21 დეკემბერი, 2020 წელი
№ას-871-2019 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ.ხ–ა
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ხ–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.ხ–ის სარჩელი ნ.ხ–ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით:
- გ.ხ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება 2700 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და სააპელაცო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი;
- გ.ხ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- ნ.ხ–ას გ.ხ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ხ–ამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
6. 2019 წლის 12 ივლისს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორის წარმომდგენელმა, წარმოადგინა ნ.ხ–ას გარდაცვალების მოწმობა და ითხოვა საქმის წარმოების შეჩერება.
7. კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და კასატორის გარდაცვალების გამო მოითხოვა საქმის წარმობის შეჩერება კასატორის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 19 ივლისის განჩინებით განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეჩერდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული სამოქალქო საქმის წარმოება გარდაცვლილი კასატორის უფლებამონაცვლის დადგენამდე, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით. სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
10. ზემოაღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა სამართალწარმოების თითოეული მხარის გარდაცვალების შემთხვევაში ქცევის წესი და დაადგინა გარდაცვლილის უფლებამონაცვლის საქმეში ჩაბმის შესაძლებლობა. ამასთან, მითითებული ნორმით განსაზღვრულია, ასევე, რომ კანონით დადგენილი შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება სარჩელი, ასევე, მოსარჩელის სააპელაციო და საკასაციო საჩივრები, თუ საქმეში მოსარჩელის, აპელანტის ან კასატორის უფლებამონაცვლე არ ჩაერთო.
11. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 19 ივლისის განჩინებით წლის განჩინებით შეჩერდა ამავე პალატის წარმოებაში არსებული სამოქალქო საქმის წარმოება გარდაცვლილი კასატორის (მოსარჩელის) უფლებამონაცვლის დადგენამდე, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
14. კასატორის უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინება და სასამართლო მოხელის შესაბამისი წერილობითი მიმართვა არაერთხელ გაიგზავნა კასატორის მისამართზე. მიუხედავად აღნიშნულისა, კასატორის სავარაუდო უფლებამონაცვლეს სასამართლოსათვის არ მოუმართავს საქმის წარმოების განახლებისა და საქმეში უფლებამონაცვლედ ჩაბმის თაობაზე.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმის წარმოების შეჩერებიდან გასულია ერთ წელზე მეტი, ამასთან, კასატორის სავარაუდო უფლებამონაცვლე საქმეში არ ჩაერთო, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლებით, 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ხ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი