№ას-1536-2018 14 მაისი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – მ.გ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ლ.ვ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ნ.ვ–ს (შემდეგში - ზიანის მიმყენებელი) შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ეს უკანასკნელი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. განაჩენის მიხედვით, ზიანის მიმყენებელმა ჩაიდინა თაღლითობა, კერძოდ, მ.გ–ის (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) კუთვნილ 2800 აშშ დოლარს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა.
2. ზიანის მიმყენებელი გარდაიცვალა 2015 წლის 3 ოქტომბერს, მისი დანაშთი სამკვიდრო მიიღო მეუღლემ - ლ.ვ–მა (შემდეგში - მოპასუხე).
3. 2016 წლის 15 მარტს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ 2800 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა რომ დაზარალებულს ზიანი უკვე აუნაზღაურდა, რის დასადასტურებლადაც მან მიუთითა სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სანოტარო წესით დამოწმებულ დაზარალებულის თანხმობის ხელწერილზე, სადაც ეს უკანასკნელი განმარტავს, რომ ზიანის მიმყენებლის შვილმა გადაუხადა ვალი 4600 აშშ დოლარი. შესაბამისად, აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ აქვს.
5. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 1008-ე, 128-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო. სასამართლოს მითითებით, 2016 წლის 6 სექტემბერს გამართულ მთავარ სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ მიუთითა წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და სხვა საფუძვლებთან ერთად, მოითხოვა ამ მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მთავარ სხდომაზე რაიმე ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე არ მიუთითებია. ამასთან, ხანდაზმულობის საკითხის შესაფასებლად მოპასუხემ მიუთითა განაჩენზე, რაც სარჩელთან ერთად იყო საქმეში წარმოდგენილი და განაჩენის გამოტანის თარიღი არაერთხელ იყო გაჟღერებული მოსამზადებელ სხდომებზე. ის ფაქტი, რომ განაჩენი გამოტანილია 2011 წლის 19 ნოემბერს, ხოლო სარჩელი აღძრულია 2016 წლის 15 მარტს, უდავო გარემოებას წარმოადგენდა საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზეც. მთავარ სხდომაზე ამ გარემოებასთან დაკავშირებით არ წარმოშობილა ახალი მტკიცებულებების შეგროვების საჭიროება. მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია გარემოება, რომ განაჩენის შესახებ იმთავითვე იცოდა. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ მისთვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ 2011 წელს. სასამართლოში კი სარჩელი წარმოდგენილია 2016 წლის 15 მარტს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო ხანდაზმულობის მოტივით.
5.2. რაც შეეხება სარჩელისა და შესაგებლის საფუძვლად მითითებულ გარემოებებს, სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო ეკონომიის პრინციპის გათვალისწინებით, არ იყო მიზანშეწონილი სხვა საფუძვლების შემოწმება, რადგან ხანდაზმულობის გამო სარჩელი ისედაც არ კმაყოფილდებოდა.
6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.
7.1. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და დამატებით განმარტა, რომ მოპასუხემ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, უარი თქვას შესრულებაზე მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო, როგორც დამხმარე არგუმენტი, პირველად გამოიყენა საქმის მთავარ სხდომაზე განხილვის დროს. მოსამართლემ მოსარჩელის წარმომადგენელს განუმარტა, რომ შეფასებას საჭიროებდა მთავარ სხდომაზე მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითების საკითხი და შესაძლოა, სასამართლოს დასაშვებად მიეჩნია მოპასუხის მიერ ხანდაზმულობის მოტივით შედავება. მიუხედავად ამისა, მოსარჩელეს არ მიუთითებია რაიმე ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე, რაც გამორიცხავდა მოთხოვნის ხანდაზმულობას.
7.2. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ არა მხოლოდ მიუთითა მოთხოვნის განუხორციელებლობაზე, არამედ წარადგინა მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის დამადასტურებელი მტკიცებულება. აპელანტს, თავის მხრივ, უფლება ჰქონდა დაეცვა თავი და მიეთითებინა მისი მოთხოვნის ხანდაზმულობის გამომრიცხავ მტკიცებულებებზე, რაც მას არ გაუკეთებია. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ სასამართლომ მტკიცებულებათა ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.
8. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:
8.1. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 128-ე და 1008-ე მუხლები და არ გამოიყენა სსკ-ის 142-ე მუხლი. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება - განაჩენი გამოტანილია 2011 წლის 19 ნოემბერს, შესაბამისად, მოსარჩელეს ამ თარიღიდან აეთვლება ათწლიანი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.
8.2. მხარე ხანდაზმულობის მოტივით სარჩელს შეედავა საპროცესო ნორმების დარღვევით, კერძოდ, მთავარ სხდომაზე, მაშინ, როდესაც არც შესაგებელში და არც საქმის მომზადების სტადიაზე ამ მოტივით სარჩელს არ შედავებია. ამასთან, მას არც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 219-ე მუხლით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზზე მიუთითებია, თუ რატომ ვერ შეედავა თავის დროზე სარჩელს ხანდაზმულობის მოტივით. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განაჩენი ერთვოდა სარჩელს და მხარემ არაერთხელ მიუთითა განაჩენის გამოტანის თარიღზე. აღნიშნული ფაქტი არაფერს არ ცვლის, რამდენადაც მოპასუხეს მთავარ სხდომამდე არ დაუკონკრეტებია, რომ მოთხოვნა ხანდაზმული იყო. არ არსებობს საპროცესო ნორმა, რომლის საფუძველზეც სასამართლო მტკიცებულებების დროულად წარდგენას თავისთავად გარკვეულ გარემოებებზე შედავებად შეაფასებდა. შესაბამისად, სასამართლომ არ გაითვალისწინა სსსკ-ის 219-ე მუხლის დათქმა და ნორმის საწინააღმდეგოდ მიიჩნია ახალ გარემოებაზე მითითება დასაშვებად.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. მოსარჩელის მოთხოვნაა მოპასუხის მამკვიდრებლის მიერ თაღლითურად მითვისებული თანხის დაბრუნება, კერძოდ, მოპასუხისათვის 2800 აშშ დოლარის დაკისრება. ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 1328.1 (სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის) მუხლები.
11. გასაჩივრებული განჩინებით სარჩელის უარყოფას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო. კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დაარღვიეს საპროცესო ნორმები, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ ახალ გარემოებაზე - სასარჩელო ხანდაზმულობაზე მითითება დასაშვებად ცნო მთავარ სხდომაზე მაშინ, როდესაც მოპასუხე ამ გარემოებას არც შესაგებლით არ შესდავებია და მასზე არც საქმის მომზადების სტადიაზე არ მიუთითებია.
12. კასატორის ზემოხსენებული პრეტენზიის მართებულობის შესამოწმებლად, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებს: მოპასუხემ 2016 წლის 28 მარტს წარადგინა შესაგებელი, სადაც არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას იმ საფუძვლით, რომ მან დაზარალებულს ზიანი უკვე აუნაზღაურა; განსახილველ საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართა რამდენიმე მოსამზადებელი სხდომა (27.04.2016წ., 25.05.2016წ., 21.06.2016წ., 6.07.2016წ. და 6.09.2016 წ., რომელიც მთავარ სხდომაში გადაიზარდა), სადაც მოპასუხეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე არ მიუთითებია; მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნას ხანდაზმულობის საფუძვლით 6.09.2016 წელს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე შეედავა; შესაგებელსა თუ საქმის მომზადების ეტაპზე ხანდაზმულობის განუცხადებლობის საპატიო მიზეზზე მოპასუხეს არ მიუთითებია.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი, კერძოდ, ვალდებულების შესრულების (სსკ-ის 427-ე მუხლი) შესაგებელი და არა - მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი (სსკ-ის 144.1 მუხლი). პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მოპასუხე თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი ფაქტებითა თუ მტკიცებულებებით გააქარწყლოს მის წინააღმდეგ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა, თუმცა აღნიშნული უფლებით იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესითა და ფარგლებში სარგებლობს. მოპასუხის მირ შესაგებლის წარდგენის ვალდებულებას აწესებს სსსკ-ის 201-ე მუხლი, რომლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამდენად, შესაგებლის, როგორც საპროცესო ინსტიტუტის დიდ როლს ისიც განაპირობებს, რომ მითითებული ნორმით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობა მხარისათვის არასასურველ სამართლებრივ შედეგს იწვევს, რამდენადაც მოსამართლე სარჩელში მითითებულ და შესაგებლით (ან/და საქმის მომზადების დასრულებამდე) შეუდავებელ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან ფაქტებს დამტკიცებულად მიიჩნევს.
14. პალატა განმარტავს, რომ თუკი ხანდაზმულობის თაობაზე მოპასუხეს არ მიუთითებია შესაგებელში, ან მოსამზადებელ სხდომაზე, ის ვერ გახდება სასამართლოს განხილვის საგანი (შდრ: იხ. სუსგ 182-169-2015, 27.04.2015 წელი). საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ მოთხოვნის განხორციელების ვადაზე მითითებით ამ მოთხოვნის უარყოფა მოვალის მატერიალურ-სამართლებრივი უფლებაა და მისი რეალიზაცია მფლობელის ნებაზეა დამოკიდებული. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამდენად, ხანდაზმულობა ზღუდავს მოსარჩელის უფლებას მხოლოდ მოპასუხის უფლების ფარგლებთან მიმართებით. მოპასუხე უფლებამოსილია, არ შეასრულოს ხანდაზმული მოთხოვნა, ანუ ხანდაზმულობის მოტივით უარყოს სარჩელი. ამგვარი რეგულაცია გამომდინარეობს ხანდაზმულობის არსიდან. ხანგრძლივი დროის გასვლა, როგორც წესი, იწვევს მტკიცებულებათა შეცვლას ან მათი მოპოვების გართულებას, ზოგჯერ - განადგურებასაც კი. აღნიშნული რისკი განსაკუთრებით მეტი საფრთხის მატარებელია მოპასუხე მხარისათვის - მან შეიძლება ვერ დაიცვას თავისი ინტერესი მტკიცებულებათა არარსებობის გამო. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის მიზანია მხარის ინტერესის დაცვა იმ პროცესის ნაწილად გახდომისაგან, რომელშიც პოზიციის დაცვა რთული ან შეუძლებელია მოთხოვნის სიძველის მიზეზით (იხ. სუსგ №ას-1148-1095-2013, 8.07.2014 წელი). ამდენად, თუკი მოპასუხე სარჩელისაგან თავის დაცვის საშუალებად ხანდაზმულობას იყენებს, იგი ვალდებულია სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ ფაქტებსა და გარემოებებზე შესაგებელში მიუთითოს.
15. მხარეთა მიერ ფაქტების მითითებისა და მტკიცებულებების წარდგენის პროცედურა მკაცრად ფორმალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია ფაქტები და მტკიცებულებები სასამართლოს კანონით დადგენილი წესითა და პროცედურის დაცვით წარედგინოს. აღნიშნული ფორმალიზმის დაცვაც მხარეთა შეჯიბრების ნაწილია, კერძოდ, ვინც ზუსტად დაიცავს კანონით დადგენილ დანაწესს, იმას კანონი, როგორც პროცესუალური შეჯიბრის მონაწილეს, უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ კანონით დადგენილი ფორმალიზებული პროცედურიდან გამონაკლისის დაშვება მხოლოდ კანონითვე დაშვებულ საგამონაკლისო შემთხვევებშია შესაძლებელი (იხ.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი (რჩეული მუხლები), თბილისი, 2020, მუხ.4, გვ.97). სსსკ-ის 219.1 მუხლის თანახმად მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. პალატა მიიჩნევს, რომ რაკი არ არსებობდა მთავარ სხდომამდე ხანდაზმულობაზე მიუთითებლობის საპატიო მიზეზი, სასამართლოს, სსსკ-ის 219.1 მუხლის საფუძველზე, მოპასუხის მხრიდან ახალ გარემოებაზე მითითება არ უნდა დაეშვა.
16. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, მოპასუხეს მთავარ სხდომაზე ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე არ მიუთითებია, რამდენადაც მოსარჩელემ მოთხოვნის ხანდაზმულობის დამადასტურებელი მტკიცებულება - განაჩენი (რომლის მიღების თარიღი მოსამზადებელ სხდომაზე არაერთხელ გაჟღერდა) სარჩელს დაურთო.
16.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ამ მსჯელობას და კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტია და არა სამართლებრივი კვალიფიკაცია. შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობას სასამართლო იკვლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნას სათანადო წესით წარდგენილი შესაგებლით უარყოფს (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, თბილისი, 2017, მუხლი 128, გვ. 723).
16.2. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულება - განაჩენი, რომელიც მან სარჩელში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად დაურთო სარჩელს, სასამართლომ მოსარჩელისვე წინააღმდეგ სარჩელის ხანდაზმულობის დასასაბუთებლად გამოიყენა, ისე რომ მოპასუხე ამ ფაქტს არ შედავებია (იხ. პუნქტი 12). იმ შემთხვევაშიც კი, თუ მტკიცებულებას მოპასუხე წარადგენდა, რომლითაც აშკარად გამოიკვეთებოდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ფაქტი, სასამართლო მაინც არ იქნებოდა უფლებამოსილი, მტკიცებულება მოთხოვნის ხანდაზმულობის კუთხით საკუთარი ინიციატივით შეეფასებინა. მარტოოდენ მტკიცებულებების წარდგენა სასურველი პროცესუალური შედეგის მისაღწევად საკმარისი არ არის. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, მოპასუხის წერილობით პასუხში მითითებული უნდა იყოს თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, რა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ; მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებებს; შესაბამისად, მტკიცებულება თავისთავად, სადავო გარემოების მითითების გარეშე, არაფერს ადასტურებს. მას შემდეგ, რაც მხარეთა შორის შეუდავებელი ფაქტები გამოიკვეთება, სარჩელსა და შესაგებელზე დართული მტკიცებულებები ამ შეუდავებელი ფაქტების დადასტურების კუთხით თავის მნიშვნელობას კარგავს. ამდენად, განაჩენის გამოტანის თარიღისა და სარჩელის შეტანის თარიღის ობიექტურად არსებობა არაფერს არ ცვლის, რადგან მოპასუხის მიერ სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითების გარეშე, ამ ფაქტების შეფასება მოთხოვნის ხანდაზმულობის დასასაბუთებლად დაუშვებელია.
16.3. პალატა განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია არც სასამართლოს და არც მხარეთა შეხედულებაზე არაა დამოკიდებული. საპროცესო სამართლის ნორმათა ამგვარი ფართო განმარტება კი, დაარღვევდა პროცესუალური განჭვრეტადობისა და მხარეთა კანონიერი ნდობის პრინციპს.
17. საპროცესო ვალდებულებების არსებობა შეჯიბრებით პროცესში მხარეთა უფლებების დაცვის, საპროცესო ეკონომიის პრინციპისა და, საბოლოოდ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გარანტიაა. შეჯიბრებითობის საფუძველზე განხორციელებული საქმისწარმოებისას კი, სწორედ სასამართლოა იმის გარანტი, რომ უზრუნველყოს მხარეთა მიერ სასამართლო პროცესთან დაკავშირებული წესების დაცვა, რათა უსაფუძვლოდ და უკანონოდ არ შეილახოს რომელიმე მხარის უფლება. რამდენადაც პროცედურული წესები მოდავე მხარეთათვის თანაბარ უფლება-ვალდებულებებს ითვალისწინებს, სასამართლოს მიერ მათი ზედმიწევნით დაცვა აუცილებელია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ პროცედურული წესის არასწორმა ინტერპრეტაციამ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი.
18. კასატორის მოსაზრებით, რამდენადაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება - განაჩენი არსებობს, რომელიც ზიანის მიყენების ფაქტს ადასტურებს, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე სსკ-ის 142-ე (სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.) მუხლით დადგენილი ათწლიანი ხანდაზმულობის ვადა უნდა გავრცელდეს. პალატა მიუთითებს, რამდენადაც სასარჩელო ხანდაზმულობას მოპასუხე კანონით დადგენილი წესითა და პროცედურის დაცვით არ შედავებია, ხანდაზმულობის ვადა მოცემულ დავასთან მიმართებით არ არის მნიშვნელოვანი, თუმცა პალატა კასატორის მოსაზრებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ სსკ-ის 142.1 მუხლით გათვალისწინებული ათწლიანი ვადა სასამართლოს გადაწყვეტილებით უკვე აღიარებული, მინიჭებული უფლების რეალიზაციის ვადაა. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პირს, ვის სასარგებლოდაც მიღებულია გადაწყვეტილება, შეუძლია, მოითხოვოს მისი აღსრულება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის განმავლობაში. ამდენად, 10 წელი არის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, შეუძლია, მიმართოს შესაბამის უფლებამოსილ სააღსრულებო დაწესებულებას და მოითხოვოს გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება (შდრ. სუსგ №ა-1639-შ-37-2015; 30 ივლისი, 2015 წელი ). სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, რომლითაც დგინდება მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი და ამ ზიანის ოდენობა, დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით აღსრულებად გადაწყვეტილებას არ წარმოადგენს, კერძოდ, დაზარალებულს არ წარმოუშობს უფლებას ზიანის მიმყენებელს მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება და აუნაზღაურებლობის შემთხვევაში მოითხოვოს მისი იძულებით აღსრულება. მოცემულ შემთხვევაში, განაჩენით დადასტურებული არ არის რაიმე მოთხოვნა (ანუ დაზარალებულისათვის რაიმეს მიკუთვნება), რაც სსკ-ის 142-ე მუხლით დადგენილი 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გავრცელების აუცილებელი წინაპირობაა. ამიტომაცაა, რომ სსსკ-ის XXXIV3 თავი მოთხოვნის დადასტურებისათვის დაზარალებულის მიერ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრას ითვალისწინებს.
19. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ასეთი გარემოებები კი, მოცემულ საქმეზე დადგენილი არაა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს სარჩელისა და შესაგებლის საფუძვლად მითითებულ გარემოებებზე არ უმსჯელია და მოთხოვნა მხოლოდ ხანდაზმულობის მოტივით უარყო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე მუხლებით, 412-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ.გ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინება და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი