საქმე №ას-1160-2020 18 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ბ.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ფ.ბ.ს–ო’’ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სს ,,ფ.ბ.ს–ოს’’ სარჩელი ი/მ რ.მ–ის, რ.ხ–ის, მ.კ–ძისა და ბ.მ–ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი/მ რ.მ–მა და ბ.მ–მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით, ბ.მ–ის სააპელაციო საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 27.11.2019წ. გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ბ.მ–მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ბ.მ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ბ.მ–ს დაევალა, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული კერძო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი.
ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, ბ.მ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ბ.მ–ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული კერძო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი.
ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ბ.მ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ბ.მ–ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული კერძო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი.
ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში კერძო საჩივრის ავტორმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და კვლავ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ იგი არის უმუშევარი, ქვეყანაში შექმნილი პანდემიიდან გამომდინარე შემოსავალი არ გააჩნია და არის უკიდურესად გაჭირვებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა ობიექტური გარემოებების არსებობისას. კასატორმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, უნდა დაადასტუროს თავისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია შეავსოს ხარვეზი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.
განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი შუამდგომლობს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე ისე, რომ მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია მისი ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გაეგრძელებინა მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა. გარდა ამისა, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ერთხელ უკვე იმსჯელა კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, არ დააკმაყოფილა იგი და კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელა საპროცესო ვადა ხარვეზის შევსებისათვის. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ, თუ მითითებულ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა, კერძო საჩივარი არ მიიღებოდა და განუხილველად დარჩებოდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა.
ამრიგად, სასამართლო თვლის, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბ.მ–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: მირანდა ერემაძე