Facebook Twitter

საქმე №ას-497-2020 3 ივლისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი - ნ.გ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ე.ბ–ი (ო.ლ–ძის უფლებამონაცვლე, მოსარჩელე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით - გ.ბ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

დავის საგანი – მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა ო.ლ–ძის განცხადება და ყადაღა დაედო ნ.გ–ძის საკუთრებაში არსებულ 54 ერთეულ უძრავ ქონებას. აღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება. საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი, გაუქმდა 2015 წლის 21 იანვრის განჩინება და ყადაღა მოეხსნა შემდეგ უძრავ ქონებებს: ს/კ ..... - დედოფლისწყარო, ..... 677 კვ.მ ფართობიდან - 514,9939 კვ.მ, მიწის ნაკვეთს; .... - დედოფლისწყარო, ..... 6559 კვ.მ ფართობიდან - 4989,4313 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთს; - ს/კ ...... დედოფლისწყარო, ...... 792 კვ.მ ფართობიდან - 602,4744 ფართის მიწის ნაკვეთს; - ს/კ ...... - დედოფლისწყარო, ..... 25 080კვ.მ ფართობიდან - 19078,356 კვ.მ-ს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 08 მაისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 იანვრის განჩინებით უძრავ ქონებაზე გამოყენებული ყადაღა შეიცვალა გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვით და ამასთან, ყადაღა მოეხსნა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ნივთებს: ს/კ ....... - წყალტუბო, სოფელი ....... 3363,00 კვ.მ. ფართობს; ს/კ ...... - თბილისი, ......., 60.80კვ.მ-დან 40,55 კვ.მ ფართს; ს/კ ........ -თბილისი, ......., 171.14კვ.მ-დან 125.81 კვ.მ ფართს; ს/კ ........ -თბილისი, ......, 6.71 კვ.მ ფართს; ს/კ ........ -თბილისი, ......., 14.59 კვ.მ ფართს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2019 წლის 21 ნოემბერს განცხადებით მიმართა მოპასუხემ და მოითხოვა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

4. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინებით მოთხოვნის დაკმაყოფილება.

6. საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 თებერვლის განჩინებით მოპასუხეს საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა და სასამართლოში წარდგენა.

7. განჩინებით დადგენილ ვადაში საჩივრის ავტორმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება და იქვე აღნიშნა, რომ სასამართლომ არ გაუგრძელოს ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ასევე მას არ სურს სასამართლომ იმსჯელოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით.

8. შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ არის პენსიონერი, მისი სამუშაო ძირითადად დაკავშირებულია თავდაცვით სამუშაოსთან, რასაც შემოსავალი არ შემოაქვს, უძრავი ქონებები ან სესხის უზრუნველსაყოფად არის გამოყენებული, ან სასამართლოს მიერაა უზრუნველყოფის ქვეშ მოქცეული, ამასთან საჩივრის ავტორს აქვს სხვადასხვა ქონებრივი დავა სასამართლოში. აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად შუამდგომლობას თან ერთვის სს „ლ.ბ–ის“ ბარათის ასლი და ქ. თბილისში, .......-ში მდებარე უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მ-4 მუხლის მე-2 ნაწილსა და ამავე კანონის მე-6 მუხლზე და განმარტა, რომ საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილ ამონაწერში მითითებულ უძრავ ქონებაზე ს/კოდით ......., საჯარო რეესტრში დაცული ბოლო მონაცემის (09.01.2019წ) მიხედვით, ხსენებულ უძრავ ქონებაზე იპოთეკა ან რაიმე სახის ვალდებულება რეგისტრირებული არ არის. აღნიშნულის შედეგად პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება, რომ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დატვირთულია იპოთეკით.

11. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია. (იხ. სუსგ 21.11.2019წ. Nას-1397-2019წ)

12. სააპელაციო პალატის განმარტებით მხოლოდ პენსიონერის სტატუსი და სასამართლოში საქმეთა არსებობა ვერ ჩაითვლება გადახდისუუნარობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან იგი სრულად არ ასახავს პირის ქონებრივ მდგომარეობას და არ გამორიცხავს შემოსავლის სხვა წყაროს არსებობის შესაძლებლობას. აღნიშნული გარემოება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს შესაძლოა წარმოადგენდეს მხოლოდ მხარის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ სხვა მტკიცებულებებთან (მაგალითად, როგორიცაა: ცნობები პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ყოველთვიური შემოსავლის, საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის, ამა თუ იმ ვალდებულების შესახებ და სხვა) ერთობლიობაში.

13. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული წინაპირობები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებისათვის.

14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან საჩივრის ავტორის შუამდგომლობა მისი სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და იგი შუამდგომლობაში მიუთითებდა, რომ არ სურს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება, პალატამ დაასკვნა, რომ სახეზე იყო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის წინაპირობები, კერძოდ როგორც საქმის მასალებიდან დგინდება საჩივრის ავტორს სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 03 თებერვლის განჩინება ჩაბარდა 2020 წლის 06 თებერვალს, მას განჩინებით დადგენილ 05 დღიან ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე იშუამდგომლა. შესაბამისად, მოპასუხის საჩივარი როგორც დაუშვებელი გაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო წარდგენილი საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIL თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. სუსგ საქმე №ას-470-438-2017, 2 ივნისი, 2017 წელი, საქმე №ას-299-284-206, 22 აპრილი, 2016 წელი).

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლით განსაზღვრულია უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის განხილვის პროცედურა. კერძოდ, 1971 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში.

19. უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, რომ მითითებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს საჩივრის განხილვის საპროცესო უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სააპელაციო პალატის მიერ თავისი მოტივირებული განჩინებით საჩივრის საფუძვლების გაუზიარებლობის შემთხვევაში (იხ. სუსგ №ას-228-217-2017, 14 მარტი, 2017 წელი). ხოლო, თუ სააპელაციო სასამართლოს არსებითად არ შეუფასებია წარდგენილი საჩივარი, საკასაციო სასამართლო მოკლებულია მასზე მსჯელობის შესაძლებლობას.

20. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა და სასამართლოში წარდგენა. განჩინებით დადგენილ ვადაში საჩივრის ავტორმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება და იქვე აღნიშნა, რომ სასამართლომ არ გაუგრძელოს ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ასევე მას არ სურდა სასამართლოს ემსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით.

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

22. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით შეტანილი საჩივრის განხილვისას, საჩივარზე ხარვეზის არსებობის შემთხვევაში სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც მხარე ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად. დადგენილია, რომ საჩივრის ავტორს სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 03 თებერვლის განჩინება ჩაბარდა 2020 წლის 06 თებერვალს, მას განჩინებით დადგენილ 05 დღიან ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე იშუამდგომლა.

23. ზემოაღნიშნული ნორმების მხედველობაში მიღებით და გამომდინარე იქიდან, რომ საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, სააპელაციო სასამართლომ მართებულად ცნო იგი დაუშვებლად, ხოლო იმ პირობებში, როდესაც მოცემული საჩივარი სააპელაციო სასამართლოს არ განუხილავს, საკასაციო სასამართლო მოკლებულია მასზე მსჯელობის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, მოპასუხის საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.გ–ძის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ.ზამბახიძე

ლ. მიქაბერიძე