Facebook Twitter

22 დეკემბერი, 2020 წელი,

საქმე №ას-961-20120 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს "ა–ი"(მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი.პ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - დამატებითი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისში, ...... კორპუსი #20-ის მიმდებარედ (ნაკვეთი ....)......, ბინა #60 საკადასტრო კოდით #........ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება, ბინა ან სადავო ქონება), 2016 წლის 5 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელის საკუთრებაა (საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).

2. სადავო უძრავი ქონება შპს „ა–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მფლობელობაშია და, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, უარს ამბობს ნასყიდობის საგნის მოსარჩელისთვის გადაცემაზე. ამის გამო, მოსარჩელე ვერ სარგებლობს თავისი ქონებით.

3. 2018 წლის 9 ივლისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 172-ე მუხლის პირველი ნაწილი).

4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ვინდიკაციური მოთხოვნა უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.

6. მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

7. თბილისის სააპელაციო სასამარლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის საოქმო განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტებით დაკისრებული - 1535.94 ლარისა და 56 ლარის ნაწილში, დარჩა განუხილველად.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე გამოტანილ უნდა იქნეს დამატებითი განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 261.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით გამოიტანოს საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე კოდექსის 37.1 მუხლის მიხედვით კი, სასამართლო ხარჯებს განეკუთვნება სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო, სსსკ-ის 37.2 მუხლის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

12. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე/მოწინააღმდეგე მხარე ითხოვს საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის გამო, ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის - 8 000 ლარის, საფოსტო გზავნილებზე გაწეული - 21 ლარისა და საკასაციო სასამართლოში საპროცესო დოკუმენტის ჩაბარების მიზნით, ტრანსპორტირებისათვის გაწეული - 30 ლარის, კასატორისათვის დაკისრებას.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის წესი მოცემულია სსსკ-ის, 53.1 მუხლში (იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე). ნორმა არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ზუსტ ოდენობას, არამედ მისი განსაზღვრა სასამართლომ უნდა მოახდინოს გონივრულ ფარგლებში, რა დროსაც მხედველობაში მიიღება საქმის სირთულე, კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა შესრულებული ადვოკატის მიერ, რა სახის რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა.

14. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ლ.პ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც წარმომადგენელი) სახელზე გაცემული მინდობილობა (იხ. მინდობილობა, ს.ფ. 123. ტ.1), რომლის თანახმად, ამ უკანასკნელს, მოსარჩელემ მიანიჭა მისი ინტერესების სასამართლოში დაცვის უფლება. უდავოა წარმომადგენლის მონაწილეობა საპროცესო მოქმედებაში (საქალაქო სასამართლოში სხდომაზე მონაწილეობის მიღება; საკასაციო საჩივრისა და საკასაციო შესაგებლის წარდგენა), ეს გარემოება კი ადასტურებს მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 709-ე (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე) მუხლით განსაზღვრული ზეპირი ფორმით დადებული დავალების ხელშეკრულების არსებობაზე;

15. საკასაციო სასამართლო აქვე მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს, რომელმაც არა ერთ საქმეზე აღნიშნა შემდეგი: „როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან... ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმდენით, რამდენითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაიღეს სამოქალაქო უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“).

16. ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას მხარე სამართლიანად უნდა დააკმაყოფილოს. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მხარესა და მის მარწმუნებლებს შორის წარმოშობილია სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულება (სკ-ის 709-ე-710-ე მუხლები) დასტურდება.

17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოში დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვაა, ამ კატეგორიის დავის საგნის ღირებულება, სსსკ-ს 41.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განისაზღვრება 4 000 ლარით, ამავე კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სწორედ ამ თანხის 4%-ით, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, 160 ლარია.

18. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის მსჯელობას ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნიდან გამოთვლისა და სარჩელის მრავალფეროვნების გათვალისწინების თაობაზე, საკასაციო სასამართლო უარყოფს და მის ყურადღებას მიაქცევს თბილისის სააპელაციო სასამარლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის საოქმო განჩინებაზე, რომლის მიხედვით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტებით დაკისრებული - 1535.94 ლარისა და 56 ლარის ნაწილში დარჩა განუხილველად.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაც მოწინააღმდეგე მხარის ინტერესშია, სასამართლოს კი, არ გადაუწყვეტია მის მიერ სასამართლოსგარეშე ხარჯების, კერძოდ, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის საკითხი, საკასაციო სასამამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 37.3 მუხლის საფუძველზე, კასატორს, მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის - 160 ლარის ანაზღაურება, მასვე უნდა დაეკისროს საფოსტო გზავნილებზე გაწეული - 21 ლარისა და საკასაციო სასამართლოში საპროცესო დოკუმენტის ჩაბარების მიზნით, ტრანსპორტირებისათვის გაწეული - 30 ლარის, ჯამში- 51 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 261-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოცემულ საქმეზე (#ას-961-20120) მიღებულ იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება;

2. შპს "ა–ის", ი.პ–ის სასარგებლოდ, დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სასამართლოგარეშე ხარჯის/ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის - 160 ლარის ანაზღაურება;

3. შპს "ა–ის", ი.პ–ის სასარგებლოდ, დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სასამართლოგარეშე ხარჯის/საფოსტო გზავნილებზე გაწეული - 21 ლარისა და საკასაციო სასამართლოში საპროცესო დოკუმენტის ჩაბარების მიზნით, ტრანსპორტირებისათვის გაწეული - 30 ლარის, ჯამში- 51 ლარის ანაზღაურება.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

ბესარიონ ალავიძე

მირანდა ერემაძე