საქმე №ას-1891-2018 3 ივლისი, 2020 წელი
თ ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – რ.ქ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ., დ., თ., მ., გ. და ა. ქ–ები, ლ.ბ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება და 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების, ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვება
დავის საგანი – ქმედების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. რ.ქ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ., დ., თ., მ., გ., ა. ქ–ებისა და ლ.ბ–ძის (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები ან კასატორის მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთა დავალდებულება, მოახდინონ საჯარო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაცია მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ. #......) ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის გზით, რომლის საზღვრები დაემთხვევა მოსარჩელის მიერ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით 2017 წლის 4 აპრილის #882017265262 განაცხადით წარდგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საზღვრებს. ასევე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში მოპასუხეების მიერ ცვლილებების განუხორციელებლობის შემთხვევაში, მოსარჩელეს მიეცეს უფლება, მოპასუხეებისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით, საჯარო რეესტრში თვითონ წარადგინოს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის საზღვრები დაემთხვევა მოსარჩელის მიერ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით 2017 წლის 4 აპრილის #882017265262 განაცხადით წარდგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საზღვრებს.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 1987 წლის 16 ივნისს ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო სანოტარო კანტორის ნოტარიუსის მიერ დამოწმეული იქნა ზ.ქ–ძის ანდერძი, რომლითაც მთელი თავისი ქონება, რაც მისი სიკვდილის შემდეგ აღმოაჩნდებოდა მოანდერძეს, თანაბარწილად უანდერძა შვილიშვილებს: მოსარჩელე რ.რ. ასულ ქ–სა და მის დას ნ.რ. ასულ ქ–ს. ზ. ქ. გარდაიცვალა 2010 წლის 13 აგვისტოს. მისი დანაშთი ქონება მოსარჩელემ მიიღო ფაქტობრივი ფლობით. 2016 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მემკვიდრეობით საკუთრებაში მიიღო ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ....... მდებარე 2600 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს.კ. #.......). სამკვიდროს მიღების ფაქტის დადასტურების შემდგომ აღნიშნული ნაკვეთის ნახაზი შესაბამისი ელექტრონული ვერსიით მოსარჩელემ წარადგინა საჯარო რეესტრში, სადაც დადგინდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ზედდება მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს.კ. #.......). ზედდებამ შეადგინა 950,63 კვ.მ. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ნახაზი შეესაბამება, როგორც ფართობით, ასევე საზღვრებით საჯარო რეესტრში დაცულ KFW-ს მონაცემების ბაზას. რაც შეეხება მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც არ შეესაბამება საჯარო რეესტრში დაცულ KFW-ს მონაცემების ბაზას, მისი ზედდების საზღვრები, ბაზაში დაცული მონაცემების მიხედვით, კვეთს მოსარჩელის ნაკვეთის საზღვრებს. მიწის ნაკვეთებს შორის დღეისათვის რაიმე საზღვარი არ გადის, რადგან ასეთი ღობე თ. ქ–ძის მიერ რამოდენიმე წლის უკან განზრახ მოშლილი იქნა, რის შემდგომაც მოპასუხეებმა უკანონოდ მიითვისეს მისი 950,63 კვ.მ-ი ფართი. გ. ხ–ის ძე ქ–ძის კომლს 1996-2001 წლებში ერიცხებოდა 0,25 ჰექტარი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი, ხოლო 2005-2006 წლებში მისი ფართობი გაიზარდა 0,50 ჰექტრამდე. საარქივო ამონაწერით გაფართოება განხორციელდა საკარმიდამო მიწის გაგრძელებაზე არსებული 0,25 ჰექტრით. არქივში აღნიშნულის თაობაზე რაიმე ნახაზი არ მოიძებნა მიუხედავად იმისა, რომ საარქივო წიგნში ასეთი ნახაზის არსებობის თაობაზე შესაბამისი ჩანაწერი გაკეთებულია. საჯარო რეესტრში თ. ქ–ძის მიერ წარდგენილი იქნა სხვადასხვა ადგილას მდებარე სამი მიწის ნაკვეთის ნახაზი, საიდანაც დარეგისტრირდა მხოლოდ ორი: რ.ქ–ძის ნაკვეთთან ზედდებაში მყოფი 3600 კვ.მ და 901 კვ.მ. ამდენად, თ. ქ–ძის მიერ აშკარად იქნა მიტაცებული მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მნიშვნელოვანი ნაწილი.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნახაზი არ ასახავს რეალობას, მის მამკვიდრებელსა და მოპასუხეების მიწის ნაკვეთს შორის არასოდეს ყოფილა საზღვარი ღობით გამიჯნული. ზ. ქ–ს ერიცხებოდა არა 2600, არამედ _ 5000 კვ.მ მიწის ფართი. საკადასტრო აზომვითი ნახაზი დამზადებულია სადავო მიწის ნაკვეთის დათვალიერების გარეშე. შესაბამისად შპს „გ–ს“ მიერ გაცემული ცნობა და ექსპერტიზის დასკვნა აზომვითი ნახაზის ნაწილში წინააღმდეგობრივია. მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მოპასუხეთა საკუთრებას, რამდენადაც იგი მათ სახელზეა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, ხოლო ერთი და იგივე უძრავ ნივთზე კონკურენციის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც უფრო ადრე არის რეგისტრირებული. მოპასუხის განმარტებით, სადავო ნაკვეთი საკუთრებაში დარეგისტრირებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, სწორად მათ მიერ რეესტრში აზომვითი ნახაზები წარდგენილი, ნაკვეთი მდებარეობს მათი დამხმარე ნაგებობების უკან, ნაკვეთს ჩვეულებრივად ფლობდნენ და სარგებლობდნენ ზ.ქ–ძის სიცოცხლის პერიოდშიც, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს დაევალათ საჯარო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაცია მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ. #.......) ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის გზით, რომლის საზღვრები დაემთხვევა მოსარჩელის მიერ კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით 2017 წლის 4 აპრილის #882017265262 განაცხადით წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საზღვრებს. დადგინდა, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში მოპასუხეების მიერ ცვლილებების განუხორციელებლობის შემთხვევაში მოსარჩელეს მიეცა უფლება, მოპასუხეებისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით, საჯარო რეესტრში თვითონ წარადგინოს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ. #........8) ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის საზღვრები დაემთხვევა რ.ქ–ძის მიერ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით 2017 წლის 4 აპრილს წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საზღვრებს.
4. აპელანტების მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების, ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ....... (2005 წლამდე - ზედა .......) 0,26 ჰა მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი ეკუთვნოდა ზ.ქ–ძის საკოლმეურნეო კომლს. ზ. ქ. გარდაიცვალა 2010 წლის 13 აგვისტოს და მისი სამკვიდრო მიიღო მოსარჩელემ;
1.2.2. ამავე სოფელში მოპასუხეებს ერიცხებოდათ 0,5 ჰა. მიწის ნაკვეთი. 2015 წლის 12 აგვისტოს საარქივო ცნობის საფუძველზე ეს უკანასკნელები დარეგისტრირდნენ #22.33..... უძრავი ქონების - 3600 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული 183,59 კვ.მ შენობის მესაკუთრეებად;
1.2.3. 2017 წლის 4 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განმცხადებელმა მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინა შპს „გ–ს“ მიერ 2017 წლის 2 აპრილს შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელიც აპელანტების კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილს, 950.63 კვ.მ ფართს მოიცავდა. მხარეთა შორის არსებული დავის მოსაგვარებლად საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დანიშნა მედიატორი, თუმცა მედიაცია უშედეგოდ დასრულდა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა;
1.2.4. საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს, ხელვაჩაურის არქივის 2015 წლის 4 ნოემბრისა და 2017 წლის 19 ივლისის ცნობებით ირკვევა, რომ არც ზ.ქ–ძისა და არც გ. ქ–ძის თაობაზე არსებულ დოკუმენტებში მიწის მიღება-ჩაბარებისა და მოზომვის აქტები არ მოიპოვება;
1.2.5. მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია არც-ერთი წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მამკვიდრებელს ეკუთვნოდა. საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად მან სასამართლოს მოწმეები: თ.ქ., ლ.ფ–ვა და ნ.ქ. წარუდგინა, თუმცა ამ მოწმეებმა სასამართლოს ჩვენება მხოლოდ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მფლობელობასთან დაკავშირებით მისცეს. მოწმე თ. ქ–ძის განმარტებით, ამზომველებს ზ.ქ–ძის ნაკვეთის საზღვრები მიუთითა, თუმცა, თუ სად აიღეს მათ კოორდინატები, მისთვის უცნობი იყო. საქმეში არის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ სპეციალისტმა აპელანტების კუთვნილი ნაკვეთების აზომვითი ნახაზი „რეალური ღობისა და საზღვრების მიხედვით... ჯერ აზომა, ხოლო შემდეგ, აღებული კოორდინატების მიხედვით... სწორი, რეალური ნახაზები“ შეადგინა. მოსარჩელეს სადავოდ არც აპელანტთა საკუთრების თაობაზე საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი და არც უფლების დამდგენი საბუთი არ გაუხდია.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც მოსარჩელეს ეკისრება იმის მტკიცება, რომ სადავო ფართი წარმოადგენს მის საკუთრებას, რომელსაც უკანონოდ ფლობს მოპასუხე და ამ უკანასკნელს არ გააჩნია მფლობელობის მართლზომიერი საფუძველი. როგორც სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა, მოსარჩელეს მოპასუხეთა უფლების დამდგენი დოკუმენტი სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს სამოქალაქო კოდექსის 312.1 მუხლით გათვალისწინებული უტყუარობისა და სიზუსტის პრეზუმფცია და ამ კანონსმიერი ვარაუდის გაქარწლება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრებოდა. რაც შეეხება საკადასტრო ნახაზის სისწორეზე შედავებას, როგორც სააპელაციო პალატამაც მართებულად მიუთითა ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, იგი უფლების დამდგენი დოკუმენტი არ არის, არამედ, ადმინისტრაციული წარმოების ერთ-ერთი საფუძველია და მხოლოდ მისი შედავება ვერ გახდება საკუთრების გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის წარმატების საფუძველი. საბოლოოდ საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ პრეტენზიას.
1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც საკადასტრო ზედდების პირობებში საკუთრების ვინდიცირების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (რაც ასახულია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც, იხ. სუსგ-ებები: №ას-365-347-2013; №ას-798-765-2016). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) საფუძველზე კასატორს უნდა დაუბრუნდეს მ.ხ–ძის მიერ კასატორის სახელით 24.12.2018წ. #18927120 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ.ქ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ რ.ქ–ძეს (პ/#6.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მ.ხ–ძის მიერ კასატორის სახელით 24.12.2018წ. #18927120 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი