№ას-467-2019 28 თებერვალი, 2020 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – შპს „ჯ.ტ–სი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა.შ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ჯ.ტ–სი“ (შემდეგში მოპასუხე, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება და 2018 წლის 25 მაისის საოქმო განჩინება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ. ამ გადაწყვეტილებით ა.შ–ის (შემდეგში, მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს 35 050 აშშ დოლარის და 850 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ
2. საკასაციო პრეტენზია ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2.1. კასატორის მტკიცებით, მასსა და მოსარჩელეს შორის 2013 წლის 10 აპრილის სატრანპორტო ექსპედიციის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ურთიერთვალდებულებების მოწესრიგების მიზნით, 2015 წლის 27 მაისს დაიდო დამატებითი შეთანხმება. შეთანხმების თანახმად, დაკარგული ტვირთის ღირებულების (94 269.28 ევროს) სადაზღვევო კომპანიისგან ანაზღაურების შემთხვევაში, ერთის მხრივ, ექსპედიტორი გათავისუფლდებოდა ტვირთის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებისაგან, ხოლო, მეორე მხრივ, შემკვეთი ექსპედიტორს გადაუხდიდა No25/3, 26/3, 28/3, 29/3, 31/3, 32/3, 33/3, 34/3, 35/3, 36/3, 38/3, 39/3, 41/3, 42/3 შეკვეთების ტრანსპორტირების საზღაურს - 35050 აშშ დოლარსა და 850 ევროს. კასატორის მითითებით, მას სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ აღძრული აქვს დამოუკიდებელი სარჩელი დაკარგული ტვირთის ღირებულების ექვივალენტი სადაზღვევო თანხის ანაზღაურების მოთხოვნით, რომელზეც სამართალწარმოება არ არის დასრულებული. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მითითებული დავის გადაწყვეტამდე უნდა შეეჩერებინა განსახილველ დავაზე საქმის წარმოება, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული 2015 წის 27 მაისის შეთანხმების კონტექსტში, სადაზღვევო კომპანიასთან დავას შეეძლო გავლენა მოეხდინა ამ დავის სამართლებრივ შედეგზე.
2.2. კასატორის მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად მიიჩნიეს, რომ 2015 წლის 27 მაისს მოდავე მხარეთა შორის დამატებითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა და საქმეში დაცული შეთანხმების აქტი, მხოლოდ მოსარჩელის ოფერტს წარმოადგენდა. კასატორმა, მხარეთა შორის ძალამოსილი შეთანხმების არსებობის დასადასტურებლად შეთანხმების იმ პუნქტზე გაამახვილა ყურადღება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე თანხმობას აცხადებდა No25/3, 26/3, 28/3, 29/3, 31/3, 32/3, 33/3, 34/3, 35/3, 36/3, 38/3, 39/3, 41/3, 42/3 შეკვეთებიდან გამომდინარე, მისთვის ასანაზღაურებელი თანხა (35050 აშშ დოლარი და 850 ევრო) მოპასუხეს შეხედულებისამებრ გამოეყენებინა ტვირთის გამყიდველი კომპანიის დასაკმაყოფილებლად, ვინაიდან დამკვეთს თავის მხრივ წარმოეშვა მისი უშუალო კრედიტორის წინაშე 94 269 ევროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. კასატორის მითითებით, მან დამატებითი შეთანხმების საფუძველზე გამოიყენა 32 800 ევრო, რაც კრედიტორს გადაურიცხა. ამ გარემოებების დასადასტურებლად კასატორი მიუთითებს 2015 წლის 27 მაისით დათარიღებულ საბანკო ტრანზაქციის ამსახველ საგადახდო დავალებაზე. კასატორი, ზემოხსნებეულ გარემოებებს მოიხმობს 2015 წლის 27 მაისის შეთანხმებაზე კონკლუდენტური აქცეპტის დასასაბუთებლად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვთ წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, ეს ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
5.2.1. 2013 წლის 10 აპრილს მოსარჩელეს, როგორც ექსპედიტორს და მოპასუხეს, როგორც კლიენტს (შემკვეთს) შორის, დაიდო სატრანსპორტო ექსპედირებისა და გადაზიდვების ხელშეკრულება.
5.2.2. სატრანსპორტო ექსპედირებისა და გადაზიდვების ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ 2015 წელს შეკვეთებით №25/3, 26/3, 28/3, 29/3, 31/3, 32/3, 33/3, 34/3, 35/3, 36/3, 38/3, 39/3, 41/3, 42/3 განხორციელებული გადაზიდვების ღირებულებიდან გამომდინარე, მოპასუხის ასანაზღაურებელი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 35 050 აშშ დოლარს და 850 ევროს.
6. განსახილველ შემთხვევაში, სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 730-ე (ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია) და 743-ე (პროვიზია გადახდილ უნდა იქნეს მას შემდეგ, რაც ექსპედიტორი გადასცემს ტვირთს სატრანსპორტო ორგანიზაციას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
7. ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების გამოსარკვევად აუცილებელია მხარეები მოქმედებდნენ ნამდვილი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში და დავაზე არ იკვეთებოდეს ანაზღაურების გამომრიცხველი გარემოებები, კერძოდ: თანხის გადახდის მოთხოვნა წარმოშობილი უნდა იყოს, მოთხოვნა არ უნდა იყოს შეწყვეტილი თანხის გადახდით, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით ან თანხის გადახდის გამომრიცხველი სხვა სახელშეკრულებო გარემოებებით.
8. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების ფარგლებში, 2015 წლის თებერვალ-მარტში ექსპედიტორმა 35 050 აშშ დოლარისა და 2750 ევროს ღირებულების მომსახურება გაუწია შემკვეთს, საიდანც შემკვეთმა ექსპედიტორს მხოლოდ 1900 ევრო აუნაზღაურა. საქმის მასალებიდან არ იკვეთება, რომ №25/3, 26/3, 28/3, 29/3, 31/3, 32/3, 33/3, 34/3, 35/3, 36/3, 38/3, 39/3, 41/3, 42/3 შეკვეთების ჯეროვანი შესრულების მიმართ შემკვეთს სამართლებრივი პრეტენზია აქვს, უფრო მეტიც, თავად შემკვეთი სადავოდ არც ხდის ექსპედიტორის წინაშე 35 050 აშშ დოლარისა და 850 ევროს დავალიანების არსებობას. საქმის მასალების შესწავლა ცხადყოფს, რომ ექსპედიტორმა ტვირთის გადაზიდვის საორგანიზაციო მომსახურება წარატებით შეასრულა და ტვირთიც დანიშნულების ადგილზე მივიდა. ტვირთის დაკარგვა №25/3, 26/3, 28/3, 29/3, 31/3, 32/3, 33/3, 34/3, 35/3, 36/3, 38/3, 39/3, 41/3, 42/3 შეკვეთების შესრულებას არ უკავშირდება, უფრო ზუსტად კი, ტვირთის დაკარგვა სხვა შეკვეთის (N40/3) გადაზიდვას მოჰყვა შედეგად. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სსკ-ის 730-ე და 743-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, შემკვეთს ექსპედიტორის წინაშე პროვიზიის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა. მოთხოვნილი პროვიზიის შესატყვისი სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მიმართ შემკვეთის შეცილების არ არსებობის პირობებში, მოთხოვნის გაქარწყლების შესაძლებლობას მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლის შეპირისპირება უზრუნველყოფს, თუმცა ამ დავის ფარგლებში შემკვეთს არც ვალდებულების შესრულებით მოთხოვნის შეწყვეტაზე მიუთითებია და არც სსკ-ის 442.1 მუხლიდან (ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა.) გამომდინარე, ტვირთის დაკარგვით მიყენებული ზიანის ფარგლებში ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესაძლებლობით არ უსარგებლია, რომლის წინაპირობებების დამტკიცების შემთხვევაში (სსკ-ს 740-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე ექსპედიტორი ექსპედიცის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობებისათვის, ჩვეულებრივ, მაშინ აგებს პასუხს, თუ მას ან მის დამხმარეს მიუძღვის რაიმე ბრალი.) შესაძლებელი იქნებოდა ექსპედიტორის მოთხოვნის გაქვითვა. მართალია, შემკვეთმა თავდაპირველად შეგებებული სარჩელის ფარგლებში მოითხოვა დაკარგული ტვირთის ღირებულების თანხიდან პროვიზიის გამოქვითვა, თუმცა მოგვიანებით მან სარჩელი გაიხმო. შემკვეთი თანხის გადახდის ვალდებულებას მხოლოდ 2015 წლის 27 მაისის ექსპედიტორის წინადადებაზე მითითებით გამორიცხავს. შესაბამისად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანიც ამ შეთავაზების და მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგის (შედგა თუ არა მხარეთა შორის ნამდვილი შეთანხმება) განსაზღვრაა.
9. საკასაციო პალატა საქმის გარემოებებისა და საქმეში დაცული მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზების შედეგად, იზიარებს სადავო სამართალურთიერთობის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და მიიჩნევს, რომ ექსპედიტორსა და შემკვეთს შორის 2015 წლის 27 მაისს პროვიზიის ანაზღაურების წესის განმსაზღვრელი შეთანხმება არ გაფორმებულა. საქმის მასალებით იკვეთება მხოლოდ ის ფაქტი, რომ, საკუთარი ინიციატივით, მოსარჩელემ მოპასუხეს გაუგზავნა ტვირთის დაკარგვის შემდგომ სახელშეკრულებო ურთიერთობის მოწესრიგების წინადადება, თუმცა მოპასუხეს ამ წინადადებაზე აქცეპტით, თანხმობისათვის მოსალოდნელ გონივრულ ვადაში (სსკ-ის 330.2. მუხლის თანახმად, არათანმყოფი პირისათვის გაკეთებული ოფერტი შეიძლება მხოლოდ იმ დრომდე იქნეს მიღებული, რა დროშიც ოფერტის მიმცემს, ჩვეულებრივ, შეუძლია დაელოდოს პასუხს.) არ უპასუხია. საკასაციო პალატა კონკლუდენტურ აქცეპტთან დაკავშირებით საკასაციო პრეტენზიის საპასუხოდ განმარტავს, რომ, მართალია, სამოქალაქო კანონდმებლობა სახელშეკრულებო ურთიერთობებში აღიარებს კონკლუდენტური აქცეპტის ფორმას, თუმცა აქცეპტი კონკლუდენტურად მხოლოდ მაშინ მიიჩნევა განხორციელებულად, თუკი თანხმობის ეს ფორმა, ერთი მხრივ, მიღებული და დამკვიდრებულია მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობებში და, მეორეს მხრივ, როდესაც ოფერტის შინაარსიდან გამომდინარე არ იკვეთება ვერბალური თუ წერილობითი აქცეპტირების აუცილებლობა. ყველა სხვა შემთხვევაში, თუნდაც აქცეპტანტმა ოფერტის მიღებისთანავე დაიწყოს ოფერტის შინაარსით ნებადართული მოქმედებანი, მან უნდა შეატყობინოს ოფერენტს, ანუ მისი ნების გამოვლენა აღქმადი უნდა იყოს ოფერენტისთვის. (იმ შემთხვევაში, როდესაც წერილობითი ოფერტის მიმღები მხარე აქცეპტისთვის დადგენილ დროში იწყებს ხელშეკრულების შესასრულებელ მოქმედებას (მაგ. დაიწყო იმ საქონლის მიწოდება ან წარმოება, რაც ოფერენტმა შეუკვეთა; ოფერტის პირობების შესაბამისად გადმოტვირთა პროდუქცია, შეასრულა სამუშაო, გადაიხადა ფული და ა.შ.), ის ვალდებულია შეატყობინოს ამის თაობაზე ოფერენტს. ხელშეკრულება დადებულად ითვლება სწორედ იმ მომენტში, როდესაც ოფერენტი იგებს ამ მოქმედებების შესახებ, ანუ როდესაც შეტყობინება ექცევა მისი გავლენის სფეროში. თუ შეტყობინება მოქმედების თაობაზე არ მიდის ოფერენტთან აქცეპტისთვის დაწესებული ვადის განმავლობაში, მაშინ აუცილებელია აქცეპტანტის ნათლად, აშკარად გამოხატული თანხმობა. შესრულების დაწყება არის აქცეპტანტის რისკზე. თუ ოფერტიდან, ან მხარეთა შორის დამკვიდრეული პრაქტიკიდან ან ჩვეულებიდან გამომდინარეობს, რომ ოფერტის ადრესატს შეუძლია აქცეპტი განახორციელოს მოქმედების დაწყებით ისე, რომ არ შეატყობინოს ამის თაობაზე ოფერენტს, მაშინ ხელშეკრულება დადებულად ითვლება იმ მომენტში, როდესაც იწყება მოქმედების შესრულება. http://www.gccc.ge/wp-content/uploads/2016/08/Artikel-331.pdf, ეკატერინე ბაღიშვილი, სამოქალაქო კოდექსის 331-ე მუხლის კომენტარი, გვ. 3).
10. განსახილველ შემთხვევაში, ოფერენტის შეთავაზება ვალდებულებითი ურთიერთობის იმგვარ მოწესრიგებას ითვალისწინებდა, რომელზეც პალატის განსჯით, თანხმობის გამომხატველი ნების გამოვლენა კონკლუდენტური აქცეპტით ოფერენტისათვის მოსალოდნელი/სავარაუდო არ იყო. 2015 წლის 27 მაისის შეთანხმების დადების მტკიცების ტვირთი, რაზედაც მოპასუხემ საკუთარი შესაგებელი დააფუძნა, სწორედ მას ეკისრებოდა, თუმცა მან ვერ შეძლო სასამართლოს წინაშე სარწმუნო და წონადი მტკიცებულებების წარმოდგენით დაემტკიცებინა სადავო გარემოება. საკასაციო პალატის შეფასებით, მოპასუხის მტკიცება, რომ მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელი პროვიზიის თანხა 2015 წლის 27 მაისის წინადადების ფარგლებში განკარგა, ექსპედიტორსა და შემკვეთს შორის სადავო შეთანხმების მიღწევის დამადასტურებელ მტკიცებად არ განიხილება. ამასთან, მაშინაც კი, თუკი მივიჩნევდით, რომ 32 800 ევრო 2015 წლის 27 მაისის ოფერტზე კონკლუდენტური აქცეპტის ფარგლებში განკარგა მოპასუხემ, საქმის მასალებით უნდა დასტურდებოდეს, რომ მოპასუხის კონკლუდენტური აქცეპტი ცხადი გახდა ოფერენტისათვის, ანუ აქცეპტანტის თანხმობის გამომხატველი ნების გამოვლენა წინადადების შემთავაზებლის გავლენის სფეროში მოექცა. საქმის მასალებით არ დასტურდება არც ის ფაქტი, რომ მოპასუხე შეზღუდული იყო თავისუფლად განეკარგა მის ანგარიშზე რიცხული ფულადი სახსრები და, რომ ამისათვის მოსარჩელის თანხმობა ესაჭიროებოდა. მოპასუხეს ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს პროვიზიის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება.
11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
14. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს, საკასაციო სამართალწარმოებისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 4723.51 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4723.51 ლარის, (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი - 15.04.2019), 70% – 3306.45 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჯ.ტ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შპს „ჯ.ტ–სს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (4723.51 ლარის, საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი - 15.04.2019) 70% – 3306.45 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ზ.ძლიერიშვილი