№ას-1187-2018 30 აპრილი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ი.კ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2013 წლის 6 სექტემბერს მცხეთის რაიონის სოფელ ....... „ოპელის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით ……, რომელსაც მართავდა ი.კ–ი (შემდეგში - მოპასუხე), შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდეგში - სამინისტრო, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) ბალანსზე რიცხულ „შკოდა ოქტავიას“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ავტომანქანა დაზიანდა.
2. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით 2013 წლის პირველ ოქტომბერს შედგა საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (№გგ 243686) მოპასუხის მიმართ, რომლითაც მას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარი.
3. 2015 წლის 7 აგვისტოს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა დაზიანებული ავტომანქანის აღდგენის ხარჯის - 14 850 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
4. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, 7 425 ლარის დაკისრების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ზიანი არ არის სწორად დადგენილი ექსპერტიზის მიერ, მასში გათვალისწინებულია არარეალური ხარჯები. წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა შესრულებულია თავად სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური მთავარი სამმართველოს მიერ და არ არის ობიექტური.
5. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- მოპასუხეს სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 13 500 ლარის გადახდა;
- სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის 1 350 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 992-ე და 408-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ ვლინდებოდა მოპასუხის დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძვლები. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მოთხოვნილი 14 850 ლარიდან 1 350 ლარი ავტომანქანის აღსადგენად რეალურად აუცილებელი ხარჯი რომ იყო.
6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8. აღნიშნული განჩინება აპელანტმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
8.1. კასატორის მტკიცებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა, კერძოდ, მიყენებული ზიანი - 13 500 ლარი და გაუთვალისწინებელი ხარჯი - 1350 ლარი, ჯამურად - 14 850 ლარი. საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტი თავის ყველა დასკვნაში ავტომანქანის დაზიანებისას ითვლის არა მხოლოდ დაზიანებული ნაწილების ყიდვის და შეცვლის ფასს, არამედ გაუთვალისწინებელ ხარჯსაც. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასაც. საკასაციო სასამართლომ 2015 წლის 6 მაისის განჩინებით (საქმის N ას-207-194-2015) დაუშვებლად ცნო საკასაციო საჩივარი და ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა ზიანის ანაზღაურება, მათ შორის, გაუთვალისწინებელი ხარჯიც.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
12. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. მოსარჩელის მოთხოვნაა დაზიანებული ავტომანქანის აღსადგენად საჭირო თანხის მოპასუხისათვის დაკისრება. ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 999-ე მუხლის პირველი ნაწილი (მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლი.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, გენერალური დელიქტის ნაცვლად (ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სსკ-ის 992-ე მუხლით იხელმძღვანელეს), სპეციალური ნორმის - სსკ-ის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებას განაპირობებს ავტოსატრანსპორტო საშუალების, როგორც მომეტებული საფრთხის წყაროს, მესაკუთრის მიმართ დაწესებული პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი. სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ბრალის გარეშე პასუხისმგებლობა განპირობებულია ნივთის სპეციფიკური თვისებებით - გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ან გამოუსწორებელი ზიანი (ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, ნივთის დაზიანება და ა.შ.). ნორმის მიზანია, ასეთი ნივთის იურიდიული მფლობელები აიძულოს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ თავიანთ საკუთრებაში არსებული საფრთხისშემცველი საშუალების გამოყენებიდან გამომდინარე შესაძლო უარყოფით შედეგების მიმართ.
15. საკასაციო პრეტენზია ქვემდგომი სასამართლოს მიერ, ექსპერტიზის დასკვნის არასწორი შეფასების შედეგად, ზიანის ოდენობის არასწორად განსაზღვრას ეფუძნება. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ამ პრეტენზიას და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მართებულად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება ავტომანქანის აღდგენის ღირებულების თაობაზე.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 408.1 მუხლით განმტკიცებულია ზიანის სრულად გამოსწორების პრინციპი, რაც გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ვალდებულებას, სრულად აანაზღაუროს ზიანი, თუმცა ზიანის ანაზღაურების კომპენსაციის ფუნქციიდან გამომდინარე, მისი ოდენობა დაზარალებულისათვის რეალურად მიყენებული ზიანით უნდა შემოიფარგლოს და არ უნდა გამოიწვიოს ამ უკანასკნელის გამდიდრება.
17. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „ავტომანქანის აღდგენითი სამუშაოების ღირებულება იქნება 13 500 ლარი, რასაც ემატება გაუთვალისწინებელი სამუშაოს ხარჯების 10 %“. ექსპერტიზის კვლევით ნაწილში გამოანგარიშებულია როგორც დაზიანებული და გამოსაცვლელი ნაწილების საბაზრო ღირებულება, ისე - სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების საფასური, თუმცა არც კვლევით და არც დასკვნით ნაწილში არ არის მითითებული, რამ განაპირობა ექსპერტის მიერ ე.წ. გაუთვალისწინებელი სამუშაოს ხარჯების დამატება, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი სამუშაო, რატომ არ შეიძლებოდა ის თავიდანვე გათვალისწინებულიყო, ანდა რატომ იყო ამგვარი ხარჯი 10 %-ის ტოლი. დასკვნა არადამაჯერებელია, რამდენადაც მასში ასახული არ არის ის გზები თუ მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ექსპერტი მივიდა შესაბამის დასკვნამდე. ამდენად, ექსპერტის დასკვნა გაუთვალისწინებელი ხარჯის თაობაზე არ შეიცავს იმგვარ კვლევასა თუ მოტივაციას, რომლის საფუძველზეც პალატა ამ ხარჯს რესტიტუციისათვის საჭირო ხარჯად მიიჩნევდა.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები). ამასთან, ექსპერტიზის დასკვნა, ისევე როგორც საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სხვა მტკიცებულებები, სსსკ-ის 105-ე მუხლით (სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ) დადგენილი წესით ფასდება. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ითქვა, ზემოხსენებული საპროცესო ნორმის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა ექსპერტიზის დასკვნა და სწორად დაადგინა სადავო ფაქტი.
19. რაც შეეხება კასატორის მითითებას მსგავს საქმეზე უზენაესი სასამართლოს განსხვავებული გადაწყვეტილების არსებობის თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და, პირველ რიგში, განმარტავს, რომ სსკ-ის 999-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანი მტკიცების საგანში შემავალი წინაპირობიდან ერთერთია და მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ზიანი და მისი ოდენობა, თუკი ზიანის არსებობას ან/და მის ოდენობას მოპასუხე შეედავება. ამასთან, საკასაციო სასამართლო საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსსკ-ის 404.1 მუხლი), შესაბამისად, მხარეს ვერ მიაკუთვნებს იმას, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტს, ვიდრე ის მოითხოვდა (სსსკ-ის 248-ე მუხლი). კასატორის მიერ მითითებულ საქმეში (საქმის N ას-207-194-2015, 6.06.2015 წელი) საკასაციო პრეტენზია შეეხებოდა მოსარჩელის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ექსპერტიზის დასკვნაში ჩამოთვლილი ავტომანქანის დაზიანებებს შორის მიზეზობრივი კავშირის არარსებობას. მითითებულ საქმეში კასატორი ექსპერტიზის მიერ განსაზღვრულ ზიანის ოდენობას იმ მოტივით, რომ მასში გაუთვალისწინებელი ხარჯიც შედიოდა, არ შესდავებია (გაუთვალისწინებელ ხარჯებს მოპასუხე არც შესაგებლით შესდავებია). მოცემულ საქმეში კი, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ექსპერტიზის დასკვნას სწორედ ამ საფუძვლით შეედავა, ზიანის ეს ნაწილი სადავო ანუ სამტკიცებელ გარემოებებში შევიდა. მოსარჩელის მიერ საკასაციო პრეტენზიაც ამ კუთხით არის წარმოდგენილი. შესაბამისად, სწორედ ექსპერტის მიერ ავტომანქანის აღსადგენად მითითებული „გაუთვალისწინებელი ხარჯის“ რესტიტუციისათვის აუცილებელ ხარჯად მიჩნევა არის განსახილველ საქმეში საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანი, განსხვავებით მხარის მიერ მითითებული საქმისაგან.
20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სუსგ №ას-1058-2018, 30.09.2019 წელი; №ას-1353-1273-2017, 30.03.2018 წელი).
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი