Facebook Twitter

საქმე №ას-607-2020 18 ნოემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნ.მ–ი (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული) 2008 წლის 2 ივნისიდან დასაქმებული იყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, დამსაქმებელი, ან კასატორი). თავდაპირველად მას ეკავა ამავე ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის სამსახურის ნარკოტიკული, მომწამლავი ნივთიერებების, ფარმაპრეპარატებისა და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ლაბორატორიის ლაბორანტის თანამდებობა. 2010 წლის 15 თებერვლიდან გადაყვანილ იქნა ნარკოლოგიური-ქიმიური ექსპერტიზის სამსახურის ექსპერტის თანამდებობაზე, ხოლო 2010 წლის 1 სექტემბრიდან ეკავა ამავე ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტის თანამდებობა ბიუროს უფროსის ბრძანების საფუძველზე.

2. 2013 წლის 5 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით, რომლითაც დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 1550 ლარით. 2013 წლის 1 ოქტომბრიდან შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 1650 ლარს (დასაბეგრი).

3. ექსპერტიზის ბიუროს შინაგანაწესის 8.3 პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეჩერებისას დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების მოშლა. 11.1. პუნქტის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება. 11.2. პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომისათვის დასაქმებულის მიმართ გამოიყენება შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა; ე) შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და სამსახურიდან გათავისუფლება. 11.3. პუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებამდე დამრღვევს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. 11.4. პუნქტის თანახმად კი დისციპლინური პასუხისმგებლობა შეიძლება დასაქმებულს დაეკისროს დარღვევის გამოვლენისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს ერთი თვისა გამოვლენიდან.

4. 2016 წლის 1 ივნისს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლმა ექსპერტიზის ბიუროს მიმართა წერილობით სისხლის სამართლის საქმეზე ალკოჰოლური თრობის ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. დამკვეთი ითხოვდა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას, რომელსაც უნდა დაედგინა ფიზიკური პირების სხეულიდან აღებული სისხლის ნიმუში შეიცავდა თუ არა ეთილის სპირტს. დადებით შემთხვევაში, როგორი იყო მისი სიმთვრალე - სიფხიზლის ხარისხი. ექსპერტს წარედგინა სხეულებიდან აღებული 05-05 მლ. გრამი სისხლის ნიმუშები (საკვლევი ბიოლოგიური მასალა), რომლებიც მოთავსებული იყო თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტებში და დალუქულ მდგომარეობაში საექსპერტო დავალება შესასრულებლად დაეწერა მოსარჩელეს, რომელსაც უნდა დაედგინა ეთილის სპირტის შემცველობა სისხლში, ხოლო ექსპერტ გ.მ–ს, სიმთვრალის ხარისხი. 2016 წლის 20 ივნისს მომზადდა N003572816 ექსპერტის დასკვნა და დადგენილი პროცედურების დაცვით ჩაბარდა დამკვეთს. ექსპერტიზის დასკნაში გაკეთებული შენიშვნის მიხედვით ,,შენიშვნა: ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტების დარჩენილი ოდენობა ინახება ექსპერტიზის ბიუროში, დასკვნის გაცემიდან 30 დღის განმავლობაში, შემდეგ იგი ექვემდებარება განადგურებას სათანადო წესების შესაბამისად (საფუძველი - საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 10 დეკემბრის #317/ნ ბრძანება’’).

5. 2016 წლის 6 ივლისს ექსპერტიზის დამნიშვნელ გამომძიებელის მიერ ექსპერტიზის ბიუროში შეტანილ იქნა 2016 წლის 30 ივნისით დათარიღებული წერილი, სადაც ითხოვდა საგამოძიებო ორგანოს მიერ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად საექსპერტო დაწესებულებაში წარდგენილი სისხლის ნიმუშების სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გამომძიებლის ნებართვის გარეშე არ მომხდარიყო განადგურება და ნიმუშები შენახულიყო სათანადო პირობების დაცვით. აღნიშნული წერილი დაეწერა მოსარჩელეს ელექტრონულად და იგი გაეცნო მას.

6. 2017 წლის 12 იანვარს მოპასუხეს წერილით მიმართა ექსპერტიზის დამნიშვნელმა გამომძიებელმა. წერილის შინაარსიდან ირკვევა, რომ გამომძიებელი ითხოვდა 2016 წლის 25 მაისის დადგენილების შესაბამისად ექსპერტიზის ბიუროში წარდგენილი სისხლის ნიმუშების დაბრუნებას. აღნიშნული ნიმუშების დაბრუნება ვერ განხორციელდა, ვინაიდან ამ დროისათვის ნიმუშები უკვე განადგურებული იყო.

7. ექსპერტიზის ბიუროს შიდა აუდიტის და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ 2017 წლის 17 იანვრის წერილის საფუძველზე განხორციელდა სამსახურებრივი შემოწმება მოსარჩელის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე. მოხსნებით ბარათში აღნიშნულია, რომ ახსნა-განმარტება ჩამოერთვა მოსარჩელეს, რომელმაც განმარტა, რომ მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული დამკვეთი მხარის წარმომადგენლის ნება კვლევის ობიექტის შენახვის თაობაზე. წერილობითი ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ სისხლის ნიმუშების განადგურება განხორციელდა არა ერთი თვის ვადაში, არამედ 6 თვის გასვლის შემდეგ.

8. მოსარჩელე 31.01.2017 წლიდან 06.02.2017 წლამდე არ ასრულებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის გამო. მოსარჩელეს 13.02.2017 წლიდან 31.08.2017 წლამდე შეჩერებული ჰქონდა შრომითი ურთიერთობა, ვინაიდან იგი იმყოფებოდა შვებულებაში ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო 200 კალენდარული დღით.

9. მოსარჩელის ქმედება მიჩნეულ იქნა უხეშ დარღვევად და 2017 წლის 1 სექტემბერს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა სშკ-ის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) 37.1. მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

10. სასარჩელო მოთხოვნა

10.1. დასაქმებულმა, 2017 წლის 2 ოქტომბერს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:

10.2. 2017 წლის 1 სექტემბრის №51/1 სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა;

10.3. ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოში ექსპერტის პოზიციაზე აღდგენა;

10.4. მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიურად 1650 ლარის გადახდა, 2017 წლის 1 სექტემბრიდან, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

11. მოპასუხის პოზიცია

11.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

12.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

12.2. ბათილად იქნა ცნობილი ბიუროს 2017 წლის 1 სექტემბრის №51/1 ბრძანება, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;

12.3. მოსარჩელე აღდგენილ იქნა ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოში ექსპერტის თანამდებობაზე;

12.4. მოპასუხეს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 15 დეკემბრამდე ყოველთვიურად 1650 ლარი, ხოლო 2018 წლის 15 დეკემბრიდან მოსარჩელის სამსახურში აღდგენამდე პერიოდისთვის, განაცდურის სახით, ყოველთვიურად დასაბეგრი 896.16 ლარის გადახდა;

13. დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი

13.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

14.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

14.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე.

14.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შრომით-სამართლებრივი დავებისათვის დამახასიათებელი მტკიცების სპეციფიური სტანდარტის შესაბამისად, მოპასუხემ ვერ დაამტკიცა მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ან/და შინაგანაწესით მასზე ნაკისრი ვალდებულების დარღვევა ან/და იმგვარი დარღვევა, რაც აუცილებელს ხდიდა მასთან უკიდურესი ღონისძიების გამოყენებას - სამსახურიდან დათხოვნას და შედარებით უფრო მსუბუქი ხასიათის სხვა ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობას.

14.4. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ბრძანება დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე სწორად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე, რამდენადაც, დამსაქმებლის ნება ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული „მართლზომიერი ნების“ მაღალ სტანდარტებს.

14.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ბრძანების ბათილად ცნობას შედეგად უნდა მოჰყვეს მანამდე არსებული სამართლებრივი რეალობის აღდგენა - მოსარჩელის დაბრუნება დათხოვნამდე დაკავებულ თანამდებობაზე. დათხოვნის თაობაზე მიღებული აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შედეგია მოპასუხისათვის იმ მიუღებელი შემოსავლის/განაცდურის დაკისრება, რასაც დასაქმებული მიიღებდა იმ შემთხვევაში, მოპასუხეს არამართლზომიერად რომ არ დაერღვია მისი უფლებანი. დადგენილია, რომ მოსარჩელე 2018 წლის 15 ნოემბრიდან დასაქმებულია კერძო კომპანიაში და მისი დასაბეგრი ხელფასი ყოველთვიურად შეადგენს 753.84 ლარს. სააპელაციო პალატის შეფასებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო სასარჩელო მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურების თაობაზე და მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა თანხა გათავისუფლების მომენტიდან სამსახურში აღდგენამდე ამასთან, იმ თანხის გამოკლებით, რომელიც მას ახალ სამსახურში მუშაობის პერიოდში უკვე მიღებული აქვს ხელფასის სახით.

14.6. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა თითქოს სადავო საკითხი უნდა შეფასდეს არა იმ კრიტერიუმით, თუ რა ვადა იყო გათვალისწინებული საკვლევი მასალის შესანახად და რა ვადაში გაანადგურა მოსარჩელემ ბიოლოგიური ნიმუში, არამედ იმ ფაქტობრივი გარემოებით, რომ დამკვეთმა ითხოვა ჩაბარებული ნიმუშების არ განადგურება მისი მითითების გარეშე და სათანადო პირობებში შენახვა. ექსპერტმა აღნიშნული არ გაითვალისწინა და მასალა განადგურა საექსპერტო დაწესებულების და დამკვეთისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.

14.7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაქმებულის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესში დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილი იყო გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ გაენადგურებინა თუნდაც მისთვის შესანახად ჩაბარებული ბიოლოგიურ ნიმუშებში ალკოჰოლის შემცველობისა და სიმთვრალე-სიფხიზლის ხარისხის დადგენის თაობაზე, მიუხედავად იმისა, დამკვეთმა წინასწარ გააფრთხილა თუ არა საექსპერტო დაწესებულება ბიოლოგიური ნიმუშების შენახვის თაობაზე და ამასთან, არსებობდა თუ არა ბიუროს ადმინისტრაციის თანხმობა აღნიშნულის შესახებ.

14.8. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 20.06.2016 წელს მომზადებულ N003572816 ექსპერტის დასკვნაში, რომელიც დადგენილი პროცედურების დაცვით ჩაბარდა დამკვეთს, შენიშვნის სახით მითითებული იყო, რომ ,,ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტების დარჩენილი ოდენობა ინახება ბიუროში, დასკვნის გაცემიდან 30 დღის განმავლობაში, შემდეგ იგი ექვემდებარება განადგურებას სათანადო წესების შესაბამისად (საფუძველი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 10 დეკემბრის N317/ნ ბრძანება) .

14.9. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 10 დეკემბრის N317/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მდგომარეობის ფაქტის დადგენის წესების შესახებ’’ ინსტრუქციის მე-10 მუხლის თანახმად, სადაო შემთხვევაში სასურველია ალკოჰოლის შემცველობის განსაზღვრა მოხდეს ორი განსხვავებული მეთოდით. ასეთ შემთხვევაში გამოსაკვლევი პირისაგან საანალიზოდ აღებული მასალის ნაწილი ილუქება დადგენილი წესით და ინახება სათანადო პირობების დაცვით 10 დღის განმავლობაში, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხერხდეს განმეორებითი ანალიზის ჩატარება. ამავე წესების თანახმად, კლინიკური შემოწმების გარდა გამოსაკვლევი პირისაგან აღებულ ბიოლოგიურ მასალაში (შარდში) ნარკოტიკული ან სხვა გამაბრუებელი საშუალებების შემცველობის განსაზღვრა ხდება ექსპრეს ტესტებით და თხელფენოვანი ქრომატოგრაფიის მეთოდით. ბიოლოგიური მასალა ილუქება ორ ულუფად და ინახება მაცივარში სათანადო წესების დაცვით ოცდაათი დღის განმავლობაში. ექსპერტიზის ბიუროს შიდა ნორმატიული აქტებით (საკვლევი ნიმუშების განადგურების დროისათვის მოქმედი რედაქციით) ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს პროცედურების სახელმძღვანელოს ბიოლოგიური ობიექტების შენახვის თავში მითითებულია, რომ ალკოჰოლურ ნივთიერებებზე გამოკვლეული ბიოლოგიური ობიექტები (სისხლი, შარდი, კუნთი, მინისებური სხეული) უნდა ინახებოდეს 1 თვის განმავლობაში მაცივრის პირობებში (-20C0). ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე გამოკვლეული ბიოლოგიური ობიექტები (სისხლი, შარდი) უნდა ინახებოდეს 6 თვის განმავლობაში მაცივრის პირობებში (-20C0). ალკოჰოლურ ნივთიერებებზე გამოსაკვლევი ბიოლოგიური ობიექტების, კერძოდ სისხლის შენახვის ვადა შეადგენს 1 თვეს.

14.10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მისთვის შესანახამდ მიბარებული ბიოლოგიური ნიმუშის განადგურება მოხდა 6 თვის შემდეგ. საქართველოს კანონმდებლობა კი მოსარჩელეს არ ავალდებულებდა განუსაზღვრელი ვადით შეენახა მისთვის მიბარებული ბიოლოგიური ნიმუშები, ან მათი განადგურება შეეთანხმებინა ბიუროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან.

14.11. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ დამკვეთს უნდა ჰქონოდა მოლოდინი იმისა, რომ საექსპერტო დაწესებულება საკვლევ ნიმუშებს მუდმივად ვერ შეინახავდა და გარკვეულ გონივრულ ვადაში მოხდებოდა მისი უტილიზაცია.

14.12. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით ცალსახად არ დადგინდა, თუ ვის ვალდებულებას წარმოადგენდა საკვლევი ნიმუშების შენახვა, მით უმეტეს ისეთ შემთხვევაში, როდესაც ორ სხვადასხვა ექსპერტს უნდა ჩაეტარებინა ექსპერტიზა. იმ პერიოდში მოქმედი ნორმატიული აქტები არ შეიცავდა ჩანაწერს იმის შესახებ, თუ კონკრეტულად ვინ იყო პასუხისმგებელი დამკვეთის მიერ წარდგენილი ბიოლოგიური მასალის შენახვაზე ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ.

14.13. სასამართლოს შეფასებით თუნდაც დადასტურებულიყო მოსარჩელის მხრიდან რაიმე სახის გადაცდომის ჩადენის ფაქტი, დამსაქმებლის მხრიდან, ამ ფაქტის გამო დასაქმებულისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის უმკაცრესი ზომის გამოყენება, მაინც ვერ ჩაითვლებოდა მართლზომიერ მოქმედებად, იმის გათვალისწინებით, რომ გათავისუფლების დროისათვის მას წინა 1 წლის პერიოდის განმავლობაში დისციპლინური გადაცდომა არ ჩაუდენია.

14.14. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მოპასუხის შინაგანაწესის მიხედვით დისციპლინური სახდელის შეფარდების ვადაა 1 თვე, მოსარჩელის მიერ სავარაუდო გადაცდომის ჩადენის შესახებ ინფორმაციის მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 31 იანვარს შიდა აუდიტის და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთირთობა შეწყდა 7 თვის შემდგომ, 2017 წლის 1 სექტემბერს.

15. დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი

15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

15.2. კასატორის განმარტებით, მოსარჩელის მიერ ნივთმტკიცების თვითნებური განადგურება წარმოადგენდა დისციპლინურ გადაცდომას. კომპეტენციის ფარგლებში ბიუროს ხელმძღვანელობამ დისციპლინური სახდელის განსაზღვრის მიზნით, ჩაატარა სამსახურებრივ მოკვლევა და მივიდა დასკვნამდე, რომ დასაქმებულის მიერ ბრალეულად იყო ჩადენილი ბიუროს შინაგანაწესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევა. შესაბამისად, მის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი. მოსარჩელის არამართლზმოერმა ქმედებამ ზიანი მიაყენა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას და დაბრკოლება შეუქმნა მართლმსაჯულების განხორციელებას.

15.3. მოსარჩელის მიერ დისციპლინური გადაცდომის არსი მდგომარეობდა არა იმაში, რომ მოსარჩელემ გაანადგურა მისთვის ჩაბარებული ბიულოგიური ნიმუშები კანონმდებლობით დადგენილ ვადაზე ადრე, არამედ იმაში, რომ წინასწარ აღნიშნულის თაობაზე არ შეატყობინა არც დამკვეთს და არც ბიუროს ხელმძღვანელ პირებს. დასაქმებულმა არ გამოიყენა ის უნარები, რაც აუცილებელი იყო მისი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულებასთან და მისი დამკვეთის მიერ წინასწარი გაფრთხილების მიუხედავად, შეთანხმების გარეშე გაანადგურა გადაცემული ნივთმტკიცებები. მოსარჩელის მიერ ჩადენილ გადაცდომას დამსაქმებულის მხრიდან მიეცა კვალიფიკაცია - ბიუროს შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. მოსარჩელე გათავისუფლდა იმ მიზეზით, რომ უგულებელყო გამომძიებლის სპეციალური მითითება მტკიცებულებების შენახვის თაობაზე, რითაც უხეშად დაარღვია შრომითი ვალდებულებები.

15.4. სააპელაციო პალატამ კრიტიკული ანალიზის გარეშე შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ დამსაქმებელმა დაარღვია დისციპლინური სახდელის მოსარჩელისთვის დაკისრების კანონმდებლობით დადგენილი ერთთვიანი ვადა.

16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

16.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

22. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს სშკ-ის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) 37-ე და 38-ე მუხლებით. რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენების აღკვეთის საკანონმდებლო იმპერატივს, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. აღნიშნული ნორმაცია სშკ-ის შესაბამის ნორმებთან ერთად ქმნის საკანონმდებლო რეგულირების იმ ბადეს, რომელიც ერთის მხრივ იცავს დასაქმებულს - გაუმართლებლად არ მოხდეს მისი გათავისუფლება და მეორე მხრივ - დამსაქმებელს - შრომითი ურთიერთობის დარღვევისათვის დაითხოვოს თანამშრომელი. ასე, რომ აღნიშნული ნორმები ქმნიან მოქმედების იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია გამართლებული იყოს როგორც პირის სამსახურიდან დათხოვნა, ისე სამსახურში აღდგენა, თუმცა აღნიშნული შედეგების რეალიზებისთვის აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს მტკიცების ტვირთზე, რადგან სამოქალაქო სამართლებრივი მტკიცების კლასიკური ტვირთი შრომის დავებში სპეციფიკურადაა წარმოჩენილი და ხშირ შემთხვევაში მიმართულია ერთგვარად ,,სუსტი მხარის“ ანუ დასაქმებულის პროცესუალური თანადგომისაკენ, თუმცა, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად, რადგან ასეთი ტიპის დავებში სწორედ რომ უთანასწორო დამოკიდებულებაში მყოფი სუბიექტების ერთგვარი პროცესუალური გათანაბრება ხდება მის ოპონენტთან.

23. დამსაქმებელმა მოსარჩელე სამსახურიდან გაათავისუფლა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და შინაგანაწესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევას გულისხმობს. მოპასუხის მტკიცებით, უხეში დარღვევა გამოიხატა მოსარჩელის მიერ ნივთმტკიცების თვითნებურ განადგურებაში, რაც მისი მოსაზრებით დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მძიმე ზომის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია.

24. განსახილველ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერების დადგენა დამოკიდებული იყო კასატორის მხრიდან დამაჯერებელი არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენაზე, რომლითაც ის დაამტკიცებდა, რომ მოსარჩელემ სამსახურებრივი მოვალეობა ნამდვილად უხეშად დაარღვია, რადგანაც საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში. ამრიგად, მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ-ები Nას-416-399-16, 2016 წლის 29 ივნისის განჩინება; Nას-812-779-2016, 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინება; Nას-1276-1216-2014, 2015 წლის 18 მარტის განჩინება; Nას-483-457-2015, 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინება)

25. განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა არ დადასტურდა. ექსპერტიზის ბიუროს შიდა ნორმატიული აქტებით (საკვლევი ნიმუშების განადგურების დროისათვის მოქმედი რედაქციით) ალკოჰოლურ ნივთიერებებზე გამოსკვლევი ბიულოგიური ობიექტის, კერძოდ სისხლის შენახვის ვადა შეადგენს 1 თვეს, ხოლო ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე გამოკვლეული ბიოლოგიური ობიექტების (სისხლი, შარდი) შენახვის ვადაა 6 თვე. მოსარჩელემ მისთვის შესანახად მიბარებული მასალა გაანადგურა 6 თვის შემდეგ. კასატორმა ვერ მიუთითა კანონმდებლობაზე, რომელიც განსაზღვრავდა მოსარჩელის ვალდებულებას წინასწარ ეცნობებინა დამკვეთის ან ექსპერტიზის ბიუროსთვის საკვლევი მასალის განადგურების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელეს, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, ვალდებულება უხეშად არ დაურღვევია, შესაბამისად, მოპასუხის მიერ გამოვლენილ ცალმხრივ ნებას სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვებოდა, რადგანაც არ იყო შესრულებული ამ შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოება - მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა.

26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (იხ. სუსგ № ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).

27. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის დანაწესსაც და განმარტავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016).

28. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს და აღნიშნავს, რომ დამსაქმებლის მიერ გამოყენებული დისციპლინური სახდელი - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა უკანონო იყო. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანი იყო და მართებულად დაკმაყოფილდა.

29. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1 551.3 ლარის (საგადახდო მოთხოვნა N16351, გადახდის თარიღი 2019 წლის 5 ნოემბერი), 70% – 1 085.91 და სახელმწიფო ბაჟის 175.46 ლარის (საგადახდო მოთხოვნა N09332, გადახდის თარიღი 2020 წლის 7 აგვისტო), 70% – 122.82 ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს (204852089) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1 551.3 ლარის (საგადახდო მოთხოვნა N16351, გადახდის თარიღი 2019 წლის 5 ნოემბერი), 70% – 1 085.91 და სახელმწიფო ბაჟის 175.46 ლარის (საგადახდო მოთხოვნა N09332, გადახდის თარიღი 2020 წლის 7 აგვისტო), 70% – 122.82 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე