საქმე №ას-955-2019 3 ივლისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი.ა–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
მესამე პირი _ გ.ღ–ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების, ასევე, მესამე პირის ჩაბმის შესახებ განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – ანდერძისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან სააგენტო) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ა–ძისა (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მემკვიდრე) და მესამე პირის _ გ.ღ–ას (შემდგომში _ მესამე პირი) მიმართ და მოითხოვა ლ.ა–ძის (შემდგომში _ მამკვიდრებელი) მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ 1998 წლის 22 აპრილს სანოტარო ფორმით შედგენილი ანდერძის (სანოტარო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი 1/54, ნოტარიუსი ლ.ა–ა, შემდგომში _ ანდერძი) მემკვიდრისათვის ს/კ #...... უძრავი ქონების (შემდგომშ _ სადავო უძრავი ქონება) გადაცემის ნაწილში, ასევე, ამ ქონებაზე 2001 წლის 24 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიწის მართვის სამმართველოს 1997 წლის 26 მაისის გაყალბებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, 1998 წლის 19 მარტს მამკვიდრებელს საკუთრებაში გადაეცა ქ.წალენჯიხაში, ...... ქუჩის მიმდებარედ 3900 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც დარეგისტრირდა მიწათსარგებლობის რეგისტრაციის წიგნში #3/800. 1998 წლის 22 აპრილს მამკვიდრებელმა სანოტარო წესით დადასტურებული ანდერძი გასცა შვილიშვილზე _ მოპასუხეზე. ანდერძის თანახმად, უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც გარდაცვალების დროისათვის აღმოჩნდებოდა მამკვიდრებლის საკუთრებაში, რა სახითაც და სადაც არ უნდა ყოფილიყო იგი, გადაეცა მემკვიდრეს. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2001 წლის 30 სექტემბერს. 2001 წლის 24 დეკემბერს მოპასუხის სახელზე გაიცა ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც, მემკვიდრის საკუთრებაში აღირიცხა სადავო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მიწა მამკვიდრებლის საკუთრებას არასოდეს წარმოადგენდა. მამკვიდრებლის უფლების არარსებობა დადასტურებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 1997 წლის 26 მაისის გაყალბებული მიღება-ჩაბარების აქტი. მოსარჩელეს ინტერესია სახელმწიფოს კანონით დაცული უფლების რეალიზება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, რისთვისაც აუცილებლია მამკვიდრებლის მიერ, 1998 წლის 22 აპრილს, სანოტარო წესით დადასტურებული ანდერძისა და ამ ანდერძის საფუძველზე, 2001 წლის 24 დეკემბერს, მოპასუხის სასარგებლოდ გაცემული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა. დოკუმენტების გაბათილება გახდება საფუძველი მოპასუხის რეგისტრირებული საკუთრების უფლების გაუქმებისა და სადავო უძრავ ქონებაზე სათანადო სუბიექტის (სახელმწიფოს) უფლების რეგისტრაციისა.
2. მოპასუხის/მესამე პირის პოზიცია:
2.1. მოთხოვნის გამომრიცხველი, მისი განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოთხოვნა იყო ხანდაზმული, გარდა ამისა, მოპასუხე სადავო ქონების კეთილსინდისიერ შემძენს წარმოადგენდა, რის გამოც, ვერც სახელმწიფო და ვერც მესამე პირი ვერ დაიკმაყოფილებდნენ თავიანთ ქონებრივ მოთხოვნებს უძრავი ნივთის მოპასუხისგან გამოთხოვის გზით. მოპასუხის განმარტებით, მისთვის ცნობილი არ ყოფილა მიწის მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბე. გარდა ამისა, სადავო უძრავი ქონება 16 წელზე მეტია რეგისტრირებულია მის საკუთრებაში და ფლობს კიდეც მას, როგორც საკუთარს, რაც სამოქალაქო კოდექსის 167-ე მუხლიდან გამომდინარე, გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას;
2.2. მესამე პირმა მხარი დაუჭირა სარჩელს და მოითხოვა მისი სრულად დაკმაყოფილება.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მამკვიდრებლის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ 1998 წლის 22 აპრილს სანოტარო ფორმით შედგენილი ანდერძი სადავო უძრავი ქონების გადაცემის ნაწილში და ამ ქონებაზე 2001 წლის 24 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მემკვიდრემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის აურყოფა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი, ასევე, მესამე პირის ჩაბმის შესახებ განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. ქ.წალენჯიხაში, ..... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადავო უძრავი ნივთი, 2001 წლის 24 დეკემბერს, მამკვიდრებლის სამკვიდროზე გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე, 2001 წლის 26 დეკემბრიდან რეგისტრირებულია მოპასუხის საკუთრებაში;
1.2.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2010 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი წალენჯიხის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერები, სადაც სადავო მიწის ნაკვეთის მამკვიდრებლის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია წალენჯიხის მიწის მართვის სამმართველოს 1997 წლის 26 მაისის ყალბი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც 1998 წლის 19 მარტს დარეგისტრირდა მიწათსარგებლობის რეგისტრაციის წიგნში #3/800. ამავე გადაწყვეტილებით, წალენჯიხის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, შეიტანოს ცვლილება საჯარო რეესტრის ჩანაწერებში;
1.2.3. მამკვიდრებლის სახელზე მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბესთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებდა ზუგდიდის რაიონული პროკურატურა და წალენჯიხის რაიონული სამმართველო. გამოძიებით დადგენილია, რომ ქ.წალენჯიხის 1986-1990 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით, მამკვიდრებელი და მოპასუხე ერთი კომლის წევრები იყვნენ, შესაბამისად, ანდერძისა და სამკვიდრო მოწმობის შედგენის დროს, მოპასუხემ, როგორც მამკვიდრებლის კომლის წევრმა იცოდა, რომ მემკვიდრეობით საკუთრებაში იღებდა ქონებას, რომელიც სინამდვილეში მამკვიდრებელს არ ეკუთვნოდა.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ განსახილველი აღიარებითი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც, მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დადგენის შემთხვევაში, უნდა შემოწმდეს სადავო ქონების განკარგვის კანონიერება მატერიალური სამართლის ნორმებთან კავშირში. საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის ფარგლებში უდავო ძალის მქონედ მიიჩნევს ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას უფლების დამდგენი დოკუმენტის სიყალბის თაობაზე და იმ პირობებში, როდესაც კასატორი წარმოადგენდა მამკვიდრებლის კომლის წევრს, დასაბუთებულად თვლის ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას რეესტრის ჩანაწერის სისწორის მიმართ მისი არაკეთილსინდისიერების თაობაზე (სკ-ის 312-ე მუხლი). გარდა ამისა, სწორედ არაკეთილსინდისიერებისა და იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ დოკუმენტების სიყალბის გამო, მამკვიდრებელს არ მოუპოვებია სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება, გასაზიარებელია დასკვნა იმის თაობაზე, რომ სადავო ქონება ვერ შევიდოდა სამკვიდრო მასაში, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 1328-ე, 1329-ე, 1403-ე მუხლებისა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამკვიდრო ქონებად არ შეიძლება იქნას მიჩნეული სხვისი საკუთრება, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ამ ნაწილში, როგორც ანდერძი, ისე _ მის საფუძველზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა ბათილია. საკასაციო პალატა მემკვიდრის პრეტენზიის საწინააღმდეგოდ სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს საკუთრების უფლება ქონებაზე არ მოუპოვებია, ამ მხრივ პალატამ სწორად გამარტა, რომ საქმეზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით სადავო უძრავი ქონება, ბათილი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, კასატორის საკუთრებაში 2001 წლის 26 დეკემბერს აღირიცხა, ხოლო მოცემულ დავაზე სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი იქნა 2014 წლის 13 ნოემბერს, უფლების რეგისტრაციიდან დაახლოებით 13 წლის შემდეგ. სარჩელის აღძვრით, სამოქალაქო კოდექსის 138-139.1-ე მუხლების შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა, შესაბამისად, სახეზე არ არის ხანდაზმულობით საკუთრების უფლების წარმოშობის წინაპირობები. საბოლოოდ საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ პრეტენზიას.
1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც დოკუმენტის ნამდვილობის საკითზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. საოქმო განჩინების კანონიერება:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, პალატა კასატორის მოთხოვნის ფარგლებში ამოწმებს გ.ღ–ას მესამე პირად ჩაბმის კანონიერების საკითხს. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის საოქმო განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის შესაბამისად, გ.ღ–ა შეიცვალა სათანადო მოსარჩელით _ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოთი, ხოლო, ამავე სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლის შესაბამისად, თავდაპირველ მოსარჩელეს მიენიჭა მესამე პირის სტატუსი. კასატორი სადავოდ ხდის ხსენებულ განჩინებას, თუმცა, რა ნეგატიური შედეგი გამოიწვია ხსენებულმა საპროცესო მოქმედებამ კასატორის უფლებებზე, არც საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება და არც საქმის მასალებით არ დასტურდება, რაც შუამდგომლობის უარყოფის საფუძველია.
3. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) საფუძველზე კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 10.06.2019წ. #9372479 შემოსავლის ორდერით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 301 ლარიდან 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 404-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.ა–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორის მოთხოვნა მესამე პირის საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
3. ი.ა–ძეს (პ#...... სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 10.06.2019წ. #9372479 შემოსავლის ორდერით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 301 ლარიდან 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი