საქმე №ას-10-2020 24 ივნისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
I საკასაციო საჩივრის ავტორი - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ი.გ–ძე
II საკასაციო საჩივრის ავტორი - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (მოპასუხე)
წარმომადგენელი - დ.ბ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ–ო“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - დ.ნ–ძე (დირექტორი), რ.ხ–ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს ,,ლ–ო’’ (შემდეგში: მოსარჩელე, საწარმო, აპელანტი) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 1997 წლის 18 ნოემბრიდან. 2007 წლისათვის მისი პარტნიორები იყვნენ: დ.ნ–ძე - 33.3% (შემდეგში: საწარმოს ამჟამინდელი დირექტორი), მ. შ–ა - 16.5%, ი. შ–ა - 49.8%, ხოლო დირექტორი - მ. შ–ა (შემდეგში: მეორე დირექტორი). საწარმოს საქმიანობას წარმოადგენდა საკუთრებაში არსებული ფართების იჯარით გაქირავება და სხვა ბიზნეს საქმიანობის განხორციელება (ტ.1,ს.ფ. 28-29; 46-47; 51; 94-99; 100-104-108; 84-93; 98; 109-127; 131; 138; 152-154; 159-160;).
2. საწარმოს, 1996 წლის 20 სექტემბრიდან, სარგებლობაში ჰქონდა ქ.ქუთაისი, ....... ...... №53ა-ში (სასურსათო მაღაზია) მდებარე ს.რ–ის მუშათა მომარაგების სავაჭრო-საწარმოო გაერთიანების ს–ის განყოფილების ბალანსზე რიცხული კვების ობიექტი №2, შენობის ქვეშ არსებული 440 კვ.მ და მასთან დამაგრებული 60 კვ.მ მიწის ნაკვეთით, სულ 500კვ.მ მიწის ნაკვეთი (ტ.1,ს.ფ. 103-106).
3. ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის არბიტრის, გ.ფ–ის (შემდეგში: არბიტრი) 2001 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა საწარმოს თავდაპირველი დირექტორის პრეტენზია და ქუთაისში, ... №53ბ-ში აგებული შენობა-ნაგებობები (შემდეგში: საიჯარო ქონება) საერთო ფართით 364.7 კვ.მ ცნობილ იქნა საწარმოს საკუთრებად, ხოლო 741 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც განლაგებულია ეს შენობა-ნაგებობები, ცნობილ იქნა საწარმოს მფლობელობაში(ტ.7,ს.ფ. 109-115).
4. შპს ,,ს.რ–ის“ ფილიალის, ს–ის №2 სამოქალაქო ნაგებობათა დისტანციის დირექტორს - თ.ხ–ასა და საწარმოს თავდაპირველ დირექტორს შორის 1998 წლის 22 დეკემბერს, გაფორმდა №117 ხელშეკრულება, სადგურ ქუთაისის ტერიტორიაზე, დროებითი ნაგებობის აშენების უფლებით, 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 5 წლის ვადით იჯარით გაცემის შესახებ. ხელშეკრულების დაზუსტების შედეგად, საწარმოს გადაეცა 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი იჯარით, 2005 წლის ბოლომდე.
5. ქ.ქუთაისის მერიის მიწის მართვისა და განკარგვის საკონკურსო კომისიის 2006 წლის 20 ნოემბრის დადგენილებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა საწარმოსთვის მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულების გაგრძელება 2007 წლის ბოლომდე, რაზეც უნდა გაფორმებულიყო შესაბამისი ხელშეკრულება.
6. საწარმოს მეორე დირექტორმა, იჯარის ხელშეკრულების გაგრძელებასთან დაკავშირებით, საკითხის გადაწყვეტამდე, 2007 წლის 12 თებერვალს პრეტენზიით მიმართა ქუთაისის მუდმივმოქმედ არბიტრაჟს იმ მოტივით, რომ მას იჯარით ჰქონდა აღებული 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ფაქტიურად ფლობდა 744 კვ.მ და მოითხოვა მისი საკუთრებაში გადაცემა.
7. არბიტრის მიერ, 2007 წლის 12 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საწარმოს მეორე დირექტორის, პრეტენზია და ქ.ქუთაისში, ... №53ბ-ში აგებული შენობა-ნაგებობები 723.51 კვ.მ განთავსებული 744 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ცნობილ იქნა საწარმოს საკუთრებად(ტ.1,ს.ფ.17-21).
8. 2007 წლის 31 ოქტომბრის №2 კრების ოქმის და 2007 წლის 10 ნოემბრის №3 კრების ოქმის მიხედვით, საწარმოს პარტნიორთა კრებაზე მიღებულია გადაწყვეტილება საწარმოს კუთვნილი ქონების, ... ...... 53ბ-ში არსებული 744 კვ.მ, ასევე 680 კვ.მ მიწის ნაკვეთების ნაწილის, მათზე არსებული შენობა-ნაგებობებით სახელმწიფოზე ჩუქების შესახებ.
9. საწარმოს მეორე დირექტორსა და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე-ა.ხ–ს შორის, 2007 წლის 16 ნოემბერს, სანოტარო წესით გაფორმდა უძრავი ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელშეკრულებები (რეესტრში რეგისტრაციის №1-10333 და №1-10334), უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ქუთაისი, ..... №53ბ-ში 744 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული შენობა-ნაგებობების და ქ.ქუთაისში, ... ...... №53ა-ში მდებარე 680 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით.
10. ქ.ქუთაისის მერმა ნ.შ–ამ 2007 წელს, სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის, საწარმოსა და სხვათა მიმართ და მოითხოვა, ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერების გაუქმება და უძრავი ქონებების ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვა.
11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, ქ. ქუთაისის მერიის სარჩელი საწარმოს მიმართ, მოთხოვნის გამოხმობის გამო, დარჩა განუხილველად, იმ მიზეზით, რომ საწარმომ წარადგინა ხელშეკრულებები, სადავო ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის (ჩუქების) თაობაზე.
12. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი გამომძიებლისთვის მიცემული, მოწმის სახით დაკითხული მ. შ–ას ჩვენების მიხედვით, იგი თანახმა იყო, არბიტრის უკანონო გადაწყვეტილებით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი შენობიანად დაებრუნებინა სახელმწიფოსთვის.
13. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 9 ივნისის განაჩენით, არბიტრი ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (1999 წლის რედაქცია), სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის მდგომარეობით), სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2007 წლის 01 აგვისტოს რედაქცია). აღნიშნული განაჩენით დადგინდა, რომ არბიტრის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები აღირიცხა კერძო პირების, მათ შორის საწარმოს საკუთრებად.
14. უძრავი ქონებები მდებარე, ქ. ქუთაისი, ....... №53ა, ნაკვეთი №1, ს/კ № ..... (ნაკვეთის წინა ნომერი .....), დაზუსტებული ფართობი 680 კვ.მ და ქ.ქუთაისი, ....... №53ბ, ს/კ №....... (ნაკვეთის წინა ნომერი ....... ), დაზუსტებული ფართობი 744.00კვ.მ. შენობა-ნაგებობით, 2008 წლის იანვრიდან ირიცხება ქუთაისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად.
15. საწარმოს მეორე დირექტორი გარდაიცვალა 2014 წლის 7 აპრილს.
16. სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა ი. (შემდეგში: საწარმოს მეორე დირექტორის შვილი) და მ. შ–ებმა (შემდეგში: საწარმოს მეორე დირექტორის მეუღლე) და გ.ჭ–ძემ განაცხადეს, რომ 2007 წელს საწარმოს მეორე დირექტორს იბარებდნენ პროკურატურაში და სთხოვდნენ მილიონ ლარს. ურეკავდნენ კიდეც და ემუქრებოდნენ დაჭერით, თითქოს სახელმწიფო მიწა ჰქონდა მისაკუთრებული. ეს მუქარა რეალურად მიაჩნდათ, ამიტომ მოიწვიეს საწარმოს პარტნიორთა კრება და მიიღეს გადაწყვეტილება სადავო ქონების სახელმწიფოსთვის ჩუქების თაობაზე.
17. მოწმის სახით დაკითხულმა ნოტარიუსმა, ე.გ–მა (შემდეგში: ნოტარიუსი) განმარტა, რომ კარგად ახსოვს, ხელშეკრულების გასაფორმებლად მისული იყო საწარმოს მეორე დირექტორი და ქუთაისის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე ა.ხ–ი. მხარეებმა წარმოადგინეს ყველა საჭირო დოკუმენტი, გამოხატეს ნება თავისუფლად, დააბეჭდინეს ოპერატორს, წაიკითხეს ერთად და მოაწერეს ხელი, რაც დარეგისტრირდა რეესტრში და გადაეცა მხარეებს. მას რაიმე საეჭვო არ შეუნიშნავს მათ მიერ ნების გამოხატვის ნამდვილობაში, არც ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰქონია ადგილი. სანოტარო მოქმედების განხორციელებისას ოთახში მონაწილე პირების გარდა, სხვა პირები არ ყოფილან და ვერც იქნებოდნენ, მათ შორის პროკურორიც.
18. საწარმოს სარჩელის საფუძვლები და მოთხოვნა (დაზუსტებული)
18.1. საწარმომ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხეების ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა (შემდეგში: მოპასუხე, მეორე კასატორი, საკრებულო) და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში: მოპასუხე, პირველი კასატორი, მერია) წინააღმდე, მოითხოვა:
18.1.1.საწარმოსა და საკრებულოს შორის, 2007 წლის 16 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელშეკრულებების ბათილად ცნობა (რეესტრში რეგისტრაციის №1-10333 და №1-10334);
18.1.2.საწარმოს მესაკუთრედ ცნობა, შემდეგ უძრავ ქონებებზე: 1. ქ. ქუთაისი, ი. ... ....., #53ა, ნაკვეთი #1, დაზუსტ. ფართ. 680 კვ.მ. ს/კ: ......, ნაკვეთის წინა ნომერი .....; 2. ქ. ქუთაისი, ი. ... ....., #53ბ, დაზუსტ. ფართ. 744 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი ......., ფართი 723.51 კვ.მ;
18.2. საწარმოს სარჩელის მიხედვით, 2007 წლისთვის საწარმოს პარტნიორებს საწარმოს ამჟამინდელი დირექტორი და საწარმოს მეორე დირექტორის მეუღლე და შვილი წარმოადგენდნენ. იმავე წლის 29 აგვისტოს, საწარმოს მეორე დირექტორის შვილმა, დედას (საწარმოს მეორე დირექტორის მეუღლეს) აჩუქა თავისი წილი მთლიანად და გავიდა საზოგადოებიდან. ამასთან, პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება საწარმოს მეორე დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საწარმოს დირექტორად ე.ლ–ძის დანიშვნის თაობაზე, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილების რეგისტრაცია ვერ მოხერხდა, ვინაიდან, პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, რის გამოც, საწარმოს მეორე დირექტორსა და მის ვაჟს პროკურატურის თანამშრომლები მილიონი ლარის გადახდას სთხოვდნენ, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭერით და საწარმოს ქონების წართმევით ემუქრებოდნენ.
18.3. მოსარჩელემ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-8 და მე-9 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მითითებით განმარტა, რომ ქონების გადაცემა გამომძიებლების კატეგორიული მოთხოვნის, დაშინებისა და მუქარის საფუძველზე გადაწყდა. კრების ოქმი №2 სანოტარო წესით დამოწმდა, რომელიც ორი ეგზემპლარი იყო, საიდანაც ერთი მხარის შედგენილი, ხოლო მეორე საგამოძიებო ორგანოს მიერ იყო შედგენილი, ნოტარიუსმა ერთი და იმავე ნომრით დაარეგისტრირა. სანოტარო მოქმედებები საგამოძიებო ორგანოების წარმომდგენლების თანდასწრებით და ზეწოლით განხორციელდა.
18.4. მოსარჩელის განმარტებით, საკრებულოს 2008 წლიდან იჯარით აქვს გაცემული სადავო უძრავი ქონებები და მიღებული აქვს საკმაოდ სოლიდური შემოსავალი.
18.5. მოსარჩელის მტკიცებით, გარიგება ამორალურია, ამასთან, ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა არ არის გასული.
19. მოპასუხეთა პოზიცია
19.1. მოპასუხეებმა, წარდგენილი შესაგებლებითა და სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით სარჩელი არ ცნეს.
19.2. საკრებულოს წარმომადგენლის განმარტებით, საწარმოს მეორე დირექტორმა თავად მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს და მოითხოვა წარმომადგენლის გამოყოფა თვითმმართველი ერთეულისთვის უძრავი ქონებების უსასყიდლოდ გადაცემისთვის, ხოლო 2007 წლის 16 ნოემბრის ხელშეკრულებებით, სადავო ქონებები საკუთრებაში გადაეცა საკრებულოს. სადავო ქონებების გადაცემის შესახებ ხელშეკრულებების ბათილად ცნობაზე საწარმოს სასრჩელი ჰქონდა შეტანილი, რომელიც მისივე შუამდგომლობის საფუძველზე გამოითხოვა. მესამე პირისგან, იძულებისა და ზეწოლის ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები საწარმოს არ წარუდგენია.
19.3. საკრებულოს წარმომადგენლის განმარტებით გასულია ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისთვის კანონით დადგენილი სპეციალური ვადა, რის გამოც მოთხოვნა ხანდაზმულია. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, იძულებით იყო დადებული ხელშეკრულება, რა შემთხვევაშიც, სადავო, იძულების განხორციელებიდან 1 წლის განმავლობაში უნდა გაეხადა გარიგება.
19.4. მერიის წარმომადგენლის განმარტებით 2004 წლის 9 იანვრის მოწმობით, საწარმოს საკუთრებაში გადაეცა გარკვეული უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობები), თუმცა აღნიშნული ობიექტის მიმდებარედ, უნებართვოდ დაიკავა 657 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
19.5. სადავო ქონებები კანონის დარღვევით დარეგისტრირდა საწარმოს საკუთრებაში, რაც დადგენილია 2008 წლის 9 ივნისის განაჩენით, ხოლო მოწმეთა განმარტებები ზეწოლის თაობაზე, გასაზიარებელი არაა, ვინაიდან მოწმეები დაინტერესებულ პირებს წარმოადგენენ.
20. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
20.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით საწარმოს სარჩელი მოპასუხეების წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა;
20.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე, 54-ე, 86-ე, 319-ე, 524-ე, 525-ე, 128-ე-130-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსსკ) 102-ე, 1991-ე მუხლებით.
21. საწარმოს სააპელაციო საჩივარი
21.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საწარმომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, 2007 წლის 16 ნოემბერს, საწარმოს დირექტორსა და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს შორის, სანოტარო წესით გაფორმებული უძრავი ქონებების, მდებარე: ქ. ქუთაისი, ... ..... №53 ბ-ში 744 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული შენობა-ნაგებობების და ქ.ქუთაისში, ... ...... №53 ა-ში მდებარე 680 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული შენობა-ნაგებობების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელშეკრულებების (რეესტრში რეგისტრაციის №1-10333 და №1-10334) ბათილად ცნობა, ამ ქონებაზე, საწარმოს საკუთრების უფლების აღიარება და საკუთრების უკანონოდ სარგებლობით მიყენებული ზიანის - 3 000 000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა (იხ. დაზუსტ. სარჩელი).
22. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
22.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით საწარმოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით, საწარმოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
22.1.1. ბათილად იქნა ცნობილი, 2007 წლის 16 ნოემბერს, საწარმოს დირექტორსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის, სანოტარო წესით გაფორმებული, N ..... საკადასტრო კოდის უძრავი ქონების - ქ. ქუთაისი, ... .... №53 ბ-ში მდებარე, 744 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელშეკრულება (რეესტრში რეგისტრაციის №1-10333) და ამ ქონებაზე აღიარებულ იქნა საწარმოს საკუთრების უფლება;
22.2. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებს დააფუძნა:
22.2.1.პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხულმა საწარმოს მეორე დირექტორის მეუღლემ განაცხადა, რომ ქუთაისის საოლქო პროკურორის დაჟინებული მოთხოვნით ჩაიტარა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რაც მისთვის ძალიან შეურაცხმყოფელი იყო, რადგან თავად პროფესიით ექიმია. ამასთან, ეუბნებოდნენ, რომ თუ ქონებას არ გადასცემდნენ, მის მეუღლეს (საწარმოს მეორე დირექტორს) და ვაჟიშვილს პრობლემებს შეუქმნიდნენ, ხოლო საქმის მოგვარებაში სთხოვდნენ ერთ მილიონ ლარს. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი პარტნიორი - საწარმოს ამჟამინდელი დირექტორი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის წინააღმდეგი იყო, ბოლოს ოჯახმა მაინც გადაწყვიტა თავიანთი წილის გასხვისება. იცის, რომ ნოტარიუს ე.გ–თან მის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა მისი შვილი ი. შ–ა, მისი მძღოლი, ასევე პროკურორები. სადავო ქონება რა გზით გახდა შპს ,,ლ–ოს’’ საკუთრება, მისთვის უცნობია. ცნობილია 2007 წელს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში არსებულ დავასთან დაკავშირებით, თუმცა შედეგი არ ახსოვს. მ. შ–ას ანალოგიური შინაარსის განმარტება აქვს მიცემული საგამოძიებო ორგანოსთვის (ტ.6,ს.ფ. 244-259).
22.2.2.მოწმის სახით დაკითხულმა გ.ჭ–ძემ განაცხადა, რომ იგი მუშაობდა საწარმოს მეორე დირექტორთან მძღოლად. იცის, რომ მას იბარებდნენ პროკურატურაში, თუმცა საუბრების ზუსტი შინაარსი არ იცის. საწარმოს მეორე დირექტორი იყო ცუდად, რადგან მისი გადმოცემით სთხოვდნენ ფულს და ქონებას, ემუქრებოდნენ შვილის დაჭერით. თუ რომელ ქონებაზე იყო საუბარი, არ იცის. მართალია, ნოტარიუსთან პირადად მიიყვანა საწარმოს მეორე დირექტორი, მისი მეუღლე და შვილი, თუმცა შიგნით არ შესულა და არ იცის, იქ ვინ იმყოფებოდა. გარეთ ხალხი იყო, მაგრამ კონკრეტულად ვინ, არ ახსოვს.
22.2.3.მოწმის სახით დაკითხულმა ნოტარიუსმა განმარტა, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, მან დეტალური ჩვენება მისცა გენერალურ პროკურატურაში გამომძიებელს. პირის მიერ ნების გამოვლენის და შემოწმების ვალდებულება მას კანონით აქვს, ამიტომ შეამოწმა და გაარკვია კიდევაც. კარგად ახსოვს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად მისული იყო საწარმოს მეორე დირექტორი და ქუთაისის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე ა.ხ–ი. მხარეებმა წარადგინეს ყველა საჭირო დოკუმენტი, გამოხატეს ნება თავისუფლად, დააბეჭდინეს ოპერატორს, წაიკითხეს ერთად და მოაწერეს ხელი, რაც დარეგისტრირდა რეესტრში და გადაეცა მხარეებს. მას რაიმე საეჭვო არ შეუნიშნავს მათ მიერ ნების გამოხატვის ნამდვილობაში, არც ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰქონია ადგილი, რასაც შეამჩნევდა და აუცილებლად შეიკავებდა თავს სანოტარო მოქმედების განხორციელებისაგან. სანოტარო მოქმედების განხორციელებისას ოთახში მონაწილე პირების გარდა, სხვა პირები არ ყოფილან და ვერც იქნებოდნენ, მათ შორის პროკურორიც. შენობის გარეთ თუ ვინ იდგა, არ იცის. ანალოგიური შინაარსის განმარტება აქვს მას მიცემული საგამოძიებო ორგანოსთვის (ტ.8,ს.ფ.13-17).
22.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ მიუთითა, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრება გააჩნდა მართლზომიერად და ამ ქონების გაჩუქებაზე ნება გამოავლინა პროკურატურის თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული მუქარისა და იძულების გამო, მისი და ოჯახის წევრების მიმართ რეპრესიული ღონისძიებების თავიდან ასარიდებლად, რასაც ადასტურებდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
22.3.1.ჩუქების ხელშეკრულებები მოსარჩელემ გააფორმა 2007 წლის 16 ნოემბერს მას შემდეგ, რაც ამავე წლის 2007 წლის 22 აგვისტოს მის მიმართ განხორციელდა სასამართლო ბრძანებით დოკუმენტების ამოღება, იმ საფუძვლით, რომ საწარმოს ხელმძღვანელის მიერ, თითქოსდა ადგილი ჰქონდა ქ. ქუთაისში, ... ...... N 53 ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებას;
22.3.2.ხელშეკრულების გაფორმებამდე, გამოძიების მიმდინარეობისას საწარმოს მეორე დირექტორს მუდმივად იბარებდნენ პროკურატურაში. გამოძიებას გააჩნდა გარკვეული პრეტენზიები მის მიმართ, სთხოვდნენ ქონების დაბრუნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოყენებული იქნებოდა სისხლისსამართლებრივი პასუხისგების ფორმები;
22.3.3.საწარმოს პარტნიორმა, და იმავდროულად საწარმოს მეორე დირექტორის მეუღლემ, რომლიც არის პროფესიით ექიმი, ჩუქების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2007 წლის 2 ნოემბერს, გამომძიებლების მოთხოვნით ჩაიტარა ფსიქიატრიული გამოკვლევა, რათა დასაჩუქრებულს ჰქონოდა სათანადო მტკიცებულება, რომ მისი, როგორც პარტნიორის მხრიდან ჩუქებაზე ნების გამოვლენისას, ფსიქიურად ჯანმრთელი იყო;
22.3.4.საწარმოს ქონებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები არბიტრის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა;
22.4. მოპასუხის განმარტებით, ჩუქების ხელშეკრულების საგანი, მოსარჩელეს არ შეუძენია, არამედ, არბიტრის უკანონო ქმედების შედეგად დაისაკუთრა, რაც დადასტურდა არბიტრის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენით.
22.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს, სსკ-ის 54-ე, 978-979-ე მუხლები წარმოადგენდა.
22.6. განსახილველ შემთხვევაში, უპირველესად გამოსაკვლევი იყო, სადავო ხელშეკრულებების დადებისას დაცული იყო, თუ არა პირის ნების გამოვლენის თავისუფლების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი პირობები, ხომ არ ჰქონდა ადგილი პროკურატურის მხრიდან მოსარჩელეზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ან იძულებას და ჩუქება, ხომ არ განაპირობა შექმნილმა ვითარებამ. ამასთან ჩუქება, ხომ არ იყო ამორალური გარიგება და „საყოველთაოდ მიღებული ქცევის სტანდარტის“ საწინააღმდეგო, ვინაიდან, სამართალურთიერთობის საფუძველი მორალურად ყოველთვის გამართლებული უნდა იყოს. აღნიშნული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართალურთიერთობის არსებობისას, როდესაც ამავე ურთიერთობის მხარეებს შორის ნდობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტი მაღალია. იმ სამართალურთიერთობაში, რომელშიც სახელმწიფომონაწილეობს, ნდობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია. უფრო მეტიც, მიუხედავად სამართალურთიერთობის კერძოსამართლებრივი ბუნებისა, კერძო სამართლის სუბიექტების მხრიდან კონტრაჰენტი ძლიერი მხარის - სახელმწიფოს, ქმედებების მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპი მოქმედებს. შესაბამისად, სახელმწიფოს მონაწილეობით დადებული გარიგებების მიმართ კანონშესაბამისობისა და მორალური სტანდარტების დაცვის პრეზუმფცია არსებობს, რომელიც შეცილებისთანავე ქარწყლდება და მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადადის.
22.7. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე და სამოქალაქო საქმეთა განხილვისას მოქმედი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების მიხედვით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა სადავო გარიგებების ბათილობის წინაპირობების -იძულების არსებობა, ხოლო მოპასუხეს უნდა დაედასტურებინა, რომ მოსარჩელის მიმართ რაიმე იძულებას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია.
22.8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იძულების დადასტურება პირდაპირი მტკიცებულებებით ძალიან რთულია. ამ დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს მხარის ობიექტური შესაძლებლობა, წარმოუდგინოს სასამართლოს იძულების მამტკიცებელი პირდაპირი მტკიცებულებები, მით უმეტეს, ისეთ ვითარებაში, როდესაც, მოსარჩელის განმარტებით, იძულება ხორციელდებოდა პროკურატურის მხრიდან. ცხოვრებისეული გამოცდილება აჩვენებს, რომ იძულების განმახორციელებელი პირები ყოველთვის იკავებენ თავს, მათ მიერ გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების დაფიქსირებისა და გამხელისაგან, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც შესაძლებელია მათი ქცევა აღიქმებოდეს დანაშაულის ჩადენად, დანაშაულის ფაქტის დაფარვად. იძულების განმახორციელებელი პირი ყოველთვის მოქმედებს გააზრებულად და ფრთხილად, მისთვის საინტერესო მიზნის მიღწევის პროცესში, რის გამოც, ძალიან რთული ხდება საჭირო მტკიცებულებების მოპოვება.
22.9. კერძო პირთან დადებული გარიგების თაობაზე, გამოხატული ნების ნამდვილობაზე მტკიცების ტვირთის სახელმწიფოზე გადასვლისას, უნდა შემოწმდეს სარჩელში მითითებული ფაქტების უარსაყოფად შესაგებელში დაფიქსირებული გარემოებები და წარდგენილი მტკიცებულებები. აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე, იძულებისა და მუქარის ფაქტების თაობაზე სათანადოდ არ შედავებია და არც რაიმე მტკიცებულებები წარმოუდგენია.
22.10. მოპასუხემ შედავებისას, მხოლოდ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის მართლზომიერებაზე მიუთითა და განმარტა, რომ საკუთრების უფლება უკანონო გზით იყო მოპოვებული, რაც არბიტრის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენითაც დასტურდებოდა. აღნიშნულის საპასუხოს სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სისხლის სამართლებრივ საქმეზე დადგენილ ფაქტებს, სამოქალაქოსამართლებრივ დავებზე პრედიუდიციული მნიშვნელობა არ ენიჭებოდა, ამასთან აღსანიშნავი იყო, რომ მოხმობილ სისხლის სამართლის საქმესა და მიმდინარე სამოქალაქო დავაში მხარეები ერთი და იმავე პირებს არ წარმოადგენდნენ. (იხ. სსსკ-ის 106-ე მუხლი). უდავოა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით შესწავლილი და სამართლებრივად შეფასებული არა იყო და ვერც იქნებოდა კერძოსამართლებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხები, მათ შორის, იმ გარიგებების (ჩუქების ხელშეკრულებები) ნამდვილობა, რაზეც მოპასუხის მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი იყო დაფუძნებული.
22.11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის პოზიცია, რომ საწარმოს საკუთრების უფლების წარმოშობის უკანონობას სადავო ქონებებზე ადასტურებდა, თავდაპირველად, მერიის მიერ წარდგენილ სარჩელზე საწარმოს მიერ შეტანილი შესაგებელი, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. მერიის თავდაპირველ სარჩელზე, საწარმომ შესაგებელი წარადგინა 2008 წლის სექტემბერში, მაშინ, როდესაც თითქმის ერთი წლით ადრე, 2007 წლის 16 ნოემბერს, უკვე გაფორმებული იყო ჩუქების ხელშეკრულებები და ქონება უკვე აღრიცხული იყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.
22.12. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მეორე სადავო ქონებაზე (ფართი 744 კვ.მ), საწარმოს საკუთრების უფლება წარმოიშვია არბიტრაჟის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც სათანადო წესით არ შედავებულა და გაბათილებულა. ასეთ შემთხვევაში, დასახელებული წესით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება/ბათილობა, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი, სხვაგვარად სასამართლოს ჩარევა დაუშვებელია. პირველ სადავო ქონებაზე და მასზე არსებულ შენობა ნაგებობებზე, საწარმოს საკუთრების უფლების მოპოვების საფუძვლად მითითებულია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებები, რაც ასევე არ შედავებულა სათანადო წესით.
22.13. სააპელაციო სასამართლომ, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც, სადავო ჩუქების ხელშეკრულებები შესაბამისი წესით არ შედავებულა/გაბათილებულა, დაუსაბუთებელი იყო მოპასუხის მტკიცება, რომ მოსარჩელის მორალურ ვალდებულებას წარმოადგენდა სადავო ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნება.
22.14. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ შესაგებელში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების უარსაყოფად, იძულებასთან დაკავშირებით, რაიმე სახის მსჯელობა არ დაფიქსირებულა, მოპასუხემ ვერ შეძლო ჩუქების დადების ფაქტი მოსარჩელის მიერ თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე, ყოველგვარი იძულების გარეშე. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელემ, წარმატებით დაძლია მტკიცების ტვირთი.
22.15. მოსარჩელის მიმართ განხორციელებული იძულება კერძოდ: საწარმოს მეორე დირექტორის მიმართ უძრავი ქონების მითვისების ფაქტზე გამოძიების დაწყება და მისი ოჯახის წევრების სისტემატური დაბარება საგამოძიებო ორანოებში, საწარმოს მეორე დირექტორის მეუღლის და იმავდროულად საზოგადოების პარტნიორის იძულება ფსიქიატრიული შემოწმების ჩატარებაზე, არბიტრის წინააღმდეგ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყება - სრულიად საკმარისი საფუძველი იყო იმისათვის, რომ მოსარჩელეს მუქარა რეალურ საფრთხედ აღექვა.
22.16. სწორედ აღნიშნულმა გარემოებებმა შეუქმნა, საწარმოს მეორე დირექტორსა და პარტნიორებს, მისი და მისი ოჯახის წევრების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და დაპატიმრების რეალური და მაღალი ხარისხით ვარაუდი საფრთხის შესახებ, რომლის თავიდან აცილებაც, მხოლოდ სადავო უძრავი ქონებების სახელმწიფოსთვის გადაცემით შეეძლოთ. აღნიშნულ ვარაუდს ამყარებდა, სადავო ქონებების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შედეგად გამოძიების დაწყებისგან და მუქარის ადრესატების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყებისგან თავის შეკავება.
22.17. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ნათელი იყო, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება განპირობებული იყო უძრავი ქონების დათმობის სანაცვლოდ, მოსალოდნელი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის, ასევე საწარმოს მეორე დირექტორისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ რეპრესიული ღონისძიებების თავიდან არიდების სურვილით და არა ავტონომიური, თავისუფალი, ნამდვილი ნების გამოვლენით, რისი დადასტურებაც, შესაძლოა, ყოველთვის ვერ მოხერხდეს უშუალო მტკიცებულებებით, თუმცა, მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შეფასებით, ასევე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ, ასეთი მითითებების საწინააღმდეგოდ დასაბუთებული არგუმენტების წარუდგენლობით, აღნიშნული შესაძლებელია.
22.18. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სსკ-ის 978-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები.
22.19. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ მითითბულ, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე, სსკ-ის 54-ე მუხლზე და საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითა „სსკ-ის 54-ე მუხლის დანაწესით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება“.
22.20. სსკ-ის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს, სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს“ (იხ. სუსგ # ას-212-201-2017, 15.05.2017წ.).
22.21. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ჩუქების ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებაზე, მის ცალმხრივ ხასიათზე მიუთითა და განმარტა, რომ მესაკუთრის ასეთი გარიგების დადების სურვილის არსებობისას, ლოგიკურია, უნდა არსებობდეს გამჩუქებლის ჯანსაღი დამოკიდებულება დასაჩუქრებულის მიმართ და იმგვარი პირადი კეთილგანწყობა, რომელიც დამსაჩუქრებლის მხრიდან მადლიერების სურვილს აღძრავს. აგრეთვე, უნდა არსებობდეს დამსაჩუქრებლის შესაბამისი ფინანსური მდგომარებაც. მხოლოდ ამ გარემოებათა ობიექტური შეფასებით შეიძლება იყოს პრეზუმირებული, რომ ჩუქება ნამდვილი ნების გამოვლინებაა.
22.22. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში არც ჩუქების დადების წინაპირობები დასტურდებოდა და ვერც ასეთი პრეზუმფციის გაქარწყლება შეძლო მოპასუხემ სარწმუნო მტკიცებულებებით.
22.23. ამავე კონტექსტში, სააპელაციო სასამართლომ, საკასაციო სასამართლოს განჩინება მოიხმო, სადაც აღნიშნულია, რომ „სსკ-ის 319-ე მუხლი ადგენს სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძოსამართლებრივი გარიგების მონაწილეები კანონის ფარგლებში უფლებამოსილი არიან, თავისუფლად დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას, ანუ მოქმედებს პრინციპი „ნებადართულია, რაც აკრძალული არ არის“ (იხ. სუსგ. #ას-212-201-2017, 15.05.2017)“.
22.24. სასამართლოს შეფასებისა და კვლევის საგანი იყო, მორალურად რამდენად შეიძლება მიჩნეულიყო ისეთი გარიგება, როდესაც სახელმწიფო უსასყიდლოდ იღებდა გარკვეულ მომსახურებას, ქონებას და ა.შ., ანუ პრაქტიკულად, რატომ შეიძლება კერძო სამართლის პირმა „დაასაჩუქროს“ სახელმწიფო, რამდენად შეესაბამება აღნიშნული იმ ზოგად მორალურ კატეგორიას, რომ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს ვალდებულება საკუთარი რესურსებით თითოეული პირის უფლება და ინტერესი დაიცვას, ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა აჩუქოს რაიმე ქონება, უსასყიდლოდ მოემსახუროს“.
22.25. განსახილველ შემთხვევაში, ჩუქების უსასყიდლო ბუნება, კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს სახელმწიფოს, როგორც ძლიერი მხარისა და ფიზიკური პირის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობას. ამასთან, მოპასუხის მტკიცების საპასუხოდ, სააპელაციო სასამართლო იმასაც განმარტავს, რომ ჩუქების, როგორც უსასყიდლო გარიგების დროს, არ არსებობს შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია და მტკიცების ტვირთი შემძენს უბრუნდება.
22.26. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ წარმატებით დაამტკიცა, რომ სადავო გარიგებები ეწინააღმდეგებოდა ზნეობის ნორმებს.
22.27. სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე გარიგების ზნეობის საწინააღმდეგოდ მიჩნევის შემთხვევაში, გარიგებით მიღებული სარგებლის დაბრუნება კრედიტორმა მოვალეს შესაძლებელია მოსთხოვოს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით.
22.28. სააპელაციო სასამართლომ, ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მიუთითა, რომელშიც საერთაშორისო სასამართლომ განმარტა, რომ თუ საპროცესო შეთანხმების უკანონობა არ დასტურდება, ქონებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც აღნიშნული საპროცესო შეთანხმების შედეგად დადგა, არ შეიძლება ცალკე იქნეს გამოყოფილი და როგორც პასუხისმგებლობის დამოუკიდებელი სახე, უკანონოდ მიჩნეული („ნ–ლი და ტ–ძე საქართველოს წინააღმდეგ“; „გალსთიანი სომხეთის წინააღმდეგ“).
22.29. შესაბამისად, ევროსასამართლოს მითითებული პრაქტიკის განზოგადების შედეგადაც, ცხადია, რომ, იმ შემთხვევაში, თუ ქონებრივი პასუხისმგებლობა საპროცესო შეთანხმების არსებითი შემადგენელი ნაწილი, ან მისი თანმდევი შედეგია, სადავო (ჩუქების) ხელშეკრულება, მაინც არ შეიძლება მართლზომიერად იქნეს მიჩნეული, მაშინაც კი როცა მოსარჩელე ცალსახად მიუთითებს, რომ მის ქონებრივ პასუხისმგებლობას და მორალურ ვალდებულებას სახელმწიფოსათვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემა წარმოადგენდა, ეს კი, თავის მხრივ სახელმწიფოსათვის დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ემსახურებოდა.
23. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის შედავება სარჩელის ხანდაზმულობისა და შეცილების ვადასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ შეცილება და ხანდაზმულობა სხვადასხვა სამართლებრივი ცნებებია.
23.1. იძულებით დადებული გარიგების შეცილების ვადა ერთი წელია, რომელიც აითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამთავრდება პირის იძულების მომენტი. მნიშვნელოვანია, რომ იძულების მომენტის დასრულება უკავშირდება პირის სუბიექტურ აღქმას, რომ მის პიროვნებას ან ქონებას, მისი ოჯახის წევრებს ან ახლო ნათესავებს აღარ ემუქრებათ რეალური საფრთხე.
23.2. აღნიშნული, იძულებულ პირის სუბიექტური თვალთახედვიდან უნდა იქნეს შეფასებული (იხ. A. Arnold in Ermann BGB Kommentar 14. Aufl. Band. I. Köln 2014 §124 Rn 4) და არა იძულების განხორციელების მომენტიდან. ამასთან, მატერიალური უფლების შეცილების ვადა ვრცელდება, მხოლოდ საცილო გარიგებებზე, მოცემულ შემთხვევაში კი უცილოდ ბათილი გარიგებაა სახეზე, მისი ამორალურობის გამო, რომელზე შეცილების ვადაც სსკ-ის დადგენილი არაა, რის გამოც მის მიმართ შეცილების საერთო ხანდაზმულობის - 10 წლიანი ვადა უნდა იქნეს გამოყენებული.
23.3. ამდენად, ხანდაზმულობაზე მოპასუხის შედავებას სამართლებრივად ვარგისი საფუძველი არც ამ თვალსაზრისით გააჩნია და იგი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა (იხ. სუსგ-ები: # ას-225-215-2016; # ას-761-729-2016, # 271-271-2018).
23.4. ზემოაღნიშნულის გარდა, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, შესაგებელში წარდგენილი მსჯელობა ურთიერსაწინააღმდეგოა, ვინაიდან, მოპასუხე, ერთის მხრივ აღნიშნავს, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა ნამდვილ მესაკუთრეს, მეორეს მხრივ კი მიიჩნევდა, რომ ასეთი პირის მიერ გამოვლენილი ნება ჩუქებაზე ნამდვილი იყო.
23.5. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, ადგილი ჰქონდა ნების გამოვლენის იმგვარ ნაკლს, რომელიც იწვევდა მისი იურიდიული შედეგის გაბათილებას.
23.6. ვალდებულებითსამართლებრივი ხელშეკრულების არანმდვილობა წარმოშობს კონდიქციური მოთხოვნის უფლებას. კონდიქციური სარჩელის საგანია დაზარალებულის მოთხოვნა, უსაფუძვლოდ გამდიდრების საფუძველზე მიღებულის ნატურით დაბრუნების შესახებ. უსაფუძვლო გამდიდრების დროს სუბიექტები არიან კრედიტორი და მოვალე. მოვალედ განიხილება ის პირი, რომელმაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო ქონებრივი სარგებელი. შესაბამისად, ვინც გამდიდრდა, ან დაზოგა თავისი ქონება, იწოდება „შემძენად“.
23.7. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ, ანუ მიმღებმა, ვერ დაადასტურა უფლების არსებობა გადაცემულ სადავო ქონებაზე, რაც სსკ-ის 54-ე, 978-ე, 981.1 და 979.1-ე მუხლების შესაბამისად სადავო უძრავ ქონებებზე (N ..... და N .....) ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის და ამ ქონებაზე საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
23.8. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებული 3 000 000 ლარის დაკისრების თაობაზე:
23.8.1.მოსარჩელე, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებდა, რომ სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, მოპასუხემ უძრავი ნივთის იჯარით გაცემით უსაფუძვლოდ მიიღო 3 000 000 ლარი, რაც უნდა აუნაზღაუროს მას.
23.8.2.განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტი ქონების იძულებით გადაცემაში, არათუ არ მონაწილეობდა, არამედ სარჩელიც კი წარადგინა ქონებაზე საკუთრების წარმოშობის საფუძვლის ბათილობის მოთხოვნით.
23.8.3.ამდენად, მოპასუხე სარჩელის წარდგენამდე ქონების არაუფლებამოსილ, კეთილსინდისიერ მფლობელს წარმოადგენდა, რაც სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის შესაბამისად, გამორიცხავს მისი მხრიდან მიღებული სარგებლის დაბრუნებას.
23.8.4.ანალოგიური მსჯელობაა განვითარებული სკ-ის 981.1-ე მუხლშიც, რომლის მიხედვითაც, მიღებული სარგებელი დაბრუნებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ მიმღებმა მიღებისას იცოდა, ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო მისთვის უცნობი იყო სამართლებრივი საფუძვლის ხარვეზის არსებობა და ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყობს, ან გადაცემის თაობაზე მოთხოვნა მიღებულია სასამართლო წარმოებაში, მაშინ მიმღებს ეკისრება პასუხისმგებლობა ხარვეზის თაობაზე ცნობების მიღების ან სასამართლო წარმოებაში გადაცემის დროიდან - 979-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 980-ე მუხლის, ასევე ქვემოთ მოყვანილი წესების საფუძველზე“.
23.8.5.ვინაიდან, საწარმო ითხოვს სარჩელის წარდგენის დრომდე იმ სარგებელს, რომელიც მოპასუხემ მისი ქონების იჯარიდან მიიღო, თუმცა მოპასუხისათვის სარჩელის წარდგენის დრომდე უცნობი იყო ჩუქების სამართლებრივი საფუძვლის ხარვეზის თაობაზე, სკ-ის 163.1 და 981.1 მუხლების შესაბამისად, არ არსებობდა აღნიშნული თანხის დაკისრების წინაპირობა, რაც გამორიცხავდა ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
24. მერიისა (პირველი კასატორი) და საკრებულოს (მეორე კასატორი) საკასაციო საჩივრის მოთხოვნა საფუძვლები
24.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
24.2. კასატორების განმარტებით სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია ვინაიდან, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ორივე სადავო ქონება საწარმოს საკუთრებად აღირიცხა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საფუძველზე.
24.3. გასათვალისწინებელია გარემოება, რომ საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ნოტარიუსმა არ დაადასტურა საწარმოს ხელმძღვანელ პირებზე ზეწოლის ფაქტი. ამასთან, გაიზიარა, საწარმოს მეორე დირექტორის მეუღლისა და ვაჟიშვილის ჩვენებები, რომელთა არაკეთილსინდისიერება და ჩვენების სანდოობის დაბალი ხარისხი არ გაითვალისწინა.
24.4. კასატორების განმარტებით, მოსარჩელე იძულების ფაქტზე უთითებდა, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა ადგილი, თუმცა ხელისუფლების ცვლილება 2012 წელს მოხდა, რის გამოც გაშვებულია გარიგების შეცილების 1 წლიანი ვადა.
24.5. კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა გარემოება, რომ სადავო ქონება საწარმომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოიპოვა, რის გამოც დასახელებული ქონება უსაფუძვლოდ მიღებულს წარმოადგენდა და ექვემდებარებოდა დაბრუნებას.
25. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
25.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრისა და 13 თებერვლის განჩინებებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები წარმოებაშია მიღებული, ხოლო 2020 წლის 20 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივრები დასაშვებადაა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა საკასაციო საჩივრები დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
26. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლოს შეფასებით კასატორებს დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვთ წარმოდგენილი.
27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა წარმომადგენლების მონაწილეობით ჩატარდა ზეპირი მოსმენა, 2020 წლის 26 ივნისს.
28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის იურიდიულ კვალიფიკაციას (სამართლებრივ შეფასებას) სასამართლო დამოუკიდებლად ახდენს, რა დროსაც იგი არ არის შებოჭილი დისპოზიციურობის ან შეჯიბრებითობის პრინციპებით. სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს მოთხოვნის ყველა საფუძველი, ანუ, მან უნდა დაადგინოს ის ნორმა/ნორმები, რომლებიც შეიცავენ იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც სურს მოსარჩელეს.
29. „საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ, რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები. # ას-664-635-2016, 02.03.2017წ.; # ას 15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; შდრ. სუსგ საქმე #ას-973-1208-04);
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებულ დავის საგანს წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებებზე, რომელიც მოსარჩელე საწარმომ, დირექტორის მეშვეობით, 2007 წელს გადასცა მოპასუხეს (საკრებულოს) და ქონების დაბრუნება.
31. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებით არის შეზღუდული, ამასთან, საკასაციო პრეტენზიის შეფასებისას, ხელმძღვანელობს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით და კასაციის საფუძვლების კვლევისას, უფლებამოსილია შეამოწმოს მხარეთა მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომამდე გაცხადებული პოზიციები, რომლებიც ასახულია, როგორც მხარეთა სარჩელსა და შესაგებელში, ასევე - მათ მიერ წარდგენილი სხვადასხვა მტკიცებულების სახით და დაფიქსირებულია სხდომის ოქმებში, სასამართლოს მთავარ სხდომამდე (შდრ. #ას-33-33-2018).
32. საკასაციო პალატა მიუთითებს მოცემულ საქმის ფაქტობრივი გარემოებებზე: შპს ,,ლ–ო’’ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 1997 წლის 18 ნოემბრიდან. 2007 წლისათვის მისი პარტნიორები იყვნენ: დ.ნ–ძე - 33.3%, მ. შ–ა - 16.5%, ი. შ–ა - 49.8%, ხოლო დირექტორი - მ. შ–ა. საწარმოს საქმიანობას წარმოადგენდა საკუთრებაში არსებული ფართების იჯარით გაქირავება და სხვა ბიზნეს საქმიანობის განხორციელება (ტ.1,ს.ფ. 28-29; 46-47; 51; 94-99; 100-104-108; 84-93; 98; 109-127; 131; 138; 152-154; 159-160;).
33. საწარმოს, 1996 წლის 20 სექტემბრიდან, სარგებლობაში ჰქონდა ქ.ქუთაისი, ....... ...... №53ა-ში (სასურსათო მაღაზია) მდებარე ს.რ–ის მუშათა მომარაგების სავაჭრო-საწარმოო გაერთიანების ს–ის განყოფილების ბალანსზე რიცხული კვების ობიექტი №2, შენობის ქვეშ არსებული 440 კვ.მ და მასთან დამაგრებული 60 კვ.მ მიწის ნაკვეთით, სულ 500კვ.მ მიწის ნაკვეთი (ტ.1,ს.ფ. 103-106).
34. ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის არბიტრის, გ.ფ–ის 2001 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა საწარმოს თავდაპირველი დირექტორის პრეტენზია და ქუთაისში, ... .... №53ბ-ში აგებული შენობა-ნაგებობები,საერთო ფართით 364.7 კვ.მ ცნობილ იქნა საწარმოს საკუთრებად, ხოლო 741 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც განლაგებულია ეს შენობა-ნაგებობები, ცნობილ იქნა საწარმოს მფლობელობაში(ტ.7,ს.ფ. 109-115).
35. შპს ,,ს.რ–ის“ ფილიალის, ს–ის №2 სამოქალაქო ნაგებობათა დისტანციის დირექტორს - თ.ხ–ასა და საწარმოს თავდაპირველ დირექტორს შორის 1998 წლის 22 დეკემბერს, გაფორმდა №117 ხელშეკრულება, სადგურ ქუთაისის ტერიტორიაზე, დროებითი ნაგებობის აშენების უფლებით, 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 5 წლის ვადით იჯარით გაცემის შესახებ. ხელშეკრულების დაზუსტების შედეგად, საწარმოს გადაეცა 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი იჯარით, 2005 წლის ბოლომდე.
36. ქ.ქუთაისის მერიის მიწის მართვისა და განკარგვის საკონკურსო კომისიის 2006 წლის 20 ნოემბრის დადგენილებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა საწარმოსთვის მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულების გაგრძელება 2007 წლის ბოლომდე, რაზეც უნდა გაფორმებულიყო შესაბამისი ხელშეკრულება. საწარმოს მეორე დირექტორმა, იჯარის ხელშეკრულების გაგრძელებასთან დაკავშირებით, საკითხის გადაწყვეტამდე, 2007 წლის 12 თებერვალს პრეტენზიით მიმართა ქუთაისის მუდმივმოქმედ არბიტრაჟს იმ მოტივით, რომ მას იჯარით ჰქონდა აღებული 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ფაქტიურად ფლობდა 744 კვ.მ და მოითხოვა მისი საკუთრებაში გადაცემა.
37. არბიტრის მიერ, 2007 წლის 12 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საწარმოს მეორე დირექტორის, პრეტენზია და ქ.ქუთაისში, ... ..... №53ბ-ში აგებული შენობა-ნაგებობები 723.51 კვ.მ განთავსებული 744 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ცნობილ იქნა საწარმოს საკუთრებად(ტ.1,ს.ფ.17-21).
38. 2007 წლის 31 ოქტომბრის №2 კრების ოქმის და 2007 წლის 10 ნოემბრის №3 კრების ოქმის მიხედვით, საწარმოს პარტნიორთა კრებაზე მიღებულია გადაწყვეტილება საწარმოს კუთვნილი ქონების, ... ...... 53ბ-ში არსებული 744 კვ.მ, ასევე 680 კვ.მ მიწის ნაკვეთების ნაწილის, მათზე არსებული შენობა-ნაგებობებით სახელმწიფოზე ჩუქების შესახებ.
39. საწარმოს მეორე დირექტორსა და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე-ა.ხ–ს შორის, 2007 წლის 16 ნოემბერს, სანოტარო წესით გაფორმდა უძრავი ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელშეკრულებები (რეესტრში რეგისტრაციის №1-10333 და №1-10334), უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ქუთაისი, ... ..... №53ბ-ში 744 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული შენობა-ნაგებობების და ქ.ქუთაისში, ... ...... №53ა-ში მდებარე 680 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით.
40. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 9 ივნისის განაჩენით, არბიტრი ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (1999 წლის რედაქცია), სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის მდგომარეობით), სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2007 წლის 01 აგვისტოს რედაქცია). აღნიშნული განაჩენით დადგინდა, რომ არბიტრის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები აღირიცხა კერძო პირების, მათ შორის საწარმოს საკუთრებად.
41. ქ.ქუთაისის მერმა ნ.შ–ამ 2007 წელს, სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის, საწარმოსა და სხვათა მიმართ და მოითხოვა, ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერების გაუქმება და უძრავი ქონებების ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვა.
42. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, ქ. ქუთაისის მერიის სარჩელი საწარმოს მიმართ, მოთხოვნის გამოხმობის გამო, დარჩა განუხილველად, იმ მიზეზით, რომ საწარმომ წარადგინა ხელშეკრულებები, სადავო ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის (ჩუქების) თაობაზე
43. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სსკ-ის 524-ე მუხლზე „ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით“, ჩუქება ცალმხრივი გარიგებაა და იგი მჩუქებლის მიღება სავლდებულო ნების იურიდიული შედეგია (სკ-ის 51-ე (1) მუხლის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნება, როგორც იურიდიული მოქმედების ამსახველი ინსტრუმენტი, მხოლოდ გარეგანი გამოხატულების ფორმით არ შეიძლება შეფასდეს ნამდვილად, არამედ, ნამდვილი იურიდიული ძალმოსილება გააჩნია მხოლოდ იმგვარ ნებას, როდესაც შინაგანი და გარეგანი გამოხატულება იურიდიულ თანხვედრაშია, ანუ, გარეგანი ფორმირება სრულად უნდა ასახავდეს ნების გამომვლენის სურვილს. გარდა ამისა, გასათვალისიწინებელია ნების ნამდვილობის თვალსაზრისით სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის წინაპირობებიც.
44. სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის მიხედვით (გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან), საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუ გარიგება დადებულია მხოლოდ იძულების წყალობით. იძულებით დადებული გარიგების შემთხვევაში საქმე გვაქვს ნების ნაკლის საფუძველზე დადებულ გარიგებასთან, სადაც ნების თავისუფლება აშკარად არის ხელყოფილი.
45. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იძულებით დადებული გარიგება თავის თავში ყოველთვის მოიცავს ამორალურობის ელემენტს, რომელიც იძულების, როგორც საზოგადოებისაგან დასაგმობი ქმედების საშუალებით გარიგების დადებაში გამოიხატება. თუმცა, თუ მართლსაწინააღმდეგო იძულებით განხორციელებულ ზეგავლენას დაემატება კონკრეტული გარემოებები, რომლებიც გარიგებას აქცევს ამორალურად, მისი ბათილობა შესაძლებელია ამორალურობის საფუძვლით.
46. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თუ ამორალურობის მომენტს მხოლოდ და მხოლოდ და მხოლოდ ნების თავისუფლების დაუშვებელი მოდრეკა განაპიროს, მაშინ სახეზე გვაქვს მხოლოდ იძულება 85- მუხლის გაგებით და არა ამორალურობის მოტივით არანამდვილი გარიგება. 85-ე მუხლის გვერდით 54-ე მუხლის მე-3 ვარიანტის გამოყენებისთვის აუცილებელია, ნების მართლსაწინააღმდეგო დათრგუნვიდან გამომდინარე, უზნეობას დაემატოს ამორალურობის დამოუკიდებელი ელემენტი (ი.ხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი წიგნი-1, გვ-500).
47. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მორალურად გაუმართლებელი გარიგება თავისთავად მართლსაწინააღმდეგოდ განიხილება და სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, უცილოდ ბათილია, ისეთ შემთხვევაში, თუკი სასამართლო დაადგენს გარიგების ბათილობის ერთ საფუძველს, სხვა დამოუკიდებელი საფუძვლის მოძიება და კვლევის საჭიროება დღის წესრიგში აღარ დგება (მაგ: საცილო გარიგებები, მოტყუება, იძულება, შეცდომა).
48. ერთ-ერთ საქმეზე, სადაც გარიგების უსასყიდლო ხასიათზეა ყურადღება გამახვილებული, საკასაციო სასამართლომ განმარტა: „სსკ-ის 54-ე მუხლის დანაწესით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სსკ-ის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს“ . (იხ. სუსგ # ას-212-201-2017, 15.05.2017წ.).
49. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა: „სსკ-ის 319-ე მუხლი ადგენს სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძოსამართლებრივი გარიგების მონაწილეები კანონის ფარგლებში უფლებამოსილი არიან, თავისუფლად დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას ანუ მოქმედებს პრინციპი ნებადართულია, რაც აკრძალული არ არის, დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო თავისუფლებაც კანონისმიერ ჩარჩოშია მოქცეული და აქედან გამომდინარე, როდესაც სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მხარეა სახელმწიფო, განსაკუთრებით მაღალი სტანდარტით უნდა შემოწმდეს და შეფასდეს გარიგების „ძლიერი“ კონტრაჰენტის ქცევა/ქმედება რამდენად შეესაბამება სსკ-ის 54-ე მუხლის წინაპირობათაგან ისეთ სპეციფიკურ დანაწესს, როგორიცაა ზნეობის ნორმები. ასეთ ვითარებაში სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია, თუ რამდენად მორალურად შეიძლება იქნეს მიჩნეული ისეთი გარიგება, როდესაც სახელმწიფო უსასყიდლოდ ღებულობს გარკვეულ მომსახურებას, ქონებას საკუთრებაში და ა.შ. ანუ პრაქტიკულად რატომ შეიძლება კერძო სამართლის პირმა „დაასაჩუქროს“ სახელმწიფო, რამდენად შეესაბამება აღნიშნული იმ ზოგად მორალურ კატეგორიას, რომ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს ვალდებულება საკუთარი რესურსებით თითოეული პირის უფლება და ინტერესი დაიცვას, ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა აჩუქოს რაიმე ქონება, უსასყიდლოდ მოემსახუროს“ (იხ. სუსგ # ას-212-201-2017, 15.05.2017წ.).
50. მოცემულ შემთხვევაში, მსჯელობის საგანს წარმოადგენს ქონების განკარგვის შესაბამისობა საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ (ზნეობრივ) სტანდარტებთან. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი გამოყოფს „სამი სახის ფასეულობას“, რომელთა დარღვევა იწვევს გარიგების ბათილობას: კანონით დადგენილი წესი და აკრძალვა; საჯარო წესრიგი; ზნეობის ნორმები. საკასაციო პალატა ზნეობრივი სტანდარტების განმარტების მიზნით მოიშველიებს დოქტრინაში განვითარებულ შეხედულებებს: სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიზანი არის ზოგადად მართლწესრიგსა და სამოქალაქო სამართალს შორის კავშირის უზრუნველყოფა და იმის დაფიქსირება, რომ გარიგების ნამდვილობა არ არის მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე დამოკიდებული. ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვები გამოიყენება ყველა, როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგების მიმართ. მუხლის მოქმედება ვრცელდება გარიგებებზე და არა მხოლოდ ნების გამოვლინებებზე (მაგალითად: ოფერტსა და აქცეპტზე). დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, გარიგება ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს, როდესაც იგი არსებითად არღვევს ერთ-ერთი მხარის ინტერესებს და არათანაბარ პირობებში აყენებს მას. ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს სარგებლის ამორალური ხასიათი და კრედიტორის სურვილი, მიიღოს მაქსიმალური სარგებელი დადებული ხელშეკრულებიდან. ზნეობის შესაბამისი გარიგება არ უნდა ეწინააღმდეგობოდეს სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს არ უნდა აყენებდეს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. ამ საკითხის კვლევისას შემოწმების საგანი არის არა გარიგების მონაწილეთა ქცევა ზნეობასთან მიმართებაში, არამედ გარიგების შინაარსის მიმართება ზნეობასთან. გარიგების მოტივის ამორალურობა ასევე შეიძლება, გახდეს მთლიანად გარიგების ამორალურად მიჩნევის საფუძველი. გარიგების ბათილობა არ შეიძლება იმაზე იყოს დამოკიდებული, იცოდნენ თუ არა გარიგების მონაწილეებმა, რომ ზნეობის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ.
51. „სსკ-ის 54-ე მუხლის თაობაზე მსჯელობისას, დოქტრინაში გამოთქმული არაერთი მოსაზრებისა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებული ნორმა ზოგადდეფინიციური ხასიათისაა, ბლანკეტურ, მითითებით მოწესრიგებას წარმოადგენს... მარტოოდენ 54-ე მუხლი სხვა ნორმების, რომლებიც მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს შეიცავენ, მითითების გარეშე არ უნდა იქნეს გამოყენებული, ხოლო ზნეობის ნორმების საწინააღმდეგოდ გარიგების შინაარსის შესაფასებლად, შესაძლებელია დამოუკიდებლად იქნეს გამოყენებული დასახელებული მუხლი, როდესაც გარიგების ამორალურობას უკავშირდება სადავო საკითხი, თუმცა, ასეთ ვითარებაში, დამატებით შესაძლოა კონტრაჰენტთა ქმედებების შეფასება მოხდეს სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილით განმტკიცებული კეთილსინდისიერების მასშტაბითაც, რათა დადგინდეს არა მხარეების სუბიექტური დამოკიდებულება გარიგებისდმი (მისი კონკრეტული პირობისადმი), არამედ ობიექტური გარემოებების შეფასების საფუძველზე, რაც გარიგების შინაარსის ზნეობის ნორმებთან შესატყვისობას ეხება, გაირკვეს ამორალურია თუ არა მხარეთა შეთანხმება. სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე გარიგების ზნეობის საწინააღმდეგოდ მიჩნევის შემთხვევაში, გარიგებით მიღებული სარგებლის დაბრუნება კრედიტორმა მოვალეს შესაძლებელია მოსთხოვოს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების... ,საფუძველზე“ (იხ. სუსგ # ას-212-201-2017, 15.05.2017წ.; შდრ. სუსგ-ებს: # ას-225-215-2016; # ას-761-729-2016).
52. საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებზე (იხ. GALSTYAN v. ARMENIA, (Application no. 9043/05) 15.11.2007; CASE OF GUSINSKIY v. RUSSIA (Application no. 70276/01) 19.05.2004; CASE OF NATSVLISHVILI AND TOGONIDZE v. GEORGIA (Application no. 9043/05) 29.04.2014). ევროსასამართლოს განმარტებით სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის ეტაპზე სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების დადება, რომელიც დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას არ ემსახურება, მაღალი ალბათობით, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგს არ წარმოადგენს, რადგან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება გარიგების გაფორმების მაპროვოცირებელი გარემოებაა, რაც ნების გამოვლენის თავისუფლებას იმთავითვე გამორიცხავს.
53. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.
54. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა სტატუსის სამართლებრივი თავისებურების გათვალისწინებით, კერძოდ იმ ფაქტობრივი მდგომარეობით, რომ დასაჩუქრებული სახელმწიფოა, რომელიც მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გარიგების ე.წ „ძლიერ მხარედ“ გვევლინება ურთიერთობაში, ამასთან, სწორედ დასაჩუქრებულმა მიიღო სარგებელი მოსარჩელის ხარჯზე, მტკიცების ტვირთიც სწორედ მას ეკისრება, გამჩუქებლის მიერ, გარიგების ბათილობაზე მითითების გამო. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტა, რომ მსგავსი კატეგორიის დავებზე სასამართლო პრაქტიკა მტკიცების ტვირთის ზოგადისგან განსხვავებულ წესს ადგენს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც პროცესის მონაწილე მხარეს სახელმწიფო წარმოადგენს. აღნიშნული მიდგომა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ უდავოა, კეთილსინდისიერებისა და ნდობის პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნებისმიერი სამართალურთიერთობის არსებობისას. ამგვარი სტანდარტის უპირველეს ფუძემდებელს და გარანტს კი სახელმწიფო წარმოადგენს, რომელიც შეიძლება თავადაც იყო კერძოსამართლებრივი ურთიერთობის კონტრაჰენტი. ამიტომ, სახელმწიფოს მონაწილეობით დადებული კერძოსამართლებრივი გარიგებების შეცილების (შედავების) შემთხვევაში, სწორედ სახელმწიფომ უნდა ამტკიცოს კერძო პირთან დადებული გარიგების ნამდვილობა, მისი კანონთან და ზნეობის ნორმებთან შესაბამისობა. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება, სახელმწიფოს, როგორც გარიგების ძლიერი მხარის, ვალდებულებას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით დაიცვას თითოეული პირის ქონებრივი უფლებები (იხ. სუსგ# ას-1230-2018, 114.12.2018წ.).
55. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
56. განსახილველ შემთხვევაში, საწარმომ, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისთვის საწარმოს კუთვნილი უძრავი ქონებების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელშეკრულებების ბათილად ცნობასა და ზიანის სახით 3 380 001 ლარის ანაზღაურების შესახებ იმ ფაქტობრივ გარემოებებს დააფუძნა, რომ საწარმოს მეორე დირექტორსა და მისი ოჯახის წევრებზე სახელმწიფოს მხრიდან (პროკურატურის) განხორციელდა იძულება, სადავო ქონებების უსასყიდლოდ გადაცემის მიზნით. მოსარჩელემ სარჩელში გარკვეულ გარემოებებზე მიუთითა, ამავე გარემოებების დამტკიცების მიზნით კი დაიკითხნენ მოწმეები, მოწმის სახითაა დაკითხული, აგრეთვე, ნოტარიუსი, რომელიც სადავო გარიგებების დადებას ნოტარიულად აფორმებდა. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა - მოსარჩელე საწარმოს მეორე დირექტორის მეუღლემ, ვაჟიშვილმა და მძღოლმა განაცხადეს, რომ 2007 წელს საწარმოს მეორე დირექტორს იბარებდნენ პროკურატურაში და სთხოვდნენ მილიონ ლარს. ურეკავდნენ კიდეც და ემუქრებოდნენ დაჭერით, თითქოს სახელმწიფო მიწა ჰქონდა მისაკუთრებული. ეს მუქარა რეალურად მიაჩნდათ, ამიტომ მოიწვიეს საწარმოს პარტნიორთა კრება და მიიღეს გადაწყვეტილება სადავო ქონების სახელმწიფოსთვის ჩუქების თაობაზე. მძღოლის განმარტებით, დირექტორისგან იცის, რომ სთხოვდნენ ფულს და აიძულებდნენ სადავო ქონების სახელმწიფოსთვის გადაფორმებას. აგრეთვე, ამავე ქონებების გადაფორმებისას, სწორედ მან მიიყვანა ნოტარიუსთან, დირექტორი და მისი ოჯახის წევრები, თუმცა სანოტარო ბიუროში არ შესულა და არ იცის იყო თუ არა შიგნით ვინმე. ამასთან, მისივე განმარტებით, გარეთ იყო ხალხი, თუმცა, ვინ არ იცის. პირველი ინსტანციის სხდომაზე, მოწმედ დაკითხულმა ნოტარიუსმა განმარტა, რომ სადავო ქონებების თაობაზე, არსებული გარიგებების დადების დროს მხარეებმა ნება თავისუფლად გამოავლინეს, რაიმე საეჭვო არ შეუნიშნავს, ასეთის შემთხვევაში აუცილებლად უარს იტყოდა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.
57. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა ეჭვქვეშ დგას იმ საფუძვლით, რომ გამჩუქებელი, არბიტრის მიმართ აღძრული და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის, პროკურატურაში დაბარებისა და სხვა გარემოებების გამო, იძულებული გახდა, მიეღო ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ დათმობის გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არსებული გარემოებებით არ დგინდება, მოსარჩელის მიერ მითითებული და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაზიარებული, იძულების შედეგად სადავო ქონებებზე გარიგების დადება.
58. საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის იმ პრეტენზიებზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელიც ამ უკანასკნელის მოსაზრებით, იძულების დამადასტურებელ გარემოებებს წარმოადგენს. კერძოდ, მოსარჩელე უთითებდა, რომ სადავო ქონებების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიმღების, არბიტრის - გ.ფ–ის მიმართ სადავო გარიგებების დადებამდე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე არ ეხებოდა მოსარჩელეს და ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ლეგიტიმური ქმედების განხორციელება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მუქარად. აღსანიშნავია, რომ დასახელებული სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული, არბიტრის გამამტყუნებელი გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ არბიტრმა სადავო საწარმოს, აგრეთვე სხვა პირებს (სწორედ აღნიშნული პირების მიმართ წარადგინა 2007 წელს მერიამ სარჩელი და მოითხოვა უკანონოდ რეგისტრირებული ქონებების დაბრუნება, ამავე სარჩელის ფარგლებში გააჩნდა მერიას იგივე მოთხოვნები მოსარჩელე საწარმოს მიმართ, რომელიც განუხილველი დარჩა, მოსარჩელის მიერ მოთხოვნის გახმობის გამო, სხდომაზე წარდგენილი ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე, ხოლო, დანარჩენი მოპასუხეების მიმართ სარჩელი დაკმაყოფილდა და ქონებები დაუბრუნდა სახელმწიფოს) დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, თუმცა, ამავე საქმით არ დადგენილა მოსარჩელე საწარმოს დირექტორის ან სხვა პირების დანაშაულებრივი ქმედება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ დასახელებულ საქმეზე მითითება და მტკიცება, რომ ერთ-ერთი გარემოება, რის საფუძველზეც მოსარჩელე საწარმოს დირექტორი აიძულეს დაეთმო სადავო ქონებები, უსაფუძვლოა. საკასაციო სასამართლო, დამატებით მიუთითებს, რომ სხვა პირის მიმართ, ან თუნდაც, გარიგების მონაწილე პირის მიმართ, ჩუქების ხელშეკრულების დადებამდე, პარალელურად სისხლის სამართლის საქმის აღვძრა, ავტომატურად, ქონების დათმობის გამომწვევ ფაქტორად ვერ მიიჩნევა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს ექმნება ღრმა რწმენა, რომ გამჩუქებლის მოტივი, განპირობებული იყო სხვადასხვა გარემოებებით, მათ შორის იმ გარემოებით, რომ არბიტრის მიმართ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით დადგინა, არბიტრის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სხვადასხვა საწარმოების მიერ გარკვეული ქონებების საკუთრებაში მიღება, ამავე საწარმოების მიმართ აღძრული სარჩელი კი, ხსენებული ქონების დაბრუნების მოთხოვნით დაკმაყოფილდა, ხოლო, იმავე საქმეზე მოსარჩელის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება, იმ მოტივით, რომ სადავო ქონებები უკვე მოსარჩელის (ამჟამინდელი კასატორი) სახელზე იყო სადავო ჩუქების ხელშეკრულების მიხედვით გადაცემული.
59. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელში მითითებული საფუძვლით, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის პირობებში, სასამართლო ბუნებრივია, მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით იკვლევს, ჩუქების ხელშეკრულების დადებამდე არსებულ მხარეთა ურთიერთობას, აგრეთვე თავად გამჩუქებლის ნების ნამდვილობის წინაპირობებსა და იმ შესაძლო მიზეზებს, თუ რამ განაპირობა უსასყიდლოდ სახელმწიფოსთვის ქონების დათმობა. აღსანიშნავია, რომ სადავო ქონებები, საწარმოს, არა საკუთრების უფლებით, არამედ დროებითი სარგებლობით ჰქონდა გადაცემული, ამასთან, 1998 წლის 28 ოქტომბრის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის წესის შესახებ“ კანონის მიხედვით, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის განკარგვაზე გადაწყვეტილებას იღებდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელსაც სადავო ქონების პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია (ტ.7,ს.ფ.139), ამავე კანონით კერძო არბიტრაჟს საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის საჭირო გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. სადავო ქონებები, სწორედ არბიტრის გადაწყვეტილების საფუძველზეა საკუთრების უფლებით რეგისტრირებული საწარმოს სახელზე, რასაც ადასტურებს, საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 ოქტომბერს გაცემული წერილიც (ტ.8,ს.ფ.40-43). დასახელებული საკითხი დადენილია, აგრეთვე, არბიტრის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენით, რომელიც, თუმცა, არ წარმოადგენს პრეიუდიციულ გარემოებას, სასამართლოს, როგორც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულება, მაინც შეუძლია შეაფასოს, მტკიცებულებათა შეფასების ზოგადი სტანდარტის გათვალისწინებით. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ქონებების სახელმწიფოსთვის დაბრუნება ემსახურებოდა მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
60. საკასაციო სასამართლო, კასატორების პრეტენზიაზე, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს სსკ-ის 89-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც სადავო საკითხზე, შეცილების ვადა ერთ წელს შეადგენს, რის გამოც სარჩელს ხანდაზმულობის მოტივით უნდა ეთქვას უარი, არ იზიარებს და განმარტავს, რომ სწორედ სსკ-ის 54-ე და 976-ე მუხლების მიხედვით უნდა შეფასდეს, მოთხოვნის დამფუძნებელ სხვა ნორმებთან ერთად, სარჩელის საფუძვლიანობა (უცილოდ ბათილი გარიგებების მიმართ, განსხვავებით საცილო გარიგებებისგან, სპეციალური ხანდაზმულობის ვადები არაა კანონით დადგენილი, ისევე, როგორც სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას არ ითვალისწინებს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით რეგულირებული ურთიერთობები, შესაბამისად გამოიყენება საერთო ვადა), რაც მოსარჩელემ, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ შეძლო. შესაბამისად, მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის შესახებ კასატორების პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან, სსკ-ის 54-ე და 976-ე მუხლებზე დაფუძნებული მოთხვნის შესახებ კანონმდებელი სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას არ უთითებს, რის გამოც გამოიყენება ხანდაზმულობის, საერთო, 10 წლიანი ვადა (იხ. #ას-501-475-2015).
61. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორების მოთხოვნა დასაბუთებულია, ხოლო, სააპელაციო სასამართლოს შეფასება და დასკვნა, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი დაუსაბუთებელია.
62. პროცესის ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორები სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისაგან გათავისუფლებული არიან. ამასთანავე, წინამდებარე გადაწყვეტილებით სრულად იქნა უარყოფილი სარჩელი, ხოლო, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე გადასახდელ იმ ბაჟს რომლის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან მოპასუხეები, აკისრებს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-7, მე-8 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს "ლ–ოს" სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი;
5. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 28 დეკემბერის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ქ.ქუთაისის თვითმმართველი ერთეულის უძრავ ქონებაზე, მდებარე - 1. ქ.ქუთაისი, ....... #53ა, ნაკვეთი1; დაზუსტებული ფართობი 680 კვ.მ; ნაკვეთის წინა ნომერი .....; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობები, ს/კ: .....; 2. ქ. ქუთაისი, ...... #53ბ, დაზუსტებული ფართობი 744 კვ.მ; ნაკვეთის წინა ნომერი.....; შენობა-ნაგებობის ფართი723.51კვ.მ; ს/კ: ......;
6. შპს "ლ–ოს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო საჩივრების განხილვისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის - 8 000 (რვა ათასი) ლარის გადახდა;
7. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე : მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე