Facebook Twitter

2 დეკემბერი, 2020 წელი,

საქმე №ას-1076-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ქ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სსიპ შემოსავლების სამსახური (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან დამსაქმებელი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც, ნ.ქ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვიტის თაობაზე დამსაქმებლის 2019 წლის 3 მარტის გადაწყვეტილება და იგი აღდგენილ იქნა ფინანსური დეპარტამენტის უფროსის მრჩევლის თანამდებობაზე; 2019 წლის 3 მარტიდან სამსახურში აღდგენამდე მოპასუხეს ყოველთვიურად განაცდურის - 2240 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული. მისი მტკიცებით, დამსაქმებლის 2017 წლის 13 თებერვლის ბრძანებით, მოსარჩელე 2017 წლის 10 თებერვლიდან 2019 წლის 1 თებერვლამდე დაინიშნა ფინანსური დეპარტამენტის ლოგისტიკისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს სატრანსპორტო და ტექნიკურ საშუალებათა უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად და მითითებულ პერიოდში შრომითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა, შესაბამისად, 30 - თვიანი ვადის გამოთვლის მიზნებისათვის ეს ორი წელი არ უნდა ჩაითვალოს საერთო ვადაში და მასთან დადებული ხელშეკრულებაც ვერ მიიჩნევა უვადოდ.

1.1. გარდა ამისა, კასატორის მტკიცებით, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა ამჟამად აღარ არსებობს და შეუძლებელია გადაწყვეტილების აღსრულებაც.

1.2. კასატორის მოსაზრებით, უკანონოა დასაქმებულის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 100 ლარის, მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების დაკისრების თაობაზეც სასამართლოს გადაწყვეტილება.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მოსარჩელე 2015 წლის 12 აგვისტოდან 2019 წლის 28 თებერვლამდე მიმდევრობით დადებული ვადიანი წერილობითი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხესთან იყო დასაქმებული. 2019 წლის 30 იანვარს დამსაქმებელმა, დასაქმებულთან, როგორც ფინანსური დეპარტამენტის შტატგარეშე თანამშრომელთან, რომელსაც დაევალა ფინანსური დეპარტამენტის უფროსის მრჩევლის ფუნქციის შესრულება, გააფორმა შრომითი ხელშეკრულება. დასაქმებულის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 2240 ლარით (ხელზე ასაღები), ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი, 2016 წლის 28 თებერვლის ჩათვლით განისაზღვრა.

4.4. დამსაქმებელმა 2019 წლის 1 მარტიდან, მოსარჩელესთან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა.

4.5. მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა ამჟამად ვაკანტურია.

5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება), 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები. საკასაციო სასამართლოს განსჯით, აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წინაპირობა შესრულებული იყო, ამასთან, არ ვლინდებოდა მოთხოვნის გამომრიცხველი/ან შემწყვეტი გარემოებები, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა სარჩელი.

6. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიას, რომელიც შრომითი ურთიერთობის ვადას შეეხება და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად იხელმძღვანელა შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 13 მუხლით, რომლის თანახმადაც, თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში. დადგენილია, რომ ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეთა შორის ურთიერთობა რამდენჯერმე, მიმდევრობით დადგენის შედეგად გრძელდებოდა და მისი ხანგრძლივობა 30 თვეს აღემატებოდა, შესაბამისად, მხარეებს შორის არსებობდა უვადო შრომითი სამართალურთიერთობა და, ვინაიდან უვადო შრომითი ხელშეკრულება შეწყდა ამავე კოდექსის 37.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (შრომითი ურთიერთობის ვადის გასვლა), ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით, სწორად გააბათილა დამსაქმებლის ცალმხრივი ნება და შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, სწორად აღადგინა დასაქმებული გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე.

7. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის დანაწესზე და განმარტავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს დამსაქმებლის ვალდებულებას, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016). საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობასა და დასკვნებს და აღნიშნავს, რომ დამსაქმებლის მიერ გამოყენებული დისციპლინური სახდელი - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა უკანონო იყო. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანი იყო და მართებულად დაკმაყოფილდა.

8. საკასაციო სასამართლო დასაქმებულის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 100 ლარის, მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების დაკისრების თაობაზე კასატორის პრეტენზიასაც უაროფს და მიიჩნევს, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სსსკ-ის 53.1 (იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა) მუხლის საფუძველზე, დასაქმებულის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 100 ლარის, ანაზღაურებაც მართებულად დაეკისრათ.

9. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

10. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

12. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

ბესარიონ ალავიძე

მირანდა ერემაძე