Facebook Twitter

საქმე №ას-94-2020 23 სექტემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.კ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ტ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების 2/3 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თ.კ–ი (შემდეგში: ქმარი, მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) და ს.ტ–ი (შემდეგში: ცოლი, მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1988 წლის 30 აგვისტოდან, ისინი განქორწინდნენ 2017 წლის 13 სექტემბერს (ტ.1,ს.ფ. 18; 124). იმავე წლის, 17 აგვისტოს (განქორწინებამდე 1 თვით ადრე), ქმრის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. მხარეთა შორის, დავის განხილვის დროისთვისაც კონფლიქტური ურთიერთობაა.

2. ქორწინების განმავლობაში, მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...., დაზუსტებული ფართობი 313 კვ.მ. /ს/კ N ...../. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, აღნიშნულ ქონებაზე, საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს: ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი, საქმე N2/2-2093, ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ 2001 წლის 7 ნოემბერს გაცემული საინვენტარიზაციო გეგმა (ტ.1,ს.ფ. 68-69).

3. მხარეებმა ქორწინების პერიოდში 11.12.2012 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინეს უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ...... შენობა-ნაგებობა N1 (საერთო ფართობით 170.5 კვ.მ.) და შენობა ნაგებობა N2-დან (საერთო ფართით 87.95 კვ.მ.) 1/2 ნაწილი (ს/კ N ......) (ტ.1,ს.ფ. 19-20).

4. მოპასუხესა (ცოლი) და ი.ა–ას შორის, 2015 წლის 25 მაისს დაიდო გამიჯვნის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც უძრავი ქონება დაიყო ინდივიდუალურ საკუთრებად და ნაწილი დარჩა საერთო საკუთრებაში. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ....... ქუჩა 34 ბ, დაზუსტებული ფართობი 370 კვ.მ. ფართიდან, მოპასუხის სახელზე აღირიცხა 123 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: შენობა N1/2 თავზე არსებული საზაფხულო ფართი 98.97 კვ.მ., შენობა N1/2 II სართულის გეგმა, საერთო ფართი 100.26 კვ.მ., შენობა N1/2 I სართულის გეგმა, საერთო ფართი 96.89 კვ.მ., შენობა N2/1 საერთო ფართი 13.80 კვ.მ. და მიენიჭა საკადასტრო კოდი N01...., მისამართი დარჩა ქ. თბილისი, ....... ქუჩა N34 ბ. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხის სახელზე აღირიცხა 14 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა: შენობა N1/1 საერთო ფართი 10.69 კვ.მ. და მიენიჭა საკადასტრო კოდი N01......, მისამართი დარჩა თბილისი, ....... ქუჩა N34 ბ. მოპასუხისა და ი.ა–ას საერთო საკუთრებაში დარჩა ნაკვეთი N2, 233 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. მოპასუხის სახელზე აისახა ნახევარსარდაფში ფართი 28.55 კვ.მ. I სართულზე ფართი 25.39 კვ.მ., ხოლო ი.ა–ას საკუთრებაში დარჩა ნახევარსარდაფში ფართი 31.64 კვ.მ., I სართულზე ფართი 44.72 კვ.მ. და მიენიჭა საკადასტრო კოდი N01......, მისამართი დარჩა თბილისი, ....... ქუჩა N34 ბ.

5. მოსარჩელემ, 2011 წლის 10 ნოემბერს შედგენილი ხელწერილით, გ.ღ–გან (შემდეგში: გამსესხებელი, მყიდველი) მიიღო სესხის თანხა 40 000 აშშ დოლარი.

6. მოსარჩელემ, 2017 წლის 10 ივლისს, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გაასხვისა გამსესხებელზე 96 000 ლარად. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, საფასურის გადახდა განხორციელდა სრულად, 2011 წლის 10 ნოემბრის ვალის აღიარების ხელწერილის საფუძველზე (ტ.1,ს.ფ. 71-75; 239).

7. ინდივიდუალური აუდიტორის შეფასების ანგარიშით, ს.ტ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ....... ქუჩა N34 ბ, საკადასტრო კოდით N......, N......., N......., საბაზრო ღირებულება განისაზღვრა სულ 68 000 ლარის ოდენობით.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო საქმე N2/37187-18 ქმრის სარჩელის გამო ცოლის მიმართ, სადაც დავის საგანს წარმოადგენს ვალის მეუღლეთა საერთო ვალად აღიარება და თანხის დაკისრება. მოცემულ საქმეზე დავა დასრულებული არ არის.

9. სარჩელის მოთხოვნა

9.1. ქმარმა, 2017 წლის 14 ივლისს, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოითხოვა ქორწინების პერიოდში შეძენელი ქონების 2/3 ნაწილის (ცოლის სახელზე რეგისტრირებულ, ....... ქუჩა N34 ბ-ში, N0......, N......., N.......ს/კოდებით რეგისტრირებულ უძრავი ქონებების, თითოეულის ½ ნაწილის) მესაკუთრედ ცნობა.

10. მოპასუხის შესაგებელი

10.1. მოპასუხე დაეთანხმა, ყოფილი ქმრის სასარჩელო მოთხოვნებს და განმარტა, რომ სადავო ქონებები შეძენილია მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში.

11. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნა

11.1. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ, მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი და შემდეგ 96 000 ლარად გასხვისებული ქონების საფასურის ნახევარი 48 000 ლარის ქმრისთვის დაკისრება მოითხოვა.

12. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია

12.1. შეგებებული სარჩელის მოპასუხე (ყოფილი ქმარი), შეგებებული სარჩელის მოთხოვნას არ დაეთანხმა, და განმარტა, რომ სადავო ქონება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი) შეიძინა საკუთარი სახსრებით. ცოლი თავად ქმნიდა კონფლიქტურ სიტუაციებს, იღებდა ვალებს და ქმარს უწევდა გადახდა. მოსარჩელის განცხადებით, 40 000 დოლარი ისესხა, რომლის გადაუხდელობის გამოც მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გადასცა გამსესხებელს (მყიდველს). მყიდველმა, დროებით მისცა მოსარჩელესა და მის მეუღლეს ბინაში ცხოვრების უფლება, ხოლო, როდესაც ....... ქ. N34ბ-ში აპირებდნენ გადასვლას, მოპასუხემ, საპატრულო პოლიცია გამოიძახა და მოსარჩელეს აუკრძალა აღნიშნულ მისამართზე მისვლაც კი. მოსარჩელის განმარტებით, უძრავი ქონების გასხვისებით მიღებული სარგებლით, ქორწინების პერიოდში აღებული ვალები გაისტურმა, რაც გამორიცხავს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას.

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

13.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით, თავდაპირველი მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ქმარი, ცნობილ იქნა ცოლის სახელზე რეგისტრირებულ, ....... ქუჩა N34 ბ-ში, N......., N........, N.......ს/კოდებით რეგისტრირებულ უძრავი ქონებების, თითოეულის ½ ნაწილის მესაკუთრედ.

13.2. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს (ყოფილ ქმარს), დაეკისრა მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ......ქუჩა N69, დაზუსტებული ფართობი 313 კვ.მ. /ს/კ N......, გასხვისებით მიღებული თანხის 96 000 ლარის ½ ნაწილის - 48 000 ლარის გადახდა

14. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

14.1. მოსარჩელემ, ნაწილობრივ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ამასთან, აპელანტის პრეტენზიით, ასევე, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის საოქმო განჩინება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა, მოპასუხის შეგებებული სარჩელის ნაწილში, საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობაზე.

14.2. აპელანტის განმარტებით, 2017 წლის 3 მაისს ყოფილმა ცოლმა აღძრა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა - მოპასუხეს დაეკისროს მეუღლეთა თანაცხოვრების განმავლობაში შეძენილი ქონების (მდებარე ქ. თბილისი, ......., ს/კ ........) გასხვისებით მიღებული თანხის 96 000 ლარის ½-ის 48 000 ლარის გადახდა. მოსარჩელემ (აპელანტმა, ყოფილმა ქმარმა) ყოფილი ცოლის შეგებებულ სარჩელზე აღძრა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა ვალის მეუღლეთა საერთო ვალად აღიარება. 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ქმარს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის მიღებაზე, თუმცა განჩინებით განმარტებული მითითებების შესრულება და დაზუსტებული შეგებებული სარჩელის შეტანა ვერ მოხერხდა იქიდან გამომდინარე, რომ განჩინება ქმრის შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ ჩაბარდა იმ დროს, როდესაც უკვე მთავარ სხდომაზე იყო საქმე გადასული. ყოველივე აღნიშნულის შესაბამისად, იძულებული გახდა ცალკე სარჩელი აღეძრა მოცემული შეგებებული სარჩელით დაყენებული მოთხოვნით.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

15.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

15.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში, და სასამართლო სხდომაზე აპელანტის მიერ გაჟღერებული პოზიცია, რომ სადავო ქონების გასხვისებით სარგებელი არ მიუღია და განხორციელდა უძრავი ქონების ვალის სანაცვლოდ გადაცემა, ამასთან, პირველი ინსტანციის მიერ საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შედეგად არ მიეცა საშუალება ედავა საერთო ვალების გაყოფის მოთხოვნით, რაც საფუძველი გახდებოდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის.

15.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი როგორც 2011 წლის 10 ნოემბრის ვალის აღირების შესახებ ხელშეკრულება, ისე 2017 წლის 10 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება და ნასყიდობის საფასური, სადავო უძრავი ქონება შეძენილი და გასხვისებულ იყო მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში, რის გამოც იგი უნდა ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, ხოლო მისი განკარგვით მიღებული შემოსავალი წარმოადგენს იმ ქონებრივ სარგებელს, რომელიც მიღებულია საზიარო ქონების გასხვისების შედეგად.

15.5. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ, ქონების განკარგვის შედეგად მიიღო ქონებრივი სარგებელი, რაც შეადგენს 96 000 ლარს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ქონების გაყიდვის შედეგად მოპასუხეს, რომელსაც გააჩნდა აღნიშნული ქონების განკარგვის შედეგად სარგებლის მიღების კანონისმიერი საფუძველი, გადაეცა მიღებული თანხიდან რაიმე წილი. ამასთან, არ დგინდება, რომ მიღებული თანხა მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებს.

15.6. საქმის წარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის ცალკე არსებული დავით არ იკვეთებოდა სასამართლოს მხრიდან აღნიშნულ ურთიერთობაზე გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობა. საქართველოს საპროცესო კანონმდებლობა შეგებებული სარჩელის აღძვრის წინაპირობებს განსაზღვრავს არა სავალდებულოდ, არამედ მხარეს ანიჭებს შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში მისი აღძვრის უფლებას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ცალკე დავას აწარმოებდა მოწინააღმდეგესთან, მეუღლეთა შორის საერთო ვალების გაყოფის შესახებ, არ შეიძლება გახდეს იმ ფაქტის გამაბათილებელი საშუალება, რომ ერთი მეუღლის მიერ უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მეორე მეუღლეს არ ეკუთვნის აღნიშნულის შედეგად მიღებული სარგებელიდან შესაბამისი წილი. ყოფილი ქმრის სარჩელის სამომავლოდ დაკმაყოფილების შემთხვევაში მხარეებს შორის შესაძლოა დამატებით წარმოიშვას ურთიერთვალდებულებათა გაქვითვის საჭიროება.

16. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები

16.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

16.2. კასატორის პრეტენზიით, უსაფუძვლო იყო, ქვემდგომი ინსტანციის შეფასება, რომ მოსარჩელის სახელზე რიცხული უძრავი ქონების გასხვისებით ამ უკანასკნელმა სარგებელი მიიღო, რომლის ½ მოპასუხესაც ეკუთვნოდა, როგორც მეუღლეს.

16.3. კასატორის განმარტებით, განსახილველ საქმეზე, მოპასუხის შეგებებულ სარჩელზე, მოსარჩელემაც აღძრა შეგებებული სარჩელი, რომლის მიღებაზეც საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა კასატორს. კასატორმა, შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებით გათვალისწინებული მითითებების შესრულება და სარჩელის დაზუსტება ვეღარ მოასწრო, ვინაიდან განსახილველ დავაზე მოსამზადებელი ეტაპი უკვე დასრულებული იყო.

16.4. სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც კასატორის სახელზე იყო რეგისტრირებული და მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში გასხვისდა, კასატორი განმარტავს, რომ აღნიშნული ქონება, მყიდველისგან აღებული სესხის სანაცვლოდ გადაეცა, რასაც ნასყიდობის ხელშეკრულებაც ადასტურებს. აღნიშნულის შესახებ მითითებულია, როგორც შესაგებელში, აგრეთვე შეგებებულ სარჩელში, თუმცა შეგებებული სარჩელი სასამართლომ არ მიიღო. სადავო ქონებასთან დაკავშირებით, როგორც მოსარჩელემ, აგრეთვე მოპასუხემ, იშუამდგომლეს მოწმეთა დაკითხვა. მოწმე, გ.ღ–მა დაადასტურა, რომ სადავო ქონება საკუთრებაში, მასსა და მოსარჩელეს შორის, 2011 წლის 10 ნოემბერს დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ მიიღო. მეორე მოწმემ - ა.ნ–მა დაადასტურა, რომ მასსა და მის მეუღლეს ე.ა–ას მოსარჩელემ უძრავი ქონების გაფორმებამდე 20 000 აშშ დოლარი, ხოლო საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებული საბუთების მოწესრიგების შემდეგ დარჩენილი 20 000 აშშ დოლარი, ჯამში 40 000 აშშ დოლარი გადასცა.

16.5. კასატორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, მიმდინარე საქმეზე სასამართლომ შეაფასა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც არ შედიოდა წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნების მტკიცების საგანში.

16.6. კასატორის განმარტებით, თუ სასამართლოს მიაჩნდა, რომ მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფის შესახებ მოთხოვნა, სხვა დავის საგანი იყო, რაც მიმდინარე საქმის შეჩერების, ან ამ საქმეთა გაერთიანების საფუძველი ვერ გახდებოდა, შესაბამისად, უსაფუძვლო იყო, მოწმეთა დაკითხვა, აგრეთვე, შეფასება, რომ „საქმეში არ მოიპოვებოდა მყარი სახის მტკიცებულება, რომელიც დამაჯერებელს გახდიდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ თანაცხოვრების პერიოდში აღებული ვალი ცნობილი იყო მოპასუხისთვისაც და მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებს“, იმ პირობებში, როდესაც, მოპასუხეს შესაგებელში თავისმხრივ არაფერი წარუდგენია, შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის გამო.

17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

17.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, ხოლო, იმავე წლის 10 ივნისის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად დასაშვებადაა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

18. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია როგორც მატერიალურსამართლებრივი, აგრეთვე საპროცესოსამართლებრივი დარღვევების საფუძვლით.

20. მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, კასატორის პრეტენზია ეხება, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ იმ საკითხის არასწორ შეფასებას, რომელიც მან სადავოდ გახადა, როგორც შესაგებლით, აგრეთვე მოპასუხის შეგებებულ სარჩელზე წარდგენილი შეგებებული სარჩელით (ამ უკანასკნელს, პროცესუალურსამართლებრივი გარემოებების გამო მიღებაზე ეთქვა უარი და მასში მოყვანილი გარემოებების შეფასება მიზანშეუწონელია).

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორი, სარჩელით, მისი ყოფილი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული სამი უძრავი ქონების, თითოეულის ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობას ითხოვდა. აღნიშნული მოთხოვნები, მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით ცნო (იხ. ტ.1,ს.ფ.53), რაც მხარეთა შორის ამ საკითხზე დავას გამორიცხავს. თუმცა, მოპასუხე, შესაგებელშიც ახსენებს და მოგვიანებით წარდგენილი შეგებებული სარჩელითაც სადავოდ ხდის, რომ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისებით, ამ უკანასკნელმა სარგებელი მიიღო, შესაბამისად, ნასყიდობის საფასურიდან - 96 000 ლარიდან ნახევარი - 48 000 ლარი მას ეკუთვნის. თავისმხრივ, მოპასუხის შეგებებულ სარჩელზე წარდგენილი, მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით, მოსარჩელემ, სადავო თანხის დაკისრების უსაფუძვლობაზე მიუთითა და განმარტა, რომ მიღებული თანხით, მანამდე არსებული საერთო ვალი გადაიხადა, რაც გამორიცხავდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას.

22. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანა მდგომარეობს სასარჩელო მოთხოვნის იდენტიფიცირებასა და იმის დადგენაში თუ, რის საფუძველზე, რომელ ფაქტობრივ გარემოებებზეა დამყარებული მოთხოვნა. მოსარჩელის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში კი, სასამართლომ უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ იურიდიულ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოძიებული ნორმა (ან ნორმები) უნდა შეიცავდეს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც დავის განმხილველი სასამართლოს ვალდებულებაა და იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ დადგინდეს ნორმის წინაპირობები (მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა), რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას. საბოლოოდ, სასამართლომ უნდა გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. პროცესის მონაწილე მხარე კი, რომელსაც გააჩნია მოთხოვნა მეორე მხარის მიმართ, ვალდებულია, სულ მცირე, მიუთითოს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა ადგენს (შეიცავს). აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (შდრ.,სუსგ №ას-1338-2018,25 იანვარი, 2019 წელი, პ-17; №ას-1470-2018, 15 თებერვალი, 2019 წელი, პ-41). თავის მხრივ, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის იდენტიფიცირების შემდეგ, იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევის მიზნით, რაც მოსარჩელეს ამოძრავებს, იმ პირობებში თუ ის უთითებს შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე და წარდგენილი აქვს მტკიცებულებები, სასამართლო მოიძიებს ე.წ შედეგის განმსაზღვრელ ნორმებს, რომელთაც შეუფარდებს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. ე.წ. სუბსუმციის, ანუ იურიდიული კვალიფიკაციის მეთოდი) თუმცა, ამავე ნორმების გამოყენებისა და მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფარდებამდე, აგრეთვე უნდა შეფასდეს, არსებობს თუ არა ე.წ. მოთხოვნის გამომრიცხავი ნორმები, რომელთა მოძიებაც, რიგ შემთხვევებში, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებლის ან შეგებებული სარჩელის მითითებებიდან უნდა გამომდინარეობდეს.

24. წინამდებარე შემთხვევაში, შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნა, მისი ყოფილი ქმრის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისებიდან გამომდინარე სარგებლის მიღებას ეხება (დადგენილია, რომ სადავო ქონება შეძენილია მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში), რაც გამომდინარეობს სსკ-ის 1158-ე „1.მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი“, 1160.3 „მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი“ მუხლებიდან.

25. თავისმხრივ, შეგებებულ სარჩელზე წარდგენილი, მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით (იხ. სსკ-ის 1169-ე „მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად“ მუხლი), მოსარჩელე (ქმარი, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) სადავო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული თანხით, ოჯახის საერთო ვალის გადახდაზე უთითებდა. აღნიშნულის დასადასტურებლად კი ვალის აღიარების შესახებ ხელწერილზე და სადავო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მიუთითა (იხ. დასახელებული ხელშეკრულების მე-4 პუნქტი - „მხარეები ადასტურებენ, რომ ნასყიდობის საგნის თანხის გადახდა განხორციელდა სრულად 2011 წლის 10 ნოემბრის ვალის აღიარების ხელწერილის საფუძველზე“).

26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეს არ სჭირდება სასამართლოსათვის დამოუკიდებელი სარჩელით მიმართვა ან დაწყებულ პროცესში შეგებებული სარჩელის აღძვრა, შესაბამისად, ზედმეტი საპროცესო ხარჯების გაწევა. პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მას შეუძლია წარადგინოს მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი, რაც წარადგინა კიდევაც.

27. საკასაციო სასამართლო, დამატებით, საქმეში არსებულ მოწმეთა ჩვენებებსა და მხარეთა ურთიერთსაპირისპირო განმარტებებზე მიუთითებს, კერძოდ, „უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ....... ქუჩა N34 ბ, საკადასტრო კოდით N....., N ....., N ....., შეძენილია მეუღლეების, თ.კ–ის და ს.ტ–ის მიერ ქორწინების განმავლობაში, ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში. შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს თ.კ–ისა და ს.ტ–ის საერთო საკუთრებას. მხარეები განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ აღნიშნული უძრავი ქონების შეძენის დროს ნასყიდობის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით. თ.კ–ის განმარტებით, მან აღნიშნული უძრავი ქონების შესაძენად თანხა ისესხა გ.ღ–გან. თ.კ–მა ე.ა–ას და მის მეუღლეს, ა.ნ–ს უძრავი ქონების გაფორმებამდე ბეს სახით მისცა თანხა 20 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგების შემდგომ, 20 000 აშშ დოლარი გადაუხადა მათ. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს მოწმე ა.ნ–ი, რომელიც განმარტავს, რომ მან სრულად მიიღო ნასყიდობის თანხა 40 000 აშშ დოლარის ოდენობით. თუმცა კონკრეტულად ვერ იხსენებს, დარჩენილი 20 000 აშშ დოლარი ნაწილ-ნაწილ გადაუხადა თ.კ–მა თუ ერთიანად. ს.ტ–ის განმარტებით კი, მას ნასყიდობის დარჩენილი საფასური ნაწილ-ნაწილ მიჰქონდა ე.ა–ასთან და მის მეუღლესთან, რასაც არ ეთანხმება მოწმე ა.ნ–ი. თ.კ–ის განმარტებით, აღნიშნული სახლის შეძენა მოხდა ოჯახის საერთო ვალით, რომლის დაბრუნების ვალდებულებით ს.ტ–ი არ დაინტერესებულა.“

28. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ დადგენილია, სადავო უძრავი ქონება შეძენილია და გასხვისებული მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში, გამოსარკვევია, გასხვისების შედეგად მიღებული თანხა წარმოადგენდა თუ არა სარგებელს, ან აღნიშნული თანხით გადაფარული სესხი წარმოადგენდა თუ არა მეუღლეთა საერთო ვალს, რაც დასახელებული მტკიცებულებების სათანადო გამოკვლევისა და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი გარემოებების გაანალიზებისას, შეიძლება გაირკვეს, ხოლო, საკასაციო სასამართლო, განსახილველ შემთხვევაში მოკლებულია შესაძლებლობას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მათ დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებები.

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის პრეტენზია პროცესუალურსამართლებრივი ხასიათისაც იყო, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში, კასატორმა, მოპასუხის შეგებებულ სარჩელზე თავადაც წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც, ვალის, მეუღლეთა საერთო ვალად აღიარებას ითხოვდა, დასახელებული შეგებებული სარჩელის მიღებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით უარი ეთქვა, იმ მოტივით, რომ მოთხოვნა არ ჰქონდა დაზუსტებული, აღძრული იყო აღიარებითი სარჩელი. მოსარჩელემ, იმავე მიზნით ცალკე წარადგინა სარჩელი, სადაც მოითხოვა გამსესხებლისგან აღებული 40 000 აშშ დოლარის მეუღლეთა საერთო ვალად აღიარება, ხოლო, საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, პარალელურად არსებული დავის დასრულებამდე შეეჩერებინა საქმე. აღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. ამრიგად, საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. აქედან გამომდინარე, საქმის წარმოების შეჩერებამდე სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება (იხ. სუსგ-ები №ას-266-253-2016, 2016 წლის 14 ივნისი; ას-1249-1169-2017, 27.04.2018).

31. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ წინამდებარე საქმეზე, მოპასუხემ, შეგებებული სარჩელით სადავო უძრავი ქონების გასხვისებით მიღებული სარგებელი გახადა სადავოდ და მიუთითა, რომ აღნიშნული თანხის 1/2 წილი, როგორც მეუღლეთა საერთო საკუთრებიდან მიღებული, მას ეკუთვნოდა, თავისმხრივ, მოპასუხე ქმარმა შესაგებლითაც სადავოდ გახადა აღნიშნული ფაქტი და პარალელურ დავაშიც მიუთითა, რომ სადავო ქონების საფასურით მანამდე არსებული ვალი დაიფარა, რომლის მეუღლეთა საერთო ვალად აღიარება მოითხოვა, ამდენად, ორივე დავაში ერთი გარემოება იყო დასადგენი, წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელის (ქმრის) მიერ აღებული ვალი საერთო ვალს, და სადავო ქონების გასხვისებით მოხდა თუ არა ამ ვალის დაფარვა.

32. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

33. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ.კ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ზამბახიძე

ლ. მიქაბერიძე