Facebook Twitter

საქმე №ას-1701-2019 24 ივლისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ქ.ბ–ი, თ., ი. და ს. ჯ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. და ვ. ჯ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ს. და ვ. ჯ–მა (შემდგომში _ პირველი და მეორე მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ქ.ბ–ის, თ: ი. და ს. ჯ–ის (შემდგომში _ პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხე, აპელანტები ან კასატორები) მიმართ და მოითხოვეს მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული ზესტაფონის რაიონი ....... მდებარე 1,57 კვ.მ (ს/კ #......., შემდგომში _ სადავო უძრავი ქონება) მიწის ნაკვეთის გამოთხოვა, მოპასუხეთა დავალდებულება, 0,74 სმ-ის გადაფარვის ზონაში აშენებული შენობის 1.57 კვ. მეტრის დემონტაჟი, ასევე, მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ საზღვრებში აღდგენა და მოშლილი სასაზღვრე ღობის აღდგენა.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეებს საკუთრებაში გააჩნიათ ზესტაფონის რაიონის სოფელ ....... მდებარე სახლი და მიწის ნაკვეთი. მოპასუხეებს თანასაკუთრებაში გააჩნიათ მოსარჩელეების ნაკვეთის მომიჯნავე მიწა. მხარეთა ნაკვეთები ერთმანეთისგან გამიჯნულია მავთულის ღობით. მოპასუხეები ავტოფარეხის მშენებლობის პროცესში გადაცდნენ საჯარო რეესტრის მიერ დადგენილ ოფიციალურ საზღვარს, მოშალეს მავთულის ღობე და ავტოფარეხის გარკვეული ნაწილი ააშენეს მოსარჩელეთა კუთვნილ ნაკვეთში. აღნიშნულის გამო მოსარჩელეები ვერ ახერხებენ კუთვნილი მარნის სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, რადგან ავტოფარეხის გვერდით კედელი დასავლეთის მხრიდან მიბჯენილია 0,30 სმ-ით მოსარჩელეთა მარნის შესაკეთებელ კედელთან. მოპასუხეები მათ ნაკვეთს ესაზღვრებიან მხოლოდ ერთ კონკრეტულ წერტილში, სადაც გადაფარვა არის დადგენილი 0,74 სმ-ით მოსარჩელეთა მხარეს. მოპასუხეთა უკანონო ხელშეშლით იზღუდება მოსარჩელეთა უფლება კუთვნილი უძრავი ნივთით თავისუფლად ფლობისა და სარგებლობისა, რის გამოც მოპასუხეებს უნდა აეკრძალოთ ხელშეშლის აღკვეთა, რათა მოსარჩელეებს მიეცეთ საკუთარი ნივთით სარგებლობის შესაძლებლობა.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი/განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათი ავტოფარეხი მოსარჩელეების ნაკვეთში არ არის აშენებული. 1970-1971 წლებში მოპასუხეთა მამამ ააშენა მარანი სადავო ტერიტორიაზე, რომელსაც 2006 წელს გაუკეთა დემონტაჟი, რადგან შენობა იყო ავარიული. ძველი შენობის საძირკველზე ააშენეს ახალი ავტოფარეხი. 2015 წლის 11 მარტის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ნებართვისა და 2015 წლის 19 მარტს დამტკიცებული პროექტის საფუძველზე ააშენეს ახალი ავტოფარეხი იმავე ადგილზე და იმავე ზომებში. პროექტი და მშენებლობის ნებართვა მოსარჩელეებს სადაოდ არ გაუხდიათ. მშენებლობა დასრულებულია და ავტოფარეხი გადახურულია. ატმოსფერული ნალექი რომ არ გადავიდეს მოსარჩელეთა ეზოში, ამისთვის ყველა ზომა მიღებულია. მხარეთა კუთვნილ შენობებს შორის არის საკმარისი მანძილი, რათა მოსარჩელეებმა თავისუფლად ისარგებლონ მათი დამხმარე ნაგებობით. სადავო მიწის ნაკვეთი ეკუთვნით მოპასუხეებს, რაც გამორიცხავს მათ მიერ ნივთის უკანონო ფლობას. სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნა არ შეესაბამება საჯარო რეესტრში მხარეთა საკუთრებაში რეგისტრირებულ მონაცემებს, ამასთან, მოსარჩელეებს სადავო არ გაუხდიათ 1970 წელს აშენებული მარნის საზღვრები, რომლის საძირკველზეც აშენდა 2014 წელს ავტოფარეხი, შესაბამისად, მოთხოვნა ხანდაზმულია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული, ზესტაფონის რაიონი სოფელ მეორე ....... მდებარე 1.57 კვ.მ მიწის ნაკვეთი (რომლის გადაფარვა დგინდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის 2015 წლის 26 მარტის № 001727415 დასკვნით), ამავე გადაწყვეტილებით დაევალათ მოპასუხეებს 0,74 სმ-ის გადაფარვის ზონაში აშენებული შენობის 1.57 კვ. მეტრის დემონტაჟი (ექსპერტიზის დასკვნის დანართ 1-ში მითითებული კონფიგურაციით), მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ საზღვრებში აღდგენა და მოშლილი სასაზღვრე ღობის აღდგენა, ასევე განაწილდა პროცესის ხარჯები.

4. აპელანტების მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ღობის აღდგენის დავალდებულების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს დაევალათ სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში მონაწილეობა მოსარჩელეთა თანაბარწილად.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მხარეები არიან მეზობელი ნაკვეთების მესაკუთრეები. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ზესტაფონის რაიონის სოფელ ....... არსებული უძრავი ქონება - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობით 2100.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №01/2, საკადასტრო კოდი: №.......) წარმოადგენს მოსარჩელეთა საკუთრებას. ამავე სოფელში არსებული უძრავი ქონება - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობით 2227.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №01/1, №02/1, საკადასტრო კოდი: №.......) წარმოადგენს მოპასუხეების თანასაკუთრებას. რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები მხარეებს სადავო არ გახდიათ;

1.2.2. 2014 წელს მოპასუხეებმა სასაზღვრო მიჯნის ზონაში ააგეს ავტოფარეხი, თუმცა 2014 წლის 12 დეკემბერს პირველმა მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს მოპასუხეთა მხრიდან სასაზღვრო მიჯნის დარღვევისა და უკანონო მშენებლობის გამო ზომების მიღების მოთხოვნით. აღნიშნულის პასუხად გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურმა აპელანტებს მოსთხოვა 10 დღის ვადაში მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტების წარდგენა. აპელანტთა განმარტებით, მათ არსებული ნაგებობა დაანგრიეს და 2015 წლის 27 იანვარს პროექტის დასამტკიცებლად, ასევე, მშენებლობის ნებართვის მისაღებად მიმართეს მინიციპალიტეტის გამგებელს. მშენებლობის ნებართვის საფუძველზე, 2015 წლის 19 მარტს ააშენეს ავტოფარეხი, თუმცა, 1,57 კვ. მეტრით გადასცდნენ საზღვარს (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 26 მარტის დასკვნის თანახმად, ზესტაფონის რაიონის სოფელ....... მოპასუხეების საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელდა ავტოფარეხის მშენებლობა, რომელმაც გადაფარა მოსარჩელეთა სახელზე რეგისტრირებული ნაკვეთის 1,57 კვ. მეტრი. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეებს არ წარუდგენიათ);

1.2.3. მოპასუხეებმა ადმინისტრაციული სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოსარჩელეთა კუთვნილი ქონების რეგისტრაციის კანონიერების შემოწმების მიზნით, თუმცა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა;

1.2.4. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში, ამასთან, არც კანონისმიერი შებოჭვისათვის რაიმე საფუძველი არ არსებობს;

1.2.4. საქმის მასალებით არ დგინდება ის ფაქტი, რომ მხარეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთები საზღვრით იყო გამიჯნული. მხარეთა განმარტებით, ამჟამად არსებული ავტოფარეხის ადგილას 2006 წლამდე განთავსებული იყო მარანი, რომლითაც სარგებლობდნენ მოპასუხეები. მოწმის ჩვენების თანახმად, „დაბეტონებული სამანი განთავსებული იყო მარნის იქით“, მარნის დემონტაჟის შემდეგ დარჩენილ საძირკველზე მოპასუხეებმა ააშენეს სადავო ნაგებობა. 2006 წლის შემდეგ მოსარჩელეთა მხრიდან ყოფილი მარნის საძირკველზე ღობის გავლების ფაქტი საქმის მასალებით არ დგინდება.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს, რომლებიც ძირითადად სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ახალი მტკიცებულების _ საჯარო რეესტრის ამონაწერის საქმისათვის დართვაზე უარს შეეხება. კასატორებს სურთ 2019 წლის 22 აგვისტოს მომზადებულ საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცონ სადავო ნაგებობის კანონიერების ფაქტი. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ხსენებულ პრეტენზიას და განმარატავს, რომ ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, ვინაიდან სადავო ამონაწერი ასახავს სააპელაციო განხილვის დროისათვის არსებულ მდგომარეობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, თუმცა, ამ შემთხვევაში, პალატა მხედველობაში იღებს საქმეში წარმოდგენილ ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებულ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომლითაც მოსარჩელეთა საკუთრების უფლება კანონიერადაა აღიარებული. ამ ფაქტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები საჯარო რეესტრის ამონაწერით ვერ გააბათილებენ, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დოკუმენტით ცალსახად არ დგინდება სადავო ფაქტი _ გადაფარვის ზონაში არსებული მიწის ნაკვეთის მართლზომიერად ფლობის ფაქტი. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, უარი განეცხადებინა ახალი მტკიცებულების მიღებაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის ელემენტებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი (სკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა (რაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა), ასევე, ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე _ საკუთრების უფლების ნამდვილობას და როგორც ერთი, ისე _ მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხე მხარემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა ქონების მართლზომიერი ფლობის ფაქტი, მოსარჩელის უფლებადამდგენი დოკუმენტის ნამდვილობა კი, დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით (სკ-ის 312-ე მუხლი) და მიიჩნევს, რომ კასატორთა უფლება ვერ განიხილება მართლზომიერად. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ დაადგინა და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის ის გარემოება, რომ სასაზღვრო მიჯნის დარღვევის ფაქტი მოსარჩელე მხარემ შეტყობისთანავე სადავო გახადა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გადაფარვის ზონაში შენობის დემონტაჟისათვის არსებობს სამოქალაქო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წინაპირობები. რაც შეეხება მიჯნის აღდგენის საკითხს, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ადრე არსებული ღობის მოპასუხეთა მხრიდან თვითნებურად მოშლის ფაქტი, ქვემდგომმა სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართებულად დააკისრა მხარეებს მისი ერთობლივად აღმართვის ვალდებულება. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო, კასატორები ვერ ამტკიცებენ მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც უძრავი ნივთის ვინდიცირების/ხელშეშლის აღკვეთისა და სასაზღვრო ნაგებობის აღმართვის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

საკასაციო სასამართლოში მხარეებმა წარმოადგინეს მტკიცებულებები და იშუამდგომლეს მათი საქმისათვის დართვის თაობაზე, რასაც პალატა არ იზიარებს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენას კრძალავს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა, ამასთან, ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება მოწმდება საქმეზე დართული, დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებებისა და სხდომაზე გამოთქმული ახსნა-განმარტებებების ფარგლებში, შესაბამისად, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, შეამოწმოს წარმოდგენილ მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი, არამედ, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, უარს აცხადებს მათი საქმისათვის დართვაზე და უბრუნებს მხარეებს.

3. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ ქ.ბ–ის მიერ 20.12.2019წ. #8837166362 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.ბ–ის, თ:, ი. და ს. ჯ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორებს დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებებები 3 (სამი) ფურცლად, #ა-5833-19 განცხადებაზე დართული _ 11 (თერთმეტი) ფურცლად, ხოლო, მოწინააღმდეგე მხარეს _ საკასაციო შესაგებელზე დართული 29 (ოცდაცხრა) ფურცლად.

3. თ: ჯუღელს (პ/#1......), ი. ჯ–ს (პ/#.....), თ: ჯ–სა (პ/#.......) და ქ.ბ–ს (პ/#.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ქ.ბ–ის მიერ 20.12.2019წ. #8837166362 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი