Facebook Twitter

საქმე №ას-1567-2019 3 ივლისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ.მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ს–ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოპასუხე _ ლ.ც–ძე

განმცხადებლები _ ქ.ყ–ი, მ. და ნ.ც–ძეები

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება

კასატორის/განმცხადებლების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავაში მესამე პირებად ჩაბმა დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლებით

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. გ.ს–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.მ–ისა და ლ.ც–ძის (შემდგომში _ პირველი და მეორე მოპასუხე, პირველი მოპასუხე ასევე წოდებული, როგორც აპელანტი, კასატორი ან მფლობელი, რაც შეეხება მეორე მოპასუხეს, მის მიმართ სარჩელი დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად, პალატა წინამდებარე განჩინებაში მასთან მიმართებაში წარდგენილ მოთხოვნებზე აღარ იმსჯელებს) მიმართ, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების (ქ.თბილისში, ....... მდებარე #42 ბინა, ს/კ #......., შემდგომში _ სადავო ქონება) გამოთხოვისა და გამოთავისუფლებული ნივთის მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მეორე მოპასუხისაგან შეიძინა სადავო უძრავი ქონება. მხარეთა შორის წარმოიშვა დავა, რომელიც დასრულდა მორიგებით და მეორე მოპასუხემ განაცხადა, რომ სადავო ქონებიდან გამომდინარე დავა მოსარჩელესთან აღარ ექნებოდა, თუმცა მან სადავო ფართში შეუშვა იძულებით გადაადგილებული პირი _ პირველი მოპასუხე, რომლის გამოსახლებაზეც წინააღმდეგი არ არის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. პირველ მოპასუხეს სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი არ წარუდგენია;

2.2. მეორე მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 ელის 3 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის/განმცხადებლების მოთხოვნა:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა;

6.2. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს ქ.ყ–მა, მ. და ნ.ც–ძეებმა და იმ საფუძვლით, რომ წარმოადგენენ სადავო ქონების მფლობელებს, მოითხოვეს დავაში დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებად ჩაბმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. სადავო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება;

1.2.2. მოპასუხე ფლობს მოსარჩელის კუთვნილ ქონებას;

1.2.3. მფლობელს არ გააჩნია ნივთის ფლობის მართლზომიერი საფუძველი.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს, რომლებიც ძირითადად იმ გარემოებას შეეხება, რომ მფლობელი იძულებით გადაადგილებული პირია და ის სახელმწიფოს საცხოვრებლით არ დაუკმაყოფილებია, გარდა ამისა, მხარე აცხადებს რომ არ იცნობს საქმის მასალებს. სხვა მხრივ, მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს შედავებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის ელემენტებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი (სკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა (რაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა), ასევე, ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე _ საკუთრების უფლების ნამდვილობას და როგორც ერთი, ისე _ მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხე მხარემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა ქონების მართლზომიერი ფლობის ფაქტი. ასეთად ვერ განიხილება ის გარემოება, რომ პირველი მოპასუხე იძულებით გადაადგილებული პირია. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წერილობით პასუხზე, რომლის თანახმადაც, კასატორი, როგორც იძულებით გადაადგილებული პირი, რეგისტრირებულია ქ.თბილისში, ...... და მას მართალია საცხოვრებელი ფართი ან/და კომპენსაცია არ გადასცემია, თუმცა სამინისტრო ამავე წერილში ნათლად განმარტავს, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი არ წარმოადგენს დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ფართს, არ არის კომპაქტურად განთავსების ობიექტი და ვერ იქნება წინააღმდეგი პირველი მიპასუხის გამოსახლებისა. ვინაიდან მოსარჩელის უფლებადამდგენი დოკუმენტის ნამდვილობის საკითხზე არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით (სკ-ის 312-ე მუხლი) და მიიჩნევს, რომ კასატორის უფლება ვერ განიხილება მართლზომიერად. პალატა ასევე უარყოფს იმ გარემოებას, რომ კასატორი არ იცნობს საქმის მასალებს, რამდენადაც, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილის თანახმად, მას სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, გარდა ამისა, საქმის მასალებით არ იკვეთება რაიმე ხელისშემშლელი გარემოება, გაცნობოდა საქმეს. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ მფლობელი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც უძრავი ნივთის ვინდიცირების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულება:

კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო პასუხს დაურთო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წერილი და იშუამდგომლა მისი საქმისათვის დართვის თაობაზე, რასაც პალატა არ იზიარებს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენას კრძალავს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა, ამასთან, ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება მოწმდება საქმეზე დართული, დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებებისა და სხდომაზე მხარეთა მიერ გამოთქმული ახსნა-განმარტებების ფარგლებში, უფრო მეტიც, საქმეში უკვე არსებული დოკუმენტების განმეორებით წარდგენა არ შეესაბამება საკასაციო სამართალწარმოების მიზანს, რის გამოც, პალატა უარს აცხადებს დოკუმენტის მიღებაზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, უბრუნებს მხარეს.

3. მესამე პირთა ჩაბმის საკითხი:

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს ქ.ყ–მა, მ. და ნ.ც–ძეებმა და იმ საფუძვლით, რომ წარმოადგენენ სადავო ქონების მფლობელებს, მოითხოვეს დავაში დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებად ჩაბმა. საკასაციო პალატა უარყოფს ხსენებულ შუამდგომლობას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ მხარეთა პაექრობის დაწყებამდე (მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით). მესამე პირის სარჩელის მიღება და განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით. მესამე პირისა და თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელის გადაწყვეტა ხდება ერთდროულად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირი სამოქალაქო დავაში შეიძლება ჩაებას მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა პაექრობის დაწყებამდე, სამართალწარმოების სხვა ეტაპზე მისი ჩაბმის შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, ნორმა არ უკარგავს პირს უფლებას, საერთო წესების დაცვით დამოუკიდებელი სარჩელით მიმართოს სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებული პროცესუალური წინაპირობები დაცული არ არის. პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული განჩინება/პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება რაიმე ვალდებულებას განმცხადებლების მიმართ არ ადგენს, შესაბამისად, მათი დავაში სავალდებულო წესით ჩაბმა არც ამ მხრივ არ არის გამართლებული, რაც შუამდგომლობის უარყოფის საფუძველია.

4. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ლ.ც–ძის მიერ 18.12.2019წ. #8828076736 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე, 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ლ.მ–ს (პ#......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ლ.ც–ძის მიერ 18.12.2019წ. #8828076736 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

3. გ.ს–ს დაუბრუნდეს საკასაციო პასუხზე დართული მტკიცებულება _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 04.08.2015წ. წერილი 1 (ერთი) ფურცლად.

4. ქ.ყ–ის, მ. და ნ.ც–ძეების განცხადება დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირად ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი