Facebook Twitter

საქმე №ას-243-2020 25 ნოემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მზია თოდუა,

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „კ–ი“ (მოპასუხე)

წარმომადგენლები - ნ.ს–ი, თ.ხ–ი (დირექტორი)

მოწინააღმდეგე მხარე - ვ.ს–ძე, გ.ლ–ძე, მ.მ–ი (მოსარჩელეები)

წარმომადგენლები - ა.ჩ–ი, უ.ქ–ა

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სს ,,გ.ე.თ–ი’’

წარმომადგენლები - გ.ბ–ძე, გ.ო–ძე, დ.ტ–ძე

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სს ,,ს.ს.ბ–ა’’

წარმომადგენლები - გ.ბ–ძე, გ.ო–ძე, დ.ტ–ძე, გ.ფ–ი (დირექტორი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.11.2019წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ვ.ს–ძემ, გ.ლ–ძემ და მ.მ–მა (შემდეგში ტექსტში ცალ-ცალკე მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“, „მეორე მოსარჩელე“, „მესამე მოსარჩელე“ ან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები”) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „კ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „კასატორი“, „საზოგადოება“, „კორპორაცია“) მიმართ და მოითხოვეს მოპასუხის აქციონერთა საერთო კრების 09.03.2015წ. ოქმის ბათილად ცნობა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის შრომის ანაზღაურების შეწყვეტის ნაწილში და, თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ, თანხის - 5904,51 ლარის დაკისრება (ანაზღაურება 09.03.2015 წლიდან 01.10.2015 წლამდე).

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელეების მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით მოპასუხე საზოგადოება დაფუძნდა 10.04.1998წ..

2.2. მისი მართვის ორგანოებია აქციონერთა საერთო კრება, დირექტორატი, სამეთვალყურეო საბჭო.

2.3. მოსარჩელეები 16.08.2013წ. გამართულ აქციონერთა კრების მიერ ხმების 100%-ის თანხმობით არჩეულ იქნენ მოპასუხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად 4 წლით (16.08.2017 წლამდე) და ყოველთვიური ანაზღაურება თითოეულს 880 ლარი განესაზღვრა.

2.4. 09.03.2015წ. აქციონერთა საერთო კრების მიერ მიღებულ იქნა მოქმედი სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის შრომის ანაზღაურების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება.

2.5. 09.03.2015წ. აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილება დღის წესრიგის მე-2 საკითხზე უკანონოა, რადგან:

- მეწარმეთა შესახებ კანონის 54.6 მუხლის „ვ“, „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საერთო კრება უფლებამოსილია, აირჩიოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ან გამოიწვიოს ისინი სამეთვალყურეო საბჭოდან, განსაზღვროს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არჩევის ვადა, ასევე, გადაწყვიტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შრომის ანაზღაურების საკითხი.

- სამეთვალყურეო საბჭოს წევრებსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობა კომპლექსური ხასიათისაა: არჩევა/გამოწვევა - კორპორაციულსამართლებრივი აქტი; სხვა დანარჩენი ურთიერთობა - სახელშეკრულებოსამართლებივი აქტი.

- აქციონერებსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შორის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირად, ისე - წერილობით. როცა აქციონერთა საერთო კრება სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის ანაზღაურების გადახდის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას, ის მოქმედებს კორპორაციის სახელით და ექვემდებარება სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან სახელშეკრულებო ბოჭვას.

- მოსარჩელეებსა და აქციონერებს შორის ზეპირი ფორმით დადებულ ვადიან ხელშეკრულებას ადასტურებს ის ფაქტი, რომ 16.08.2013წ. აქციონერებმა კორპორაციულსამართლებივი აქტის (სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა) გარდა გააკეთეს შეთავაზება (ოფერტი) კონკრეტული ანაზღაურების სანაცვლოდ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლება-მოვალეობების შესრულების თაობაზე, რაც აქცეპტირებულ იქნა მოსარჩელეთა მხრიდან.

- არ არის დადასტურებული, რომ მოსარჩელეებმა რაიმე უფლება-მოვალეობა ჯეროვნად ვერ შეასრულეს ან სათანადო გულისხმიერებით არ განახორციელეს საქმიანობა.

- სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ ნაკისრი ვალდებულებების პირნათლად და ჯეროვნად შესრულებისა და ხელშეკრულების არსებითი პირობის ცვლილებაზე მათი თანხმობის არარსებობის პირობებში, ანაზღაურების ცალმხრივად გაუქმების შესახებ საერთო კრების 09.03.2015წ. გადაწყვეტილება კანონსაწინააღმდეგო და ბათილია (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 54-ე მუხლი).

2.6. 01.10.2015წ. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრების რეგისტრაცია გაუქმდა და ახალი წევრები დარეგისტრირდნენ.

2.7. მოპასუხეს უნდა დაეკისროს 09.03.2015 წლიდან 01.10.2015 წლამდე პერიოდზე (საჯარო რეესტრის მიერ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების რეგისტრაციის გაუქმების თარიღამდე) სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თითოეული მოპასუხისათვის 5904,51 ლარის ანაზღაურება.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შრომის ანაზღაურების საკითხზე უნდა გავრცელდეს არა სსკ ან შრომის კოდექსი, არამედ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი, რომლის 54.6 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო კრება უფლებამოსილია, გადაწყვიტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შრომის ანაზღაურების საკითხი, რაც გულისხმობს როგორც ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, ისე ანაზღაურებაზე უარის (შეწყვეტის) თქმის შესახებ გადაწყვეტილებას. აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ აქციონერთა გადაწყვეტილებაა, რომელიც სწორედ მათი ნების გამოვლენის შედეგია და იგი დამოუკიდებელი გარიგებაა.

3.2. გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის გარემოება, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება კანონით და საზოგადოებასთან მათი ურთიერთობა არის კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობა, რომელიც წარმოიშობა აქციონერთა საერთო კრების მიერ მათი არჩევის შემდეგ და წევრის მიერ მისი მიღების მომენტიდან.

3.3. მოპასუხემ მტკიცებულების სახით მიუთითა მოსარჩელეების 16.08.2013წ. თანხმობებზე (ტ.1, ს.ფ.104-107;126,127), რომლებითაც ისინი ადასტურებენ თანხმობას მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობაზე და არა წევრობაზე რაიმე სახის, თუნდაც ანაზღაურების მიღების პირობით. მათ გამოთქვეს თანხმობა, შეესრულებინათ სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უფლებები და მოვალეობები ისე, რომ ეს თანხმობა არ იყო დამოკიდებული ანაზღაურების მიღებაზე. არ არსებობს ისეთი სახის მტკიცებულება, როგორიცაა - მოსარჩელეთა თანხმობა მათ მიერ საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებისათვის რაიმე სახის გასამრჯელოს მიღებზე.

3.4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან ხელშეკრულებები, როგორც წესი, არ იდება. მათი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება კანონით და საბჭოს წევრობა ანაზღაურების მიღების უფლებას არ წარმოშობს. ამ საკითხის გადაწყვეტა აქციონერთა საერთო კრების ექსკლუზიურ უფლებას წარმოადგენს, მით უფრო, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა სამეთვალყურეო საბჭოს წევრად განწესება დამოკიდებული არ ყოფილა ანაზღაურებაზე და მხოლოდ საერთო კრების ცალმხრივი ნების, კეთილი ნების საფუძველზე გადაწყდა საკითხი, ისიც მას შემდეგ, რაც მოსარჩელეები არჩეულ იქნენ საბჭოს წევრებად.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.03.2018წ. საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაებნენ სს ,,ს.ს.ბ–ა’’ (მოპასუხის აქციათა 56,32%-ის მფლობელი) და სს ,,გ.ე.თ–ი’’ (ტ.1, ს.ფ. 119-124).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 09.03.2015წ. აქციონერთა საერთო კრების ოქმი, კერძოდ, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის შრომის ანაზღაურების შეწყვეტის ნაწილში (დღის წესრიგის მე-2 საკითხი). მოპასუხეს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 09.03.2015 წლიდან 01.10.2015 წლამდე გადაუხდელი სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ანაზღაურების - 5904,51 ლარის გადახდა, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.1. მოპასუხე რეგისტრირებულია 1998 წელს. საზოგადოების მმართველობის ორგანოს წარმოადგენს სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანო არის აქციონერთა საერთო კრება. აქციონერთა კრებაზე, რომელიც უფლებამოსილია, აირჩიოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და გადაწყვიტოს საბჭოს წევრთა შრომის ანაზღაურების საკითხი, ყველა გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრით. სამეთვალყურეო საბჭო შედგება სამი წევრისაგან და იგი აირჩევა 4 წლის ვადით.

5.2. მოპასუხის აქციონერთა კრების 16.08.2013წ. გადაწყვეტილებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არჩეულ იქნა მეორე მოსარჩელე. პირველი მოსარჩელე და მესამე მოსარჩელე სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არჩეულ იქნენ ახალი ვადით. ამავე კრებაზე, აქციონერთა გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა დარიცხული 880 ლარის ოდენობით.

5.3. მოპასუხის აქციონერთა კრების 09.03.2015წ. გადაწყვეტილებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შეუწყდათ შრომის ანაზღაურება.

5.4. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 91 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. მოპასუხის წესდების 4.3. პუნქტის შესაბამისად, აქციონერთა საერთო კრება უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილებები მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 54.6 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. წესდების თანახმად, ასევე განსაზღვრულია სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა - 3-ით და უფლებამოსილების ვადა - 4 წლით.

5.5. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 9.7 მუხლის შესაბამისად, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით. ამავე კანონის 54.6 მუხლის “თ“ ქვეპუნქტით, საერთო კრება უფლებამოსილია, გადაწყვიტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შრომის ანაზღაურების საკითხი.

5.6. სსკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს და საზოგადოებას შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა მოიცავს როგორც კორპორაციული, ასევე - შრომითი ურთიერთობისათვის დამახასიათებელ ელემენტებს და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, იმის მიხედვით, თუ რა უფლება-მოვალეობებია სადავოდ გამხდარი და შესაფასებელი, უნდა განისაზღვროს შესაბამისი მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებიც.

5.7. სასამართლომ მიუთითა №ას-1634-1533-2012 საქმეზე საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე და აღნიშნა, რომ მხოლოდ ის საკითხები, რაც არ არის მოწესრიგებული მეწარმეთა შესახებ კანონით, საზოგადოების წესდებით ან თავად დირექტორთან/სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან გაფორმებული ხელშეკრულებით, შეიძლება გახდეს შრომის კანონმდებლობით მოწესრიგების საგანი (მაგ.: სოციალური გარანტიები, ანაზღაურებადი შვებულება და ა.შ).

5.8. მოსარჩელეები რჩებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად, თუმცა, მათ შეუწყდათ აღნიშნული სამუშაოს შესრულების მიზნით განსაზღვრული ანაზღაურება. აქციონერთა კრების 09.03.2015წ. გადაწყვეტილება კანონსაწინააღმდეგო და ბათილია.

მოპასუხემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.11.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.2018წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს და განმარტა, რომ ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნა გამართლებულია, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა საზოგადოებასა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა. მოთხოვნა შეესაბამება როგორც მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონს, ასევე, საქართველოს შრომის კოდექსის 1.2 და 2.1 მუხლებს. იმ პირობებშიც, თუ სადავო ურთიერთობა მოწესრიგდება დავალების ხელშეკრულების ნორმებით, სსკ-ის 710-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მარწმუნებელი ვალდებულია, გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. მხარეები შეთანხმებული იყვნენ ანაზღაურებაზე, უდავოა, რომ 16.08.2013 წლიდან 01.10.2015 წლამდე იყვნენ საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და მათ 09.03.2015 წლის შემდგომ ანაზღაურება არ მიუღიათ, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

7.1. გასაჩივრებული განჩინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 393.2 მუხლის თანახმად, კანონის დარღვევითაა გამოტანილი, ვინაიდან სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. ამასთან, როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკას.

7.2. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად მიიჩნიეს, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებსა და საზოგადოებას შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა მოიცავს როგორც კორპორაციული, ასევე - შრომითი ურთიერთობისათვის დამახასიათებელ ელემენტებს. სასამართლომ არასწორადვე განმარტა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის ანაზღაურების დანიშვნით კორპორაციამ მათთან დამოუკიდებელი სახელშეკრულებო ურთიერთობა დაამყარა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, საზოგადოების ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირებთან ურთიერთობაზე არ ვრცელდება შრომის კოდექსი. ასეთი ურთიერთობა წესრიგდება სპეციალური კანონით მეწარმეთა შესახებ და კორპორაციას ყოველთვის აქვს უფლება, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოხსნას აღნიშნული პირები დაკავებული პოზიციებიდან ან გააუქმოს მათთვის დაწესებული შეღავათები.

7.3. მცდარია განმარტება, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არჩევა ნიშნავს პირის შრომით თანამდებობაზე განწესებას და იგი წარმოადგენს იურიდიულ პირსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეებს შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა. აღნიშნული მსჯელობა კანონშეუსაბამოა.

7.4. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხემ იკისრა საბჭოს წევრებისათვის ხელფასების გადახდის ვალდებულება. საქმეში წარმოდგენილი არ არის და ვერც იქნება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ საბჭოს წევრები ამ პირობით დასთანხმდნენ საბჭოს წევრობას და რომ არა მათთვის ანაზღაურების დანიშვნა, ისინი უარს იტყოდნენ საბჭოს წევრობაზე.

7.5. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა მეწარმეთა შესახებ კანონის 9.7 მუხლით, რომლის თანახმად, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე, სამეთვალყურეო საბჭოსა და კორპორაციის სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს და ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ სხვა პირებს არ აქვთ საზოგადოებასთან ჩვეულებრივი შრომითსამართლებრივი ურთიერთობა. ისინი არ არიან დასაქმებულები. კორპორაცია უფლებამოსილია, ამ პირებთან დაამყაროს ისეთი სამართლებრივი ურთიერთობა, როგორიც კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით საზოგადოების საუკეთესო ინტერესებშია. პარტნიორები აკონტროლებენ საზოგადოების ხელმძღვანელობას, მათ უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს დაუნიშნონ და შეუწყვიტონ სამეთვალყურეო საბჭოს ანაზღაურება.

7.6. რომც დგინდებოდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საზოგადოების ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღებული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. სსკ-ის 720-ე მუხლის შესაბამისად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. ამ უფლებაზე უარის თქმის შესახებ შეთანხმება ბათილია. ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ იურიდიული პირის მმართველობის უმაღლეს ორგანოს, განსახილველ შემთხვევაში - სააქციო საზოგადოების აქციონერთა კრებას, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, შეუძლია, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს დავალების ხელშეკრულება ხელმძღვანელობასთან და გამოვლენილი ნება მისი ექსკლუზიური უფლებაა.

7.7. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებს არ მიუთითებიათ და არც სასამართლოს არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის არსებობდა წერილობითი სასამსახურო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც განსხვავებულად მოწესრიგდა შრომის ანაზღაურების საკითხი.

7.8. წინამდებარე საქმეში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა განმარტეს, რომ გასაჩივრებული კრების ოქმით სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ვერ გათავისუფლდნენ, ვინაიდან გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო ხმების რაოდენობამ (75%). მიზეზი, რის გამოც ჩაითვალა, რომ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოგროვდა, არის ის, რომ არსებობს 03.08.2012წ. კრების ოქმი, სადაც მითითებულია, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა გათავისუფლება საჭიროებს ხმათა 75%-ს. აღნიშნული კრების ოქმი გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.03.2020წ. განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 16.06.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:

10.1. მოპასუხე დაფუძნდა 1998 წელს. საზოგადოების მართვის ორგანოებია აქციონერთა საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი (იხ.: წესდება, ტ.1, ს.ფ.21,22; 36-43).

10.2. სამეთვალყურეო საბჭო შედგება სამი წევრისაგან. წევრებს საერთო კრება ირჩევს 4 წლის ვადით (იხ: წესდება, ტ.1, ს.ფ.40).

10.3. მოპასუხის აქციონერთა საერთო კრების 16.08.2013წ. გადაწყვეტილებით - სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არჩეულ იქნა მეორე მოსარჩელე; პირველი მოსარჩელე და მესამე მოსარჩელე სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არჩეულ იქნენ ახალი ვადით; ამავე კრებაზე აქციონერთა გადაწყვეტილებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა 880 ლარით (დარიცხული) (იხ: 16.08.2013წ. აქციონერთა საერთო კრების ოქმი, ტ.1, ს.ფ.44-50), ანუ თითოეული წევრის წლიური ანაზღაურება შეადგენდა 10560 ლარს.

10.4. მოპასუხის წესდების 4.3. პუნქტის შესაბამისად, აქციონერთა საერთო კრება უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილებები მეწარმეთა შესახებ კანონის 54.6 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. კანონის შესაბამის პერიოდში მოქმედი რედაქციის 54.6 მუხლის “ა“, „ბ“, „გ“, და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების (მიიღოს ცვლილებები სააქციო საზოგადოების წესდებაში; მიიღოს გადაწყვეტილება საზოგადოების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ; მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს აქციონერის მიერ ფასიანი ქაღალდების უპირატესი შესყიდვის უფლება (ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში); აირჩიოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ან გამოიწვიოს ისინი სამეთვალყურეო საბჭოდან, განსაზღვროს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არჩევის ვადა) მისაღებად წესდების თანახმად, საჭიროა დამსწრე ხმების 75%-ზე მეტის, ხოლო მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ყველა სხვა გადაწყვეტილების (მათ შორის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შრომის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტა) მისაღებად, დამსწრე ხმების 50%-ზე მეტის თანხმობა.

10.5. 09.03.2015წ. საერთო კრებაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთ-ერთი საკითხი იყო მოსარჩელეების სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გამოწვევა და ახალი წევრების არჩევა; ამ საკითხზე გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული (გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა დამსწრე 75%-ზე მეტი ხმის მქონე აქციონერებმა).

10.6. 09.03.2015წ. აქციონერთა საერთო კრებამ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის ანაზღაურების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

10.7. მოსარჩელეები სამეთვალყურეო წევრის უფლებამოსილებას ახორციელებდნენ 01.10.2015წ.-მდე და სწორედ ამ პერიოდზე ითხოვენ ყოველთვიური ანაზღაურების მიღებას.

10.8. სარჩელის საფუძვლად არის მითითებული და მოპასუხის შესაგებლით შედავებული არ ყოფილა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები თავიანთ ვალდებულებებს ასრულებდნენ პირნათლად და ჯეროვნად.

10.9. მხარეთა შორის არცერთ ეტაპზე სადავო არ გამხდარა ფაქტი, რომ მოპასუხე საზოგადოების სამეურნეო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს (იხ: წესდების მუხ.1.4.; ტ.1, ს.ფ.37).

10.10. მოსარჩელეებს წინამდებარე სარჩელის აღძვრამდე ჰქონდათ აღძრული აღიარებითი სარჩელი მოთხოვნით - აქციონერთა საერთო კრების 09.03.2015წ. ოქმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის ანაზღაურების შეწყვეტის ნაწილში ბათილად ცნობა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 16.06.2017წ. განჩინებით დატოვებულ იქნა განუხილველად სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 16.06.2017წ. განჩინება, ტ.1, ს.ფ.78-80). ამის შემდეგ მოსარჩელეებმა მიმართეს სასამართლოს სარჩელით, სადაც მიკუთვნებითი მოთხოვნაც დააყენეს.

11. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის ანაზღაურების შეწყვეტის თაობაზე საერთო კრების გადაწყვეტილების კანონიერება, კერძოდ, სადავოა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის ანაზღაურების შეწყვეტის ნაწილში მოპასუხის საერთო კრების 09.03.2015წ. ოქმი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად მოსარჩელეთა ყოფნის პერიოდში (09.03.2015 წლიდან 01.10.2015 წლამდე) გაუცემელი ანაზღაურება.

შესაბამისად, წინამდებარე დავის ფარგლებში უნდა განიმარტოს ისეთი საკითხები, რომლებიც უკავშირდება სააქციო საზოგადოების (შემდეგში სს) მართვის უმაღლესი ორგანოს - საერთო კრების კომპეტენციას სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, კერძოდ, ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის წესი, მისი დანიშვნა, შემცირება, შეწყვეტა.

12. სს ყველაზე მსხვილი კაპიტალური საზოგადოებაა. იგი მიიჩნევა კაპიტალური საზოგადოების კლასიკურ მოდელად, რამეთუ მას აქვს წესდებით განსაზღვრული კაპიტალი, რომელიც აქციებად არის დაყოფილი (იხ: ლადო ჭანტურია, ,,კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო სამართალში“, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2006, გვ.82). სააქციო საზოგადოება კორპორაციულად მოწყობილი სუბიექტია, რაც გამომდინარეობს სსკ-ის 24-ე მუხლის მოცემულობიდან (იურიდიული პირის ცნება) (იხ: ირაკლი ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, I ტომი, საკორპორაციო, საბანკო და ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტი (თსუ, იურიდიული ფაკულტეტი), თბილისი, 2010, ს.ფ.109). ძირითადად ოთხი მნიშვნელოვანი მახასიათებელი არსებობს, რითაც კორპორაცია სხვა ბიზნესწარმონაქმნებისაგან განსხვავდება: ა) მესამე პირთა (კრედიტორთა) წინაშე ინვესტორებისათვის შეზღუდული პასუხისმგებლობა (რითაც ინვესტიციის განხორციელების თვალსაზრისით ეს სამართლებრივი ფორმა შეიძლება მიმზიდველი იყოს მათთვის); ბ) წილთა (აქციათა) თავისუფალი გასხვისების რეჟიმი; გ) ე.წ. perpetual life, ანუ უვადო მოქმედების რეჟიმი (აქ იგულისხმება ის, რომ კორპორაციის არსებობა-ფუნქციონირება არ არის დამოკიდებული მასში წევრთა ცვლილებასა თუ სხვა ფაქტორზე; დ) ცენტრალიზებული მენეჯმენტი. კორპორაციის ეს მახასიათებლები განაპირობებს მის ქმედუნარიანობას (იხ: ირაკლი ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, I ტომი, საკორპორაციო, საბანკო და ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტი (თსუ, იურიდიული ფაკულტეტი), თბილისი, 2010, ს.ფ.116).

13. ყველა სს-ის მართვის სავალდებულო ორგანოებია აქციონერთა საერთო კრება და დირექტორატი. რაც შეეხება სამეთვალყურეო საბჭოს, მისი არსებობა ფაკულტატურია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, კერძოდ, სამეთვალყურეო საბჭოს არსებობა სავალდებულოა იმ სს-თვის, რომელიც ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით არის ანგარიშვალდებული საწარმო და დაშვებულია ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, ან სს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არის ლიცენზირებული, ან სს-ის აქციონერთა რაოდენობა აღემატება 100-ს. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოს არსებობა არ არის სავალდებულო.

14. მოპასუხე ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეა, კერძოდ, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 44-ე პუნქტის თანახმად, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების რეესტრს და ასრულებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც განსაზღვრულია ემიტენტსა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს შორის დადებული ხელშეკრულებით. მოპასუხის მართვის ორგანოებია: საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო, დირექტორატი.

15. საერთო კრება სს-ის მართვის უმაღლესი ორგანოა, რომელზეც აქციონერები თავიანთ უფლებებს ახორციელებენ. მიუხედავად ამისა, მისი უფლებები კანონით ზუსტადაა განსაზღვრული და, ამავე დროს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა კრებისაგან განსხვავებით საკმაოდ შეზღუდულია (იხ.: ლადო ჭანტურია, თედო ნინიძე, მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, მესამე გამოცემა, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2002, გვ.373). მხედველობაშია საერთო კრების კომპეტენციის „ენუმერაციულობა“, რაც ნიშნავს, რომ კანონის მუხლი კონკრეტულად შეიცავს იმ უფლებამოსილების ჩამონათვალს, რომელიც ამ ორგანოს აქვს მიკუთვნებული (იხ: ირაკლი ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, II ტომი, საკორპორაციო, საბანკო და ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტი (თსუ, იურიდიული ფაკულტეტი), თბილისი, 2013, ს.ფ.212).

16. საერთო კრება აქციონერთა ნების გამოვლენისა და კორპორაციის ძირითადი პოლიტიკის შემმუშავებელი და განმსაზღვრელი ორგანოა. საერთო კრება ის ადგილია, სადაც აქციონერები ხმის უფლებას იყენებენ და ამით საზოგადოების ნების ფორმირებაზე თავიანთ გავლენას ახდენენ. აქციონერის ცენტრალური უფლებები რეალიზებას სწორედ საერთო კრებაზე პოვებს. ამ ცენტრალურ უფლებებს განეკუთვნება: საერთო კრებაზე მონაწილეობის უფლება, სიტყვის უფლება, განცხადების გაკეთების უფლება, კითხვის უფლება. საერთო კრება კორპორაციის ისეთი ორგანოა, რომლის ჩამოყალიბება-შექმნასაც არ ესაჭიროება ისეთი დანიშვნითი აქტების მიღება, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოსა და გამგეობისთვის არის დამახასიათებელი. იგი ავტომატურად კორპორაციის ყველა პარტნიორისაგან შედგება (ირაკლი ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, II ტომი, საკორპორაციო, საბანკო და ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტი (თსუ, იურიდიული ფაკულტეტი), თბილისი, 2013, ს.ფ.204,205). კრების ოქმის (კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების) ნამდვილობისთვის არ უნდა არსებობდეს მისი ნამდვილობის დამაბრკოლებელი გარემოებები და იგი გარიგების ნამდვილობის ყველა ელემენტს უნდა აკმაყოფილებდეს (შდრ. სუსგ Nას-938-2018, 08.10.2018წ; სუსგ Nას-1548-2019, 14.02.2020წ.).

17. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 54.1 მუხლით, თუ სააქციო საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ყოველწლიურად, წლიური ბალანსის შედგენიდან 2 თვის ვადაში ტარდება მორიგი საერთო კრება, რომელზედაც განიხილება წლიური შედეგები და დღის წესრიგის სხვა შესაძლო საკითხები. სხვა შემთხვევებში ტარდება რიგგარეშე საერთო კრება დირექტორების ან სამეთვალყურეო საბჭოს ან ამ კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში – აქციონერების მოთხოვნით.

18. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 54.6 მუხლი განსაზღვრავს საერთო კრების კომპეტენციას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევისა და გამოწვევის გადაწყვეტილების მიღება (მეწარმეთა შესახებ კანონის მუხ. 54.6. „ვ“, აირჩიოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ან გამოიწვიოს ისინი სამეთვალყურეო საბჭოდან, განსაზღვროს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არჩევის ვადა), რისთვისაც კანონით საკმარისია დამსწრე ხმის მქონე პარტნიორთა ხმების 50%-ზე მეტის თანხმობა. ამასთან, მხარეები უფლებამოსილი არიან, წესდებით ხმათა უფრო მაღალი ზღვარი განსაზღვრონ. მოპასუხე კორპორაციის წესდებით მოპასუხის აქციონერთა მიერ განხორციელებული თვითბოჭვის ფარგლებში ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრე ხმების 75%-ზე მეტი. სწორედ ეს წინაპირობა გახდა 09.03.2015წ. კრებაზე მოსარჩელეთა გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ხელისშემშლელი ფაქტორი. მეწარმეთა შესახებ კანონის 55.12 მუხლით სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ვადამდე გადარჩევა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი და რაიმე სპეციალურ პირობას არ უკავშირდება.

19. აქციონერთა საერთო კრება არა მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევის საკითხს წყვეტს, არამედ მას საბჭოს წევრთა ანაზღაურების საკითხის დადგენის და გადაწყვეტის კომპეტენციაც აქვს (მეწარმეთა შესახებ კანონის მუხ. 54.6. „თ“, საერთო კრება უფლებამოსილია გადაწყვიტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შრომის ანაზღაურების საკითხი). პალატა ამახვილებს ყურადღებას მასზე, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა ავტომატურად არ წარმოშობს ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. ამდენად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურებისათვის არ არსებობს მისი სასყიდლიანობის პრეზუმფცია.

20. ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტა საერთო კრების კომპეტენციაა. ამასთან, მეწარმეთა შესახებ კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტის ბოლო წინადადებით, ეს კომპეტენცია შეიძლება გადაცემულ იქნეს სხვა ორგანოზე. წევრთა ანაზღაურების დადგენისა და მისი განსაზღვრის საკითხი, შესაძლოა, კორპორაციის დირექტორატის კომპეტენციაში მოექცეს (ირაკლი ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, II ტომი, საკორპორაციო, საბანკო და ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტი (თსუ, იურიდიული ფაკულტეტი), თბილისი, 2013, ს.ფ. 289). თუმცა, ასეთი დელეგირებით პრაქტიკაში გარკვეული პრობლემების საფრთხე იქმნება სამეთვალყურეო საბჭოს ძირითადი ფუნქციის - მართვის პროცესის კონტროლის კუთხით, რადგან მისი წევრები იქნებიან დირექტორატზე დამოკიდებული.

21. ანაზღაურების გარეშე საქმიანობა არ არის პასუხისმგებლობისაგან საბჭოს წევრის გათავისუფლების საფუძველი. უსასყიდლოდ მუშაობა, თავის მხრივ, არ ნიშნავს, რომ მას არა აქვს უფლება, მოითხოვოს იმ ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაწია საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე (მაგ.: მივლინების ხარჯები და ა.შ.). შესაძლოა, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ანაზღაურება განისაზღვროს განსაზღვრული თანხის ფარგლებში, ასევე, დაშვებულია მიბმული იყოს კორპორაციის მოგებაზე და განისაზღვროს მოგებიდან პროცენტის მიცემით (იხ.: ლადო ჭანტურია, თედო ნინიძე, მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, მესამე გამოცემა, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2002, გვ.383,384). ძირითადად გამოყოფენ ალტერნატიულად ან კუმულაციურად მყარად განსაზღვრულ ყოველთვიურ ხელფასს ან მოგების მიღებაში მონაწილეობის უფლებას (იხ: ირაკლი ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, II ტომი, საკორპორაციო, საბანკო და ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტი (თსუ, იურიდიული ფაკულტეტი), თბილისი, 2013, ს.ფ.290). ანაზღაურება შეიძლება იყოს ფიქსირებული ან ცვალებადი.

22. არის შემთხვევები, როდესაც სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოებისაგან ანაზღაურებას საერთოდ არ იღებენ, თუმცა უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვთ დანიშნული და, შესაბამისად, მათი საქმიანობა სასყიდლიანია. ბუნებრივია, თავად ანაზღაურების სისტემა და მოცულობა სს-ზე და მის ფინანსურ სიძლიერეზეა დამოკიდებული, მაგრამ გასათვალისწინებელი ყველა შემთხვევაში ის არის, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად ასრულებდეს დაკისრებულ მოვალეობებს, რისი საწინდარიც, პიროვნულ ფაქტორებთან ერთად, შესაძლოა, მისი ანაზღაურების სიდიდეც იყოს (ირაკლი ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, II ტომი, საკორპორაციო, საბანკო და ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტი (თსუ, იურიდიული ფაკულტეტი), თბილისი, 2013, ს.ფ. 286-287).

23. არსებობს მოსაზრება, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი არ არის სახელშეკრულებო, რადგან საერთო კრებაა კანონით უფლებამოსილი, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება (Drygala in: Schmidt, K./Lutter, AktG, 4. Aufl. 2020, § 113 AktG, 2. Herabsetzung, Rn26). ასევე არსებობს მოსაზრება, საკითხი ე.წ. „პრინციპალ-აგენტის“ ურთიერთობის ჭრილში იქნეს განხილული. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურება დავალების მიმცემისა და მისი მიმღების ეკონომიკურსამართლებრივ ურთიერთობაზეა დაფუძნებული. აღნიშნული ურთიერთობა წარმოიშობა მაშინ, როდესაც დავალების მიმცემი დავალების მიმღებს გარკვეული ამოცანების შესრულებისა და ამ ფუნქციების შესრულებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციას ანიჭებს ისე, რომ ამაში აგენტი სასყიდელს იღებს. დავალების მიმცემი (პრინციპალი) საზოგადოების აქციონერია, რომელიც გარკვეული ამოცანების შესრულებისა და გადაწვეტილებ(ებ)ის მიღების უფლებამოსილებას კორპორაციის სხვა ორგანოებს ანიჭებს. გერმანულ სამართალში ფუნქციები გადანაწილებულია სამეთვალყურეო საბჭოსა და კორპორაციის გამგეობას შორის. აქციონერი სამეთვალყურეო საბჭოს ზედამხედველობისა და კონტროლის ფუნქციას გადასცემს, სამეთვალყურეო საბჭო კი გადაწყვეტილებების მიღებით მოქმედებს (ირაკლი ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, II ტომი, საკორპორაციო, საბანკო და ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტი (თსუ, იურიდიული ფაკულტეტი), თბილისი, 2013, ს.ფ. 286-288). საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, საზოგადოების დირექტორსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობა შეფასებულია დავალების ხელშეკრულებად და დადგენილია, რომ მეწარმეთა შესახებ კანონის ნორმებთან ერთად გამოყენებული უნდა იქნეს არა შრომითი ურთიერთობების, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები (შდრ. სუსგ №ას-895-845-2015წ., 29.01.2016წ.; №ას-240-228-2016, 28.09.2016წ.; №ას-1203-2018, 25.04.2019წ.). მეწამეთა შესახებ კანონის 9.7 (ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება მეწარმეთა შესახებ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით) და 55.9. (სამეთვალყურეო საბჭოს პასუხისმგებლობისათვის გამოიყენება ამ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი და 56-ე მუხლის მე-4 პუნქტი) მუხლების საფუძველზე დირექტორების მიმართ მოქმედი წესები გამოიყენება სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიმართ.

ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით პალატას მიაჩნია: მიუხედავად იმისა, რომ მეწარმეთა შესახებ კანონი სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურებას მოიხსენიებს „შრომის ანაზღაურების“ საკითხად, შინაარსობრივად ეს არ არის შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ხელფასი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურება არ ექვემდებარება შრომის კოდექსით მოწესრიგებას.

24. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურების საკითხის დამდგენ ცენტრალურ ნორმას ქართულ სამართალში წარმოადგენს მეწარმეთა შესახებ კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი. კანონი ზოგადად უთითებს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ, შესაბამისად, საკმარისად მიიჩნევს საერთო კრების წერილობით გადაწყვეტილებას ანაზღაურების შეწყვეტის ან მისი მოცულობის შემცირების თაობაზე, რასაც, თავის მხრივ, წესდებაში სათანადო ცვლილება არ სჭირდება. ამასთან, არ არის დაკონკრეტებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შრომის ანაზღაურების საკითხის დროში მოქმედების კონტექსტი, რაც შესაბამის განმარტებებს მოითხოვს და განაპირობებს მის მართებულობას.

25. მხარეთა შორის წარმოშობილი დავა ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგებას და უცხო ქვეყნის საკანონმდებლო რეგულაციას თუ პრაქტიკას მოცემულ საქმეზე პირდაპირი მოქმედება ვერ ექნება, თუმცა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის, ყურადსაღებია განსახილველ სადავო საკითხზე გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომა (იხ: ბესარიონ ზოიძე, ევროპული კერძო სამართლის რეცეფცია საქართველოში, საგამომცემლო საქმის სასწავლო ცენტრი, თბილისი, 2005, გვ. 182-188).

26. გერმანიის სააქციო კანონის (Aktiengesetz) § 113 არეგულირებს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ანაზღაურების (Vergütung) საკითხს, კერძოდ, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საქმიანობისათვის შეიძლება იღებდნენ ანაზღაურებას. ეს შეიძლება, განსაზღვრული იყოს წესდებაში ან გადაწყდეს აქციონერთა საერთო კრებაზე. ის უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრების წინაშე მდგარი ამოცანებისა და კომპანიაში არსებული მდგომარეობის თანაზომიერი. სამეთვალყურეო საბჭოს შექმნისას/დაკომპლექტებისას საერთო კრება წყვეტს მისი წევრების ანაზღაურების საკითხს. იმ სააქციო საზოგადოებებში, რომელთა აქციებიც დაშვებულია საფონდო ბირჟაზე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ანაზღაურების საკითხი უნდა გადაწყდეს არანაკლებ 4 წელიწადში ერთხელ. წესდებაში აღნიშვნით ან საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც გერმანული კანონმდებლობის მიხედვით, სათანადოდ უნდა დარეგისტრირდეს სავაჭრო რეესტრში, სამეთვალყურეო საბჭოს წევრსა და კორპორაციას შორის ყალიბდება ურთიერთობა, რომელიც ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ანაზღაურება განსაზღვრულია საზოგადოების წესდებით, მისი ცვლილება/შემცირება მოითხოვს წესდებაში ცვლილების შეტანას (Drygala in: Schmidt, K./Lutter, AktG, 4. Aufl. 2020, § 113 AktG, 2. Herabsetzung, Rn25).

27. პრაქტიკაში პრობლემურია საერთო კრების მიერ სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურების შემცირების/შეწყვეტის გადაწყვეტილების დროში მოქმედება, კერძოდ, ერთ-ერთ საქმეზე სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილება ფიქსირებული ანაზღაურების შემცირების შესახებ შეიძლება შეეხებოდეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ანაზღაურების საკითხებს მხოლოდ მომავალი სამეურნეო წლისთვის (LG München I 5. Kammer für Handelssachen, Entscheidungsdatum: 30.08.2012; 5 HK O 1378/12, 5 HKO 1378/12). სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, რომელიც სამეურნეო წლის დასაწყისში უკვე იკავებს ფიქსირებულ პოზიციას, წარმოეშობა უფლება ანაზღაურებაზე (LG München I 5. Kammer für Handelssachen, Entscheidungsdatum: 30.08.2012; 5 HK O 1378/12, 5 HKO 1378/12. Rn 65; Habersack in: Münchener Kommentar zum AktG, 3. Aufl., Rdn. 36 und 34 zu § 113; Mertens in: Kölner Kommentar zum AktG, 2. Aufl., Rdn. 34 zu § 113; Hopt/Roth in: Großkommentar zum AktG, a. a. O., Rdn. 96 zu § 113; Hoffmann-Becking in: Münchener Handbuch des Gesellschaftsrechtes, Band 4, Aktiengesellschaft, 3. Aufl., § 33 Rdn. 23). სამეურნეო წლის დასაწყისში იმის ცოდნა, რომ მიმდინარე წელს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები მიიღებენ ფიქსირებულ ანაზღაურებას, ეფუძნება მათ ნდობას, რომელიც უნდა გამართლდეს (Drygala in: Schmidt, K./Lutter, AktG, 4. Aufl. 2020, § 113 AktG, 2. Herabsetzung, Rn26).

28. ბუნებრივია, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს საზოგადოების ადაპტირება გაუარესებულ ეკომომიკურ მდგომარეობასთან სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურების მიმდინარე წელს შემცირების გზითაც (LG München I 5. Kammer für Handelssachen, Entscheidungsdatum: 30.08.2012; 5 HK O 1378/12, 5 HKO 1378/12. Rn65; ასევე იხ.: Hüffer, AktG, a. a. O., Rdn. 6 zu § 113; Breuer/Fraune in: Heidel, Aktienrecht und Kapitalmarktrecht, a. a. O., Rdn. 9 zu § 113)).

29. საერთო კრების მიერ ანაზღაურების შემცირების/შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას არ სჭირდება სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა თანხმობა (Drygala in: Schmidt, K./Lutter, AktG, 4. Aufl. 2020, § 113 AktG, 2. Herabsetzung, Rn26). ამასთან, საერთო კრების მიერ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ანაზღაურების შემცირების/შეწყვეტის შემთხვევაში საბჭოს წევრები არ არიან ვალდებული, დაემორჩილონ ამ გადაწყვეტილებას და გააგრძელონ შემცირებული ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე თავიანთი მოვალეობების შესრულება. საერთო კრების მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღება ითვლება საპატიო მიზეზად, როდესაც სამეთვალყურეო საბჭოს წევრი უფლებამოსილია, დატოვოს საბჭო (Israel in: Bürgers/Körber, Aktiengesetz, 4. Aufl. 2017, § 113 Vergütung der Aufsichtsratsmitglieder, 4. Herabsetzung der Vergütung, Rn.19).

30. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით შეიძლება დავასკვნათ, რომ:

ა) სს-ში საერთო კრებას არა მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევის, არამედ საბჭოს წევრთა ანაზღაურების საკითხის (ანაზღაურების დანიშვნის, შემცირების, შეწყვეტის) დადგენისა და გადაწყვეტის კომპეტენციაც აქვს; ბ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა ავტომატურად არ წარმოშობს ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. ამდენად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურებისათვის არ არსებობს მისი სასყიდლიანობის პრეზუმფცია; გ) შესაძლოა, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ანაზღაურება განისაზღვროს ფიქსირებული ან ცვალებადი ანაზღაურების სახით და უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრების წინაშე მდგარი ამოცანების, კომპანიაში არსებული მდგომარეობის თანაზომიერი; დ) სამეთვალყურეო საბჭოს იმ წევრების მიმართ, რომლებსაც სამეურნეო წლის დასაწყისში უკვე ეკავათ პოზიცია და განსაზღვრული იყო მათი ფიქსირებული ანაზღაურების ოდენობა, საერთო კრება უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ანაზღაურების მომავალი სამეურნეო წლიდან შემცირების/ შეწყვეტის შესახებ; ე) რაც შეხება მიმდინარე წელს ანაზღაურების შემცირებას/ შეწყვეტას, ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, თუ კორპორაციის ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ აუცილებელია საზოგადოების ადაპტირება სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურების მიმდინარე წელს შემცირების/შეწყვეტის გზით; ვ) საერთო კრების მიერ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ანაზღაურების შემცირების/შეწყვეტის შემთხვევაში საბჭოს წევრები არ არიან ვალდებული, გააგრძელონ შემცირებული ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე თავიანთი მოვალეობების შესრულება.

31. წინამდებარე საქმეზე საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: იმ პირობებში, როცა მოსარჩელეების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად არჩევის მომენტში წევრობა იყო ანაზღაურებადი და საერთო კრების გადაწვეტილებით ანაზღაურება განისაზღვრა ფიქსირებული ფორმით, პრეზუმირებულია სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა მოლოდინი საზღაურის მიღებაზე. შესაგებლით შედავებული არ ყოფილა მოსარჩელეთა მხრიდან ვალდებულებების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულების ფაქტი. მოსარჩელეებს ანაზღაურება შეუწყდათ მიმდინარე სამეურნეო/კალენდარულ წელს - 09.03.2015წ. და ისინი სამეთვალყურეო წევრის უფლებამოსილებას ახორციელებდნენ 01.10.2015 წლამდე, შესაბამისად, სადავო გადაწყვეტილება შეეხება სწორედ 09.03.2015 წლიდან 01.10.2015 წლამდე პერიოდს. მოპასუხე ვერ უთითებს საზოგადოების/კორპორაციის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ამსახველ გარემოებებს, რაც აუცილებელს გახდიდა საზოგადოების ადაპტირებას სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურების მიმდინარე წელს შეწყვეტის გზით (იხ: 12.11.2020წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 13:45:31- 13:50:25). შესაბამისად, მიმდინარე სამეურნეო/კალენდარულ წელს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის ანაზღაურების შეწყვეტა არ შეიძლება, შეფასდეს კანონიერ და კორპორაციის ინტერესების შესაბამის მოქმედებად. სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად საზოგადოების სადავო კრების ოქმი გასაჩივრებულ ნაწილში და მოპასუხეს დააკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ მიუღებელი ანაზღაურების გადახდა.

32. სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

33. საკასაციო საჩივრის უარყოფის გამო, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 264.3, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „კ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინება;

3. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე