№ას-1921-2018 21 მაისი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა.ა–ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ მოძრავი ნივთის ყადაღისგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით პ.ლ–ას (შემდეგში - მოვალე) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის, 1 800 ლარის გადახდა.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო ა.ა–ძის (შემდეგში - მოსარჩელე) საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთებს.
2. მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოვალისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა მოძრავი ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს დაუბრუნდა. ამ განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ნაცვლად სათანადო მოპასუხე სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი იყო. დასახელებული განჩინება კანონიერ ძალაშია შესული.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტით (შემდეგში - მოპასუხე) შეიცვალა.
7. ზემოაღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე სათანადო მოპასუხე არ იყო.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
8.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ მოვალეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაეკისრა სასამართლოს მიერ მისი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების განხორციელებისათვის და ეს თანხა მიექცეოდა შესაბამის ბიუჯეტში. სასამართლოს განმარტებით, კანონით მოპასუხე უზრუნველყოფს სასამართლო ხარჯების, ფინანსების განკარგვას, სწორედ ის წარმოადგენს იმ ორგანოს, რომელმაც მოცემულ დავაში სახელმწიფო უნდა წარმოადგინოს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ განსახილველ სარჩელზე სწორედ იგია სათანადო მოპასუხე.
8.2. სასამართლომ საქმის განხილვისას გამოიყენა ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის პირველი მუხლი (სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის), ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 32.2 მუხლი (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს, ამავე კანონი 181 მუხლის მეორე პუნქტი (თუ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს წარმოადგენს ის სახელმწიფო ორგანო/პირი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზედაც წარმოებს აღსრულება ან/და რომლის მიმართვის საფუძველზედაც გამოიტანა სასამართლომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება), ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 54.1 მუხლი (საქართველოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საერთო სასამართლოების დეპარტამენტი) და ამავე კანონის 55-ე მუხლი (საერთო სასამართლოების დეპარტამენტი: ა) განკარგავს ფინანსებს სასამართლოების საქმიანობისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად; ბ) უზრუნველყოფს სასამართლოებს სათანადო შენობა-ნაგებობებით; გ) უზრუნველყოფს სასამართლოებს მათი საქმიანობისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტებითა და სხვა მასალებით; დ) ამოწმებს სასამართლოების მიერ ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვას; ე) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს სასამართლოების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის).
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი დასაბუთებით:
9.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 181 და 32-ე მუხლები, რადგან აღსრულება არც მოპასუხის გადაწყვეტილების საფუძველზე არ წარმოებს და არც ამ უკანასკნელის მიმართვის საფუძველზე არ აქვს სასამართლოს მიღებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, სასამართლომ არასწორად განმარტა ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 55-ე მუხლი, ვინაიდან ამ ამუხლში ზუსტადაა მითითებული, თუ რა მოვალეობები აკისრია მოპასუხეს. ის გარემოება, რომ კასატორი სასამართლოებისათვის დამხმარე ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს, იმის საფუძველი ვერ გახდება, რომ სასამართლომ ეს უკანასკნელი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ პროცესში მოპასუხედ ჩააბას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 404.1 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. კასატორის განმარტებით, მოცემულ დავაში ის სათანადო მოპასუხე არაა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ქონების ყადაღისგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის მოპასუხის სათანადოობის საკითხი. დადგენილია, რომ მოსარჩელის ქონებას ყადაღა დაედო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად, ხოლო ამ გადაწყვეტილებით მოვალეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს სახელმწიფო ბაჟის, 1 800 ლარის გადახდა.
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 32.1 (თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისგან ქონების გათავისუფლების შესახებ)) და 32.2 მუხლებზე (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს). აღნიშნულ ნორმებში კანონმდებელი გარკვევით მიუთითებს ქონების ყადაღისგან გათავისუფლების მოთხოვნით აღძრული სარჩელის მოპასუხე პირებზე, რომელთაგან ერთ-ერთი კრედიტორია. საკითხის ამგვარად მოწესრიგება ლოგიკურია, რამდენადაც სწორედ კრედიტორია ის პირი, რომელიც მოვალისგან ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებითაა აღჭურვილი. შესაბამისად, თუკი სასამართლო მესამე პირის სარჩელს დააკმაყოფილებს, კერძოდ, მოვალის ვალდებულების აღსასრულებლად ყადაღადადებულ მოძრავ ნივთებს ყადაღა მოეხსნება, ეს საფუძველს გამოაცლის კრედიტორის უფლებას - ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის გზით თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს.
13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომლითაც მოვალეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის, 1800 ლარის გადახდა) კრედიტორი სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტია. ამ გადაწყვეტილებიდან და მის საფუძველზე 2013 წლის 12 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლიდან ცხადია, რომ კრედიტორი სახელმწიფოა, თუმცა არსებითი იმის განსაზღვრაა, თუ კონკრეტულად რომელი სახელმწიფო ორგანო ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში და ამ ფუნქციის განხორციელებისას ვინ წარმოადგენს სახელმწიფოს. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის არც 54.1 (საქართველოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საერთო სასამართლოების დეპარტამენტი) და არც 55-ე (საერთო სასამართლოების დეპარტამენტი: ა) განკარგავს ფინანსებს სასამართლოების საქმიანობისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად; ბ) უზრუნველყოფს სასამართლოებს სათანადო შენობა-ნაგებობებით; გ) უზრუნველყოფს სასამართლოებს მათი საქმიანობისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტებითა და სხვა მასალებით; დ) ამოწმებს სასამართლოების მიერ ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვას; ე) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს სასამართლოების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის) მუხლებიდან არ გამომდინარეობს, რომ საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში სახელმწიფო მმართველობას სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი ახორციელებს. ამ უკანასკნელს კანონით მინიჭებული აქვს კონკრეტული უფლებამოსილებანი, რაც საერთო სასამართლოების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაში მდგომარეობს და მას არაფერი აქვს საერთო სახელმწიფო მმართველობასთან საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში.
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების პირველ მუხლზე, რომლის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არის საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო სფეროში; უზრუნველყოფს საქართველოს ტეროტორიაზე საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს. ამავე დებულების მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამინისტროს ერთ-ერთი ფუნქციაა სახაზინო სამსახურის ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება და მათი ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსება. ხსენებული დებულების მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს. ამდენად, ნათელია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სახაზინო ანგარიშზე ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება და მათი ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსება სწორედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფუნქციაა. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახაზინო ანგარიშზე განთავსებასთან დაკავშირებულ დავებში იგი სათანადო მოპასუხედ უნდა ჩაითვალოს ((შდრ. სუსგ: №ას-722-675-2017, 2017 წლის 31 ივლისის განჩინება; №ას-779-994-08, 2009 წლის 23 თებერვლის განჩინება).
15. რაც შეეხება კასატორის მიერ „სააღსრულებო წარმოებათ შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის მეორე პუნქტზე (თუ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს წარმოადგენს ის სახელმწიფო ორგანო/პირი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზედაც წარმოებს აღსრულება ან/და რომლის მიმართვის საფუძველზედაც გამოიტანა სასამართლომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება) აპელირებას, ეს ნორმა სადავო სამართალურთიერთობის მოსაწესრიგებლად ვერ გამოდგება, რადგან ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების სარჩელის წარდგენის უფლებას და ასეთ სარჩელზე პასუხისმგებელ პირებს ამავე კანონის 32.2 მუხლი განსაზღვრავს, რომელზეც ზემოთ უკვე განიმარტა.
16. სსსკ-ის 85-ე მუხლის მიხედვით, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელიეარ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, კანონი სასამართლოს ავალებს, მოსარჩელის მიერ მოპასუხედ დასახელებული პირის სათანადოობის გარკვევას, ანუ იმის განსაზღვრას, თუ სამართლებრივად რამდენად სწორადაა შერჩეული სარჩელზე პასუხისმგებელი პირი. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით (გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია) აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს ქვემდგომ სასამართლოში, რამდენადაც საქმეზე სათანადო მოპასუხის დადგენა სცილდება საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო სამართლის წესების დაცვით უნდა განსაზღვროს სათანადო მოპასუხე და სარჩელის სამართლებრივი ბედი ამის შემდეგ უნდა გადაწყვიტოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 257.1-ე, 264-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი