№ა-3561-შ-95-2017 10 ოქტომბერი, 2019 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი.ა–ა
განხილვის საგანი – რუსეთის ფედერაციის ქ.სტავროპოლის პრომიშლენის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 3 სექტემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის ქ.სტავროპოლის პრომიშლენის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 3 სექტემბრის განჩინებით:
1.1. ი.ნ. ასული ა–ას განცხადება დაკმაყოფილდა;
1.2. დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ ი.ნ. ასული ა–ას დაბადების თარიღი არის 1958 წლის 25 ივნისი;
1.3. დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის თაობაზე, რომ ი.ნ. ასული ა–ას დაბადების ადგილი არის საქართველო, ბორჯომის რაიონის სოფელი .......;
1.4. დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ ი.ნ. ასული ა–ა, დაბადებული 1958 წლის 25 ივნისს, არის 1919 წლის 22 დეკემბერს დაბადებული ო.ა. ასული პ–ის და 1920 წლის 20 მაისს დაბადებული ნ.კ.ძე ბ–ის შვილი, რომელიც 1990 წლის 27 ნოემბერს გარდაიცვალა;
1.5. გარდა ამისა, დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ 1958 წლის 25 ივნისს დაბადებული ი.ნ. ასული ა–ას დაბადების მოწმობის „ეროვნების“ გრაფაში მითითებული უნდა იყოს „ბერძენი“.
2. ი.ა–ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
4. რუსეთის ფედერაციის ქ.სტავროპოლის პრომიშლენის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 3 სექტემბრის განჩინებით დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ ი.ნ. ასული ა–ას დაბადების თარიღი არის 1958 წლის 25 ივნისი; დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის თაობაზე, რომ ი.ნ. ასული ა–ას დაბადების ადგილი არის საქართველო, ბორჯომის რაიონის სოფელი .......; დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ ი.ნ. ასული ა–ა, დაბადებული 1958 წლის 25 ივნისს, არის 1919 წლის 22 დეკემბერს დაბადებული ო.ა. ასული პ–ის და 1920 წლის 20 მაისს დაბადებული ნ.კ.ძე ბ–ის შვილი, რომელიც 1990 წლის 27 ნოემბერს გარდაიცვალა; გარდა ამისა, დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ 1958 წლის 25 ივნისს დაბადებული ი.ნ. ასული ა–ას დაბადების მოწმობის „ეროვნების“ გრაფაში მითითებული უნდა იყოს „ბერძენი“.
5. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილებათა ცნობასა და მათი აღსრულების ნებართვის გაცემაზე უარის თქმა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ამ კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო კონვენციით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში – იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას.
6. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანაზე უფლებამოსილ ორგანოს, კერძოდ, კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებაა სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა. ამავე კანონის 76-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე–80-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა. საგულისხმოა კანონის 82-ე მხულით გათვალისწინებული დებულება, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო არ ახორციელებს ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანას სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში.
7. ამდენად, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ მინსკის კონვენციისა და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოში რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ (სუსგ,2009 წლის 6 ივლისი, №ა-842-შ-34-09).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ა–ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.სტავროპოლის პრომიშლენის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 3 სექტემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი