Facebook Twitter

საქმე №ას-534-2019 15 მაისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ზ.ლ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ა.დ–ა“ (მოპასუხე)

თავდაპირველი თანამოპასუხეები: ა.კ–ძე, ნოტარიუსი ნ.უ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ზ.ლ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, საჩივრის ავტორი, აპელანტი, კასატორი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ა.დ–ის“, ა.კ–ძისა და ნოტარიუს ნ.უ–ის (შემდგომში _ პირველი, მეორე და მესამე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაუქმება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლის 21 ივნისს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელის, როგორც პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, პირველმა მოპასუხემ გასცა საბანკო გარანტია. ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად კი, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება. სანივთო უფლებით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა შეადგენდა 26 000 ლარს. 2014 წლის 4 და 12 მარტს ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის საფუძველზეც პრინციპალი გახდა ასევე შპს „ჯ–თი _ 2007“ (შემდგომში _ კომპანია) და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა გაიზარდა 38 500 ლარამდე. 2015 წლის 23 დეკემბერს მესამე მოპასუხემ გასცა სააღსრულებო ფურცელი შპს „ჯ–თი _ 2007-ისათვის“ 38 500 ლარის დაკისრების თაობაზე და აღსრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მოსარჩელის ქონება. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პირველ მოპასუხეს მოსარჩელისათვის დოკუმენტები არ გადაუცია. კომპანიის დირექტორის გარდაცვალების შემდეგ ამ თანამდებობაზე დაინიშნა მეორე მოპასუხე, რომელსაც დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით საფინანსო და საბანკო დოკუმენტების, ასევე, თანხის ერთპიროვნული განკარგვის უფლება არ მინიჭებია. პირველ მოპასუხეს, ნაცვლად 38 500 ლარისა, საბანკო გარანტია გაცემული ჰქონდა 87 978,8 ლარზე, საიდანაც, მისივე მტკიცებით, კომპანიის დავალიანება იყო 42 684 ლარი. პრინციპალს გარანტის წინაშე შესრულებული აქვს 45 294,8 ლარის ოდენობით ვალდებულება, რაც აღემატება ხელშეკრულებით დათქმულ ზღვრულ თანხას.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით- (მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო) სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

3.2. ამავე სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი უარყოფილ იქნა და ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება/ განჩინება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2018 წლის 12 აპრილს დანიშნულ მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, ხოლო გამოცხადებულმა მოპასუხემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე;

1.2.2. უდავოა, რომ საქმის განხილვის დროისა და ადგილის, ასევე, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე მოსარჩელე ინფორმირებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით;

1.2.3. სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მოსარჩელე მიუთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო ბარათი #220, რომელიც ხელმოწერილია #076 სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის ექიმის მიერ, თუმცა, არ ასახავს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის გამართვის დროს მოსარჩელის ჯანმრთელობის იმგვარ მდგომარეობას, რაც მას საპროცესო მოვალეობის შესრულებაში ხელს შეუშლიდა. დასახელებული დოკუმენტით ირკვევა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მოსარჩელესთან 17:30 საათზე გამოცხადდა და 17:32 საათზე გავიდა. მართალია, სამედიცინო დოკუმენტში მითითებულია, რომ პაციენტი უჩიოდა ტკივილს თავისა და გულმკერდის არეში, თუმცა, აღნიშნული დოკუმენტით არ ირკვევა, რომ პაციენტს აღნიშნული ჩივილები დღის პირველ ნახევარშიც ჰქონდა, მით უფრო, რომ 12.04.2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 11:00 საათზე იყო დანიშნული. დოკუმენტი მოსარჩელის მიერ დასახელებული ჩივილების (ტკვივილი თავისა და გულმკერდის არეში) გათვალისწინებით არ შეიცავს რაიმე რეკომენდაციას პაციენტის მიერ გადაადგილებისგან თავის შეკავებასთან დაკავშირებით, მასში არც პირდაპირ და არც ირიბად მითითებული არ არის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სადავო საკითხის მოწესრიგებას საპროცესო სამართალი გვთავაზობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობისას მის მიერ წარდგენილი მოთხოვნის გადაწყვეტის წესს, კერძოდ, თუკი მოსარჩელე, რომელიც კანონით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე და სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება, ამასთანავე, სასამართლოს არ გააჩნია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის წინაპირობა (სსსკ-ის 233.1 მუხლი), სარჩელი უარყოფილ იქნება იმ შემთხვევაში, თუკი გამოცხადებული მოპასუხე მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელე სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმირებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ამ მხრივ კასატორის პრეტენზიები არ არის დასაბუთებული. უდავოა ის ფაქტიც, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს არ მოეპოვებოდა რაიმე ცნობა, რომელიც მოსარჩელის გამოცხადების შეუძლებლობას დაადასტურებდა. გარდა ამისა, საქმის მასალებით ირკვევა, რომ გამოცხადებულმა მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. ხსენებული მოცემულობა კი, იურიდიულად დასაბუთებულს ხდის ქვემდგომი სასამართლოების დასკვნებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობებთან დაკავშირებით. რაც შეეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საკითხს, პალატა მოიშველიებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებია თუ: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები; არსებობს სხვა საპატიო მიზეზი (მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე). მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე წინაპირობის არსებობას ვერ ადასტურებს, რაც შეეხება მის მტკიცებას, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ შეძლო სასამართლოში გამოცხადება, ხსენებული ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა, ვინაიდან მის მიერ წარდგენილი სამედიცინო დაწესებულების ცნობა არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ წინაპირობებს (იხ. სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 1.2.3.). საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რომელთა გაქარწყლებაც კასატორმა ვერ შეძლო, ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

1.5. პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გ.გ–ას მიერ 28.03.2019წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 500 ლარის 70% _ 350 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ.ლ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ზ.ლ–ძეს (პ/#.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს გ.გ–ას მიერ 28.03.2019წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 500 ლარის 70% _ 350 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი