Facebook Twitter

საქმე №ას-1725-2019 10 ივლისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ჯ.ე–ძე, მ.ე–ძე, ე.ე–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ. ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ოქტომბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „ბ. ბ–მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ.ე–ძის, მ.ე–ძისა და ე.ე–ძის (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, კასატორები ან მფლობელები) მიმართ მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი, ქ.ბათუმში, ..... #11/28-ში მდებარე #02/2 და #03/1 უძრავი ქონების (ს/კ # ....., შემდგომში _ სადავო უძრავი ქონება) გამოთხოვისა და გამოთავისუფლებული ნივთების მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 16 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის დაიდო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გამყიდველებმა (მოპასუხეები) მყიდველს (მოსარჩელე) მიჰყიდეს ქ.ბათუმში, ..... მდებარე უძრავი ქონება. ამავე ხელშეკრულებით მყიდველს გამყიდველებისათვის ნასყიდობის ფასის სანაცვლოდ, 2016 წლის 31 დეკემბრამდე, უნდა გადაეცა ამ მიწის ნაკვეთზე ასაშენებელი საცხოვრებელი ფართები (ჯ.ე–ძისათვის -115 კვ.მ, მ.ე–ძისათვის 85 კვ.მ, ე.ე–ძისათვის 160 კვ.მ შავი კარკასი). მიუხედავად კომპანიის მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებისა, მოპასუხეები არ ათავისუფლებენ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილს _ #02/2 და # 03/1 ნაგებობებს, რითაც ხელი ეშლება მოსარჩელეს საკუთრებით სრულფასოვან სარგებლობაში.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ მოსარჩელემ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა ვალდებულება, ვინაიდან, მხარეთა შორის გაფორმებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება ითვალისწინებდა დამატებით პირობებს: 4.1 მუხლით, იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველები მისთვის კუთვნილი ფართის საჯარო რეესტრში დარეგისტრირების დროისათვის მოითხოვდნენ მიწის ნაკვეთის გადაცემას ნასყიდობის საგნიდან, გამყიდველების მიერ მისაღებ ფართს გამოაკლდებოდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი და საბოლოოდ ჯ.ე–ძეს გადაეცემოდა 87კვ.მ და ე.ე–ძეს 148 კვ.მ ფართი. ამავე ხელშეკრულების 4.2 მუხლით, ასეთ შემთხვევაში, მყიდველი იღებდა ვალდებულებას, მითითებულ მიწის ნაკვეთზე აეშენებინა ერთსართულიანი 40 კვ.მ სასაწყობე ფართი შავი კარკასის მდგომარეობაში, რისი პროექტიც შეთანხმებული იქნებოდა ჯ.ე–ძესთან და ე.ე–ძესთან. მოსარჩელემ აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა, რაც გამორიცხავს მოპასუხეთა მხრიდან საპასუხო ვალდებულების შესრულებას. ამასთან, მოსარჩელე არ წარმოადგენს სადავო ფართის ერთადერთ მესაკუთრეს, ვინდიკაციური სარჩელის აღძვრისათვის კი, საჭიროა ყველა მესაკუთრის თანხმობა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის მიზეზები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:

1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები (კასატორის პრეტენზიები):

საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს ვინდიკაციური სარჩელის წარმატებულობა, კერძოდ, სახელშეკრულებო თვითბოჭვის ფარგლებში წარმატებულია თუ არა მესაკუთრის მოთხოვნა მფლობელობის ჩამორთმევის თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას პალატა კასატორთა პრეტენზიების ფარგლებში შეამოწმებს, რომელიც ძირითადად სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის გამოყენებაზე უარსა და ქონების განკარგვის შესახებ ხელშეკრულებით მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების საკითხებს შეეხება.

1.2. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე განჩინების მიმართ:

საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნიათ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორს არ მიუთითებია პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც შესაძლოა, დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:

1.2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ.ბათუმში, ...... მდებარე უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (დამოწმების თარიღი 16.12.2014წ);

1.2.2. მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ #02/2 და #03/1 შენობა-ნაგებობებს ფლობენ მოპასუხეები;

1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

1.3.1. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორთა პრეტენზიას სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებათა არასრულყოფილად გამოკვლევის თაობაზე (სსსკ-ის 105-ე მუხლი), შესაბამისად, პალატა იკვლევს სახეზე ხომ არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული განჩინების გაუქმების წინაპირობები (საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი).

1.3.2. ვინდიკაციური მოთხოვნის წარმატებულობის შემოწმების მიზნით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ სარჩელის ელემენტებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი (სკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა (რაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა), ასევე, ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმებიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე _ საკუთრების უფლების ნამდვილობას და როგორც ერთი, ისე _ მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს.

1.3.3. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე, რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, წარმოადგენს ქონების მესაკუთრეს. რეესტრის ჩანაწერი შედავებული არ არის, შესაბამისად, მის მიმართ მოქმედებს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით განსაზღვრული უტყუარობისა და სისწორის პრეზუმფცია. გარდა ამისა, უდავოა, რომ ქონებას ფლობენ მოპასუხეები, რომლებმაც წარადგინეს მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი. მათი განმარტებით, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების 4.4. პუნქტით მყიდველმა იკისრა საცხოვრებელი ფართით მათი უზრუნველყოფის ვალდებულება, რომლის შესრულებამდეც მფლობელებს უფლება აქვთ შეინარჩუნონ ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა.

1.3.4. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 16 დეკემბრის ხელშეკრულების 4.4. მუხლზე, რომლის თანახმადაც, „მყიდველი ღებულობს ვალდებულებას, იმ შემთხვევაში, თუ ძველი საცხოვრებელი ფართი იქნება საცხოვრებლად უვარგისი, ამ შემთხვევაში ალტერნატიული ფართით უზრუნველყოს ჯ.ე–ძე, მ.ე–ძე და ე.ე–ძე“. ხელშეკრულების ხსენებული პირობა არ შეფასებულა საქმის ქვემდგომი წესით განხილვისას. საკასაციო პალატის დასკვნით, ხსენებულ პირობაში გამოთქმული ნება, სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, უნდა შეფასდს ხელშეკრულების დადების დროს მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, კერძოდ, უნდა დადგინდეს მოსარჩელის მიერ ნაწარმოები მშენებლობის მიმართ ორმხრივი მოლოდინი, თუ რა პირობას განიხილავდა თითოეული მხარე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას, როდესაც გამყიდველი საცხოვრისის გასხვისების სანაცვლოდ საზღაურს მიიღებდა ნატურის _ საცხოვრებელი ფართის სახით. სწორედ ამ საკითხის გარკვევის შემდეგ უნდა შემოწმდეს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელემ სახელშეკრულებო თვითბოჭვის ფარგლებში ხომ არ შეიზღუდა საკუთრებით თავისუფალი სარგებლობა გარკვეული პირობის შესრულების სანაცვლოდ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია შესაგებელში მოპასუხეთა მიერ გამოთქმული შედავება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, კერძოდ, მან მოპასუხეებს საკუთრებაში დაურეგისტრირა ბინები, რომლებიც საცხოვრებლად ვარგისი ამ ეტაპზე არ არის. გარდა ამისა, სწორედ ხელშეკრულების ზემოხსენებული დებულების შეფასების შედეგად უნდა გაირკვეს ორმხრივი ვალდებულებიდან გამომდინარე, რომელმა მხარემ უნდა განახორციელოს პირველად შესრულება და გამართლებულია თუ არა მოპასუხეთა შედავება სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის ფარგლებში (იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა).

1.3.5. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით მოსარჩელემ მოიპოვა საკუთრების უფლება ნივთზე და მას ზოგადად უფლება აქვს მოითხოვოს ნივთის ვინდიცირება, ხოლო ხელშეკრულების 4.2. მუხლით განსაზღვრული სასაწყობე ფართის მშენებლობა დამოუკიდებელ ვალდებულებით ურთიერთობას წარმოადგენს, რომელიც ნივთის გამოთხოვის მოთხოვნას ვერ შეაფერხებს, თუმცა, როგორც უკვე ითქვა, მფლობელობის დათმობის სანაცვლოდ თუკი დადგინდება, რომ მესაკუთრემ, ამავე ხელშეკრულების 4.4. მუხლის შესაბამისად, იკისრა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება, მის შესრულებამდე კასატორები განიხილებიან სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლით გათვალისწინებულ კეთილსინდისიერ/მართლზომიერ მფლობელებად, რომელთაც უფლება აქვთ უარი განაცხადონ ქონების გათავისუფლებაზე.

1.4. საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების პროცესუალურსამართლებრივი დასაბუთება:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო წესების დარღვევით დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი. ამასთანავე, რადგანაც საჭიროა მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა, ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვლით, პალატა საქმეს უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც უნდა დაადგინოს დავის დამატებითი ფაქტობრივი გარემოებები და ამ გზით გადაწყვიტოს უფლების საკითხი.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

საკასაციო საჩივარს ერთვის 2014 წლის 16 დეკემბრის ხელშეკრულების, მიკრო ბიზნესის სტატუსის სერთიფიკატისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ასლები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულებების მიღება არ ხდება (მით უფრო არ არსებობს საქმეში უკვე არსებული მასალების ასლების კვლავ წარმოდგენის აუცილებლობა), არამედ, პალატა გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას ამოწმებს საქმეში არსებული, დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებებისა და სხდომის ოქმებში ასახული განმარტებების ფარგლებში, არ არსებობს საჩივარზე დართული დოკუმენტების მიღების საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კი, წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა დაუბრუნდეს მხარეს.

3. პროცესის ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ვინაიდან მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქვემდგომ სასამართლოს, პროცესის ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 104-ე, 407-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ.ე–ძის, მ.ე–ძისა და ე.ე–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. კასატორთა შუამდგომლობა მტკიცებულებების საქმისათვის დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, ჯ.ე–ძეს, მ.ე–ძესა და ე.ე–ძეს დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 9 (ცხრა) ფურცლად (ტ. II, ს.ფ. 76-84).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი