Facebook Twitter

საქმე №ას-347-2020 18 ნოემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე,

ვლადიმერ კაკაბაძე,

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „.......“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ჩ–ძე, მ.კ–ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, პირგასამტეხლოსა და კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით, ქ.მ–ის, თ.ხ–ძის, მ.გ–ის, ი.გ–ძის, მ.ჩ–ძის, თ.შ–ძის, ს.ე–ის, მ.ვ–ძის, თ.ტ–ძის, თ.უ–ძის, შ.ფ–ის, ნ.ს–ძის, ბ.პ–ის, თ.პ–ის, ლ.ბ–ს და გ.ს–ძის (შემდეგში: მოსარჩელეები) სარჩელი შპს „....... - “-ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ სახელფასო დავალიანების, კომპენსაციის და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა სრულად.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დ.ჩ–ძის და მ.კ–ის მიმართ დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.

4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში – სსსკ) 365-ე მუხლით სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს, ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს და განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ქ.მ–ის, თ.ხ–ძის, მ.გ–ის და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა, ანუ ერთი წარმოების ფარგლებში გადაწყვეტილია თვრამეტი მოსარჩელის მიერ ერთი მოპასუხის მიმართ წარდგენილი ინდივიდუალური მოთხოვნები (სსსკ-ის 182-ე მუხლი). ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით შპს „....... -“-ს მოსარჩელე დ.ჩ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა: ა. 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით სახელფასო დავალიანების - 116 ლარის და 67 თეთრის გადახდა; ბ. ანგარიშწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის მოსარჩელისათვის გადასახდელი დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდა 2018 წლის 29 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; გ. კომპენსაციის სახით 2 თვის შრომის ანაზღაურების 1000 ლარის გადახდა, ხოლო შპს „....... -TV“-ს მოსარჩელე მ.კ–ის სასარგებლოდ დაეკისრა: ა. 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით სახელფასო დავალიანების - 189 ლარის და 58 თეთრის გადახდა; ბ. ანგარიშწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის მოსარჩელისათვის გადასახდელი დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდა 2018 წლის 29 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; გ. კომპენსაციის სახით 2 თვის შრომის ანაზღაურების 1625 ლარის გადახდა. ამასთან, სადავო არ არის, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სრულად, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გადაწყვეტილება უნდა შეამოწმოს თითოეული მოსარჩელის ნაწილში ინდივიდუალურად.

5. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დ.ჩ–ძის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1204.27 ლარია (116.67+1000+(116.67 ლარის 0.07%)*365*3), ხოლო მ.კ–ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო საჩივრის ღირებულებაა 1956.93 ლარი (189.58+1625+(189.58 ლარის 0.07%)*365*3), რაც ვერ აკმაყოფილებდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის ღირებულების კუთხით სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმებს და არ არსებობდა ამ ნაწილში შპს „....... -“-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.

7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით განსახილველი სარჩელი, მათ შორის მ.კ–ის და დ.ჩ–ძის მოთხოვნებიც წარდგენილი იქნა ერთობლივად. სასამართლომ იგი განიხილა ამავე წესით და დავის საგნის სრული ოდენობა გამოანგარიშებული იქნა ჯამურად. სააპელაციო საჩივარიც შეეხება ყველა მოსარჩელეს. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო საჩივარი განხილულ იქნას ერთობლივად, სხვა მოსარჩელეებთან ერთად.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის (დ.ჩ–ძის და მ.კ–ის ნაწილში) დასაშვებობის საკითხის შემოწმებისა და აღნიშნულის შედეგად სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ განუხილველად დატოვების კანონიერება.

12. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით.

13. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივსამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული თავისებურებით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი).

15. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა განცხადის დასაშვებობის ახალი კრიტერიუმი, რომელიც „მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის“ სახით ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის პ-3 (ბ) (დასაშვებობის კრიტერიუმი) დისპოზიციაში (შენიშვნა: განცხადის დასაშვებობის შემოწმებას აღნიშნული კრიტერიუმი დაემატა მე-14 ოქმის ამოქმედებით 2010 წლის 01 ივნისიდან).

16. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უარყოფს განცხადს „მცირე მნიშვნელობის“ (“de minimis non curat praetor”) საფუძვლითაც.

17. აღსანიშნავია, რომ დარღვევის ხასიათისა და მატერიალური ზიანის ოდენობის შეფასება ყოველი კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე (მომჩივანის სპეციფიკური პირობები და ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც მომჩივანი ცხოვრობს და სხვ.) ხდება და მხოლოდ აბსტარქტული, ტერმინოლოგიური გაგებით როდი შემოიფარგლება, თუმცა, ერთმნიშვნელოვანია, რომ სასამართლო აფასებს მატერიალური დანაკარგის ზეგავლენას მომჩივანზე (შდრ: Practical guide of admissibility criteria, 2014, გვ: 88, 89, პპ: 405, 415, 416. www.echr.coe.int) და თუკი მიიჩნევს, რომ დარღვევას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია ანდა მომჩივანის პრეტენზია მცირე ღირებულების საქმიდან გამომდინარეობს, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს (შდრ: საქმე, რომელიც შეეხებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის სახით 50 ევროს დაკისრებას Boelens and Others. v. Belgium (dec.); საქმეში Havelka v. the Czech Republic (dec.)1,515 ევროს დაკისრება მომჩივანის თანამდებობის გათვალისწინებით მცირე ღირებულებად შეფასდა).

18. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს მხარეს, რომლის საწინააღმდეგოდაცაა გამოტანილი გადაწყვეტილება, თუმცა კანონმდებლის მიერ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დაწესებულია დასაშვებობის იმგვარი წინაპირობა, რომლითაც გადაწყვეტილების კანონიერების კიდევ ერთ ინსტანციაში შემოწმება დამოკიდებულია სააპელაციო საჩივრის ღირებულებაზე. ამ ღირებულების განსაზღვრის წესი კი, მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მეორე წინადადებაში, რომლის თანახმად, ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

19. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული სამართალწარმოების დავის საგანს სახელფასო დავალიანების, განაცდურის და პირგასამტეხლოს ანაზღაურება წარმოადგენდა. მოპასუხის მიერ გასაჩივრებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა თვრამეტი მოსარჩელის სარჩელი და ტელეკომპანიას დაეკისრა თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების, განაცდურის და პირგასამტეხლოს ანაზღაურება. მართალია, სარჩელი წარდგენილ იქნა სასამართლოში რამდენიმე პირის მიერ, თუმცა სარჩელის საგანს არ წარმოადგენდა საერთო უფლება და სახეზე არ იყო სამოქალაქო კოდექსის 455-ე მუხლით გათვალისწინებული სოლიდარული უფლებამოსილება.

20. კერძო საჩივრის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მიმართ აღძრული სარჩელი თავისი არსით წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნის გაერთიანების შედეგს, რის გამოც სააპელაციო საჩივრის ღირებულება სასარჩელო მოთხოვნების ჯამით უნდა განსაზღვრული, ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც წარმოდგენილი სარჩელის შინაარსით, სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლებითა და მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, თითოეულ მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ გააჩნია ინდივიდუალური მოთხოვნა. შესაბამისად, სარჩელის საგანს არ წარმოადგენს საერთო მატერიალური უფლება, რის გამოც, ამ მოთხოვნათა ჯამური თანხით სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრა უმართებულოა და არ გამომდინარეობს წარმოდგენილი სარჩელიდან და მასზე გამოტანილი გადაწყვეტილებიდან.

21. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია სადავო საგნის მიმართ, საქართველოს კანონმდებლობით ქონებრივსამართლებრივი დავისათვის დადგენილ ზღვარს ვერ ცდება.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „....... - -ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ზამბახიძე

ვ. კაკაბაძე