2 დეკემბერი, 2020 წელი,
საქმე №ას-874-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს "ს.კ.ე.ჯ–ა" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ზ.ც–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ივლისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ს.კ.ე.ჯ–ას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ივლისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც, ზ.ც–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოპასუხეს 6503 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული. მისი მტკიცებით, მძღოლის ქმედება არ შეესაბამებოდა დაზღვევის პირობებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ავტოსაგზაო შემთხვევა მძღოლის უხეში ბრალეული ქმედების შედეგია, რამდენადაც მან დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, კერძოდ, დაზღვეული ავტომანქანით მძღოლი მოძრაობდა ღამით, ჩაეძინა და შეეჯახა გაჩერებულ ავტომანქანებს, ამის შესახებ მძღოლი გარკვევით საუბრობს ტელეფონით როცა სადაზღვევო კომპანიის ოპერატორს ატყობინებს ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ და აღნიშნავს, რომ შემთხვევა მისი ბრალია: „მარტვილიდან მოვდიოდი, მონასტრიდან და ჩამეძინა“. შესაბამისად, ზიანი ანაზღაურებას არ ექვემდებარება. სადაზღვევო აზღაურების გაცემის თაობაზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კი, შეუსაბამოა დაზღვევის პირობებსა და მოქმედ კანონმდებლობასთან.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. ზ.ც–ძესა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დამზღვევი) და სს “ს.კ.ე.ჯ–ას” (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი მზღვეველი ან სადაზღვევო კომპანია) შორის 2019 წლის 25 იანვარს გაფორმდა ავტომანქანა - TOYOTA RAV4, ტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი .... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც დაზღვეული ავტომანქანა ან მოსარჩელის ავტომანქანა) და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულება.
4.4. მზღვეველმა დაზღვეულის სახელზე სადაზღვევო პოლისი გასცა. დაზღვეულ რისკებად ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზღვეული ავტომანქანის სრული ან ნაწილობრივი დაზიანება, ხოლო სადაზღვევო თანხა - 11 000 აშშ დოლარით განისაზღვრა. დაზღვევის პერიოდი ვრცელდებოდა 20.01.2019-დან – 25.01.2020 წლამდე სადაზღვევო შემთხვევებზე.
4.5. ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, მესამე პირის (პირთა) წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობის დაზღვევის მიზნებისთვის სადაზღვევო შემთხვევას, უფლებამოსილი მძღოლის მიერ დაზღვევის მოქმედების პერიოდში ავტოტრანსპორტის მართვის შედეგად მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისათვის მიყენებული ზიანი წარმოადგენდა, ხოლო - მე-5 მუხლის თანახმად, სადაზღვევო კომპანია თავისუფლდებოდა პასუხისმგებლობისაგან იმ შემთხვევაში, როცა დაზარალებულმა განზრახ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც უკავშირდება სადაზღვევო შემთხვევას.
4.6. 2019 წლის 28 აპრილს მოსარჩელის შვილმა დაზღვეული ავტომანქანით მოძრაობისას ვერ უზრუნველყო საჭის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა გაჩერებულ ავომანქანებს „ოპელ კომბოსა“ და „ოპელ ზაფირას“. შემთხვევის შედეგად მოსარჩელის კუთვნილ ავტომანქანას მარცხენა ფრთა, მარცხენა წინა ფარი და ბამპერის მარცხენა მხარე, ხოლო „ოპელ კომბოს“ მარჯვენა უკანა მხარე, „ოპელ ზაფირას“ კი, მარცხენა უკანა მხარე დაუზიანდათ.
4.7. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, სამართალდამრღვევად ცნობილ იქნა მოსარჩელის შვილი და ამ უკანასკნელის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.
4.8. დაზღვეული ავტომანქანის შეკეთების ინვოისის მიხედვით, შესრულებული სამუშაოსა და სათადარიგო ნაწილების ღირებულება - 3459 ლარი, „ოპელ ზაფრიასათვის“ მიყენებული ზიანის ოდენობა - 2884 ლარია, ხოლო „ოპელ კომბოს“ აღსადგენად საჭიროა - 160 ლარი.
5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის - მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან გათავისუფლების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 839-ე (სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო) მუხლი.
6. დაზღვევის პირობებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან მძღოლის ქმედების შეუსაბამობაზე (ავტოსაგზაო შემთხვევისას ჩაეძინა) მითითებით, მოპასუხემ სადაზღვევო შემთხვევით მიღებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უარყო.
7. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას გაამახვილებს სსკ-ის 842-ე მუხლის შინაარსზე, რომლის მიხედვითაც მზღვეველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დამზღვევმა შეგნებულად გამოიწვია იმ გარემოების წარმოშობა, რისთვისაც მას ეკისრება პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე. ასეთივე შინაარსისაა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 9.1-ლი მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისიც, კერძოდ, მზღვეველს უფლება ჰქონდა, უარი ეთქვა დანაკარგისა და დაზიანების ანაზღაურებაზე, თუ დამზღვევი სადაზღვევო შემთხვევას გამოიწვევდა განზრახ, შესაბამისად, როგორც კანონით, ისე სახელშეკრულებო პირობით, გამორიცხულია მზღვეველის ვალდებულება ისეთი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, როდესაც შედეგი გამოწვეული იქნებოდა დაზღვეულის მიერ განზრახი ქმედებით.
8. საკასაციო სასამართლო მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სათანადოდ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის რეალიზება და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით (ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულებითა და სადაზღვევო კომპანიის მიერ გაგზავნილი წერილებით) დაადასტურა, რომ მხარეები უხეში გაუფრთხილებლობის საგამონაკლისო შემთხვევად მიჩნევაზე არ შეთანხმებულან, ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს/კასატორს, არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მან დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება ვერ შეძლო. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობასა და დასკვნებს და აღნიშნავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევით მიღებული ზიანის ანაზრაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.
9. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
11. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 325 ლარის (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 12.08.2020წ), 70% - 227.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "ს.კ.ე.ჯ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს "ს.კ.ე.ჯ–ას" (ს/კ .....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 325 ლარის (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 12.08.2020წ), 70% - 227.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
ბესარიონ ალავიძე
მირანდა ერემაძე