურსო-საატესტაციო კომიასიას.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, რადგანაც საქმეზე არ არის დადგენილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი, რასაც შედეგად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა, პალატა მიიჩნევს, რომ გამოიკვეთა სსსკ-ის 412-ე მუხლის წინაპირობები, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე, ხელახალი განხილვის მიზნით, იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს.
15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა ნაწილობრივ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წარმოადგინეს.
16. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს დასაქმებულის გათავისუფლების მართლზომიერება წარმოადგენს, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნით, დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა კანონიერად, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მიჩნეულ იქნა წარუმატებლად. კასატორები არ ეთანხმებიან გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევენ, რომ გათავისუფლდნენ გენდერული ნიშნით. ამდენად, შესაფასებელია დამსაქმებელ ორგანიზაციაში რეორგანიზაციისა და ატესტაციის პროცესის შედეგად, ხომ არ ვლინდება განსხვავებული მოპყრობა მოსარჩელეებსა და მათთან ერთად დასაქმებულ, არსებითად იმავე მდგომარეობაში მყოფ სხვა დასაქმებულებთან მიმართებით.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის საკითხის მომწესრიგებელ დებულებებს თავად შრომის კოდექსის 2.2. (შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით) და 2.3. (შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით) მუხლი ადგენს, სადაც განმარტებულია შრომითი დისკრიმინაციის არსი და მისი აკრძალვა როგორც წინასახელშეკრულებო, ისე - შრომით ურთიერთობაში, ასევე, შემთხვევა, როდესაც განსხვავებული მოპყრობა არ შეიძლება, განხილულ იქნეს გაუმართლებლად, თუმცა, დადგენილი რეგულაცია არასაკმარისია, რადგან ამავე კოდექსის 1.1. (ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით) მუხლი დასაშვებად მიიჩნევს შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობების მოწესრიგებას ამ კოდექსით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა, სპეციალური კანონი განსხვავებულ მოწესრიგებას არ ადგენს. ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების მიერ გაცხადებული არათანაბარი მოპყრობის შეფასების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლად გამოყენებულ უნდა იქნეს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ წესრიგდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს, ხოლო, კანონის 10.1 (ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება) მუხლი უფლებით აღჭურავს პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, მიმართოს სასამართლოს.
18. საქართველოს კონსტიტუციის 11.1 მუხლის (ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილებისა, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით) თანახმად კი, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და თანასწორია კანონის წინაშე.
19. რაც შეეხება უშუალოდ დისკრიმინაციას, მის ცნებას განსაზღვრავს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 2.1. (პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად) და 2.3. (ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად) მუხლი. მითითებულთაგან პირველს მიეკუთვნება დისკრიმინატორის მხრიდან იმგვარი მოპყრობა, რომელიც პირს მადისკრიმინირებელი ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან, რაც შეეხება ირიბ დისკრიმინაციას, იგი სახეზეა მაშინ, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს დისკრიმინაციის რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, თუმცა, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, არ უნდა არსებობდეს განსხვავებული მოპყრობის გამამართლებელი გარემოებები.
20. ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს განმარტებით, პირდაპირი დისკრიმინაცია არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა განსხვავებული მოპყრობაა, თუ ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება (შდრ. Willis v. the United Kingdom, #36042/97), უნდა დადგინდეს, რომ სხვა პირებს, რომლებიც ანალოგიურ ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან, უკეთესად ეპყრობიან და ეს განსხვავება დისკრიმინაციულია (შდრ. Konstantin Markin v. Russia, #30078/06), განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება ნიშნავს იმას, რომ მოპყრობა ლეგიტიმურ მიზანს უნდა ისახავდეს და უნდა არსებობდეს გონივრული თანაბარზომიერება ჩარევის ღონისძიებასა და დასახულ მიზანს შორის (შდრ. Petrovic v. Austria, #20458/92). ირიბი დისკრიმინაცია კი, პრეცედენტული სამართლის მიხედვით, განიმარტება, როგორც განსხვავებული მოპყრობის იმ ზოგადი პოლიტიკის ან ღონისძიების მავნე შედეგის სახით არსებობა, რომელიც, მართალია, ნეიტრალურადაა წარმოჩენილი, მაგრამ დისკრიმინაციულია და ერთ გარკვეულ ჯგუფზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს, ვიდრე მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებზე (შდრ D.H. and others v. the Czech Republic, #13378/05). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული აბსტრაქტული ელემენტების არსებობა უპირობოდ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის საკმარის წინაპირობას არ ქმნის. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ანტიდისკრიმინაციული სამართლისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე აღინიშნოს, რომ განსხვავებული მოპყრობა უნდა არსებობდეს კანონმდებლობით აღიარებული რომელიმე უფლებით ან სიკეთით სარგებლობასთან მიმართებით, რადგან ცალკე აღებული დისკრიმინაციის ინსტიტუტი დამოუკიდებელ დაცვას არ ექვემდებარება. ამდენად, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისათვის უნდა არსებობდეს დაცული სფერო - უფლება, რომელშიც ხდება ჩარევა; კომპარატორი - ანალოგიურ ან არსებითად მსგავს ურთიერთობაში მყოფი პირი და ამ ორ პირს შორის მთავარი განსხვავება წარმოადგენს ე.წ „დაცულ სფეროს“. ამ ფაქტების საპირისპიროდ, ჩარევის გამართლება გონივრული და წონადი არგუმენტებით ეკისრება განსხვავებული მოპყრობის ინიციატორს, შესაბამისად, დღის წესრიგში დგება დისკრიმინაცის საქმეზე მტკიცების ტვირთის განაწილების პრობლემა. დისკრიმინაციის საქმეზე მტკიცების ტვირთის საპროცესო ანალიზის მიზნით, საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73 კარის დებულებებით, კერძოდ, 3633 მუხლით (სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა), რომელიც ადგენს შეზღუდვის ინიციატორის ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი ქმნის გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს. სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით; ბ) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა. ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთი მოცემულ სფეროში შემდეგია: მას შემდეგ, რაც მომჩივანი დაადასტურებს განსხვავებული მოპყრობის არსებობას, უკვე მთავრობის ვალდებულებაა, დაამტკიცოს, რომ იგი გამართლებული გახლდათ (Chassagnou and Others v. France [GC], #25088/94, #28331/95). რაც შეეხება იმას, თუ რა წარმოადგენს prima facie მტკიცებულებას, რომელიც შეძლებს მტკიცების ტვირთის მოპასუხე სახელმწიფოზე გადაკისრებას, სასამართლომ აღნიშნა (Nachova and Others), რომ მის წინაშე არსებულ სამართალწარმოებაში არ არსებობს პროცედურული ბარიერები მტკიცებულების მისაღებობასთან დაკავშირებით ან წინასწარ განსაზღვრული ფორმულა მის შესაფასებლად. სასამართლო იღებს დასკვნებს, რომლებიც, მისი აზრით, არის გამყარებული ყველა მტკიცებულების თავისუფალი შეფასებით, მათ შორის, ისეთი დასკვნებით, რომლებიც, შესაძლოა, გამომდინარეობდეს ფაქტებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მტკიცებულება შეიძლება, გამომდინარეობდეს ძლიერი, ნათელი და შესაბამისი დასკვნების ერთობლიობიდან ან ფაქტის მსგავსად გაუბათილებელი დაშვებიდან. ამასთანავე, კონკრეტული დასკვნის მისაღებად საჭირო დარწმუნების ხარისხი და ამ მხრივ მტკიცების ტვირთის დაკისრება ურთიერთდაკავშირებულია ფაქტების კონკრეტიკასთან, ბრალდების ბუნებასა და კონვენციით განსახილველ უფლებასთან (Salman v. Turkey [GC], no. 21986/93, § 100, ECHR 2000-VII; და Anguelova v. Bulgaria, no. 38361/97, § 111, ECHR 2002-IV).
21. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნით, რეორგანიზაციის აუცილებლობის შესახებ მოპასუხის განმარტება დამაკმაყოფილებელი იყო, ორეტაპიანი ატესტაციის გზით გამოვლინდა შესამცირებელი კანდიდატურები, შესაბამისად, მოსარჩელეების მიმართ განსხვავებული მოპყრობის ფაქტი საქმის მასალებით არ მტკიცდებოდა. საკასაციო პალატა ამ განმარტების საპირისპიროდ იზიარებს სასამართლოს მხრიდან მოცემული საკითხის არასრულყოფილი გამოკვლევის თაობაზე კასატორების პოზიციას და ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთ-ერთ ძირითად მოტივს მოსარჩელეების სქესი წარმოადგენდა (ყველა გათავისუფლებული პირი იყო ქალი, ხოლო დრჩენილი სამი პირი მამაკაცი). მათი მოსაზრებით, უშუალო ხელმძღვანელმა ფრაზით - „აბა კაცებს ხომ არ გავუშვებდითო“ მათ მიმართ გამოხატა გენდერული უთანასწორობა. დისკრიმინაციის უარყოფისა და მოსარჩელეების კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მათ მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობის ფაქტობრივ საფუძვლად მოპასუხე უთითებს, რომ შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა იმ პირებთან, რომლებმაც ატესტაციის შედეგად, ჯამურად მათზე მეტი ქულა დააგროვეს.
22. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელეების მოთხოვნის ძირითად სამართლებრივ არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ კონკურსის მეორე ეტაპის (გასაუბრების) პროცესი არ იყო გამჭვირვალე და იგი ობიექტურად არ შეუფასებია საკონკურსო-საატესტაციო კომიასიას. აღნიშნულის საპირწონედ დამსაქმებელი შეფასების წესების წარმოდგენით და მის შინაარსობრივ მხარეზე დაყრდნობით (რომელშიც დეტალიზებულია კონკურსის პროცედურები და გადაწყვეტილების მიღების წესი (კანდიდატის შეფასების კრიტერიუმები) აპელირებს, რომ სადავო კონკურსის გასაუბრების ეტაპი იყო კანონშესაბამისი, გამჭვირვალე და შედეგების მიმართ კითხვის ნიშნები არ არსებობდა. საკასაციო პალატა მოპასუხის ამ მსჯელობის საწინააღმდეგოდ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე, დამსაქმებელს დეტალურად არ მიუთითებია გასაუბრების შინაარსობრივ მხარეზე, დამსაქმებელმა სასამართლოს წარუდგინა მხოლოდ შეფასების ის სისტემა, რითაც შეფასებას დაქვემდებარებულ პირთა დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმებისას იხელმძღვანელა, თუმცა მხოლოდ შეფასების წესების, თუნდაც პროცედურულად დეტალიზებულის არსებობა არ ქმნის კონკურსში მონაწილე პირის მიმართ გასაუბრების გამჭვირვალედ წარმართვის ვარაუდს. უფრო მეტიც, საკასაციო პალატის განსჯით, განსახილველ დავაზე შეფასებას დაქვემდებარებული პირის შეფასების პროცესი გამჭირვალობის სულ მცირე სტანდარტსაც არ აკმაყოფილებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაუბრების პროცესი გამჭვირვალე და კანდიდატის გასაუბრების შედეგი დაკავებულ თანამდებობასთან მისი შეუსაბამობის დამადასტურებელი იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ დამსაქმებელი სამართალწარმოების პროცესში დაასაბუთებდა არა ზოგადად, ტექნიკურად და თეორიულად გასაუბრების გამჭირვალობისა და ობიექტურობის პროცესს, არამედ კონკრეტულ შემთხვევაში, რამდენად იყო შეფასების წესებში მითითებული პრინციპები და შეფასების სტანდარტი დაცული არადამაკმაყოფილებელი შეფასების მქონე მოსარჩელეების მიმართ, რისი გამორკვევაც მხოლოდ იმ პირობებში იქნებოდა შესაძლებელი, თუ იარსებებდა გასაუბრების ოქმის აუდიოჩანაწერი ან დამსაქმებელი სასამართლოს წინაშე სრული სიზუსტით აღადგენდა გასაუბრების მიმდინარეობას, კერძოდ, რა შეკითხვებით მიმართეს დასაქმებულებს, რომელ მათგანზე ვერ უპასუხეს დასაქმებულებმა, რასაც უნდა მოჰყოლოდა დამსაქმებლის დასაბუთება, დასაქმებულების მიერ გაუცემელ პასუხებს, რამდენად შეეძლო, დაედასტურებინა დასაქმებულის კვალიფიკაციის უკმარისობა დაკავებულ თანამდებობასთან მიმართებით, რაც დამსაქმებელმა მოცემული დავის ფარგლებში ვერ შეძლო. გასაუბრების შინაარსობრივი მხარის გამორკვევას კი, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სასამართლოსთვის საკონკურსო საატესტაციო კომისიის სადავო ოქმის კანონიერების შესაფასებლად.
23. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ ამ კონტექსტით უნდა შეფასდეს სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებელში გამოთქმული შედავება შრომითი ურთიერთობის მართლზომიერად შეწყვეტის თაობაზე, ვინაიდან, მხოლოდ კანონმდებლობის მოთხოვნათა ფორმალური დაცვა (შრომის კოდექსის 37.1 „ა“ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის რეგულაციის ბრძანებაში მითითება), თუკი მას რეალურად სხვა მიზნის მიღწევა (არასასურველი ურთიერთობისაგან თავის დაღწევა) უდევს საფუძვლად, სასამართლომ, როგორც დარღვეული უფლების დაცვის ინსტიტუტმა დისკრიმინაციის გადაფარვად უნდა განიხილოს და მიიჩნიოს იგი მიზანშეუწონელ და სრულიად მიუღებელ ქცევად, რომელიც არღვევს, როგორც საერთაშორისო, ისე - ეროვნული სამართლის ნორმებსა და პირის თანასწორობის საყოველთაო პრინციპს.
24. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით დისკრიმინაციის თვალსაზრით ერთობლივად არ შეფასებულა მოსარჩელეების მიერ მითითებული ფაქტები და მტკიცებულებები, სასამართლოს არ გამოუტანია დასკვნა - ზემოხსენებული ფაქტებისა და არგუმენტების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით (სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში) შეფასება, ხომ არ ადასტურებს მოსარჩელის მხრიდან სსსკ-ის 3633 მუხლით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის მოსარჩელის მიერ დაძლევას, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა (იხ. შკ-ის 37.3 „ბ“ ქვეპუნქტი).
25. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ჩ–ისა და თ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
ბესარიონ ალავიძე
მირანდა ერემაძე