№ას-484-2019 30 ოქტომბერი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – თ.ქ–ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „ს.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2008 წლის 2 მაისს სს „ს.ბ–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი) და თ.ქ–ას (შემდეგში: მოპასუხე, მოვალე) შორის დაიდო საბანკო მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ
მოსარჩელეს გადასცა იპოთეკით უზრუნველყოფილი კრედიტი, 50 000 აშშ დოლარი, 360 თვის ვადით, წლიური 10-22% სარგებლით.
2. 2008 წლის 2 მაისს იმავე მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც კრედიტორმა მოვალეს გადასცა კრედიტი, 50 000 აშშ დოლარი, 120 თვის ვადით, წლიური 14.9% სარგებლით. ამ ხელშეკრულებით პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული დავალიანების დღიური 0.5%-ით. 2013 წლის 28 მაისის ცვლილებით წლიურ საპროცენტო განაკვეთად დადგინდა 14%, ხოლო 2014 წლის 2 მაისის ცვლილებით - 11%.
3. 2008 წლის 2 მაისს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მხარეებმა დადეს იპოთეკის ხელშეკრულება, კერძოდ, იპოთეკით დაიტვირთა ქ.თბილისში, ....... მე-5 კორპუსში მდებარე №38 ბინა (შემდეგში - უძრავი ქონება, იპოთეკის საგანი).
4. იპოთეკის საგნის დაზღვევის მიზნით კრედიტორმა და მოვალემ იმავე რიცხვში დადეს საბანკო მომსახურების ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება. ამ შეთანხმებით კრედიტის ოდენობა 240 აშშ დოლარით, ვადა 360 თვით, სარგებელი 18%-ით, ხოლო პირგასამტეხლო 0.5%-ით (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) განისაზღვრა.
5. 2015 წლის 28 მაისს მხარეებმა დადეს სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება, 2008 წლის 2 მაისის საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში. აღნიშნული ხელშეკრულებით კრედიტორმა მსესხებელზე გასცა კრედიტი - 10 100 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, წლიური 14.5%-ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% პირგასამტეხლოს დარიცხვით. ხსენებული ხელშეკრულებით მხარეები დამატებით შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მომხდარიყო 2008 წლის 2 მაისის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საგნით. 2008 წლის 2 მაისის საბანკო მომსახურების ხელშეკრულების 4.1.15 პუნქტითა და იპოთეკის ხელშეკრულების 14.4 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავდა ბანკის (იპოთეკარის) მოთხოვნას, ბანკი უფლებამოსილი იყო, აღსრულება მიექცია მსესხებლის სხვა ქონებაზე.
6. კრედიტორმა სასამართლოში სარჩელი აღძრა მოვალის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის მის სასარგებლოდ შემდეგი თანხების დაკისრება:
6.1. 2008 წლის 2 მაისის იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 27 125.29 აშშ დოლარი (მათ შორის: ძირითადი თანხა - 22 496.56 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 116.87 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1 511.86 აშშ დოლარი);
6.2. 2008 წლის 2 მაისის ქონების დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 196.28 აშშ დოლარი (მათ შორის: ძირითადი თანხა - 135.18 აშშ დოლარი, პროცენტი - 14.06 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 47.04 აშშ დოლარი);
6.3. 2015 წლის 28 მაისის სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 9 856.04 აშშ დოლარი (მათ შორის: ძირითადი თანხა - 8 636 აშშ დოლარი, პროცენტი - 806.41 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 413.63 აშშ დოლარი).
6.4. ამავდროულად, კრედიტორმა მოითხოვა, რომ დავალიანება დაფარულიყო იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით. თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა დავალიანებას სრულად ვერ დაფარავდა, აღსრულება მიქცეულიყო მსესხებლის სხვა უძრავ/მოძრავ ქონებაზე, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე.
7. მოვალემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას ვალდებულება არ დაურღვევია და ამის შესახებ იგი არც კრედიტორს არ გაუფრთხილებია. ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობა დიდი იყო.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მსესხებელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
10.1. სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება იმის შესახებ, რომ იგი საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ჯეროვნად ასრულებდა და სარჩელის აღძვრის დროისათვის ბანკის მიმართ ვადაგადაცილებული დავალიანება არ ჰქონდა. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მხარეებს უფლებებთან ერთად თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს აკისრებს და მათი შეუსრულებლობა მხარეთათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლები). მოცემულ შემთხვევაში, კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, თუმცა მას მტკიცების საგანში შემავალი სადავო ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებაზე სასამართლოსთვის არ მიუთითებია.
10.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მოპასუხის დავალიანების ცნობა, რომლითაც ამ უკანასკნელის საკრედიტო დავალიანება ჯამურად 37 177.61 აშშ დოლარს (მათ შორის: იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 27 125.29 აშშ დოლარი, სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 9 856.04 აშშ დოლარი, ქონების დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 196.28 აშშ დოლარი) შეადგენდა.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ. იგი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რამაც საქმის სამართლებრივად არასწორად შეფასება გამოიწვია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
14. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს საპროცესო დარღვევებით, საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
16. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის. საკასაციო საჩივარში მოპასუხე სააპელაციო სასამართლოს განჩინების ზოგადი კრიტიკით შემოიფარგლება, კერძოდ, იგი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არ უთითებს, თუ კონკრეტულად რომელი ფაქტები დაადგინა არასწორად სასამართლომ.
17. განსახილველი სარჩელით სადავოა, კრედიტორის მიმართ საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე დავალიანების არსებობის ფაქტები. სარჩელი წარუმატებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მოპასუხე დაამტკიცებდა, რომ ამ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად შეასრულა და სარჩელის აღძვრისას მას კრედიტორის მიმართ ვადაგადაცილებული დავალიანება არ გააჩნდა.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტი არსებობა (შდრ. იხ.: სუსგ 6.06.2017წ. საქმე №ას-584-543-2017).
19. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი განმარტებებით და ვერ მიუთითებს, კონკრეტულად რა ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა არასწორად სასამართლომ. მოპასუხეს არ წარმოუდგენია შესაგებლის საფუძვლად მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, ვერ შეძლო სარჩელის საფუძვლად დასახელებული გარემოებების უტყუარობის გაქარწყლება და მის მიერ ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება.
20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
21. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რამდენადაც კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, შესაბამისად, კასატორს უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 1 858.88 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 30%-ის, 557.66 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ქ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ თ.ქ–ას (.......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 1858.88 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 30%-ის, 557.66 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;
3. სახელმწიფო ბაჟი განთავსებულ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი