Facebook Twitter

№ას-467-2019 28 თებერვალი, 2020 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – შპს „ჯ.ტ–სი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა.შ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, ა.შ–ის (შემდეგში მოსარჩელე) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს ,,ჯ.ტ–ს“ (შემდეგში - მოპასუხე, საჩივრის ავტორი) აეკრძალა ქ. თბილისში, ...... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ: ......., 3446.00 კვ.მ, ნაკვეთი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 და N2 საერთო ფართით 1721.7 კვ.მ (მათ შორის საოფისე ფართობი 288.0 კვ.მ, სასაწყობე ფართობი 1202.3 კვ.მ, დამხმარე ფართობი 106.1 კვ.მ, ავტოსადგომის ფართი 125.3 კვ.მ), N3 საერთო ფართით 170.3 კვ.მ (მათ შორის კომერციული ფართი 99.7 კვ.მ, საზაფხულო ფართი 44,9 კვ.მ, დამხმარე ფართი 25.7 კვ.მ)) გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა.

2. აღნიშნულ განჩინებაზე 2018 წლის 15 ოქტომბერს მოპასუხემ საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატის განსჯით, საქმეზე არ იკვეთებოდა სარჩელის უზრუნველუყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობები. პალატამ, საჩივრის განხილვისას, სარჩელის პერსპექტიულობა და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაც გაითვალისწინა.

4. საჩივარი განსახილველად საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას გადმოეგზავნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

5. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის XXIII თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფი და ეფექტური საპროცესოსამართლებრივი გარანტიაა. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სსსკ-ის 191-ე მუხლში, კერძოდ კი, იმ წინადადებაში, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებას. ყველა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

7. საკასაციო სასამართლოს განსჯით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, სასამართლო უნდა დარწმუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჭიროებასა და დასაბუთებულობაში. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს სარჩელის პერსპექტიულობას და იმ გარემოებას, რამდენად მოსალოდნელია მოპასუხის მხრიდან შესაძლო დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით ქონების განკარგვა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიუთითა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხის უძრავი ქონების განკარგვის აკრძალვის აუცილებლობა გამოწვეული იყო იმ საშიშროებით, რომ მოპასუხე ვალდებულებისგან თავის აასარიდებლად უძრავი ქონებას გაასხვისებდა. საკასაციო პალატა იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, მოპასუხემ შესაძლოა მართლაც გაასხვისოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. სარჩელის უზრუნველყოფის მომთხოვნი პირის სასარგებლოდ ნავარაუდევი ზემოხსენებული გარემოება მოპასუხეს უნდა გაექარწყლებინა, მას კი, არ წარმოუდგენია დასაბუთებული, არგუმენტირებული შედავება იმ გარემოებებზე მითითებით, რაც სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების არარელევანტურობაში დაარწმუნებდა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 191-ე მუხლის დანაწესის ფარგლებში, სწორად გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის საპროცესო ღონისძიება.

8. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, სსსკ-ის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, მოპასუხის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 419-ე, 420-ე მუხებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ჯ.ტ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.ქათამაძე

მოსამართლეები: ბ.ალავიძე

ზ.ძლიერიშვილი