Facebook Twitter

№ას-906-2018 30 სექტემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – კ.შ–ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – ვ.ჩ–ძე, ი.გ–ძე, გ.ზ–ძე, რ.ქ–ძე, გ.ქ–ძე-მ–ძე, ლ.ზ–ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ საზიარო უფლების გაუქმება საგნის გაყიდვით

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ს.შ–ი (შემდეგში - მამკვიდრებელი) და მ.შ–ა (შემდეგში - მამკვიდრებლის მეუღლე) იყვნენ მეუღლეები. ისინი ფლობდნენ ქ.ბათუმში, ...... ქ.17/...... ქ.#13-ში მდებარე სახლთმფლობელობის (შემდეგში - უძრავი ქონება) 1/6 წილს. მათ მფლობელობაში იყო მეორე სართულზე მდებარე ფართი, რომელიც ორი ოთახისგან შედგებოდა. მოგვიანებით, მამვიდრებელი და მისი მეუღლე განქორწინდნენ, რის შემდეგაც თანამფლობელობაში არსებული ქონებიდან თითოეულზე 1/12-1/12 წილი აღირიცხა.

2. საარქივო მასალების მიხედვით, მამკვიდრებელს - #6, ხოლო მის მეუღლეს, #5 ოთახი (შემდეგში: სადავო ქონება, სადავო ფართი, სადავო წილი) ეკუთვნოდა. მთლიანობაში, მამკვიდრებელი უძრავი ქონების 1/12 წილის მესაკუთრე იყო, თუმცა მას ეს ქონება თავის საკუთრებად არ დაურეგისტრირებია. მოგვიანებით, ეს ქონება საკუთრებაში დაირეგისტრირა მამკვიდრებლის მეუღლის შვილმა და 1990 წლის 16 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით მესამე პირზე გაასხვისა. ამ უკანასკნელმა კი, 2002 წლის 4 ივნისის ჩუქების ხელშეკრულებით დასახელებული ქონება თავის შვილს (შემდეგში: შემძენი, პირველი მოპასუხე) აჩუქა. ეს ქონება პირველი მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებადაა აღრიცხული საჯარო რეესტრში.

3. კ.შ–ი (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) მამკვიდრებლის შვილია, რომელსაც ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში რეგისტრირებული წილადი საკუთრება გააჩნია, თუმცა ამავე სახლში წილადი საკუთრების მფლობელი სხვა მესაკუთრეები არ არსებობენ, რადგან ამ სახლში არსებული საცხოვრებელი ფართი მოპასუხეების ინდივიდუალურ საკუთრებად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.

4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2011 წლის 19 სექტემბრის დასკვნის თანახმად, უძრავი ქონების ყველა მაცხოვრებელს გააჩნია ინდივიდუალური ფართები; მოსარჩელისათვის მისი წილის შესაბამისი ფართის (34.2კვ.მ-ის) გამოყოფა შეუძლებელია. დღევანდელი მდგომარეობით, უძრავი ქონება საკუთრების უფლებით გადანაწილებულია საცხოვრებელი სახლის მეპატრონეებს შორის. გამიჯნულია სახლში არსებული ყველა კომუნიკაცია, სადარბაზო, კორიდორი, სველი და დამხმარე ოთახები. ამდენად, შეუძლებელია მოსარჩელისათვის 34.2კვ.მ ფართობის იმგვარად გამოყოფა, რომ არ შეიზღუდოს სხვა მესაკუთრეების უფლებები.

5. მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ და უძრავი ქონების გაყიდვის გზით საზიარო უფლების გაუქმება, ხოლო მიღებული თანხის მესაკუთრეებს შორის წილების შესაბამისად განაწილება მოითხოვა.

6. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ უძრავ ქონებაში ყველა მათგანს ინდივიდუალური საკუთრება გააჩნდა.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

10. სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საზიარო საგნის არარსებობა გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. სასამართლომ დავა მოაწესრიგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 961.1, 963-ე მუხლებით.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და უძრავი ნივთი არასწორად მიიჩნია მოპასუხეთა ინდივიდუალურ საკუთრებებად და საზიარო უფლება გაუქმებულად.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

17. მოსარჩელის მოთხოვნაა საზიარო საგნის გაყიდვა და ამონაგების განაწილება. ეს მოთხოვნა გამომდინარეობს სსკ-ის 961.1 და 964.1 მუხლებიდან, რომელთა თანახმად, საზიარო უფლების თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება; თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მითითებული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად უნდა არსებობდეს საზიარო საგანი, რომლის ნატურით გაყოფა გამორიცხულია.

18. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ უძრავი ქონება მრავალბინიანი სახლია, რომელშიც თითოეულ მოპასუხეს სხვადასხვა ოდენობის ინდივიდუალური ფართი აქვს რეგისტრირებული საკუთრებაში. მითითებული გარემოების გამომრიცხველი საკასაციო პრეტენზია მოსარჩელეს არ წარმოდგენია, ხოლო საქმის მასალები სწორედ იმას ადასტურებს, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მთელი საცხოვრებელი ფართი (მათ შორის, მოსარჩელის სადავო წილი) რეალურად გაიყვეს და ინდივიდუალურ საკუთრებაში დაირეგისტრირეს უძრავი ქონების სხვა თანამესაკუთრეებმა (მოპასუხეებმა). ამის შედეგად უძრავი ქონება, რომელიც მანამდე რამდენიმე პირის თანასაკუთრებას წარმოადგენდა, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლად გარდაიქმნა და მასზე სპეციალური კანონი ვრცელდება (იხ.: ტომი 1, ს.ფ. 1, ს.ფ. 15, 25, 108, 150). ასეთ ვითარებაში ცხადია, რომ საზიარო უფლება გაუქმებულია. შესაბამისად, რაკი საზიარო უფლება არ არსებობს, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და სასამართლოებმა სწორად არ დააკმაყოფილეს იგი.

19. რაც შეეხება კასატორის იმ პრეტენზიას, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელესთან შეუთანხმებლად გააუქმეს საზიარო უფლება, მოცემული დავის ფარგლებში საქმის შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს, რადგან მოსარჩელეს არა აქვს აღძრული შესაბამისი მიკუთვნებითი სარჩელი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ან ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

21. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო არგუმენტებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ.შ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ კ.შ–ს (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.შ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი - 06.07.2018) 70% – 105.00 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი