Facebook Twitter

№ას-1310-2018 30 აპრილი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სს „ს.რ–ა“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა.ნ–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ სარჩოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ა.ნ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული, დაზარალებული) 2014 წლის 12 თებერვალს სადგურ ზ–ში შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიიღო ტრავმა, კერძოდ, ზ–ის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოპასუხის კუთვნილი მატარებლის მოძრაობის დროს ამავე მატარებელში მყოფი მოსარჩელე ჩამოვარდა მატარებლიდან და ვაგონის ბორბლის გადავლის შედეგად მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რასაც მოჰყვა ფეხის ამპუტაცია. მიღებული ტრავმის შედეგად მოსარჩელემ დაკარგა საერთო შრომის უნარის 70 პროცენტი, რისი აღდგენაც შეუძლებელია.

2. დაზარალებულმა სასამართლოში სარჩელი აღძრა სს „ს.რ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, კასატორი) წინააღმდეგ და ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

3. ზ–ის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 12 თებერვლიდან 2014 წლის 24 ივნისამდე პერიოდისათვის მიუღებელი სარჩოს, 3 000 ლარის გადახდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით; გარდა ამისა, დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის ივლისიდან ყოველთვიურად 750 ლარის გადახდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობა დგება მისი ბრალის მიუხედავად, თუ ზიანი მოჰყვა მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციას. ვინაიდან დადგინდა, რომ მოსარჩელემ მოპასუხის სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის შედეგად მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, სასამართლოს მოსაზრებით, დამსაქმებელს დასაქმებულისათვის უნდა აენაზღაურებინა ამ სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის შედეგად მიყენებული ზიანი (მოთხოვნილი ოდენობით). სასამართლომ დავა მოაწესრიგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 999-ე, 408.1, აგრეთვე, საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლებით.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

7.1. უბედური შემთხვევის შესახებ 2014 წლის 15 თებერვლის აქტში დეტალურად არის გადმოცემული ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ არ დაიცვა პირადი უსაფრთხოების წესები. იქვე მითითებულია ინსტრუქცია, რომლის დაუცველობამაც გამოიწვია დამდგარი შედეგი, ე.ი. მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვის მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანებაში;

7.2. სასამართლოს სსკ-ის 999-ე მუხლი არ უნდა გამოეყენებინა, რადგან მატარებელი დაშვებულზე დაბალი სიჩქარით მოძრაობდა;

7.3. სარჩელის დაკმაყოფილებისას მოპასუხისათვის დასაკისრებელი ყოველთვიური თანხა (სარჩო) უნდა ყოფილიყო საშტატო განრიგით დადგენილი ყოველთვიური სარგოს 70% - 525 ლარი, თუმცა სასამართლომ ამის ნაცვლად მოსარჩელეს მთლიანი 750 ლარი მიაკუთვნა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

11. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

12. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა. ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლი, ამავე კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილი (შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით), აგრეთვე, სსკ-ის 999.13 (მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.

13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის ზემომითითებული 999-ე მუხლის შინაარსზე, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის არაერთ გადაწყვეტილებასა თუ განჩინებაში განმარტა, რომ: აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (პასუხიმგებლობა მიყენებული ზიანის გამო პირს ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოქმედება არის ბრალეული) განსხვავებულ – სატრანსპორტო საშუალების მომხმარებლის ისეთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რა დროსაც მისი დაკისრებისათვის ბრალეულობა სავალდებულო არ არის. ამ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების დადგომის შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივი სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ.: სუსგ, №ას-1280-1220-2014, 2015 წლის 19 თებერვლის განჩინება; №ას-39-38-10, 2010 წლის 15 ივლისის განჩინება; №ას-494-463-2010, 2010 წლის 9 ნოემბრის განჩინება; №ას-1657-1554-2012, 2013 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება).

14. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელეს ზიანი მიადგა მოპასუხის სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციისას. მითითებული ფაქტობრივი გარემოების მიმართ კასატორს საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი დადგენილად უნდა ჩაითვალოს (სსსკ-ის 407.2 მუხლი). ამდენად, არსებობს სსკ-ის 999.1 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა, კერძოდ, მოპასუხის სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციას მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მოშლა. ასეთ ვითარებაში სარჩელი წარმატებულია და სააპელაციო სასამართლომ იგი სწორად დააკმაყოფილა.

15. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია ისაა, რომ ზიანის დადგომაში ბრალი თავად დაზარალებულს მიუძღვის და, არა - მოპასუხეს, რაც ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველია. საკასაციო პალატა კასატორის ამ პრეტენზიას არ იზიარებს, რადგან წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტში განიმარტა, რომ სსკ-ის 999-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ბრალეულობის მიუხედავად დგება. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, სსკ-ის 415-ე მუხლის გამოყენების საფუძველიც არ არსებობს, რადგან ამ ნორმით გათვალისწინებული წინაპირობები შესრულებული არ არის, კერძოდ, მოპასუხის მიერ ცალმხრივად შედგენილი უბედური შემთხვევის აქტი ზიანის დადგომაში მოსარჩელის თანაბრალეულობას არ ადასტურებს.

16. კასატორის მოსაზრებით, არასწორია სარჩოს განსაზღვრა მოსარჩელის ხელფასის მთლიანი ოდენობით, რადგან მოსარჩელეს შრომისუნარიანობა 70%-ით აქვს დაკარგული. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულის საერთო შრომისუნარიანობის 70%-ით დაკარგვა ასანაზღაურებელი სარჩოს ოდენობაზე გავლენას ვერ იქონიებს. ამ შემთხვევაში, მხედველობაშია მისაღები სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, რომლებიც ადგენს, რომ ზიანის აღდგენა პირვანდელი მდგომარეობით უნდა მოხდეს; ამასთან, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. ნორმის ამგვარი ფორმულირების მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის იმგვარად აღდგენა, რომ მივიღოთ ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობა, ე.წ. რესტიტუცია, რაც პრაქტიკულად დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს, რომელიც ზიანის მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში იქნებოდა სახეზე (იხ.: სუსგ, №ას-52-48-2017, 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება). სარჩოს გადახდით დაზარალებულისათვის შემოსავლის მიღება უზრუნველყოფილია ზიანის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. თავად ის გარემოება, რომ, ჯანმრთელობის დაზიანების გამო, მოსარჩელემ დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ზიანის არარსებობის პირობებში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა ხელფასს. სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც სარჩოს მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო (შდრ: სუსგ, №ას-155-151-2016, 2016 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება; №ას-169-497-09, 2009 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება; №ას-939-889-2015, 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინება; №ას-84-80-2016, 2016 წლის 11 მარტის განჩინება). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, რაკი მოსარჩელე მიღებული ტრავმის გამო თავის სამუშაოს ვეღარ დაუბრუნდება და, შესაბამისად, ხელფასსაც ვეღარ მიიღებს, პალატა მართებულად მიიჩნევს ზიანის ასანაზღაურებლად მისთვის ხელფასის ოდენობით სარჩოს დანიშვნას.

17. კასატორის კიდევ ერთი პრეტენზია ისაა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება სამანევრო სამუშაოებს ასრულებდა, ნელი სვლით მოძრაობდა და მისი სიჩქარე გადაჭარბებული არ ყოფილა. როგორც ზემოთ განიმარტა, სსკ-ის 999-ე მუხლით არაბრალეული პასუხისმგებლობა დგება სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციისას დამდგარი ზიანის ფაქტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ნებისმიერი სახითა თუ სიჩქარით ექსპლოატაცია აქედან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას იწვევს. ეს იმიტომ ხდება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების დადგომის შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. სატრანსპორტო საშუალების სწორედ ამგვარი თვისების გამოა იგი მომეტებული საფრთხის წყაროდ მიჩნეული და სწორედ ამიტომაცაა ეს პასუხისმგებლობა სხვა სახის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განსხვავებული.

18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

19. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რამდენადაც კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, შესაბამისად, კასატორს უნდა უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 1 050 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „ს.რ–ას“ (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1500 ლარის (საგადახდო დავალება #15618, გადახდის თარიღი 29.08.2018;) 70% – 1050 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი