№ას-910-2019 10 ნოემბერი, 2020 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – შპს „ვ.გ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ი/მ ზ.დ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ღირებულების და პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ვ.გ–ი“ (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი, მყიდველი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 მაისის გადაწყვეილება. ამ გადაწყვეტილებით, ზ.დ–ძის (შემდეგში - მოსარჩელე, გამყიდველი) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს ნასყიდობის საგნის გადაუხდელი ღირებულების - 21 550 აშშ დოლარისა და 50 აშშ დოლარის პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
2. საკასაციო პრეტენზია ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2.1. კასატორის მტკიცებით, ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველმა გამყიდველისგან შეისყიდა არამხოლოდ დისპენსერები, არამედ ხელშეკრულების განსაკუთრებული შეთანხმების თანახმად, მყიდველმა იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო დისპენსერში განსათავსებელი ჰიგიენური საშუალებების პროდუქციით 14 ობიექტის (ძირითადი სახელშეკრულებო ობიექტები) მომარაგების ხელშეკრულებაში გამყიდველის მყიდველით ჩანაცვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მყიდველს დისპენსერების ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მიმართ იურიდიული ინტერესი არ ექნებოდა. გამყიდველმა ნაკისრი ვალდებულება არასრულყოფილად შეასრულა, კერძოდ შეთანხმებული ჩანაცვლება არ განხორციელდა ერთ-ერთ ძირითად ობიექტზე.
2.2. კასატორის განმარტებით, საქმეში დაცული სამი თვის ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდება ჰიგიენური პროდუქციის კომპანიებისთვის მიწოდების ხელშეკრულებაში რამდენიმე კომპანიასთან გამყიდველის მყიდველით ჩანაცვლება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გამყიდველს მყიდველისთვის არ გადაუცია არც ამ და არც სხვა ობიექტებისგან გამოთხოვილი ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხმობები, გამყიდველის მყიდველით ჩანაცვლების თაობაზე. კასატორის მტკიცებით, გამყიდველს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად, რის გამოც ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის მოთხოვნა სამართლებრივად უსაფუძვლო იყო.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
5.2.1. 14.05.2014წ. გამყიდველსა და მყიდველს შორის მოძრავი ნივთების (დისპენსერების) ნასყიდობისა და მასთან დაკავშირებული განსაკუთრებული შეთანხმების შემცველი ხელშეკრულება დაიდო.
5.2.2 ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ ნასყიდობის საგნის ერთი ნაწილი განთავსებულია გამყიდველის პარტნიორ/კლიენტ კომპანიებში, ხოლო მეორე ნაწილი დასაწყობებული და რაოდენობრივად აღწერილია მხარეთა მიერ და თან ერთვის ხელშეკრულებას. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს განსაკუთრებული შეთანხმებაც, რაც მოიცავს „გამყიდველის“ ვალდებულებას, უზრუნველყოს მისი, როგორც მხარის, ჩანაცვლება „მყიდველით“ ყველა იმ ობიექტთან, რომელშიც მას განთავსებული აქვს ნასყიდობის საგანი და რომლისგანაც ის შეთანხმების დადების მომენტისათვის იღებს სარგებელს.
5.2.3. ხელშეკრულების ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ განსაკუთრებული შეთანხმების საგანთან მიმართებაში გამყიდველის ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლებოდა, თუ ის მყიდველს წარმოუდგენდა სათანადო პირების მიერ გაცემულ წერილობით თანხმობებს გამყიდველის მყიდველით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით (ტ.1, ს.ფ.14-21).
5.2.4. ხელშეკრულების შესატყვისად, ნასყიდობის საგნის (დისპენსერების) ღირებულება 95 000 აშშ დოლარით განისაზღვრა, რომელიც მყიდველს შემდეგი თანმიმდევრობითა და პირობით უნდა გადაეხადა: ხელშეკრულებაზე და აღწერის აქტზე ხელმოწერის შემდეგ (რომელიც წარმოადგენს დანართი No1-ს, სადაც მოცემულია აღწერილი, განფასებული და ობიექტზე განთავსებული დისპენსერები, ასევე დანართი No2, სადაც აღწერილია დასაწყობებული დისპენსერების არასრული ჩამონათვალი და განფასება) - 25 000 აშშ დოლარი (იხ. ხელშეკრულების 6.1.1. პუნქტი); ამ თანხის გადახდის განხორციელების შემდეგ კვლავ - 25 000 აშშ დოლარი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველს მყიდველისთვის მიწოდებული ექნებოდა ძირითადი სახელშეკრულებო/არასახელშეკრულებო ობიექტების ნუსხა, და უზრუნველყოფილი იქნებოდა ძირითად სახელშეკრულებო/არასახელშეკრულებო ობიექტებზე მყიდველის ჩანაცვლების თანხმობების წერილობითი ფორმით წარმოდგენა, ხელშეკრულებით განსაზღვრული ამ ვალდებულების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში (6.1.2 პუნქტი) და თანხის მესამე ნაწილი 45 000 აშშ დოლარი ნასყიდობის თანხის მეორე ნაწილის გადახდიდან 11 თვის განმავლობაში (6.1.3 პუნქტი).
5.2.5. ხელშეკრულების ძალაში შესვლის მომენტი განისაზღვრა მხარეთა ხელმოწერის თარიღიდან, გარდა ნასყიდობის თანხის მეორე და მესამე ნაწილის გადახდის ვალდებულების განსაზღვრელი სახელშეკრულებო პუნქტებისა. ნასყიდობის თანხის მეორე ნაწილის გადახდის ვალდებულების განმსაზღველი შეთანხმების ამოქმედება ხელშეკრულების მონაწილეებმა გამყიდველის მიერ განსაკუთრებული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულებას დაუკავშირეს. რაც შეეხება ნასყიდობის საგნის ღირებულების მესამე ნაწილის გადახდას, ამ ვალდებულების განმსაზღვრელი სახელშეკრულებო ნორმის ამოქმედება ვალდებულების სრულ, დროულ და ჯეროვან შესრულებას დაუკავშირდა (ტ.1, ს.ფ. 20).
5.2.6. ხელშეკრულებას ერთვის მხარეთა მიერ ორმხრივად ხელმოწერილი 13.05.2014წ. ინვოისები, სადაც მოცემულია დისპენსერების ჩამონათვალი და განფასება (ტ.1, ს.ფ. 22-25), ასევე ძირითადი სახელშეკრულებო/არასახელშეკრულებო ობიექტების ნუსხა (დანართი N3), კერძოდ თოთხმეტი სამეწარმეო იურიდიული პირის ჩამონათვალი და მისამართები (ტ.1, ს.ფ.26).
5.2.7. მყიდველმა გამყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საფასურიდან (95 000 აშშ დოლარიდან) 73 450 აშშ დოლარი გადაუხადა. მყიდველის მიერ შეუსრულებელმა ფინანსურმა ვალდებულებამ 21 550 აშშ დოლარი შეადგინა. (ტ.1, ს.ფ.3, 87, 297).
6. განსახილველ შემთხვევაში, ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდის თაობაზე სარჩელის საფუძვლიანობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 477-ე მუხლის მეორე ნაწილის (მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.) დანაწესიდან გამომდინარეობს.
7. საკასაციო პალატა დავის მოწესრიგების მიზნებისთვის, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას მიაქცევს იმ სახელშეკრულებო ურთიერთობის შინაარსს, სპეციფიკას, რომელში კონტრაჰირების ნებაც მხარეებმა გამოავლინეს. საკასაციო პალატა გაეცნო რა საქმის გარემოებებს და საქმეში დაცული მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დაიდო შერეული ხელშეკრულება, რომელიც აერთიანებს როგორც დისპენსერების ნასყიდობის, ისე არატიპურ ხელშეკრულებას - 14 სამეწარმეო სუბიექტთან ჰიგიენური პრუდუქციის გრძელვადიან ნასყიდობის ხელშეკრულებაში დისპენსერების გამყიდველი პირის მყიდველით ჩანაცვლების შეთანხმებას.
8. სამოქალაქო სამართალში განმტკიცებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ფარგლებში (სსკ-ის 319.1 მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით) საკუთარი ნებისა და ინტერესების მიხედვით, ინდივიდებს შეუძლიათ, განსაზღვრონ იმგვარი სახელშეკრულებო პირობები, რომელთა ანალოგს სამოქალაქო სამართალი არ იცნობს. ეს ე.წ. არატიპური ხელშეკრულებებია, რომლებიც თავიანთი შინაარსით არ მიეკუთვნებიან კონკრეტული ხელშეკრულების ტიპს, თუმცა, თუ შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, იგი წარმოშობს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებას (იხ. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის კომენტარი, ირმა გელაშვილი, გვ 77). ამრიგად, სახელშეკრულებო (ვალდებულებით სამართლებრივ) ურთიერთობებში არ მოქმედებს რა, სანივთო გარიგებების მიმართ დადგენილი numerus clauses პრინციპი, გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობის დამყარების მოსურნე კონტრაჰენტები შებოჭილი არ არიან, სახელშეკრულებო ურთიერთობა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ რომელიმე კონკრეტულ ხელშეკრულების პროტოტიპს მოარგონ.
9. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, გამყიდველს დისპენსერების მყიდველისათვის გადაცემასთან ერთად უნდა უზრუნველეყო დისპენსერების ახალი მესაკუთრის შესვლა იმ გრძელვადიან ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობებში, რომელიც გამყიდველის კლიენტი ორგანიზაციების ჰიგიენური საშუალებებით მომარაგებას ითვალისწინებდა. ხელშეკრულებისა და მისი დანართი დოკუმენტაციის შინაარსიდან ირკვევა, რომ გამყიდველს დისპენსერები განთავსებული ჰქონდა 14 დაწესებულებაში, რომლებიც ჰიგიენურ საშუალებებს მოსარჩელისგან იძენდნენ. შესაბამისად, გამყიდველის მყიდველით ჩანაცვლებაც სწორედ ამ კომპანიებთან მიმართებით უნდა განხორციელებულიყო. სახელშეკრულებო ურთიერთობის შინაარსიდან ასევე ირკვევა, რომ ჩანაცვლების დასადასტურებლად, გამყიდველს მყიდველისთვის ამ კომპანიათა თანხმობები უნდა წარედგინა. მოპასუხე სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან შესრულებას და მიუთითებს, რომ გამყიდველს კომპანიების თანხმობები მისთვის არ წარუდგენია.
10. საკასაციო პალატა გამყიდველის მხრიდან ვალდებულების შესრულების შეფასების კონტექსტში, ყურადღებას მიაქცევს საქმეში დაცულ საგადასახადო ანგარიშფაქტურებს, რომლებიც მოწმობს ცამეტ ობიექტთან გამყიდველის ნაცვლად მყიდველის სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას, შესაბამისად მითითება იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელეს სახელშეკრულებო ვალდებულება არ შეუსრულებია ან მხოლოდ რამდენიმე ობიექტთან მიმართებით შეასრულა, დაუსაბუთებელია. საკასაციო პალატის განსჯით, ფაქტობრივი შესრულება, რასაც ადგილი ჰქონდა 13 ობიექტის შემთხვევაში, კერძოდ, თანხმობის წერილების არარსებობის მიუხედავად, გამყიდველის მყიდველით ჩანაცვლების რეალაქტი, სამართლებრივი მნიშვნელობით ჰიგიენური პროდუქციის შემსყიდველი კომპანიების მიერ ახალ კრედიტორთან (დისპენსერების მყიდველთან) სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების თაობაზე თანხმობის ტოლფასია. ამასთან, საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ თანხმობის წარმოდგენაც ვერ დააზღვევს ახალ კრედიტორს, იმ სახელშეკრულებო რისკებისგან, რომელიც ამ დაწესებულებებთან შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელებას უკავშირდება. წერილობითი თანხმობის არსებობის პირობებში, თუ მის გარეშეც, ის კომპანიები, რომლებთან ნასყიდობის ხელშეკრულებაში კონტრაჰირებისკენაც მიისწრაფვოდა მოპასუხე, არ კარგავენ უფლებას სსკ-ის 399-ე მუხლის შესატყვისად, პატივსადები ინტერესის არსებობის შემთხევაში, უარი თქვან სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებაზე. საკასაციო პალატა აქვე დასძენს იმასაც, რომ რეალაქტი ზუსტად ისეთივე უფლება-მოვალეობებს წარმოუშობს მოპასუხეს პროდუქციის შემსყიდველი კომპანიების მიმართ, რა მოლოდინსაც ის მოსარჩელისგან სადავო თანხმობების წარდგენას უკავშირებდა.
11. საკასაციო პალატის განმარტებით, ხელშეკრულების არსის, ასევე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (მოწმის ჩვენება, ანგარიშფაქტურები) გათვალისწინებით, მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, სასამართლოსთვის წარმოედგინა დოკუმენტაცია, თუკი რომელიმე კონტრაჰენტმა ორგანიზაციამ უარი თქვა ჩანაცვლებაზე და ასეთ შემთხვევაში ესარგებლა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანაწესით თანხის გამოქვითვის თაობაზე (ხელშეკრულების 7.3 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველმა ხელშეკრულების დადების მომენტიდან ერთი თვის განმავლობაში ვერ უზრუნველყო ძირითადი სახელშეკრულებო/არასახელშეკრულებო ობიექტებიდან რომელიმე ობიექტზე მყიდველის ხელშეკრულების მხარედ ჩანაცვლება, დარჩენილ გადასახდელ თანხას, რაც გათვალისწინებულია 6.1.3 პუნქტით დაექვითებოდა ხელშეკრულების დადების მომენტამდე ბოლო ერთი თვის განმავლობაში ამ ობიექტიდან მიღებული შემოსავლის ოდენობა (ტ.1, ს.ფ. 19); ამავე ხელშეკრულების 7.4. მუხლის თანახმად კი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ სახელშეკრულებო/არასახელშეკრულებო ობიექტებში განთავსებული დისპენსერები, რომლებიც აღმოჩნდება უვარგისი/გაუმართავი და ობიექტები, რომლებიც არ გამოთქვამენ წერილობით თანხმობას სახელშეკრულებო ურთიერთობაში მხარედ მყიდველის ჩანაცვლებაზე, შესაბამისად ეს დისპენსერები და ამდაგვარი ობიექტები აღარ წარმოადგენს ხელშეკრულების საგანს და 6.1.3 პუნქტით გადასახდელ თანხას ექვითება ამ დისპენსერების ღირებულებაც). ამ შესაძლებლობით მყიდველს არ უსარგებლია.
12. საბოლოოდ, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებას და მიიჩნევს, რომ გამყიდველმა სახელშეკრულებო ვალდებულება შეასრულა და მყიდველის მხრიდან შემხვედრი ფულადი ვალდებულების (ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდის) შესრულებაზე უარის თქმის საფუძველი სამართალწარმოების პროცესში არ გამოკვეთილა.
13. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო იმგვარად დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რომლითაც გააბათილებდა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას.
14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ. საქმე Nას864-864-2018, 30 აპრილი, 2018 წელი, Nას 990-2018, 28 ივნისი, 2019 წელი).
15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 3025.30 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შ.ყ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3025.30 ლარის (საგადახდო დავალება #8159040839, გადახდის თარიღი - 08.07.2019) 70% – 2117.71 ლარი
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ვ.გ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ვ.გ–ს“ (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3025.30 ლარის (საგადახდო დავალება #8159040839, გადახდის თარიღი - 08.07.2019) 70% – 2117.71 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი