საქმე №ას-163-2020 23 სექტემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს ე.ბ–ი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხეები)
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს ,,ა–ი’’ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ივლისის განჩინება
კასატორების საკასაციო მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდეგში: შემსყიდველი №1), სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდეგში: შემსყიდველი №2), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდეგში: შემსყიდველი №3) (შემდეგში: შემსყიდველები) და საქართველოს ე.ბ–ს (შემდეგში: დამფინანსებელი) (შემდეგში: მოპასუხეები, პირველი აპელანტები ან პირველი კასატორები) და მეორე მხრივ შპს „ჰ.ჯ.ლ.კ–ის“ (შემდეგში: მენარდე, მიმწოდებელი) შორის 2011 წლის 3 თებერვალს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება). ხელშეკრულების საგანი ქ. თბილისში სანაპიროს ქ. №2-ში მდებარე იუსტიციის სახლის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოება იყო (იხ. ხელშეკრულება ტ.2,ს.ფ. 33-50).
2. ხელშეკრულების მე-8.1 პუნქტით განისაზღვრა, რომ შესრულებული სამუშაოების დადასტურება მიღება-ჩაბარების აქტით მოხდებოდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიღება-ჩაბარების აქტი წერილობითი ფორმით გაფორმდებოდა, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ფორმა №2-ის და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე (ტ.2,ს.ფ. 41).
3. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის მიზნით მხარეებს შორის 2011 წლის 12 დეკემბრის №2 (ტ.2,ს.ფ. 54-57), 2012 წლის 17 იანვარს №3 (ტ.2,ს.ფ. 58-61), 2012 წლის 19 აპრილს №4 (ტ.2,ს.ფ. 61-68), 2012 წლის 19 ივლისს №5 (ტ.2,ს.ფ. 69-71), 2012 წლის 24 სექტემბერს №6 (ტ.2,ს.ფ. 72-78), 2013 წლის 30 სექტემბერს №7 (ტ.2,ს.ფ. 73-82) შეთანხმებები გაფორმდა.
4. ცვლილებების შეტანის შესახებ №5 შეთანხმების მე-2 პუნქტით შეიცვალა ხელშეკრულების 8.1. პუნქტი და შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: ,,შესრულებული სამუშაოს მიღება წარმოებს მიღება-ჩაბარების აქტის სახით. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება წერილობით ფორმით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლის/წარმომადგენლების ხელის მოწერით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფორმა №2-სა და ექსპერტის ან/და კონსულტანტის დასკვნის საფუძველზე.“
5. ცვლილებების შეტანის შესახებ №6 შეთანხმების მიხედვით, 1. ვინაიდან მხარები თანხმდებიან 2011 წლის 3 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროცესში ამ შეთანხმების დანართი №1 განსაზღვრულმა მიმწოდებლებმა განახორციელეს გარკვეული ქმედებები აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად შესასრულებლად, რომლის შედეგადაც მიმწოდებელსა და ამ შეთანხმების დანართი №1 განსაზღვრულ მიმწოდებლებს შორის წარმოიშვა ფინანსური დავალიანება ამ შეთანხმების დანართი №1 განსაზღვრული ოდენობით. 2. ვინაიდან მიმწოდებლის სურვილია უმოკლეს დროში მოახდინოს ამ შეთანხმების დანართი №1 განსაზღვრულ მიმწოდებლებთან არსებული ფინანსური დავალიანების დაფარვა, ხოლო დამფინანსებელს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს შესაბამისი ანგარიშსწორება მის ხელთ არსებული სს „თ.ბ–ის“ მიერ 2011 წლის 8 აპრილს გაცემული №104153-1327994 საავანსო საბანკო გარანტიის პირობების შესაბამისად დაბრუნებული 9 262 843.77 აშშ დოლარიდან. 3. ვინაიდან მხარეებს შორის 2011 წლის 3 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სს ,,თ.ბ–მა“ დამფინანსებელს დაუბრუნა 9 262 843.77 აშშ დოლარი 2011 წლის 08 აპრილს გაცემული №104153-1327994 საავანსო საბანკო გარანტია პირობების შესაბამისად, რასთან დაკავშირებითაც მიმწოდებელს არ გააჩნდა არანაირი პრეტენზია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
5.1. მიმწოდებელი მიმართავს თხოვნით და რთავს ნებას დამფინანსებელს, ხოლო დამფინანსებელი იღებს ვალდებულებას შემსყიდველის წერილის საფუძველზე განახორციელოს ამ შეთანხმების დანართი #1-ით განსაზღვრული მიმწოდებლებისთვის წერილში მითითებული თანხების ანგარიშსწორება, მაგრამ არაუმეტეს დანართ #1-ში აღნიშნული თანხებისა, სს ,,თ.ბ–ის’’ მიერ 2011 წლის 08 აპრილს გაცემული №104153-1327994 საავანსო საბანკო პირობების შესაბამისად დამფინანსებლისთვის დაბრუნებული 9 262 843.77 აშშ დოლარიდან.
5.2. დამფინანსებელი ვალდებულია შემსყიდველის წერილის საფუძველზე გადაუხადოს მიმწოდებელს სს „თ.ბ–ის“ მიერ 2011 წლის 08 აპრილს გაცემული №104153-1327994 საავანსო საბანკო გარანტიის პირობების შესაბამისად დაბრუნებულ 9 262 843.77 აშშ დოლარსა და ამ შეთანხმების #1 დანართით განსაზღვრულ ჯამურ ღირებულებას შორის სხვაობა.
5.3. შეთანხმება #6-ით მიმწოდებელი ადასტურებს, რომ მას შემსყიდველის და დამფინანსებლის მიმართ არ გააჩნია რაიმე სახის პრეტენზია ან რაიმე სახის მოთხოვნის უფლება სასამართლოსა თუ არბიტრაჟში ან სხვაგვარად, რაც მოიცავს ნებისმიერი სახის პირდაპირი თუ არაპირდაპირი, ამჟამინდელი თუ მომავალი ფულადი თუ არაფულადი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, რომელიც გამომდინარეობს ან დაკავშირებულია მხარეებს შორის 2011 წლის 03 თებერვალს გაფორმებულ ხელშეკრულებასთან ან მის ყველა ცვლილებასთან, მათ შორის 2012 წლის 19 აპრილს გაფორმებულ შეთანხმება #4-თან. მყიდველი უარს ამბობს ყველა მოთხოვნაზე, რომელიც მას აქვს ან შეიძლება ჰქონდეს დამფინანსებლის ან შემსყიდველის მიმართ, რომელიც გამომდინარეობს ან დაკავშირებულია მხარეებს შორის 2011 წლის 03 თებერვალს გაფორმებულ ხელშეკრულებასთან.
6. შპს „ა–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, ქვემენარდე, მეორე აპელანტი, შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი) და მიმწოდებელს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება №25-07/12/03. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად ქვემენარდეს თბილისის ახალი იუსტიციის სახლის სამშენებლო ობიექტზე ხალიჩების მოწყობის სამუშაოები უნდა შეესრულებინა. ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო სამუშაოების მიღების წესიც, კერძოდ, სამუშაოების ჩაბარება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო. ქვემენარდესა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული №26-04/12/01 ხელშეკრულების საფუძველზე მენარდეს თბილისის ახალი იუსტიციის სახლის სამშენებლო ობიექტზე ინტერიერის გადასატიხრი სისტემის მოწყობის სამუშაოები უნდა შეესრულებინა. სამუშაოების ჩაბარება ამ შემთხვევაშიც მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დადგინდებოდა (ტ.1,ს.ფ.31-36; 46-51).
7. დამფინანსებელმა, 2012 წლის 24 სექტემბრის №6 შეთანხმების საფუძველზე 2012 წლის 8 ოქტომბერს ქვემენარდეს გადაუხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილი 2 880 968 ლარი (ტ.1, ს.ფ.25; ტ.2,ს.ფ. 98-100).
8. ქვემენარდის მიერ, მენარდისთვის შესრულებულ სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტები და შესრულებული სამუშაოების აქტები დამოწმებულია თბილისის იუსტიციის სახლის მშენებლობის ზედამხედველობის მიზნით მოპასუხეების მიერ დაქირავებული კომპანიის ს-სის მიერ, რომელიც ასევე წარმოადგენდა კონსულტანტს ძირითადი ხელშეკრულების 8.1 პუნქტის მიზნებისთვის (დამატ. იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი) (ტ.1,ს.ფ. 73-78; ტ.2,ს.ფ. 33-50; 72-78).
9. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 18 ნოემბრის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოთა აქტების (ფორმა №2-ების) მიხედვით ექსპერტის მიერ ქ. თბილისის იუსტიციის სახლში ქვემენარდის წარმომადგენლის მითითებით ჩატარებული აზომვებით მიღებული შედეგების მიხედვით შედგენილ ცხრილში მოცემულია ქვემენარდის მიერ ქ. თბილისის იუსტიციის სახლში ფაქტიურად შესრულებული ყველა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სახეები და მოცულობები. ცხრილში ყვითელ ფონზე შეტანილია იმ სამუშაოთა მოცულობები, რომლებიც არ ემთხვევა წარმოდგენილ შესაბამის სამუშაოთა მოცულობებს (ტ.1,ს.ფ.68-72).
10. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 23 ოქტომბრის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თბილისის იუსტიციის სახლში მენარდის მიერ შესრულებული ტიხრების მოწყობის სამუშაოების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 210 704 ლარს, ხოლო ხალიჩების დაგების სამუშაობის ღირებულება შეადგენს 22 390,8 ლარს, ნაცვლად წარმოდგენილ ფორმა №2-ში მოცემული 23 431,58 ლარისა. სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 1 040.8 ლარს (ტ.1,ს.ფ.73-76).
11. ქვემენარდემ, ვალდებულების შესრულების შემდეგ, არაერთხელ მიმართა მოპასუხეთა წარმომადგენელსა და მენარდეს შესრულებული სამუშაოების დარჩენილი თანხის ასანაზღაურებლად (ტ.1,ს.ფ.81-89; 232-239).
12. მენარდემ, მოპასუხეთა წარმომადგენელს, იუსტიციის მინისტრის მოადგილის სახელზე მომზადებულ წერილთან ერთად წარუდგინა მიღება-ჩაბარების აქტები და ინვოისები წერილის დანართში მითითებული ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ სამუშაობის დასადასტურებლად (ტ.1,ს.ფ.149-153).
13. მენარდის წარმომადგენელმა, ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილის მეშვეობით, შეატყობინა ქვემენარდის დირექტორს და ბუღალტერს, რომ თანხა №6 შეთანხმების შესაბამისად გადახდილი უნდა ყოფილიყო დამფინანსებლის მიერ გასულ წელს. ამავე წერილის თანახმად, ბუღალტერი უნდა დაუკავშირდეს მოპასუხეთა წარმომადგენელს და დამფინანსებელს, რადგან მათ არ გააჩნიათ გადახდის ვალდებულება №6 შეთანხმებიდან გამომდინარე ბოლო გადახდასთან დაკავშირებით (ტ.2,ს.ფ.305-318).
14. შპს აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „ბ.ა.ს–ის“ 2016 წლის 5 მაისის აუდიტორული დასკვნის თანახმად, სასესხო ვალდებულების ძირითადი თანხის 233 094.80 ლარის 2012 წლის 31 დეკემბერს დაფარვის შემთხვევაში ქვემენარდის დანახარჯების /ზარალის/ ოდენობა შემცირდებოდა 96 519,93 ლარით. შესაბამისად, სასესხო ვალდებულების ძირითადი თანხის 233 094.80 ლარის ვადამდე გადაუხდელობა იწვევს დანახარჯების /ზარალის/ ზრდას კომპანიისათვის 96 519,93 ლარით (ტ.3,ს.ფ.10-57).
15. პირველ ეტაპზე თანხის გადახდისას მოპასუხეებისათვის უკვე ცნობილი იყო ქვემენარდის მიერ, აღნიშნულ გადახდასთან დაკავშირებული, შესრულებული სამუშაოს მოცულობა და დარჩენილი გადასახდელი თანხები არ მოიცავდა 235 135.59 ლარის ღირებულებას C ბლოკის სამუშაოებისათვის (ტ.2,ს.ფ.301-302 საბოლოო ინვოისში, შენიშვნის სახითაა მითითებული აღნიშნული).
16. მოპასუხეთა წარმომადგენელს, 2012 წლის 8 ოქტომბერს ეთხოვა, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და №5 მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, დამფინანსებელს უზრუნველეყო შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანგარიშსწორება (ტ.2,ს.ფ. 98-102).
17. შპს „ო–მა“ მოპასუხეთა წარმომადგენელს მიმართა წერილით და მოსთხოვა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება, მართალია წერილი შეიცავს მითითებას მენარდის 2012 წლის 8 ოქტომბრის წერილზე, თუმცა მოპასუხეთა წარმომადგენლის მიერ შპს „ო–თან“ 2011 წლის 3 თებერვლის ხელშეკრულების ფარგლებში წარმოებულ მასალებში ასეთი წერილი არ იძებნება. მოპასუხის განმარტებით ასეთ წერილად მიიჩნიეს მიღება-ჩაბარების აქტი (ტ.2,ს.ფ.150).
18. სარჩელის მოთხოვნა
18.1. ქვემენარდემ, 2015 წლის 24 სექტემბერს, სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოითხოვა, მოპასუხეებისთვის დავალიანების - 233 094.80 ლარის, ხოლო ზიანის ანაზღაურების მიზნით - 96 519.93 ლარის დაკისრება.
19. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
19.1. თბილსის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქვემენარდის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს მის სასარგებლოდ 233 094.8 ლარის გადახდა დაეკისრათ. მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხეებისთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 96 519.93 ლარის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
20. მხარეთა სააპელაციო საჩივრები
20.1. თბილსის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო პირველმა აპელანტებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
21.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
21.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
21.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხეებისთვის, ქვემენარდის სასარგებლოდ 233 094.80 ლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არსებობდა.
21.4. სასამართლოს განმარტებით, მოპასუხეებისთვის, დასახელებული თანხის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლად, მოსარჩელე, მის სასარგებლოდ მოვალის ვადამოსული ვალდებულების, კერძოდ, სამუშაოების შესრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალის მოპასუხეებისთვის გადაკისრების შესახებ უთითებდა. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცების საგანი იყო, დაედასტურებინა, რომ მოპასუხეებმა, მის უშუალო მოვალესთან (მენარდესთან) გაფორმებული გარიგების, ქვემენარდის სასარგებლოდ 233 094.8 ლარის გადახდის ვალდებულება გადაიკისრეს, თუმცა ქვემენარდეს აღნიშნული თანხა არ გადაუხადეს.
21.5. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად ვალის გადაკისრების ნორმების გამოყენების თაობაზე, რომელსაც არ იზიარებდნენ მოპასუხეები და მიიჩნევდნენ, რომ ქვეკონტრაქტორებთან (მათ შორის მოსარჩელე ქვემენარდესთან) შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს მენარდე წარმოადგენდა.
21.6. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, უფლებებსა და მოთხოვნებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ ინსტიტუტზე და ამავე ინსტიტუტის გათვალისწინებით ვალის გადაკისრების შესაძლებლობაზე, რომელიც ორგვარად რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 203-ე-204-ე მუხლების მიხედვით, და განმარტა, რომ ერთ შემთხვევაში ვალის გადაკისრება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული გარიგების საფუძველზე ხდება (შენიშვნა: რა დროსაც, მოვალის „წინააღმდეგობა“, მისი მესამე პირით ჩანაცვლებაზე, მის მიერვე ვალის გადახდას გულისხმობს), ხოლო, მეორე შემთხვევაში, ვალის გადაკისრებისა მესამე პირი და მოვალე თანხმდებიან, თუმცა ასეთი შეთანხმება მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზეა დამოკიდებული.
21.7. სააპელაციო სასამართლომ, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის (მოვალესა (მენარდეს) და მოპასუხეთა (მესამე პირებს)) დაიდო ვალის გადაკისრების შესახებ შეთანხმება, რომელიც მოწონებულია მოთხოვნის მფლობელის მიერ. სასამართლოს აღნიშნული შეფასება შემდეგ გარემოებებს ეფუძნებოდა:
21.7.1. მენარდესა და მოპასუხეებს შორის 2012 წლის 24 სექტემბერს გაფორმდა შეთანხმება №6, რომლის მიხედვითაც სადავო თანხის გადახდის ვალდებულება მოპასუხეებმა გადაიკისრეს;
21.7.2. შეთანხმება №6 და ამავე შეთანხმების დანართი №1-ით გათვალისწინებული პირების, მათ შორის მოსარჩელის მიმართ, შესრულებული სამუშოების ღირებულების გადახდის ვალდებულებას, არ უარჰყოფენ მოპასუხეები, თუმცა ამავე შეთანხმების შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების შესაბამისი წესით დადასტურებაზე მიუთითებენ;
21.7.3. დასახელებული შეთანხმების შესაბამისად, ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული ვალდებულებების ღირებულების ანაზღაურება დამფინანსებლისთვის დაბრუნებული საგარანტიო თანხიდან განისაზღვრა, მეტიც, მოსარჩელეს 2012 წლის 8 ოქტომბერს ნაწილობრივ აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 2 880 968 ლარით, რაც თავისმხრივ მიიღო მოსარჩელემ.
21.7.4. შესრულებული სამუშაოს ღირებულების დარჩენილი ნაწილის ანაზღაურების მოთხოვნით, ქვემენარდემ, მოპასუხეებსა და მენარდეს შორის დადებული შეთანხმებების შემდეგ, მოპასუხეებს მიმართა და შესრულებული სამუშაოს ღირებულების სრული ანაზღაურება მოითხოვა.
21.7.5. მენარდემ, მოსარჩელისთვის გაგზავნილ წერილში გარკვევით მიუთითა, რომ სადავო თანხა, მოპასუხეებისგან, ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა მიეღო.
21.8. დასახელებული გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ 2012 წლის 24 სექტემბერს პირველ აპელანტებსა და მენარდეს შორის შეთანხმება №6-ით მოპასუხეებმა მოსარჩელის მიმართ 3 115 659.79 ლარის გადახდის ვალდებულება იკისრეს, რაც მოსარჩელის მიერ მენარდესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების სახით წარმოშობილ ფინანსურ დავალიანებას წარმოადგენდა, ხოლო ამ შეთანხმების (ვალის გადაკისრების) ნამდვილობისთვის სახეზეა მოსარჩელის კონკლუდენტური თანხმობა.
21.9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი აპელანტების მტკიცება, რომ მენარდესა და მათ შორის დადებული შეთანხმებების მიუხედავად, მენარდე სახელშეკრულებო ურთიერთობაში დარჩა და ის წარმოადგენდა უშუალო მოვალეს ქვეკონტრაქტორებთან მიმართებით, ხოლო აღნიშნული მტკიცების დასტურად შპს „ო–ის“ წერილსა და შეთანხმება №7-ზე მითითება დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო. შპს „ო–მა“ მოპასუხეთა წარმომადგენელს, შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით 2013 წლის 7 ოქტომბერს მიმართა, თუმცა შესრულებული სამუშაოების დასადასტურებლად, 2012 წლის 8 ოქტომბრის წერილზე მიუთითა. ამასთან, შეთანხმება №7-იც ვერ ადასტურებს პირველი აპელანტების მტკიცებას, მენარდის სახელშეკრულებო ურთიერთობაში დარჩენის შესახებ, ვინაიდან დასახელებული შეთანხმება მხოლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიის ვადის ცვლილებას ეხებოდა.
21.10. სააპელაციო სასამართლომ 2012 წლის 24 სექტემბრის #6 შეთანხმების, როგორც სიტყვა-სიტყვითი ასევე, ლოგიკური განმარტების შედეგად მიიჩნია, რომ შეთანხმების დანართი #1-ით მოსარჩელის სასარგებლოდ გათვალისწიებული სამუშაოების ღირებულება 3 115 659.79 ლარის ოდენობით ამ უკანასკნელის მიერ მასსა და მენარდეს შორის გაფორმებული გარიგებების საფუძველზე განხორცილებული სამუშაოების ღირებულებას წარმოადგენდა, რომლის გადახდის ვალდებულება მენარდეს უკვე წარმოშობილი ჰქონდა. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს მხარეების მიერ შეთანხმების პირველი აბზაცის პირველ და მეორე პუნქტებში გამოვლენილი ნება, რომლის მიხედვითაც შეთანხმების დანართი #1-ით განსაზღვრულ თანხას ამავე დანართში მითითებული პირების მიმართ მხარეები სამუშაოების შესრულების შედეგად წარმოშობილ ,,ფინანსურ დავალიანებას“ უწოდებენ. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ამ შეთანხმებით მხარეებმა მანამდე მოქმედი ანგარიშსწორების წესი შეცვალეს და მენარდე მის კონტრაქტორებთან დამფინანსებელმა ჩაანაცვლა, იმავდროულად მხარეებმა განსაზღვრეს დანართი #1-ით გათვალისწინებული ფინანსური დავალიანების გადახდის კონკრეტული წყაროც, რა დროსაც დადგინდა, რომ დამფინანსებელი დანართი #1-ით განსაზღვრულ თანხას გამოთხოვილი საავანსო საბანკო გარანტიიდან დაფარავდა. შეთანხმების პირველი აბზაცის, ასევე შეთანხმების იმ შინაარსის, სადაც მენარდემ მოპასუხეების მიმართ მოთხოვნის არ არსებობის ფაქტი დაადასტურა, როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე ლოგიკური ახსნა-განმარტების შედეგად, სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შეთანხმების მეორე აბზაცის პირველი პუნქტის პირველი წინადადება ,,მიმწოდებელი მიმართავს თხოვნით და რთავს ნებას დამფინანსებელს’’ შეთანხმების გაფორმების ეტაპზე მიმწოდებლის მიერ ნების გამოვლენას (დამფინანსებლისთვის მიმართვად) წარმოადგენდა, რომლის ფარგლებშიც მან შეთანხმების დანართი #1-ში მითითებული პირების მიმართ მასში მითითებული ოდენობის ფინანსური დავალიანების ანგარიშსწორება მოითხოვა და რომლის საფუძველზეც საბოლოოდ ვალის გადაკისრების შესახებ გარიგება შედგა. პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით შენიშნავს, რომ აღნიშნული დასკვნის საფუძველია შეთანხმება #6-ის პირველი და მეორე აბზაცების ერთობლიობაში შეფასება, სადაც მხარეებმა დეტალურად გაწერეს როგორც დავალიანების წარმოშობის საფუძველი (სამუშაოს სრულყოფილად შესრულებისთვის განხორციელებული ქმედებები) და ოდენობა (დანართი #1-ით განსაზღვრული ოდენობა, ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ დანართით მოსარჩელის დავალიანების ოდენობა განსაზღვრულია 3 115 659.79 ლარის ოდენობით), ასევე დავალიანების გადახდის წყაროს საკითხიც (საქართველოს ე.ბ–ის მიერ სს ,,თ.ბ–იდან“ გამოთხოვილი საავანსო საბანკო გარანტიიდან მიღებული 9 262 843.77 აშშ დოლარი) და შეთანხმებაში (პირველი აბზაცი) დანართით განსაზღვრულ თანხას მხარეებმა მიმწოდებელსა და დანართი #1-ით განსაზღვრულ მიმწოდებლებს შორის წარმოშობილი ფინანსური დავალიანება უწოდეს. ზემოაღნიშნულის საფუძველზე კი მხარეებმა გამოთქვეს მზაობა (დამფინანსებლითვის მიმართვის გზით) ფინანსური დავალიანების გასტუმრების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე აპელანტების მითითება, რომ 2012 წლის 24 სექტემბრის #6 შეთანხმების დანართით გათვალისწინებული თანხა შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების მაქსიმუმს წარმოადგენდა, რომლის ფარგლებშიც დანართში მითითებულ პირებს სამუშაოები უნდა შეესრულებინათ და თანხის ანაზღაურების სავალდებულო წინაპირობა მიმწოდებლის მიერ დამფინანსებლისთვის მიმართვა და ამ უკანასკნელის მხრიდან შემსყიდველის წერილის საფუძველზე ანაზღაურების გაცემა წარმოადგენდა. აპელანტების მსჯელობის გაზიარების შემთხვევაში გაუგებარი რჩება რატომ მიუთითეს შეთანხმება #6-ში მხარეებმა, რომ დანართი #1-ში მითითებული თანხა დანართში მითითებული მიმწოდებლებსა და მენარდეს შორის წარმოშობილ ფინანსურ დავალიანებას წარმოადგენდა და რატომ არ მოხდა შეთანხმებაში, თუნდაც, ზოგადი ხასიათით მინიშნება, რომ დანართი #1-ით განსაზღვრული თანხა დანართში მითითებული პირების მიერ მომავალში შესასრულებული სამუშაოების ღირებულების ზედა ზღვარს წარმოადგენდა. უფრო მეტიც, ის ფაქტი, რომ 2012 წლის #6 შეთანხმების გაფორმებიდან მცირე დროში, კერძოდ, 2012 წლის 08 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოების ღირებულების სახით დანართი #1-ით განსაზღვრული თანხის თითქმის 93 % ჩაურიცხა ამყარებს სასამართლოს შინაგან რწმენას, რომ შეთანხმება #6-ში მითითებული ,,ფინანსური დავალიანება“, რაც განსაზღვრული იყო შეთანხმების დანართი #1-ის შესაბამისად, ქვემენარდესა და მენარდეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე იუსტიციის სახლში შესრულებული სამუშაოების ღირებულებას წარმოადგენდა.
21.11. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მეორე აპელანტის (ქვემენარდის) სააპელაციო პრეტენზია მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით.
21.12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი მოსარჩელემ საბანკო დაწესებულებაში მიმდინარე ვალდებულების დაფარვის შეუძლებლობას დაუკავშირა. აღნიშნული გარემოების დადასტურების მიზნით კი აუდიტორული და საკონსულტაციო კოპანია შპს ,,ბ.ა.ს–ის’’ აუდიტორული დასკვნა წარმოადგინა. აღნიშნული დასკვნით ირკვევა, რომ მოსარჩელემ აუდიტორულ კომპანიას საბანკო დაწესებულებაში მიმდინარე ვალდებულების 233 094.8 ლარის ოდენობით 2012 წლის 31 დეკემბერს გადაუხდელობის გამო დამდგარი ზიანის გამოთვლა დაავალა. დასკვნის კვლევითი ნაწილით დგინდება, რომ საკვლევი გარემოების დადგენის მიზნით აუდიტორმა წარდგენილი საკრედიტო ხელშეკრულებები და ამავე ხელშეკრულებების დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულებები შეისწავლა. დასკვნით ნაწილში კი მიუთითა, რომ 2012 წლის 31 დეკემბერს სასესხო ვალდებულების ძირითადი თანხის 233 094.8 ლარის დაფარვის შემთხვევაში მოსარჩელის დანახარჯების/ზარალის ოდენობა 96 519.93 ლარით შემცირდებოდა.
21.13. საქმეში არსებული საკრედიტო ხელშეკრულებებით ირკვევა, რომ მაგალითად: 2012 წლის 1 თებერვალს სს ,,ბ.რ–ასთან გაფორმებული“ ხელშეკრულებით მოსარჩელეს 1 100 000 ლარიანი საკრედიტო ხაზი გაეხსნა, 2013 წლის 2 მაისის სს ,,ს.ბ–თან’’ გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით 900 000 ლარიანი საკრედიტო ხაზი გაეხსნა, 2013 წლის 19 ნოემბერს საბანკო დაწესებულებას (სს პ.ბ–ი) საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით კვლავ მიმართა, რა დროსაც 650 000 ლარიანი საკრედიტო ხაზი გაეხსნა, ანუ საქმის მასალებით მართალია დადასტურებულია საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმების ფაქტი, თუმცა საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ იქმნება დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ მოსარჩელე მხარე თანხის დროულად მიღების შემთხვევაში საბანკო დაწესებულების მიმართ არსებულ ვალდებულებას დაფარავდა.
21.14. გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელემ 2012 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს ე.ბ–ისგან შესრულებული სამუშაოების ღირებულების სახით საკმაოდ სოლიდური ანაზღაურება 2 880 968 ლარი მიიღო, საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ აღნიშნული თანხა (ნაწილი) სს ,,ბ.რ–ასთან“ გაფორმებული სარგებლიანი კრედიტის (წლიური 13%) დაფარვისკენ მიმართა, ანუ დადასტურებული არ ყოფილა ის ფაქტი, რომ მოსარჩელის პრიორიტეტს სარგებლიანი კრედიტის გასტუმრება წარმოადგენდა. შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნასთან მიმართებით გაზიარებული ვერ იქნება ვერც ის არგუმენტი, რომ იმ შემთხვევაში თუ მხარე სადავო თანხას დროულად მიიღებდა მას კრედიტის აღება აღარ მოუწევდა. ამ მიმართებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან ირკვევა მოსარჩელე მხარემ 2012 წლის 01 თებერვლის შემდეგ (საკრედიტო ხელშეკრულება სს ბ.რ–ასთან) კრედიტის აღების მოთხოვნით საბანკო დაწესებულებას 2013 წლის 02 მაისს მიმართა, ანუ ბანკს კრედიტის მიღების მოთხოვნით სადავო თანხაზე მოთხოვნის წარმოშობიდან რამდენიმე თვეში მიმართა, არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტსაც, რომ მოსარჩელე მხარე მეწარმე სუბიექტია, რომელიც სამშენებლო/სარემონტო სფეროში ახორციელებს თავის საქმიანობას, დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, მოსარჩელის განმარტება, იმ შემთხვევაში თუ 2012 წლის 31 დეკემბერს სადავო თანხას მიიღებდა 2013 წლის მაისში კრედიტის აღება არ დასჭირდებოდა, ანუ, გათვალისწინებით იმისა, რომ მხარე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, აქტიური მეწარმე სუბიექტია არ იძლევა პრეზუმირების საფუძველს, რომ თანხის დროულად მიღების შემთხვევაში მას კრედიტის აღება აღარ დასჭირდებოდა.
22. მხარეთა საკასაციო საჩივრების საფუძვლები
22.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოპასუხეებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მოსარჩელემ (შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორმა), გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
22.2. შემსყიდველი №1-ის (მოპასუხეთა წარმომადგენლის) საკასაციო პრეტენზიით მოსარჩელე არ წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს, ამასთან მოპასუხეებს მის მიმართ ვალდებულებები არ გააჩნიათ. მოსარჩელეს, ხელშეკრულება მენარდესთან აქვს დადებული შესაბამისად, სწორედ მენარდე იქნება პასუხისმგებელი იმ ფინანსურ ვალდებულებებზე, რომელიც შესრულებული სამუშაოს ღირებულებას ეხება, თუკი არსებობს ასეთი ვალდებულება. მენარდესა და მოპასუხეებს შორის დადებული ხელშეკრულებებითა თუ დამატებით შეთანხმებებით ვალის გადაკისრება არ მომხდარა, ვინაიდან აღნიშნული შეთანხმებები არც შინაარსობრივი და არც ფორმალური თვალსაზრისით არ წარმოადგენს ვალის გადაკისრებისთვის სსკ-ის შესაბამისი ნორმებით დადგენილ შეთანხმებებს.
22.2.1. მოპასუხეთა წარმომადგენლის განმარტებით, შეთანხმება №6 დადებულია მენარდესა და მოპასუხეებს შორის, რაც გამორიცხავს, მოპასუხეების მიმართ ქვეკონტრაქტორის რაიმე სახის მოთხოვნის უფლებას. გასათვალისწინებელია, ის გარემოებაც, რომ არსებული დავალიანების გადახდა არა ავტომატურ რეჟიმში, არამედ, მისი სათანადოდ დადასტურების შემდეგ ხდებოდა. ამგვარად მოხდა 2012 წლის 8 ოქტომბერს მოსარჩელისთვის 2 880 968 ლარის გადახდა, რაზეც ამ უკანასკნელს რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს.
22.2.2. მხარეთა შორის ანგარიშსწორებისთვის, ქვეკონტრაქტორებისთვის თანხის ანაზღაურებას წინ უძღოდა მენარდის ცალსახა წერილი მოპასუხეთა წარმომადგენლის მიმართ კონკრეტული შესრულებისა და შესაბამისი თანხების ანაზღაურების თაობაზე. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მოსარჩელე შესრულებული სამუშაოს ღირებულების (სადავო თანხის) ანაზღაურების მიზნით, არაერთხელ მიმართავდა მენარდეს, მოთხოვნით, დაედასტურებინა მოპასუხეთა წარმომადგენლის წინაშე შესრულება, რომ შეჰქმნოდა თანხის მიღების საფუძველი.
22.2.3. მოპასუხეთა წარმომადგენლის განმარტებით არ იყო გასაზიარებელი, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, მოპასუხეთა მიერ, თანხის ანაზღაურებამდე ექსპერტიზის დასკვნის მოთხოვნის დაუსაბუთებლად მიჩნევის შესახებ. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მოსარჩელემ დავის სასამართლოში განხილვისას წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის შედეგადაც ნათელი გახდა, რომ შესრულებული სამუშოების ღირებულება და რაოდენობა გარკვეულ შემთხვევაში, არ შეესაბამებოდა დანართი #2 ში მოცემულ სამუშაოების მოცემულობებისა და რაოდენობებს, და ხალიჩების დაგების სამუშობებზე სხვაობა 1 040 ლარს შეადგენდა ნაკლებობით. შესაბამისად, სადავო თანხის მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად თავად მოსარჩელის მიზანსაც წარმოადგენდა შესრულებული სამუშაოების შესაბამისი წესით დადასტურება.
22.2.4. მოპასუხეთა წარმომადგენლის განმართებით დაუსაბუთებელია აგრეთვე, მოპასუხეებისთვის, მოსარჩელის მიერ, საქმეზე გაწეული იურიდიული მომსახურების ღირებულების 3 959.76 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.
22.3. შემსყიდველი №2-ისა და შემსყიდველი №3-ის განმარტებითაც, მხარეებს შორის ვალის გადაკისრება არ მომხდარა.
22.3.1. კასატორების განმარტებით, სასამართლოს შეფასება ვალის გადაკისრების თაობაზე არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და არ გამომდინარეობს სსკ-ის 204-205-ე მუხლებიდან.
22.3.2. მენარდესა და მოპასუხეებს შორის დადებული 2011 წლის 3 თებერვლის ხელშეკრულება და დამატებითი შეთანხმება №6 მხოლოდ ამავე მხარეებს შორის წარმოშობდა უფლება-მოვალეობებს, ხოლო დანართი №1 მითითებული პირების (ქვეკონტრაკტორების) ნაწილში, შესრულებული სამუშაოების მომავალში ანაზღაურების წესი დადგინდა, რაც სამუშაოების პროპორციულად ანაზღაურებას გულისხმობდა, თუმცა, არაუმეტეს დანართში მითითებული თანხებისა.
22.3.3. აღნიშნულიდან გამომდინარე, თავად მენარდე იყო უფლებამოსილი/ვალდებული პირი ქვეკონტრაქტორებთან, მათ შორის მოსარჩელესთანაც.
22.3.4. კასატორები, მენარდესა და მოსარჩელეს შორის ელექტრონულ მიმოწერაზე ამახვილებენ ყურადღებას და განმარტავენ, რომ მენარდის მითითება, ქვემენარდისთვის, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნით მიმართოს მოპასუხეთა წარმომადგენელს, ხოლო თანხა უნდა გადაეხადა დამფინანსებელს, ვერ მიიჩნევა, ვალის დაკისრებათ, მხარეთა შორის დადგენილის ძირითადი ხელშეკრულების გათვალისწინებით. ამავე მიზნით, მოსარჩელესა და მენარდეს შორის, სხვა მიმოწერებიც არსებობს, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე თანხის გადახდის მიზნებისთვის კონკრეტული შესრულების დადასტურების აუცილებლობაზე საუბრობს.
22.4. დამფინანსებლის საკასაციო პრეტენზიით, მენარდე წარმოადგენს მიმწოდებელს, მოპასუხეები კი შემსყიდველ მხარეს, ხოლო თავად კასატორი დამფინანსებელს, შესაბამისად, სახელშეკრულებო ურთიერთობა მოსარჩელესა და ქვეკონტრაქტორს შორის იყო, რის გამოც კასატორები, მათ შორის დამფინანსებელი არ წარმოადგენენ სარჩელზე სათანადო მოპასუხეებს.
22.4.1. მენარდესა და მოპასუხეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და დამატებითი შეთანხმებების მიუხედავად, მენარდე კვლავ რჩებოდა სამართალურთიერთობის მონაწილედ, ვინაიდან, დამფინანსებლის მხრიდან ანგარიშსწორება ცალსახად უკავშირდებოდა მენარდის მიერ ბანკისთვის მიმართვასა და შესრულებული სამუშოების დადასტურებას.
22.4.2. დამფინანსებლის განმარტებით, სხვა მოპასუხეებთან ერთად არ წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს, ვინაიდან, მხარეთა შორის და მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები გამიჯნულია ერთმანეთისგან, და სამართალწარმოების ან ხელშეკრულების დადების დროს ერთ მხარეს ყოფნა, ვალდებულების მიმართ პირთა სოლიდარულობაზე არ მიუთითბს.
22.5. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის (მოსარჩელის) განმარტებით, სადავო თანხის დროულად მიუღებლობით, ზიანს განიცდის კომპანია, რის გამოც არაერთი საკრედიტო ხელშეკრულების დადება მოუწია, რაც დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით და გაეზარდა ფინანსური ვალდებულებები, რომლებიც, სადავო თანხის დროულად გადახდის შემთხვევაში არ დაუგროვდებოდა.
23. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
23.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 მარტის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივრები, ხოლო იმავე წლის 27 მარტის განჩინებით მოსარჩელის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მხარეთა საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული საფუძვლები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
26. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები. ას-1284-2019, 24 იანვარი, 2020 წელი; ას-341-2019, 2 მარტი, 2020 წელი; ას-559-2019 04 დეკემბერი, 2019 წელი;).
27. საკასაციო სასამართლო უპირველესად განმარტავს, რომ მოპასუხეთა საკასაციო საჩივრები არსებითად ერთგვარ პრეტენზიებს შეიცავს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობა და სამართლებრივი შეფასება მთლიანად შეეხება ყველა კასატორის (მოპასუხეების) შედავებას, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნაზე.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არსებითად კასატორთა პრეტენზიები მენარდესა და მათ შორის დადებული ძირითადი ხელშეკრულებისა და დამატებითი შეთანხმებების განმარტებასა და სამართლებრივ შეფასებას ეხება, რომლის მიხედვითაც, კასატორების მტკიცებით, მენარდესა და მათ შორის დადებული შეთანხმებები არ წარმოადგენს ვალის გადაკისრებას, შესაბამისად, დანარჩენი პრეტენზიები, სწორედ აღნიშნულიდანაა ნაწარმოები, რაც, სარჩელის მოთხოვნაზე არასათანადო მოპასუხეობას ეხება, მათ მიმართ ვალდებულების არარსებობის მოტივით.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის მე-2 წიგნის, მე-3 კარის, მე-3 თავის, მე-3 ქვეთავი - „საკუთრების შეძენას უფლებებსა და მოთხოვნებზე“ ეხება, რომლის მიხედვითაც რეგულირებულია კერძო სამართლის ყველა სახის მოთხოვნისა თუ ვალდებულებაში მოვალის ცვლილება, გარიგების საფუძველზე (დამატებით იხ. სსკ-ის პირველი მუხლი). განსახილველ დავაში, მხარეთა პრეტენზიებისა, თუ ურთიერთდამოკიდებულების გათვალისწინებით, დასახელებული ქვეთავი პირობითად ორ ნაწილად შეიძლება გავყოთ - ერთში, მოთხოვნის დათმობის მარეგულირებელი ნორმები, ხოლო მეორეში - გარიგებაში, მოვალის ცვლილების მარეგულირებელი ნორმები მოიაზრება.
30. თავის მხრივ, ვალის გადაკისრება (მოვალის ცვლილება), დასახელებული ნორმების გათვალისწინებით ორგვარად ხდება - 1. მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით (იხ. სსკ-ის 203-ე მუხლი - 1. მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. 2. თავდაპირველ მოვალეს უფლება აქვს არ დაეთანხმოს მოთხოვნის მფლობელისა და მესამე პირის ამ შეთანხმებას და თვითონ გადაიხადოს ვალი.); 2. მოვალესა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით (იხ. სსკ-ის 204-ე მუხლი - თუ ვალის გადაკისრებაზე მესამე პირი და მოვალე შეთანხმდნენ, მისი გადაკისრების ნამდვილობა მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზეა დამოკიდებული. ვალის გადაკისრების ნამდვილობისთვის მოთხოვნის მფლობელის თანხმობა საჭირო არ არის .....);
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, პირველ შემთხვევაში, მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულების ნამდვილობა თავდაპირველი მოვალის სპეციალურ თანხმობას არ საჭიროებს, ანუ შეთანხმება, ასეთი თანხმობის არარსებობის პირობებში, ნამდვილად ითვლება. თუმცა, თავდაპირველი მოვალის წინააღმდეგობის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი, თავად აგრძელებს ვალდებულების შესრულებას. აღნიშნულისგან განსხვავებით, მეორე შემთხვევაში, მოვალესა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულება მოთხოვნის მფლობელის თანხმობის (წინასწარი თანხმობა, ან შემდგომი თანხმობა (მოწონება)), არარსებობის პირობებში, მერყევად ბათილია და მისი ნამდვილობა ან მხარეთა შორის არსებულ წინასწარ (იხ. სსკ-ის მე-100 მუხლი), ან შემდგომ მოწონებაზეა (იხ. სსკ-ის 101-ე მუხლი) დამოკიდებული. თავის მხრივ, სამოქალაქო კოდექსი, არც ვალის გადაკისრებისთვის უშუალოდ, და არც თანხმობის გაცემისთვის, გარიგებისათვის დადგენილ ან სპეციალურ ფორმას არ საჭიროებს (იხ. სსკ-ის 99-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 204-ე მუხლი).
32. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით განმარტავს, რომ დასახელებულ ორივე შემთხვევაში, სახელშეკრულებო ურთიერთობაში სუბიექტის ცვლილების მიუხედავად, ობიექტი - ვალდებულება, უცვლელი რჩება.
33. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, ვინაიდან, კანონმდებელი ცალსახად არ განსაზღვრავს, არც ვალის გადაკისრების შესახებ გარიგების ფორმას, არც კრედიტორის თანხმობის გამოხატვის ფორმას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, გონივრული განსჯის (იხ.სსკ-ის 52-ე მუხლი) შედეგად უნდა შეფასდეს სახეზეა თუ არა ვალის გადაკისრება, და ასეთი გარიგების ნამდვილობა დადასტურებულია თუ არა კრედიტორის მკაფიო ქმედებით.
34. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, შეფასებასა და დასკვნებს იმ ფაქტობრივი გარემოებების მიმართ, რომელიც მხარეთა და მენარდეს შორის ძირითადი ხელშეკრულების დადების შემდეგ განვითარდა, მიუთითებს მათზე, დამატებით აღარ მოახდენს მათ დუბლირებას განჩინების სამოტივაციო ნაწილში (იხ. წინამდებარე განჩინების 1-17 პუნქტები და 21.7.1 ქვეპუნქტები) და განმარტავს, რომ შეთანხმება №6 დადებულია მოპასუხეთა და მენარდეს შორის, მანამდე არსებული ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სადაც, საბოლოო მოვალეს იმ შესრულებაზე, რომელიც მენარდეს უნდა განეხორციელებინა ან პირადად ან ქვეკონტრაქტორების მეშვეობით, ისედაც მოპასუხეები წარმოადგენდნენ (შემსყიდველები). შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს, როგორც ძირითადი ხელშეკრულებით, აგრეთვე დასახელებული დამატებითი შეთანხმებით დამფინანსებელი (ხელშეკრულებაში, კასატორის მსგავსი სახით მოხსენიებაც, ურთიერთობაში მისი ფუნქციაზე მიუთითებს) წარმოადგენდა. ამავე შეთანხმების მიზანი, თავად შეთანხმების შინაარსობრივი განმარტებიდან გამომდინარე, ცხადად ჩანს, რომ მიმწოდებლის (მენარდის) სურვილი იყო, შეთანხმების დანართი #1-ში მითითებული ქვეკონტრაქტორების (მათ შორის მოსარჩელის) დავალიანების უმოკლეს დროში დაფარვა, რომელიც დამფინანსებლისთვის, ბანკის მიერ დაბრუნებული თანხიდან უნდა მომხდარიყო (იხ. ტ.2,ს.ფ.33-50; ტ.1,ს.ფ.19). ამავე შეთანხმებით, დამფინანსებელმა ცალსახად აიღო ვალდებულება, მენარდის მიერ თხოვნით მიმართვისა და ნების დართვის შემდეგ, დანართი #1-ით განსაზღვრული ქვეკონტრაქტორებისთვის (მათ შორის მოსარჩელისთვის) აენაზღაურებინა გაწეული სამუშაოების ღირებულება. დადგენილია უდავოდ (მხარეები ადასტურებენ და არ უთითებენ რაიმე სპეციფიკურობაზე), რომ მოსარჩელისთვის, როგორც დანართი #1-ში მითითებული მიმწოდებლისთვის, შეთანხმება №6-ის საფუძველზე 2012 წლის 8 ოქტომბერს გადახდილია შესრულებული სამუშოების ღირებულების დიდი ნაწილი - 2 880 968 ლარი, რაც უპირობოდ მიიღო ქვემენარდემ (მოსარჩელემ) (ტ.1,ს.ფ. 25; აგრეთვე იხ. იუსტიციის სამინისტროს მიმართვა დამფინანსებელს). დანართი #1-ით განსაზღვრულია, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების სრული ღირებულება.
35. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასების ფარგლებში და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო მოვალისა და მესამე პირის შეთანხმება ვალის გადაკისრების თაობაზე, რომელზეც ცხადია მოთხოვნის უფლების მქონე პირმა თანხმობა გამოთქვა, პირველ რიგში სადავო თანხის დიდი ნაწილის ჩარიცხვის შემდეგ, აღნიშნული თანხის მიღებით, შემდეგ კი ახალი მოვალის მიმართ პრეტენზიის წაყენებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში შემსყიდველები და დამფინანსებელი ისედაც მოვალეებს წარმოადგენდნენ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებაზე, ხოლო დამატებითი შეთანხმების საფუძველზე, მენარდის ვალდებულების შესრულება იკისრეს პრივატული სახით უშუალოდ ქვეკონტრაქტორებთან.
36. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სოლიდარული ვალდებულების არსებობა (კრედიტორთა ან მოვალეთა სიმრავლე) რამდენიმე წინაპირობას უკავშირდება: უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე რამდენიმე პირის მონაწილეობა. ამასთან, იმის მიხედვით, თუ ვალდებულების რომელ მხარეზე მონაწილეობს სოლიდარულად რამდენიმე პირი, თითეულს ერთი და იმავე მოვალის მიმართ შეიძლება გააჩნდეს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება, ანდა თითოეულ მათგანს ერთი და იმავე კრედიტორის მიმართ დაეკისროს ვალდებულების შესრულების ვალდებულება.
37. სწორედ ის ფაქტი, რომ სოლიდარულ ვალდებულებაში მონაწილე რამდენიმე პირთაგან თითოეულს მთლიანი ვალდებულების შესრულება ეკისრება, ანდა თითოეული მთლიანი ვალდებულების შესრულების მოთხოვნაზეა უფლებამოსილი, განასხვავებს სოლიდარულ ვალდებულებას წილადი ვალდებულებისაგან. ვალდებულებაში წილობრივად მონაწილე ნებისმიერ პირს ვალდებულების შესრულება მხოლოდ კუთვნილი წილის ფარგლებში შეუძლია მოითხოვოს და შესაბამისად, მას მხოლოდ ამ წილის ოდენობით ეკისრება შესრულების ვალდებულებაც. შესაბამისად, წილადი ვალდებულებისაგან განსხვავებით, სოლიდარულ ვალდებულებაში კრედიტორი იმ შემთხვევაშიც შეძლებს მოთხოვნის დაკმაყოფილებას, როდესაც მხოლოდ ერთი სოლიდარული მოვალე აღმოჩნდება გადახდისუნარიანი. შედეგად სოლიდარულ მოვალეს კრედიტორის წინაშე ვალდებულების მთლიანად შესრულების შემდეგ, სხვა სოლიდარული მოვალეების მიმართ, სსკ-ის 473-ე მუხლიდან გამომდინარე, რჩება მხოლოდ უკუმოთხოვნა. ეს მოთხოვნა კი სუსტი ვალდებულებით-სამართლებრივი მოთხოვნაა, რადგან მისი განხორციელება დანარჩენ სოლიდარულ მოვალეთა გადახდისუნარიანობაზეა დამოკიდებული. განსახილველი შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სოლიდარული ვალდებულება.
38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსაბუთებელია კასატორების მოთხოვნაც, მოსარჩელის სასარგებლოდ, მათთვის დაკისრებული იურიდიული მომსახურების ხარჯის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი ნაწილობრივ წარმატებული აღმოჩნდა, რა დროსაც, პროპორციულად ეკისრება მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟი, აგრეთვე სხვა ხარჯები, რომელიც მოსარჩელემ გაიღო საქმის სასამართლო განხილვისთვის.
39. საკასაციო სასამართლო შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით, მიუღებელი შემოსავლის შესახებ განმარტავს, დასახელებული პრეტენზია დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. მხარეთა შორის ურთიერთობის საგანს, გარკვეული სამუშაოს შესრულება წარმოადგენდა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების დაგვიანება უსაფუძვლოდ, თავისთავად უნდა მიუთითებდეს გარკვეულ ზიანზე, თუმცა ასეთი ფაქტის ზიანად მიჩნევისა და მით უფრო კონკრეტული თანხის დაკმაყოფილების წინაპირობად, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა დაედასტურებინა, რომ სასარჩელო მოთხოვნით განსაზღვრული თანხის დაგროვება, რომელსაც ზიანის ანაზღაურების მიზნით ითხოვდა, განსახილველ შემთხვევაში, სწორედ მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით იყო გამოწვეული. აღნიშნული გარემოებების დადასტურება, კი, მხოლოდ საკრედიტო ხელშეკრულებით არ არის შესაძლებელია. საკასაციო სასამართლო იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ამ კუთხით, და დამატებით განმარტავს, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია სასამართლოსთვის ის მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოპასუხეებისგან, 2012 წლის 8 ოქტომბერს მიღებული, მთლიანი ვალდებულების სოლიდური ნაწილი, გარკვეულწილად საბანკო ვალდებულებების დაფარვისთვის გამოიყენა, რომელიც ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო დაუგროვდა.
40. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსვალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.
41. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.
42. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).
43. ამდენად, შეგებებული კასატორის მტკიცება ზიანის თაობაზე, არ არის დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით, ამასთან, მისი სხვა მოთხოვნები (სახელმწიფო ბაჟის, ექსპერტიზის დასკვნის და ა.შ), სწორედ ზიანთან დაკავშირებით მისი მოთხოვნიდან წარმოიშვა, რომელიც, ამავე მოთხოვნის დაუსაბუთებლად მიჩნევის გამო, ვერ გახდება მოწინააღმდეგეზე დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
44. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრები დაუშვებელია.
45. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე „თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ე.ბ–ის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. შპს ,,ა–ის“ შეგებებული საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
3. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ:2022..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4 000 ლარის (საგადახდო დავალება №05910, გადახდის თარიღი 2020 წლის 12 მარტი), 70% - 2 800 ლარი;
4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ:20230..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4 000 ლარის (საგადახდო დავალება №07255, გადახდის თარიღი 2020 წლის 12 მარტი), 70% - 2 800 ლარი;
5. შპს ,,ა–ს“ (ს/კ:205039...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4 826 ლარის (საგადახდო დავალება №415, გადახდის თარიღი 2020 წლის 11 მარტი), 70% - 3 378.2 ლარი;
6. შპს ,,ა–ის“ შუამდგომლობა იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების მოწინააღმდეგისთვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
7. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსარმართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე