19 ნოემბერი, 2020 წელი,
საქმე №ას-708-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს "ტ–ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ტ–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მეორე აპელანტი, კასატორი ან მიმწოდებელი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც მისი სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, პირველი აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე, შემკვეთი, შემსყიდველი ან სამინისტრო) დაკმაყოფილდა, საჩელის უარყოფის ნაწილში გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 2 640.40 ლარის გადახდა დაეკისრა. პირგასამტეხლოს - 3 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. კასატორის პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებლობას ეხება. მისი მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ ვერ დაასაბუთა თუ რა სახის ზიანი მიადგა სამინისტროს, საქონლის დროულად მიუწოდებლობით. ვალდებულების შეუსრულებლობა კი, თავის მხრივ გამოწვეული იყო მესამე პირის მიერ ვალდებულების დარღვევით (მიმწოდებელი კომპანია). კასატორი მიიჩნევს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო, შეუსაბამოდ მაღალია.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მხარეებს შორის 2017 წლის 31 ოქტომბერს დაიდო შეთანხმება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #646 ხელშეკრულება), რომლის მიხედვით, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში სამინისტრომ 28 202 ლარად შეისყიდა სარეცხი მანქანა. საქონლის (სარეცხი მანქანის) მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარული დღის ვადაში უნდა მომხდარიყო.
4.4. ხელშეკრულების 16.8 პუნქტით, შეთანხმების პირობის ნაწილობრივ (არაჯეროვნად) შესრულებისათვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, მიუწოდებელი პროდუქციის ღირებულების - 10%-ის, ხოლო შეთანხმების პირობების შეუსრულებლობისათვის - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%-ის ოდენობით.
4.5. მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც პირსამტეხლოს ოდენობამ - 5 640.40 ლარი შეადგინა.
4.6. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი აპელირებს იმაზე, რომ მესამე პირმა მას დროულად არ მიაწოდა აღნიშნული საქონელი, რამაც თავის მხრივ, მოსარჩელის წინაშე მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია. მას არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ვალდებულების დარღვევა მართლაც მესამე პირის ბრალით მოხდა, თუმცა, მსგავსი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაშიც მას მაინც ეკისრება პასუხისმგებლობა, რადგანაც სამოქალაქო კოდექსის 397-ე მუხლის მიხედვით, მოვალე პასუხისმგებელია შესრულებისათვის მაშინაც, როცა შესრულების საგანი სხვა პირისგან უნდა მიეღო და ვერ მიიღო, თუკი ხელშეკრულებიდან ან სხვა გარემოებებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ დაკისრებული გადასახდელი თანხა ადეკვატურია ვალდებულების დარღვევისა. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი პრაქტიკა და პირგასამტეხლოს თანხის ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის პირაგასმტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი,კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დარღვევა მძიმეა, რადგანაც საქმე ეხება საქართველოს სახელმწიფოს თავდაცვით ძალებს, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ შესაბამისი პირობები, მათ შორის სარეცხი მაქანებით აღჭურვა. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ დარღვევის სიმძიმის, დამრღვევის ბრალის ხარისხისა და დარღვევის შედეგების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გონივრული და სამართლიანი ოდენობა - 3000 ლარია.
5. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
8. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.გ–ას (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადასახადო დავალება #1, გადახდის თარიღი 07.09.2020წ), 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ტ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ტ–ს" დაუბრუნდეს ნ.გ–ას (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადასახადო დავალება #1, გადახდის თარიღი 07.09.2020წ), 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
ბესარიონ ალავიძე
მირანდა ერემაძე